საქმე ბს-190-188(კ-12) 17 ოქტომბერი, 2012წ
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,,…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,…“ 24.05.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 26.04.06წ. N3.23.104 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ქ. თბილისის მერია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ი. კ-ე სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად ჩაებნენ.
შპს ,,…“ 25.08.06წ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე თბილისის მერიის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის მიმართ და ამავე სამსახურის 13.12.05წ. N01-01-04/370 მოხსენებითი ბარათის ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქალაქო სასამართლოს 15.11.06წ. განჩინებით შპს ,,…“ სარჩელზე ქ. თბილისის მერიის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის 13.12.05წ. N01-01-04/370 მოხსენებითი ბარათის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.10.11წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს ,,…“ მოთხოვნას ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 26.04.06წ. N3.23.104 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,…“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.11წ. განჩინებით შპს ,,…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.10.11წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.11წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,…“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.11წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ი. ა-ეს (საიდენტიფიკაციო N...) დაუბრუნდეს მის მიერ 07.03.12წ. N4941825 შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს ბანკი “...”, ბანკის კოდი - REPLGE22, მიმღების ანგარიშის NGE79 BR00 0000 0033 0500 01.;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ლ. მურუსიძე