საქმე #ბს-753-737(კ-12) 26 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
25.06.12წ. რ. მ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიმართ, ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის 08.05.12წ. №10 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქალაქო სასამართლოს 28.06.12წ. განჩინებით რ. მ-ს სარჩელზე დაუდგინდა ხარვეზი სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.1 მუხლის შესაბამისად, უკანონოდ მიიჩნია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დავალდებულება. საქალაქო სასამართლოს 20.07.12წ. განჩინებით მოსარჩელეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და განემარტა, რომ მის მიერ მითითებული ნორმა აღარ მოქმედებდა. მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის დაკისრება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 5.5 მუხლის შესაბამისად.
საქალაქო სასამართლოს 30.07.12წ. განჩინებით რ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და განემარტა აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ.
რ. მ-მა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 30.07.12წ. განჩინება.
სააპელაციო სასამართლოს 10.08.12წ. განჩინებით რ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე. სააპელაციო სასამართლოს 23.08.12წ. განჩინებით რ. მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული სასამართლოს მიერ გასაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს 10.08.12წ. განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.
რ. მ-მა განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.1 მუხლის შესაბამისად, იშუამდგომლა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ. საქალაქო სასამართლოს 03.09.12წ. განჩინებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
რ. მ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოში, რომლითაც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 23.08.12წ. განჩინების გაუქმებას და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.1 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. 419.3 მუხლის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მოცემულ შემთთხვევაში, კასატორი საკასაციო საჩივრით ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომელმაც როგორც ზემდგომმა სასამართლომ განიხილა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული 23.08.12წ. განჩინებით კერძო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.3 მუხლის შესაბამისად, არ ექვემდებარება გასაჩივრებას, რის შესახებაც განემარტა მხარეს, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით რ. მ-ი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 23.08.12წ. განჩინების გაუქმებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული ,რამდენადაც არ არსებობს მისი განსახილველად დაშვების პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.08.12წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე