Facebook Twitter

1274აპ. 14 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

ზაზა მეიშვილი, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. მ-სა და მისი დამცველების, ადვოკატების _ ნ. ფ-სა და კ. კ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით ხ. მ-ს, _ დაბადებულს .... წელს, საქართველოს მოქალაქეს, უმაღლესი განათლების მქონეს, დაოჯახებულს, ნასამართლობის მქონეს, მცხოვრებს ქ. თბილისში, .........-ში, _ ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 105-ე მუხლით, 104-ე მუხლის მეშვიდე და მეცხრე პუნქტებითა და იმავე კოდექსის 238-ე მუხლის პირველი-მეორე ნაწილებით, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) 236-ე მუხლის პირველი-მეორე ნაწილებით, აღნიშნული კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

ხ. მ-ს ბრალდების საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, რომლის 2007 წლის 23 თებერვლის განაჩენით მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), 105-ე მუხლიდან და 104-ე მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) 236-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რის გამოც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 104-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით (1992 წლის 22 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით (2006 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი), ხოლო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ხ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლის ვადით, რასაც იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მსჯავრდებულ ხ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 22 (ოცდაორი) წლის ვადით.

განაჩენით ხ. მ-ს მსჯავრი დაედო ისეთ დანაშაულთა ჩადენაში, როგორიცაა: განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში _ ორი პირის განზრახ მკვლელობა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება (ორი ეპიზოდი); ყალბი პირადობის მოწმობისა და ბეჭდის დამზადება, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: ხ. მ-მა, რომელსაც ძმები _ ჯ. ს-ი და ზ. თ-ი მიაჩნდა მისი საერთო მეგობრების ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისათვის პოლიციაში მამხილებლად, ე.წ. “ჩამშვებად”, განიზრახა აღნიშნული ორი პირის მკვლელობა, რის შემდეგაც, კერძოდ, 1992 წლის 22 მაისს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მან “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე გასროლით მოკლა ძმები _ ჯ. ს-ი და ზ. თ-ი, თვითონ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 2006 წლის 26 თებერვალს ხ. მ-ლს დაკავების დროს ჩატარებული პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა დ. ხ-სა და ვ. მ-ს სახელზე გაცემული ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რომლებშიც ჩაკრული იყო მისი ფოტოსურათები, ხოლო ხ. მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა სამი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ხ. მ-ის დამცველმა, ადვოკატმა კ. კ-მ, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგი მოტივებიდან გამომდინარე: მიუხედავად დაცვის მხარის მოთხოვნისა, საქმეზე არ ჩატარებულა სასამართლო-დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, სასამართლო-ოდოროლოგიური ექსპერტიზა, კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სხვა სახის აუცილებელი ექსპერტიზები და არ დაიკითხნენ ექსპერტები; არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ მკვლელობა, რომელიც ხ. მ-ს შეერაცხა, ჩადენილია სხვა პირების მიერ; განაჩენი ეყრდნობა დაზარალებულის შეცვლილ ჩვენებებსა და დაინტერესებულ მოწმეთა არასწორ ჩვენებებს, ხოლო სხვა მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო ნორმების დარღვევით.

ადვოკატ კ. კ-ს საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2007 წლის 15 ივნისის განაჩენით არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა, ამასთან, გასაჩივრებულ განაჩენში შეიტანა შემდეგი ცვლილება: ხ. მ-ს მოუხსნა საქართველოს სსკ-ის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით შერაცხული ბრალდება, ვინაიდან, სასამართლოს დასკვნით, 2006 წლის 26 თებერვლის ეპიზოდთან დაკავშირებით არ დადასტურდა მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტი, აგრეთვე მასვე მოუხსნა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული ბრალდება, რადგან ამ უკანასკნელს მოიცავს იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობა, რის გამოც ხვიჩა მინდიაშვილისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნულ საბოლოო სასჯელს _ 22 (ოცდაორი) წლით თავისუფლების აღკვეთას _ გამოაკლდა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ხ. მ-მა და მისმა დამცველებმა, ადვოკატებმა _ ნ. ფ-მა და კ. კ-მ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორები იმავე მოტივების საფუძველზე, რაც წინათ მითითებული იყო დაცვის მხარის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარში, ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ხ. მ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია განაჩენით მისთვის შერაცხული დანაშაული. გარდა ამისა, კასატორი ნ. ფ-ი აღნიშნავს, რომ ხ. მ-ს სასამართლომ ბოლო დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს უსაფუძვლოდ დაუმატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რადგან აღნიშნული ვადით ხ. მ-ი გათავისუფლებული იყო თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან პირობით ვადამდე, ხოლო 1992 წლის 27 თებერვლის ამნისტიით პირობით მსჯავრდებულები გათავისუფლებულნი იყვნენ სასჯელის მოხდისგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ხ. მ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში მოიპოვება საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებითაც დგინდება, რომ მსჯავრდებულმა ხ. მ-მა ნამდვილად ჩაიდინა ძმების _ ჯ. ს-სა და ზ. თ-ის განზრახ მკვლელობა, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. აღნიშნული დადასტურებულია არა მხოლოდ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, არამედ ასევე სხვადასხვა სახის სასამართლო ექსპერტიზების დასკვნებით, ნივთმტკიცებებითა და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მოპოვებულია წინასწარი და სასამართლო გამოძიების სტადიაზე საპროცესო ნორმების დაცვით. დაცვის მხარე მიუთითებს სხვა პირებზე, რომლებსაც, ადვოკატთა აზრით, გააჩნდათ პირადი დაინტერესება გარდაცვლილი ძმების მიმართ, რის გამოც მათ შეეძლოთ მკვლელობის ჩადენა, რაც შემდეგ გადააბრალეს ხ. მ-ს. დაცვის მხარის ასეთი ვერსია საქმის მასალებით ვერ დასტურდება, ვინაიდან არ არსებობს რაიმე სარწმუნო, დამაჯერებელი მონაცემი იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული მკვლელობა სხვა პირებმა ჩაიდინეს და არა ზ. მ-მა. საკასაციო პალატა განაჩენის გაუქმებისათვის თავისი გადაწყვეტილების საფუძვლად ვერ მიიღებს დაუდასტურებელ ვარაუდს. გარდა ამისა, დაცვის მხარე აპელირებს იმაზე, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ხელახლა ჩატარების, აგრეთვე დაქტილოსკოპიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზების დანიშვნის თაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხები არ იყო დაყენებული რეალური და ისეთი საფუძვლიანი დასაბუთებით, რაც დაადასტურებდა მათი ჩატარების აუცილებლობას, მათი შესაძლებელი შედეგების გათვალისწინებით, ხოლო საქმის წარმოებისას არ ყოფილა დაშვებული ისეთი არსებითი საპროცესო დარღვევები, რომელთა გამო ეჭვის ქვეშ დადგებოდა ხ. მ-ის ბრალეულობა ძმების _ ჯ. ს-სა და ზ. თ-ის განზრახ მკვლელობაში ანდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში, შენახვასა და ტარებაში.

