Facebook Twitter

საქმე #ბს-1814-1782 (გ-11) 12 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა განსჯადობის შესახებ დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოპასუხე – ზ. კ-ისთვის ზიანის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ზ. კ-ე 2005-2009წწ. მუშაობდა ქ. ... საქართველოს გენერალურ საკონსულოში ... თანამდებობაზე. 21.06.08წ. საქართველოს გენერალური საკონსულოს კუთვნილი ავტომობილს - ,,ფოლკსვაგენ მულტივენს”, იზმირისკენ მიმავალ გზაზე შეემთხვა ავარია. ავტომანქანას მართავდა ზ. კ-ის მძღოლი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ... და მისი ოჯახის წევრების სასტუმროდან წამოყვანა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე ზ. კ-ეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არ უცნობებია. მოპასუხის 02.11.09წ. ახსნა-განმარტების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, ავტომანქანის სტამბულში გადაყვანისას იგი ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დ. მ-ეს და აცნობა მომხდარის შესახებ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან მინისტრის მოადგილე აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 09.10.08წ. №289 ბრძანებით, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევას 21.06.08წ. ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამდენიმე დღეში დ. მ-ისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელი იყო. ზ. კ-ემ შეცდომაში შეიყვანა გენერალური საკონსულოს ფინანსური მენეჯერიც, რომელმაც ვერ განახორციელა კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

ზ. კ-ის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის ამოწურვისა და ახალი ... ჩამოსვლასთან დაკავშრებით უნდა მომხდარიყო მისთვის მინდობილი ქონების ჩაბარება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, რაც მოპასუხე ზ. კ-ის მიერ შესრულებული არ იქნა. 02.10.09წ. ახალი გენერალური კონსულის თ. შ-ის მიერ შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნით გამოვლინდა ავტომობილის რეალური მდგომარეობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში მოპასუხემ აღიარა თავისი მატერიალური პასუხისმგებლობა და თანხმობა განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე. აღნიშნული პასუხისმგებლობისა და მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის მზადყოფნა მოპასუხემ შემდგომშიც არაერთგზის განაცხადა როგორც წერილობით, ასევე ზეპირი ფორმით, რაც არ განხორცილებულა სასამართლოში სარჩელის შეტანის დღისათვისაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.11.10წ. განჩინებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ზ. კ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა საჯარო მოხელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც გამოიხატება სამსახურებრივი ავტომანქანის პირადი ინტერესებისათვის გამოყენებასა და საჯარო სამსახურის მიერ მისთვის მინდობილი მატერიალური ფასეულობის დაზიანების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობაში. შესაბამისად, დავა განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული კოლეგიის განსჯად დავას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.04.11წ. გადაწყვეტილებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. კ-ეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ავტომობილის შეკეთების ხარჯის – 67033 თურქული ლირისა და ავტომობილის ავტოსადგომზე დგომის თანხის – 6800 ლირის, სულ 73803 თურქული ლირის შესაბამისი ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.11წ. განჩინებით ზ. კ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.04.11წ. გადაწყვეტილებაზე საგნობრივი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლი განსაზღვრავს. სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, დგება სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანის შემთხვევაში. ხსენებული კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი დებულებანი. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა მიმართულია ქ. ... საქართველოს საკონსულოში გაწვეული ყოფილი ... ზ. კ-ისადმი, რომელიც დავის პერიოდში აღარ ახორციელებდა საჯარო საქმიანობას. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით მოცემული დავა, საგნობრივი ხასიათიდან გამომდინარე, ატარებს არა საჯარო-სამართლებრივ, არამედ კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის ელემენტებს, რომლის იურიდიულ ბუნებას არ ცვლის ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საოქმო განჩინებით ზ. კ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.04.11წ. გადაწყვეტილებაზე, საქმის მასალებთან ერთად, განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოს საკითხის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სამოქალაქო საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ გამოყენებას ექვემდებარება არა მხოლოდ სამოქალაქო კანონმდებლობა (სამოქალაქო კოდექსის ზიანის ანაზღაურების თავი), არამედ ასევე საჯარო სამართლის კანონმდებლობა („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, მიაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული და შესაბამისად, საქმე საგნობრივი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 26-ე მუხლის თანახმად სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის და მოპასუხის სამართლებრივ შეხედულებებს საქმის განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მართალია დავის საგანს, მოპასუხეს მოსარჩელე განსაზღვრავს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით, მოსარჩელის თანხმობის გარეშე განსაზღვროს მოპასუხე, მოახდინოს სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება, ამასთანავე დაუშვებელია კერძო-სამართლებრივი დავის საჯარო-სამართლებრივ დავად მიჩნევა იმის გამო, რომ მოსარჩელე თავის კერძო-სამართლებრივ მოთხოვნას საჯარო-სამართლებრივი ნორმების მეშვეობით ასაბუთებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოპასუხე ფიზიკური პირისაგან ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, დელიქტური ურთიერთობები ძირითადში კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის ნორმებით წესრიგდება. საქმის განხილვისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მატერიალური ნორმების რეალიზაციის შესაბამისი პროცესუალური, განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო ნორმებით.

განსჯადობის გამიჯვნის ზოგადი პარამეტრის მიხედვით ადმინისტრაციულმა პალატამ უნდა გამოიყენოს ძირითადში ადმინისტრაციული სამართლის ნორმები, ხოლო სამოქალაქო საქმეთა პალატამ კერძო-სამართლებრივი ნორმები. აღნიშნულის შესაბამისად სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი ზოგადად უთითებს, რომ ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის ნორმებით არის მოწესრიგებული. ზიანის ანაზღაურების შესახებ დავებთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ სასკ-ის 2.1 მუხლის თანახმად, დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა უკეთუ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს და არა ფიზიკური პირის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვისათვის დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ფიზიკური პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა განეკუთვნება არა ადმინისტრაციულ, არამედ სამოქალაქო საქმეთა კატეგორიას.

განსჯადობის საკითხის გასარკვევად მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ორგანოს ინტერესის ბუნება. საჯარო სამართალს განეკუთვნებიან ნორმატიული დებულებები, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებრივ ინტერესს, ხოლო ინდივიდუალური ინტერესების მომსახურე დებულებები კერძო სამართალს. მოცემულ შემთხვევაში იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოს კერძო ინტერესი – მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება. მართალია, ავტომანქანა „ფოლკსვაგენ მულტივენი“ საჯარო ინტერესების განსახორციელებლად გამოიყენებოდა, მაგრამ მისი დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საჯარო ინტერესის მატარებლად ვერ ჩაითვლება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად ზიანის მიყენების, ზიანსა და ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის, ქმედების მართლწინააღმდეგობის, ბრალის კუმულაციურად არსებობის, როგორც დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების აუცილებელი პირობა, დადგენა შეადგენს არა განსჯადობის, არამედ დავის არსებითი განხილვის საკითხს. რაც შეეხება დავის განხილვის პროცესში სამოქალაქო-სამართლებრივ ნორმებთან ერთად საჯარო-სამართლებრივი ნორმების გამოყენების შესაძლო საჭიროების შექმნას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო, რომელიც მის უწყებრივად ქვემდებარე და განსჯად საქმეს იხილავს, ფლობს ამ საქმის განხილვის აბსოლუტურ კომპეტენციას, მათ შორის საქმის განხილვის პროცესში შეუძლია გამოიყენოს და განმარტოს ნებისმიერი ნორმატიული და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 11.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს სარჩელი მოპასუხე ზ. კ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე