საქმე ¹ბს-1118-1107(კ-11) 21 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორები – ა. დ-ი (მოსარჩელე), ლ. დ-ი, ი. დ-ი, ს. დ-ი, ზ. ს-ე (მესამე პირები რ. ე-ისა და სხვათა სარჩელზე)
მოწინააღმდეგე მხარე – 1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2) თბილისის პოლიციის ვაკე– საბურთალოს სამმართველოს მე–5 განყოფილება
მესამე პირები - (ა. დ-ის სარჩელზე) დ. კ-ე, ი. ე-ი, მ. ხ-ი, მ. პ-ი, მ. ხ-ი, რ. ე-ი, ხ. ც-ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.11წ. განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. დ-მა 20.01.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ვაკე–საბურთალოს სამმართველოს მე–5 განყოფილების, შსს მიმართ და აღნიშნა, რომ შსს ვაკე–საბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორ–გამომძიებელმა დაიწყო წარმოება მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების ბინიდან გამოსახლების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც გასცა გაფრთხილება. აღნიშნულის შემდეგ ინსპექტორმა გამოსცა აქტი და ზემოხსენებულ ფართში შეუშვა თანამესაკუთრეები. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იყო N7 ბინის 34 კვ.მ.-ის მესაკუთრე, უძრავი ნივთი გაუმიჯნავი იყო, რაც გამორიცხავდა გაუმიჯნავი ფართიდან თანამესაკუთრის გამოსახლებას. მოსარჩელემ მოითხოვა უბნის ინსპექტორ–გამომძიებლის 21.10.09წ. №15 გაფრთხილების, შსს 24.11.09წ. №1428 ბრძანების, ხელშეშლის აღკვეთის №1 ოქმის ბათილად ცნობა – ვაკე–საბურთალოს სამმართველოს მე–5 განყოფილების დავალდებულება აღადგინოს მანამდე არსებული მდგომარეობა. საქალაქო სასამართლოს 04.02.10წ. განჩინებით დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება აღკვეთის №1 ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, დანარჩენი მოთხოვნების მიმართ სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი. 12.02.10წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა ხელყოფის აღკვეთის ღონისძიების მიღებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობის შესახებ. მოთხოვნის ეს ნაწილი დატოვებულ იქნა განუხილველად.
რ. ე-მა, დ. კ-ემ, მ. ხ-მა, ი. ე-მა, მ. ხ-მა, მ. პ-მა 11.03.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც აღნიშნეს, რომ მიმართული ჰქონდათ ქ. თბილისის ვაკე–საბურთალოს სამმართველოს მე–5 განყოფილებისათვის ... ქ. №... „ა“ კორპუსში, ბინა N..–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით. აღნიშნულთან დაკავშირებით გაიცა 21.10.09წ. №15 გაფრთხილება, რომლითაც ხელმყოფ პირს შესთავაზეს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის შეწყვეტა და 08.01.10წ. განხორციელდა ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიება. მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნული განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. ვაკე–საბურთალოს №5 განყოფილების ინსპექტორმა 08.01.10წ. შეადგინა აღკვეთის ოქმი, რომლითაც აღსრულებულად ჩაითვალა ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიება მაშინ, როდესაც არ მომხდარა ხელმყოფების ბინიდან გამოსახლება, ხელმყოფები გადასახლდნენ ბინის სხვა ოთახში, მიუხედავად იმისა, რომ ბინა მოსარჩელეთა საკუთრებაში იმყოფება, რასაც რეესტრის ამონაწერი ადასტურებს. ამონაწერით გარდა მოსარჩელეებისა, ბინის მესაკუთრედ (160 კვ.მ) სხვა არავინაა რეგისტრირებული. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ბინა ფაქტობრივად შედგება 227 კვ.მ. ფართისაგან, წარმოადგენს ერთ მთლიანობას, აქვს ერთი შემოსასვლელი კარები, სკ–ის 150–ე მუხლის თანახმად ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის განცალკევებაც შეუძლებელია ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. არარეგისტრირებული ფართი არის ბინის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამონთავისუფლება სავალდებულოა. ბინის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების მოთხოვნით მოსარჩელეებმა მიმართეს შსს–ს, რომლის 12.02.10წ. №166 გადაწყვეტილებით მათ უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ა. დ-ს საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა 34 კვ.