Facebook Twitter

ბს-186-184(კ-12) 26 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ მ. გ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სოციალური მომსახურების სააგენტო, სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის მომსახურეობის ცენტრი, წარმომადგენელი ეთერ საბიაშვილი;

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინება;

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 1 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. გ-მა მოპასუხეების სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გორის მომსახურეობის ცენტრის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გორის რაიონული ცენტრის 2011 წლის 18 იანვრის №03/7469 გადაწყვეტილების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 12 ივლისის №04/27475 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და მოპასუხეების დავალდებულებას გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი მისთვის პენსიის უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. გ-ის სასარჩელო განცხადებას, რომლითაც ითხოვდა ბათილად ყოფილიყო ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გორის რაიონული ცენტრის 2011 წლის 18 იანვრის №03/7469 გადაწყვეტილება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 12 ივლისის №04/27475 გადაწყვეტილება და მოპასუხეებს დავალებოდათ გამოეცათ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი მისთვის პენსიის უზრუნველყოფის შესახებ, ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

2010 წლის 03 დეკემბერს, მოსარჩელე მ. გ-ს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიამ დაუდგინა ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.

2010 წლის 27 იანვარს, მ. გ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის რაიონულ ცენტრს და მოითხოვა მასზე პენსიის გაცემის განახლება, რაც ამ უკანასკნელის 18.01.2011წ. №03/7469 გადაწყვეტილებით მოთხოვნის უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა.

2011 წლის 21 თებერვალს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა სააგენტოს გორის რაიონული ცენტრის 18.01.2011წ. №03/7469 გადაწყვეტილების გაუქმება და საპენსიო უზრუნველყოფის აღდგენა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 12 ივლისის №04/27475 გადაწყვეტილებით მ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის ლეგალური დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ გასაჩივრებული აქტები მიიჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად და მათი შესაბამისობა დაადგინა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-ე და ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23–ე მუხლებთან მიმართებაში, აქვე სასამართლომ მიუთითა შემდეგზე:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ’’ მე-8 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტით დადგენილია რომ, “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლიდან გამომდინარე, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს უნარჩუნდება შეზღუდული შესაძლებლობის გამო დანიშნული პენსიის მიღება მინიმალური პენსიის ოდენობით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მორიგ გადამოწმებამდე, რის შემდეგაც იგივე სტატუსის დადგენის შემთხვევაში უწყდებათ პენსია, ხოლო ამავე პუნქტის მე-7 ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, ვისაც 18 წლის შემდგომ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ავტომატურად უგრძელდებათ პენსიის მიღება მინიმალური პენსიის ოდენობით. ასეთივე უფლებით სარგებლობენ პირები, თუ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი მინიჭებული აქვთ ბავშვობიდან და 18 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ დაუდგინდებათ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესების’’ დამტიცების შესახებ №46/ნ ბრძანების მე-8 მუხლი არეგულირებს შეზღუდული შესაძლებლობების გამო სახელმწიფო პენსიის დანიშვნა-გაცემის საკითხებს. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დადგენილია, რომ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების პირები ვერ მოიპოვებენ პენსიის დანიშვნის უფლებას.

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-23 მუხლი, როგორც გარდამავალი დებულების ნორმა, განსაზღვრავს იმ პენსიონერთა უფლებებს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულნი ამ კანონით, ადგენს მის ამოქმედებამდე _ 2006 წლის 1 იანვრამდე მოპოვებული უფლებების შემდგომი რეალიზაციის პირობებს და არამც თუ პენსიის დანიშვნის შესაძლებლობას.

