ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბ-1415-13(ა-12) 12 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ სპს „...“ განცხადების დასაშვებობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის ¹ბს-386-381(კ-12) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
2011 წლის 5 დეკემბერს სპს „...“-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს, შემდგომ კი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ ყადაღის დადების შესახებ მომსახურების დეპარტამენტის 2011 წლის 9 ივნისის ¹0005535 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 12 აგვისტოს ¹6553 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2011 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სპს „...“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს „...“-მ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით სპს „...“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს „...“-მ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2012 წლის 3 მაისის განჩინებით მიიჩნია, რომ სპს „...“-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინებით სპს „...“-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სპს „...“-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის განჩინებით სპს „...“-ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინების შემცველი გზავნილი სპს „...“-ს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და კანონით დადგენილი წესით 2012 წლის 16 მაისს ჩაბარდა ერთ-ერთ დირექტორს ა. ს-ს.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინების ასლი ა. ს-ს 2012 წლის 16 მაისს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2012 წლის 17 მაისიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2012 წლის 28 მაისს (ვინაიდან, 2012 წლის 26 მაისი იყო უქმე დღე შაბათი) 24 საათზე იწურებოდა. სპს „...“-მ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2012 წლის 3 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რაც საკასაციო სასამართლოს განმარტებით სპს „...“-ს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.
2012 წლის 31 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა სპს „...“-ს ერთ-ერთმა დირექტორმა ა. ს-მა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეავსო (კერძოდ, 2012 წლის 25 მაისს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით), თუმცა ავადმყოფობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის სასამართლოში წარმოდგენა ვერ მოახერხა. განმცხადებელმა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სპს „...“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად განმარტავს, რომ სპს „...“-ს დირექტორის ა. ს-ის განცხადება თავისი შინაარსით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას მიეკუთვნება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სპს „...“ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის განჩინების შემცველი გზავნილი სპს „...“-ს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და კანონით დადგენილი წესით 2012 წლის 29 ივნისს ჩაბარდა ერთ-ერთ დირექტორს ა. ს-ს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადება სპს „...“-ს ერთ-ერთმა დირექტორმა ა. ს-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2012 წლის 31 აგვისტოს წარმოადგინა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ დარღვეულია საქმის წარმოების განახლებისათვის განსაზღვრული კანონმდებლობით დადგენილი განჩინების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რაც აღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმცხადებელს განუმარტავს, რომ წარმოდგენილი განცხადების განხილვის შემთხვევაშიც კი მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგი ვერ დადგებოდა, ვინაიდან, ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა მოიცავდა არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის, არამედ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნის სასამართლოში წარმოდგენის ვადას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმცხადებელს განუმარტავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, 2012 წლის 25 მაისს ა. ს-ს სპს „...“-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით, აღნიშნული საკასაციო საჩივარი კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის განჩინებით დარჩა განუხილველი, ა. ს-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი თანხა სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 426-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველად დარჩეს სპს „...“-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის ¹ბს-386-381(კ-12) განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის მოტივით;
2. ა. ს-ს დაუბრუნდეს მის მიერ სპს „...“-ს საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 25 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ბანკი ,,...”; ბანკის BIC კოდი - REPLGE22; მიმღების IBAN ანგარიშის ¹GE79 BR00 0000 0033 0500 01) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ლ. მურუსიძე