ამავე დროს, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმ ნაწილში, რომლითაც ხ. მ-ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე _ არაერთგზის ყალბი პირადობის მოწმობის, ბეჭდის დამზადებისა და შენახვის ბრალდებით. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ასეთ დანაშაულს არ იცნობს, ანუ ამ ნაწილში ბრალდების ფორმულირება, რომელიც ჩამოყალიბებულია საბრალდებო დასკვნასა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენში, არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლში მოცემულ დისპოზიციას, რომლის მიხედვით, ხსენებული ქმედება დასჯადია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ჩადენილია გასაღების მიზნით. არც საბრალდებო დასკვნასა და არც გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არ არის, რომ ხ. მ-მა ყალბი პირადობის მოწმობისა და ბეჭდის დამზადება და შენახვა ჩაიდინა მათი გასაღების მიზნით, ამასთან, გასაღების მიზნის არსებობა არავითარი მტკიცებულებით არ არის დადასტურებული. ასეთი მიზნის არსებობა გამორიცხული იყო თუნდაც იმიტომ, რომ ყალბ პირადობის მოწმობებში, რომლებიც ჩხრეკისას იქნა ამოღებული ხ. მ-სგან, ჩაკრული იყო მისი სურათები. საქმეში არ მოიპოვება, ასევე, რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ხსენებული ყალბი მოწმობები პირადად მან დაამზადა. განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ხ. მ-ს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

ამასთან ერთად, საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია დაცვის მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ მსჯავრდებულ ხ. მ-ის მიმართ ბოლო დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს უკანონოდ დაუმატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რადგან ამ ვადით ხ. მ-ი პირობით იყო მსჯავრდებული იმის გათვალისწინებით, რომ იგი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებული იყო პირობით, რაც პირობით მსჯავრდების ერთ-ერთი სახეა, ხოლო “ამნისტიის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 26 თებერვლის დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, პირობით მსჯავრდებულნი გათავისუფლდნენ ამ ღონისძიებისაგან, რის გამოც ზემოაღნიშნული 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ხ. მ-ს არ შეიძლება ჩაეთვალოს მოუხდელ სასჯელად. აღნიშნული გარემოების გამო გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება სასამართლოს მიერ ბოლო დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის დამატების შესახებ, ხოლო, აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ხ. მ-ს შესაბამისად უნდა შეუმცირდეს განაჩენით მისთვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელი.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ხ. მ-ის მიმართ განაჩენის დადგენისას დაუშვა საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტითა და 564-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა _ მატერიალური სისხლის სამართლის კანონის არასწორი გამოყენება, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც განაჩენის შეცვლის საფუძველია, ხოლო მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ ხ. მ-ის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ხ. მ-სა და მისი დამცველი ადვოკატების _ ნ. ფ-სა და კ. კ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ხ. მ-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ხოლო მითითება ამ მუხლით მისთვის სასჯელად 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის თაობაზე, აგრეთვე მითითება მის მიმართ ამ განაჩენით ბოლო დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ დამატების თაობაზე ამოირიცხოს განაჩენიდან, რომლებიც გამოაკლდეს მისთვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომას _ 20 (ოცი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას, რის გამოც მსჯავრდებულ ხ. მ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ ხ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.