მ. ფართი, რასაც მოსარჩელეები არ დაეთანხმნენ და მოითხოვეს: 08.01.10 წ. ხელშეშლის აღკვეთის №01 ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა (აღნიშნული მოთხოვნა შემდგომში დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმის წარმოება სარჩელის ამ ნაწილში 29.06.10წ. განჩინებით შეწყდა); შსს 12.02.10წ. №166 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი; უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მესაკუთრეებისათვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
საქალაქო სასამართლოს 28.05.10წ. საოქმო განჩინებით ზემოხსენებული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.10წ. გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო რ. ე-ის, დ. კ-ის, მ. ხ-ის, მ. ხ-ის, ი. ე-ის, მ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 12.02.10წ. №166 ბრძანება რ. ე-ისა და სხვა მესაკუთრეთა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე–საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე–5 განყოფილებას დაევალა უძრავი ნივთიდან მდებარე ქ. თბილისი, ... ქ. 29 „ა“, ბინა №7–დან ა., ლ., ი. და მ. დ-ებისა და ზ. ს-ის გამოსახლება და მესაკუთრეებისათვის აღნიშნული უძრავი ნივთის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება. საქალაქო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის და საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ... ქ. №... „ა“–ში მდებარე №... ბინის საერთო ფართია 222, 86 კვ.მ., რომელიც არის ერთი მთლიანი ბინა და მზიდი კედლებით ესაზღვრება გვერდით არსებულ ბინას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია აგრეთვე, რომ ხ.ც-თან ერთად თანასაკუთრებაში არსებული 111 კვ.მ–დან ა. დ-ის კუთვნილი 34 კვ.მ. ფართი არ შედიოდა №7 ბინის საერთო ფართში. სასამართლომ მიუთითა, რომ ექსპერტის დასკვნაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამაბათილებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებიდან დასტურდება, რომ ა. დ-ს საკუთრებაში არსებული 34 კვ.მ. წარმოადგენდა ც. ციხელაშვილთან თანასაკუთრებაში არსებული 111კვ.მ. ფართის ნაწილს, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა სხვა საკადასტრო კოდი. შინაგან საქმეთა მინისტრის 24.05.07წ. №747 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე–2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და 8.1 მუხლზე დაყრდნობით სასამართლომ მიუთითა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა აღკვეთის ღონისძიების დასრულებამდე უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად კანონიერად იქნა მიჩნეული უბნის ინსპექტორ–გამომძიებლის მიერ შედგენილი 21.10.09წ. №15 გაფრთხილება და შსს 24.11.09წ. №1428 ბრძანება ა. დ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ მიუთითა, რომ გაფრთხილების მიუხედავად ხელმყოფი პირების გამოსახლება №7 ბინიდან არ მომხდარა. ბინა №7-ის საკადასტრო კოდით დასტურდებოდა, რომ ბინა იმყოფებოდა დ. კ-ის, ი. ე-ის, მ. ხ-ის. მ. პ-ის, მ. ხ-ის, რ. ე-ის საკუთრებაში, შესაბამისად უბნის ინსპექტორ–გამომძიებელი ვალდებული იყო უძრავი ნივთი მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაებარებინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.09.10წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა., ლ., ი., მ. დ-ებისა და ზ. ს-ის წარმომადგენლის მიერ, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება და რ. ე-ისა და სხვათა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტები არ დაეთანხმნენ პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ა. დ-ის კუთვნილი 34 კვ. მ. ფართი არ იყო მოქცეული №7 ბინაში, ხოლო რ. ე-ისა და სხვათა საკუთრებაში იმყოფებოდა 222, 86 კვ. მ ფართი. აპელანტები მიუთითებდნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მე–3 სართულზე მდებარე ფართობი განაწილდა და აღნიშნეს, რომ საქმეში მესამე პირად უნდა ჩაბმულიყო ხ. ც-ი.
