კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე ¹ბს-606-594(კს-12) 7 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,...” კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინებაზე (ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,...” სარჩელისა გამო მოპასუხეების – ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2012 წლის 31 ივლისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-606-594(კს-12) ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,...” კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,...” კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 39-ე მუხლის “დ” პუნქტის მოთხოვნას, რამდენადაც კერძო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კერძო საჩივრის ავტორს _ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,...” განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ. ტ. II; ს.ფ. 29-30/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,...” კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძო საჩივრის ავტორს _ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “...” გაეგზავნა 2012 წლის 2 აგვისტოს. სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინება ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “...” ინჟინერ გ. მ-ას ჩაჰბარდა 2012 წლის 3 აგვისტოს (იხ. ტ. II; ს.ფ. 34), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2012 წლის 13 აგვისტოს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “...” კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “...” კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე