Facebook Twitter

#ბს-487-481(კ-12) 27 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 11 მაისს გ. ლ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის, კ. კ-სა და მ. ლ-ის მიმართ.

მოსარჩელემ 2008 წლის 18 დეკემბერს მ. ლ-სა და კ. კ-ს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობა, ასევე, ახმეტის რაიონული სასამართლოს მიერ ¹#2/125 საქმეზე მიღებულ დ/გადაწყვეტილებაზე 2009 წლის 17 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის, კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 12 ნოემბერს ჩატარებული იძულებითი აუქციონის შედეგებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის (ახმეტის რაიონის სოფელ ... კ. კ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით #...) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განჩინებით გ. ლ-ის შუამდგომლობა საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სამოქალაქო საქმიდან მოთხოვნები იძულებითი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში გამოეყო ცალკე წარმოებად ადმინისტრაციული წესით განსახილველად, ხოლო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში შეჩერდა საქმის წარმოება ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით დაუშვებლობის გამო შეწყდა გ. ლ-ის სასარჩელო საქმის წარმოება სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.

თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის განჩინებაზე გ. ლ-მ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის – კ. კ-ის გარდაცვალების გამო მოცემულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარე – კ. კ-ი შეიცვალა უფლებამონაცვლეებით – გ. კ-ითა და ლ. კ-ით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინებით გ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინებით გ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-მ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარეს – მ. ლ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინების შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გ. ლ-ს საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 3 ივლისს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინება;

3. გ. ლ-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 3 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე