საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-561-551(კ-12) 16 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ ვ. შ-ის და მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
2012 წლის 9 იანვარს ვ. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მ. გ-ის მიმართ.
მოსარჩელემ ახმეტის რაიონის სოფ. მატნის საკრებულოს-გამგეობის 2006 წლის 23 თებერვლის ¹#205 ცნობის და ამავე გამგეობის 2006 წლის 2 მარტის #7 შუამდგომლობის ბათილად ცნობა, ასევე ახმეტის რაიონში, სოფ. ... მდებარე უძრავი ქონების თავდაპირველად მ. შ-ის (საკადასტრო კოდით #50.11.09.023), შემდგომ კი მ. გ-ის სახელზე (საკადასტრო კოდით #50.11.36.017) საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე _ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო შეიცვალა სათანადო მოპასუხით ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ვ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ახმეტის რაიონის, სოფ. ... საკრებულოს-გამგეობის 2006 წლის 23 თებერვლის #205 ცნობა, ამავე გამგეობის 2006 წლის 2 მარტის #7 შუამდგომლობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები საკადასტრო კოდით #50.11.09.023 და #50.11.36.017.
თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2012 წლის 18 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინებით მ. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მ. გ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2012 წლის 8 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მ. გ-მა. კასატორმა მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინებით მ. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; მ. გ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2012 წლის 21 სექტემბერს მ. გ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. კასატორმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მ. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; მ. გ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინების შემცველი გზავნილი მ. გ-ს პირადად 2012 წლის 29 სექტემბერს ჩაბარდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინების ასლი მ. გ-ს 2012 წლის 29 სექტემბერს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2012 წლის 30 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადა 2012 წლის 4 ოქტომბერს (ხუთშაბათს) 24 საათზე იწურებოდა. მ. გ-მა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2012 წლის 18 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს მ. გ-ის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე