Facebook Twitter
¹ბს-613-601 (გ-12) 19 სექტემბერი, 2012 წ.
ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ქ. ლ-ის, ს. ლ-ისა და გ. ქ-ის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ქ. ლ-მა, ს. ლ. ლ-მა და გ. ქ-მა მოპასუხე სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2012 წლის 22 მაისის ¹01/132354/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება დაადგინოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მათი დედის-ქ. ე. ასული ბ-ის ... წლის ... მარტს სამხრეთ ოსეთის ახალგორის (ყოფილი ლენინგორის) რაიონში დაბადების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ივნისის განჩინებით ქ. ლ-ის, ს. ლ-ისა და გ. ქ-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეებს სასამართლო იხილავს უდავო წარმოების წესით, მე-11 მუხლის თანახმად კი, სასამართლომ განმარტა, რომ უდავო წარმოების საქმეებს სასამართლო განიხილავს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელი განსჯადობის წესით უნდა გადაეცეს უფლებამოსილ სასამართლოს-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 ივლისის განჩინებით მოცემული საქმე თანდართული მასალებით გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე სასამართლოს არ sთხოვს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ იურიდიული ფაქტების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლში მოცემული ჩამონათვალი ამომწურავია, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ფაქტებს სასამართლო ვერ დაადგენს უდავო წარმოების წესით.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მიუთითა ასევე «სამოქალაქო აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 90-ე მუხლსა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც «სამოქალაქო აქტების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მომმართველი პირები არიან არა განმცხადებლები, რომლებიც უდავო წარმოების წესით ითხოვენ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენას, არამედ ეს პირები არიან მოსარჩელეები, რომლებიც სარჩელით მიმართავენ სასამართლოს და ითხოვენ სასარჩელო წარმოების წესით მის განხილვას.
სასამართლოს მითითებით აღნიშნული სარჩელი არ წარმოადგენს არც უდავო წარმოების წესით და არც სასარჩელო წარმოების წესით, სამოქალაქო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეს, რამდენადაც მოსარჩელე ედავება მოპასუხეს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს «სამოქალაქო აქტების შესახებ» კანონის საფუძველზე, მის უშუალო საჯარო კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე (დაბადების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, მოცემული დავა თავისი არსით მიეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას და საქმე უნდა გადაგზავნოდა საკასაციო სასამართლოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ქ. ლ-ის, ს. ლ-ისა და გ. ქ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე საგნობრივი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ კოლეგიას და განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 2.3 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ამდენად, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 მუხლებში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და მისგან არის წარმოშობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 და 2.3 მუხლებში, ამასთან აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დავის საგანზე. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნით სადავოდ გახადეს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2012 წლის 22 მაისის ¹01/132354/გ გადაწყვეტილება და ხარვეზის შესახებ 2012 წლის 7 ივნისის განცხადებით მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მათ მოთხოვნას, გარდა აღნიშნულისა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის საფუძველზე ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე, კერძოდ კი, administraciulma organom დაადგინოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მათი დედის-ქ. ე. ასული ბ-ის 1945 წლის 8 მარტს სამხრეთ ოსეთის ახალგორის (ყოფილი ლენინგორის) რაიონში დაბადების შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა» ქვეპუნტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველოს ან მმართველობის ორგანო, ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «სამოქალაქო აქტების შესახებ» საქართველოს კანონით მოსარჩელეთა მიერ დასახელებული მოპასუხე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო (დღეს მოქმედი კანონმდებლობით -სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. იგი «სამოქალაქო აქტების შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე ასრულებს შემდეგ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს: სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანას, სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობას, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციას, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენას და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას.
ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე უარის თქმის შესახებ, ასევე მის მიმართ ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
როგორც უკვე აღინიშნა, «სამოქალაქო აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნტით, რომლითაც მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა მათი დედის-ქ. ე. ასული ბ-ის ... წლის ... მარტს სამხრეთ ოსეთის ახალგორის (ყოფილი ლენინგორის) რაიონში დაბადების შესახებ ანუ პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა წარმოადგენს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს. აღნიშნულ საკითხის დასადგენად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ზემოაღნიშნული კანონის 94-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, მართავს ზეპირ მოსმენას, რომელზედაც საკითხის გამორკვევის მიზნით მოწვეულ უნდა იქნენ განმცხადებელი, სხვა დაინტერესებული პირები და მოწმეები. საგულისხმოა, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI და VIII თავებით დადგენილი წესები, «სამოქალაქო აქტების შესახებ» კანონის დებულებების გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, რომელიც დარეგულირებულია სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით, კერძოდ კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით დადგენილი უდავო წარმოების წესით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მართალია სამოქალაქო საქმეთა კოლეგია იხილავს უდავო წარმოების წესით განცხადებებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საქმეებს, რომლებსაც სამოქალაქო საქმეთა კოლეგია იურიდული მნიშვნელობის ფაქტების დადგენის შესახებ იხილავს, ამომწურავია და მასში არ მოიაზრება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებული, პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა. სამოქალაქო საქმეთა კოლეგია იხილავს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ უდავო წარმოების წესით პირის განცხადებებს: პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ; პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ; მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ; უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს; მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენას.
საკასაციო სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქ. ლ-მა, ს. ლ-მა და გ. ქ-მა, სასამართლოს მიმართეს სარჩელით და არა განცხადებით და მოითხოვეს არა უდავო წარმოების წესით იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა, როგორც ამაზე მიუთითებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, არამედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ადმინისტრაციული ორგანოს- სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლის ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა განხილულ უნდა იქნეს სწორედ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 და 26-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე და 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ლ-ის, ს. ლ-ისა და გ. ქ-ის სარჩელი მოპასუხე _ სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ლ. მურუსიძე