სააპელაციო სასამართლოს 24.02.11წ. განჩინებით სასკ–ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში ჩაბმულ იქნა ხ. ც-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.03. 11 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნები მოცემულ საქმეზე.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა., ლ., ი., მ. დ-ებმა და ზ. ს-ემ, რომლებიც ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას. კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად არ მიიჩნია საჯარო რეესტრის ამონაწერი, რაც ადასტურებდა ბინის არამხოლოდ ფლობის, არამედ საკუთრების უფლებასაც. ექსპერტის დასკვნის მიხედვით ბინა №7-ის ფართს შეადგენს არა 165კვ.მ., არამედ 224 კვ.მ. კასატორები თვლიან აგერთვე, რომ ა. დ-ზე რიცხული 34 კვ.მ ფართი არ იყო იზოლირებული ბინის საერთო ფართიდან, ამასთანავე ბინის დარჩენილი ნაწილიდან მისი გამოსახლების შედეგად მას არ ეძლეოდა სველი წერტილებით სარგებლობის შესაძლებლობა, რის გამოც სკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე ის უნდა ყოფილიყო ბინა N7-ის თანამესაკუთრე და უნდა ესარგებლა ბინის მთლიანი ფართით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩვრებული განჩინების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ის, ი. დ-ის, ლ. დ-ის, ს. დ-ისა და ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ... ქ. N…ა, მე-3 სართულზე მდებარე ბინა N.. ფართით 165 კვ.მ (საკადასტრო კოდი N...) დ. კ-ის, ი. ე-ის, მ. ხ-ის, მ. პ-ის, მ. ხ-ისა და რ. ე-ის სახელზე 15.09.09წ. რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში აღმასრულებლის 27.08.09წ. N01/01-23-1471 განკარგულების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ამავე სართულზე მდებარე ფართი 111 კვ.მ ბინის ნომრის გარეშე (საკადასტრო კოდი N...) 23.10.09წ. დარეგისტრირდა ხ. ც-ისა (77კვ.მ) და ა. დ-ის (34 კვ.მ) თანასაკუთრებად. ლ. ს-ულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.05.10წ. N5433/03/1 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. N…ა, მესამე სართულზე მდებარე ბინა N..-ის საერთო ფართი შეადგენდა 222,86 კვ.მ, რომელიც იყო ერთი მთლიანი ბინა და მასში არ შედიოდა ა. დ-ის საკუთრებაში არსებული 34 კვ.მ ფართი. აღნიშნული დასკვნა ეფუძნებოდა ადგილზე N7 ბინის აზომვით სამუშაოებს, რომლის საფუძველზე დადასტურდა ისეთი გარემოება, რომელიც დავას არ იწვევდა, კერძოდ ის, რომ ფართის საერთო ოდენობა გამოკვლევის დღისათვის შეადგენდა 222,86 კვ.მ და რომ ფართი აზომვითი სამუშაოების ჩატარების დღისათვის არ იყო გამიჯნული და იყო ერთიანი. ამასთანავე ექსპერტის დასკვნით არ არის დადგენილი თუ რამდენად შეესაბამებოდა არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა ბინის კოსტრუქციულ პროექტს. ექსპერტმა დოკუმენტების ანალიზის და დოკუმენტებში მოცემული მონაცემების ურთიერთშედარების საფუძველზე დაასკვნა, რომ ხ. ც-თან ერთად თანასაკუთრებაში არსებული 111 კვ.მ-დან ა. დ-ის კუთვნილი 34 კვ.მ ფართი არ შედიოდა ბინა N7-ის საერთო ფართში. სასამართლო დაეყრდნო რა ექსპერტის დასკვნას, არ დაუდგენია თუ რა ფართებისგან შედგებოდა ბინა N7-ში არსებული 222,86 კვ.მ., ამასთანავე სასამართლოს არ დაუდგენია, სად მდებარეობდა ა. დ-ის სახელზე რეგისტრირებული 34 კვ.მ ფართი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ა. დ-ის სახელზე რიცხული ფართი - 34 კვ.მ არის დ. კ-ის, ი. ე-ის, მ. ხ-ის, მ. პ-ის, მ. ხ-ისა და რ. ე-ის საკუთრებაში მყოფი ბინა N7-ის განუყოფელი ნაწილი, ვინაიდან კრედიტორებისათვის აღმასრულებლის განკარგულებით მოხდა მხოლოდ 165 კვ.მ ფართის გადაცემა, რომელშიც არ შედიოდა მის გაგრძელებაზე მდებარე 34 კვ.მ ფართი. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული შსს მინისტრის პირველი მოადგილის 24.11.09წ. N1428 ბრძანებით მართებულად არის მითითებული, რომ უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ 21.10.09წ. N15 გაფრთხილება ა. დ-ის გამოსახლებას არ ითვალისწინებდა მის საკუთრებაში რიცხული 34 კვ.მ ფართიდან და გამოსახლება უნდა განხორციელებულიყო 165კვ.მ ფართიდან. ის გარემოება, რომ შსს მინისტრის პირველი მოადგილის 24.11.08წ. N1428 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ა. დ-ის მოთხოვნა გაფრთხილების გაუქმების თაობაზე არ ადასტურებს 34 კვ.მ ფართიდან მისი გამოსახლების და ფართის რ. ე-ის და სხვათა საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას სკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე ბინა N7-ის საერთო ფართის - 222,86 კვ.მ. თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან ა. დ-ი, ხ. ც-თან ერთად, წარმოადგენდა ბინა N7-ის მომიჯნავედ მდებარე 111 კვ.მ საცხოვრებელი ფართის წილობრივ მესაკუთრეს, რომელთაგან 77 კვ.მ ფლობდა ხ. ც-ი, ხოლო 34 კვ.მ ა. დ-ი. სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო 34 კვ.მ - დან კასატორების გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილება, რომ არ დაუდგენია, თუ როგორ მოექცა ა. დ-ზე რიცხული ფართი ბინა N7-ის საზღვრებში, ხომ არ წარმოადგენდა აღნიშნული ფართი კონსტრუქციულად სხვა ბინის ფართის ნაწილს. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დღევანდელი მდგომარეობით, 30.08.11წ. გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, ა. დ-ისა და ხ. ც-ის თანასაკუთრებაში არსებული 111 კვ.მ ფართი გაიმიჯნა და ა. დ-ის სახელზე დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ... ქ. N…ა, მესამე სართულზე მდებარე 34 კვ.მ ფართი, როგორც ცალკე უფლების ობიექტი. ასევე, ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის N49.12.1565 20.09.11წ. დადგენილებით ა. დ-ის სახელზე რიცხულ ფართს მიენიჭა ბინის ნომერი - 7ა, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი და ფაქტობრივი მდგომარეობით იზოლირებულია ბინა N…-გან, რაც გამორიცხავს ა. დ-ის ბინა N…-ის თანამესაკუთრედ რეგისტრაციის შესაძლებლობას.
საქმეზე დადგენილია, რომ ბინა N…-ი ამხანაგობა ,,...-ის“ 15.10.03წ. კრების ოქმის საფუძველზე დარეგისტრირდა გ. დ-ზე, რის შემდეგაც 2007 წელს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ბინა რეალიზებულ იქნა აუქციონზე, აღმასრულებლის 27.08.09წ. N01/01-23-1471 განკარგულების საფუძველზე ნატურით გადაეცა იპოთეკარებს - რ. ე-ს, დ. კ-ეს, ი. ე-ს, მ. ხ-ს, მ. ხ-ს, მ. პ-ას და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 14.22 მუხლის თანახმად, როდესაც ხდება საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართის დაზუსტება, ხოლო უძრავი ნივთი, დატვირთულია სხვა სანივთო ან ვალდებულებითი უფლებით, რეგისტრირებული სანივთო თუ ვალდებულებითი უფლება გადადის მთელ დაზუსტებულ ფართზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოვალის - გ. დ-ის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის ფარგლების დადგენის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოითხოვოს ამხანაგობა ,,...-ის“ 15.10.03წ. კრების ოქმი, 2007 წელს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და აღმასრულებლის 27.08.09წ. N01/01-23-1471 განკარგულება, რამაც განაპირობა კრედიტორებისათვის ბინა N7-ზე საკუთრების უფლების წარმოშობა. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 222,86 კვ.მ ფართი მოიცავდა, როგორც გ. დ-ის საკუთრებაში არსებულ 165კვ.მ ბინა N…-ს, ასევე ა. დ-ის საკუთრებაში არსებულ 34კვ.მ ბინა N7ა-ს. შესაბამისად, ერთ ბინაში მოქცეული იყო ორი დამოუკიდებელი საკადასტრო კოდის მქონე, სხვადასხვა პირთა საკუთრებაში არსებული ფართები. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ 34კვ.მ ფართი იყო იპოთეკის საგანი, რომლის რეალიზაციაც შესაძლებელი იქნებოდა კრედიტორების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და რომელზეც შეიძლებოდა გავრცელებულიყო დ. კ-ის, ი. ე-ის, მ. ხ-ის, მ. პ-ის, მ. ხ-ისა და რ. ე-ის საკუთრების უფლება. ამდენად, დადგენას საჭიროებს ის გარემოება, თუ რამდენად იყო შესაძლებელი მოვალის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა იმ უძრავი ქონებით, რომელიც სხვის საკუთრებას წარმოადგენდა და რამდენად ჰქონდა მოცემული დავისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.10.11წ. კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებას, რომლითაც რ. ე-ის და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ა. დ-ის, ლ. დ-ის, ი. დ-ის, ს. დ-ის და ზ. ს-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მხოლოდ 165 კვ.მ ფართი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილის გაუქმების საფუძველი, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რ. ე-ის და სხვათა სარჩელი, რის შედეგადაც ბათილად იქნა ცნობილი შსს მინისტრის მოადგილის 12.02.10წ. N166 ბრძანება რ. ე-ისა და სხვა მესაკუთრეების 29.01.10წ. Nკოლ/4 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებას უძრავი ნივთიდან მდებარე - ქ. თბილისი, ... ქ. N… ,,ა“, ბინა N..-დან (222,86 კვ.მ.) ა. დ-ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება და მესაკუთრეებისათვის უძრავი ნივთის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება. ა. დ-ის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში, რომელიც ეხება ინსპექტორ-გამომძიებლის 21.10.09წ. N15 გაფრთხილების, შსს მინისტრის პირველი მოადგილის 24.11.09წ. N1428 ბრძანების ბათილად ცნობას, არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. დ-ის, ი. დ-ის, ლ. დ-ის, ს. დ-ისა და ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.11წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.09.10წ. გადაწყვეტილება რ. ე-ის, დ. კ-ის, მ. ხ-ის, მ. ხ-ის, ი. ე-ის, მ. პ-ას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. მითითებულ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. ა. დ-ის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ლ. მურუსიძე