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და განმარტა, რომ მოსარჩელის მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული სამართლებრივი ნორმები ვერ იქნა სწორად განმარტებული, რამეთუ საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ ბავშობიდან დაუდგინდა 2010 წლის 3 დეკემბრიდან, ანუ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედების (01.01.2006წ.) შემდგომ, რაც იძლევა სამართლებრივ საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოსარჩელე მ. გ-ი არ განეკუთვნება ზემოაღნიშნული კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ბრძანებით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიით უზრუნველყოფის სუბიექტს, რამეთუ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო პენსიის მაძიებელ პირს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ კანონის ამოქმედებამდე უნდა ჰქონდეს მოპოვებული პენსიის მიღების უფლება, რათა მოითხოვოს მისი გაგრძელება ან/და მისი შესაძლებლობების შეზღუდვის ფორმა გამომდინარეობდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესების’’ დამტიცების შესახებ №46/ნ ბრძანების მე-8 მუხლის დებულებიდან.

სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის დისპოზიციაზე, როგორც გარდამავალი დებულების ნორმაზე და განმარტა, რომ იგი შეეხებოდა იმ პენსიონერთა უფლებებს, რომლებიც არ იყვნენ გათვალისწინებული ამ კანონით და ადგენდა მხოლოდ მანამდე მოპოვებული უფლებების შემდგომი რეალიზაციის პირობებს, კერძოდ, კანონმა გარდამავალი დებულებებით გაითვალისწინა იმ პირთა უფლებები, რომლებსაც კანონის ამოქმედების დროისათვის ეძლეოდათ პენსია ზომიერი ხარისხის შესაძლებლობის შეზღუდვის გამო (მათ შორის ბავშობიდან) და გაუგრძელა მათ აღნიშნული უფლებები მორიგ გადამოწმებამდე.

სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან მ. გ-ს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, 2006 წლის პირველ იანვარს არ გააჩნდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი, რომელიც მან შეიძინა მხოლოდ 2010 წლიდან, მასზე ვერ გავრცელდებოდა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის დებულება, რომელიც ადგენდა 2006 წლამდე მოპოვებული საპენსიო უზრუნველყოფის უფლების გაგრძელების პირობებს და არა პენსიის დანიშვნის შესაძლებლობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გორის რაიონული ცენტრი 18.01.2011წ. №03/7469, ისე სოციალური მომსახურეობის სააგენტო ცალსახად ადასტურებს სადავო 12.07.2011 წლის №04/23679 გადაწყვეტილებების დასაბუთებულობას, ხოლო მოსარჩელე წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტების სინამდვილესთან შესაბამისობის კუთხით ვერ აბათილებს აქტების დასაბუთებას.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და განმარტა, რომ მ. გ-ს, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, 2006 წლის პირველ იანვრისათვის არ გააჩნდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი, რაც მითითებული კანონის 23-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე გამორიცხავდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. კასატორი საკუთარ მოთხოვნებს ფაქტობრივად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც სასარჩელო მოთხოვნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი ნორმების ნამდვილი შინაარსის დადგენას, რა მიზნითაც მიუთითებს შემდეგზე:

,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ კანონის 10.3 მუხლის თანახმად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს ქმედუნარიანობის ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა. შესაძლებლობის ზომიერად შეზღუდვის დროს პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმება, მითითებული კანონის 12-ე მუხლის თანახმად, ხდება წელიწადში ერთხელ. ამავე კანონის 15.4. მუხლის შესაბამისად, გამოუცხადებლობის შეთხვევაში პირს უჩერდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედება. 2007 წლის 1 იანვრიდან სხენებული კანონი ითვალისწინებდა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენას მყარი, შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებების და ფუნქციური დარღვევების შემთხვევაში (14-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არის პენსიის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა კასატორი წარმოადგენს ბავშვობიდან ივალიდს, რომელსაც 03.12.10წ. დაუდგინდა ბავშვობიდან ზომიერი შესაძლებლობების შეზღუდვა – უვადოდ.

კასატორის მოთხოვნა ემყარება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლს, რომლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პენსიონერებს უგრძელდებათ დანიშნული პენსიის მიღების უფლება კომპეტენტურ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენილ ვადაში გადამოწმებამდე, ხოლო ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდგომ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ენიშნებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისათვის დადგენილი ოდენობის პენსია. საგულისხმოა, რომ კანონის 23-ე მუხლის თავდაპირველი რედაქცია (14.02.07წ. კანონით მუხლში შეტანილ ცვლილებამდე), ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი ჰქონდათ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ითვალისწინებდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ავტომატურ მინიჭებას. აღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 13.01.03წ. №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში 27.02.07წ. №63/ნ ბრძანებით შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა, რომ ბაშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ავტომატურად ენიჭებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (მე-10 მუხ.). ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ» საქართველოს კანონის 16.5 მუხლის მიხედვით, ბავშობიდან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი უდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა 18 წლის ასაკამდე მოხდა. საგულისხმოა, რომ მ. გ-ს მე-2 ჯგუფის ინვალიდობა (ბავშვობიდან ინვალიდი) დადგენილი აქვს 1989 წლის მდგომარეობით 1 წლის ვადით, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით ნიშნავს იმას, რომ მას, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადაუმოწმებლობის გამო, შეუჩერდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედება, რაც არ გამორიცხავს გადამოწმების საფუძველზე მითითებული სტატუსის აღდგენის შესაძლებლობას.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ 23.12.05წ. საქართველოს კანონის 23-ე მუხლში 14.12.07წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომ ბავშვობიდან ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 18 წლის შემდეგ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში ენიჭებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისათვის დადგენილი ოდენობის პენსია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა. ამდენად, სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აქვს «სახელმწიფო პენსიის შესახებ» საქართველოს კანონის 23-ე მუხლის და საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ» მე-8 მუხლის ურთიერთკავშირში, სისტემურ განმარტებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტა მოითხოვს ხსენებული ნორმების ყველა ნაწილის ურთიერთკავშირში გააზრებას. სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სარჩელის უარყოფა მოხდა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მ. გ-ს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, 2006 წლის 1-ლი იანვრისათვის არ გააჩნდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი, ხოლო აღნიშნული კანონის 23-ე მუხლი ადგენს 2006 წლამდე მოპოვებული უფლების გაგრძელების პირობებს, თუმცა სააპელაციო სასამართლოს, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ გამოუკვლევია და არ დაუსაბუთებია წინამდებარე შემთხვევაში საქმე გვაქვს უკვე მოპოვებული უფლების შეჩერების ფაქტთან თუ არწარმოშობილ (არარსებულ) უფლებასთან, რაც მნიშვნელოვნად ცვლის სავარაუდო სამართლებრივ შედეგს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს შემდეგ გარემოებაზე მითითებას: სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისა და საკასაციო საჩივრის წარდგენის შემდგომ 2012 წლის 12 ივნისს „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე აღნიშნული კანონის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პენსიონერს უგრძელდება ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული პენსიის მიღების უფლება კომპეტენტურ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენილ ვადაში გადამოწმებამდე. ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, რომელსაც 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ დადგენილი აქვს ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, 2012 წლის 1 სექტემბრამდე დაენიშნება (მიეცემა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობის პენსია.

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 20 აგვისტოს №03/3818 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მ. გ-ს ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით 2012 წლის 3 აგვისტოდან დაენიშნა ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისათვის გათვალისწინებული პენსია. იმ პირობებში, როდესაც მითითებულ საკანონმდებლო ნორმაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, დღეისათვის მ. გ-ი ღებულობს პენსიას, სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს ქმედების განხორციელების თაობაზე მოცემული მავალდებულებელი სარჩელის აღძვრისას ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა თუ არა ისეთი მოქმედების განხორციელების კომპეტენცია. იმ პირობებში, როდესაც კასატორს პენსია დანიშნული აქვს 2012წ. 3 აგვისტოდან, საკასაციო სასამართლო ასევე საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამართლებრივი შეფასება მიეცეს არის თუ არა სახეზე კასატორის სამართლებრივი ინტერესი, რათა სწორედ სასამართლოს მიერ იქნეს დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს უარის უკანონობა ქმედების განხორციელებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, რის გამოც საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე