Facebook Twitter

ბს-659-645(კ-12) 18 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს ,,...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით შპს ,,...” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კიდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი შპს ,,...” წარმომადგენელს ი. ჭ-ას ჩაჰბარდა 2012 წლის 27 სექტემბერს, ხოლო მან კი განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ... საკურიერო სამსახურს ჩააბარა 2012 წლის 9 ოქტომბერს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,...” წარმომადგენელს ი. ჭ-ას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის ხარვეზის თაობაზე განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2012 წლის 27 სექტემბერს, შესაბამისად, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2012 წლის 7 ოქტომბრის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო კასატორ შპს ,,...” წარმომადგენელს ი. ჭ-ას განუმარტავს, რომ, ვინაიდან, მას ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2012 წლის 7 ოქტომბრის ოცდაოთხ საათამდე, აღნიშნული თარიღი კი იყო არასამუშაო დღე კვირა, ხარვეზის შევსების ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადაიწია 2012 წლის 8 ოქტომბრის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო შპს ,,...” წარმომადგენელმა ი. ჭ-ამ განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ... საკურიერო სამსახურს ჩააბარა 2012 წლის 9 ოქტომბერს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, რაც საკასაციო სასამართლოს ართმევს პროცესუალურ შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ შუამდგომლობაზე და თავის მხრივ არის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შპს ,,...” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს შპს ,,...” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე