Facebook Twitter

№ბს-270-266(კ-12) 15 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) _ ი. ს-ი; წარმომადგენელი _ ნ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; წარმომადგენელი _ ი. უ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინება

სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 21 სექტემბერს ი. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. ო-ესთან, რომელიც წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში. 2010 წლის 17 აპრილს ლ. ო-ე გარდაიცვალა მწვავე ლეიკემიით. მოსარჩელის განმარტებით, მან განცხადებით მიმართა სადაზღვევო კომპანია ,,...” და მეუღლის ლ. ო-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებული შემთხვევის ანაზღაურება მოითხოვა, რაზეც სადაზღვევო კომპანია ,,...” უთხრა უარი იმ საფუძვლით, რომ ლ. ო-ე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რაზედაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა დაზღვევა არ ვრცელდებოდა. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ერთჯერადი დახმარების სახით 15 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2011 წლის 26 აგვისტოს წერილით მას უარი ეთქვა თანხის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ ლ. ო-ის გარდაცვალების ფაქტი არ იყო მიზეზობრივ კავშირში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2011 წლის 26 აგვისტოს ¹#8/2376 აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ, მისი მეუღლის – ლ. ო-ის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთჯერადი დახმარების სახით, კანონით განსაზღვრული 15 000 ლარის ანაზღაურების დავალდებულება მოითხოვა.

2011 წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ი. ს-ის სასარგებლოდ ერთჯერადი კომპენსაციის სახით 15 000 ლარის ანაზღაურების დავალდებულება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ო-ე 1999 წლის 4 ივლისიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში. ლ. ო-ე გარდაიცვალა 2010 წლის 17 აპრილს. გარდაცვალების მიზეზი იყო პოლიორგანული უკმარისობა, განვითარებული ლიმფოლეიკოზის შედეგად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №1468 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ... ოცეულის მეთაური (შტატი №8/680-1), ... კაპიტანი ლ. ო-ე 2010 წლის 18 აპრილიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ამოირიცხა საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სიებიდან გარდაცვალების გამო. 2010 წლის 7 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით ლ. ო-ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეებად სამ მეხუთედ ნაწილში ცნობილნი იქნენ მეუღლე - ი. ს-ი, შვილები ა. ო-ე და ც. ო-ე.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2010 წლის 14 სექტემბერს ი. ს-მა განცხადებით მიმართა სადაზღვეო კომპანია ’’...’’ და მეუღლის - ლ. ო-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებული შემთხვევის ანაზღაურება მოითხოვა. სადაზღვეო კომპანია ’’...’’ 2011 წლის 3 ივნისის №1554/01/11 წერილით ი. ს-ს უარი ეთქვა შემთხვევის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ ლ. ო-ე ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რაზეც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა სამედიცინო დაზღვევა არ ვრცელდებოდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2011 წლის 11 ივლისს ი. ს-მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,სამხედო ვალებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ერთჯერადი დახმარების სახით 15 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2011 წლის 26 აგვისტოს წერილით ი. ს-ს უარი ეთქვა ერთჯერადი დახმარების გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის თანახმად, ლ. ო-ის გარდაცვალების ფაქტი არ იყო მიზეზობრივ კავშირში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ო-ის გარდაცვლება არ იყო გამოწვეული მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შერსულებით, კერძოდ, სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის მიერ 2010 წლის 18 მაისს გაცემული ექსპერტიზის №356/33 დასკვნის შესაბამისად, ლ. ო-ის სიკვდილის მიზეზი იყო პოლიორგანული უკმარისობა განვითარებული ლიმფოლეიკოზის შედეგად. საქართველოოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2011 წლის 20 იანვრის დასკვნის თანახმად კი, 2010 წლის 31 მაისს გორის სამხედრო ჰოსპიტალის №1/1006 წერილის მიხედვით, ლ. ო-ის დაავადება, მწვავე ლეიკემია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, წარმოადგენდა ჰემატოლოგიურ და თავის ტვინის სისხლძარღვოვან დაავადებას და მისი განვითარება არ იყო დაკავშირებული სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქარათველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების მე-40 პუნქტიც, რომლის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის, ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 421 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული ნორმები დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ხოლო თუ რა ითვლებოდა სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად, განსაზღრული იყო ,,სამხედრო ვალებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით. მართალია, მითითებული ნორმა სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდასთან და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის რეგულირების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ ერთ-ერთ პირობად მიიჩნევდა სამხედრო მოსამსახურის სამკურნალოდ ყოფნას, მაგრამ მხოლოდ ის გარემოება, რომ სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა სამკურნალოდ ყოფნის დროს, სასამართლოს აზრით, ვერ გახდებოდა ზემოაღნიშნული ნორმით კომპენსაციის გაცემის საფუძველი.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის სწორად შეფარდებისა და სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებით გამოწვეული სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევის დაკვალიფიცირებისათვის, გადამწყვეტი იყო სამხედრო მოსამსახურის მიერ მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ლ. ო-ე გარდაიცვალა სამკურნალო დაწესებულებაში, რაც ითვლებოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად, უნდა დადგენილიყო, გარდაცვალება გამოწვეული იყო თუ არა სწორედ იმის შედეგად, რომ მან თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა ან ასეთ მოვალეობას ასრულებდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ლ. ო-ე გარდაიცვალა ლიმფოლეიკოზის შედეგად განვითარებული პოლიორგანული უკმარისობით, რაც ვერ ჩაითვლებოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევად, რადგან სიკვდილი დადგა დამოუკიდებელი მიზეზით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდებოდა და არც მხარის მიერ გამხდარა სადავოდ, რომ დაავადება, რომელმაც გამოიწვია სიკვდილი, განვითარდა სამსახურებრივი მოვალობის შესრულების ნიადაგზე. შესაბამისად, გარდაცვალების მიზეზი არ იყო პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ დგინდებოდა პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი ლ. ო-ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და მის გარდაცვალებას შორის, რაც სასამართლოს აზრით გამორიცხავდა ზემოაღნიშნული მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი კომპენსაციის გაცემას.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით საკმარისი არ იყო მხოლოდ პირის სამსახურში გარდაცვალების ფაქტი, კომპენსაციის გაცემისათვის აუცილებელი იყო მიზეზობრივი კავშირის დადგენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და გარდაცვალების ფაქტთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიუთითა მათზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ს-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ ლ. ო-ის გარდაცვალება არ იყო გამოწვეული მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადგენილი იქნა სსიპ სასამართლოს ეროვნული ბიუროს სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის მიერ გაცემული დასკვნის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, სადაც მითითებული იყო რომ 2010 წლის 31 მაისს, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან შემოსული წერილის მიხედვით: „ლ. ო-ის დაავადება, მწვავე ლეიკემია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, წარმოადგენდა ჰემატოლოგიურ და თავის ტვინის სისხლძარღვოვან დაავადებას და მისი განვითარება არ იყო დაკავშირებული სამხედრო სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებასთან“. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული მტკიცებულება, რის გამოც არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება. ის მიუთითებს რომ ლ. ო-ე გარდაიცვალა მწვავე ლეიკემიით და არა სისხლძარღვოვანი დაავადებით, რასაც ადასტურებდა შპს „...“ მიერ 2011 წლის 17 ნოემბერს გაცემული ცნობა, რომლის მიხედვითაც ძირითად დაავადებას წარმოადგენდა მწვავე მიელო-მონობლასტური ლეიკემია, რომლის ფონზეც განვითარდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა. ლ. ო-ე მკურნალობას გადიოდა და გარდაიცვალა აღნიშნულ კლინიკაში და მისი გარდაცვალების გამომწვევი მიზეზის შესახებ ინფორმაციას წარმოადგენდა სწორედ აღნიშნული კლინიკის მიერ გაცემული ცნობა და არა გენერალური ინსპექციის დასკვნაში გორის სამხედრო ჰოსპიტალის წერილის საფუძველზე მითითებული ინფორმაცია, რომელიც სარწმუნო ვერ იქნებოდა, რადგან ლ. ო-ემ როდესაც მიმართა გორის სამხედრო ჰოსპიტალს, იგი იმ დღესვე იქნა გადაყვანილი შპს „...“.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ მტკიცებულებად გამოიყენა არა გორის სამხედრო ჰოსპიტალის წერილი (რომელიც არ იყო საქმეში წარმოადგენილი), არამედ დაეყრდნო გენერალური ინსპექციის დასკვნაში მითითებულ აღნიშნული წერილის შინაარსს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ო-ის გარდაცვალება გამოწვეული იყო უეცრად განვითარებული მწვავე ლეიკემიით, რომელიც უკავშირდებოდა სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებას და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ორგანულ დაავადებებთან, ვინაიდან, მას სისტემატურად უტარდებოდა სამედიცინო შემოწმება და იყო სრულიად ჯანმრთელი.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, სასამართლომ იხელმძღვანელა „სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ ერთ-ერთ პირობად ითვლება სამკურნალოდ ყოფნა. სასამართლომ არასწორად განმარტა ეს ნორმა და აღნიშნა, რომ ის გარემოება, რომ სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა სამკურნალოდ ყოფნის პერიოდში, ვერ გახდებოდა კომპენსაციის გაცემის საფუძველი, ვინაიდან, არ დგინდებოდა პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და გარდაცვალებას შორის. თუმცა ზემოაღნიშნულ კანონში არ იყო დათქმა იმის შესახებ, რომ ადგილი უნდა ჰქონოდა მიზეზობრივი კავშირის არსებობას.

კასატორის მითითებით ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდასთან და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის რეგულირების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად ითვლებოდა: სამსახურებრივ მივლინებაში ან სამკურნალოდ ყოფნა. ლ. ო-ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეიქმნა ცუდად, რის გამოც მიაკითხა გორის სამხედრო ჰოსპიტალს, რის შემდეგაც გადაყვანილ იქნა შპს „...“, სადაც 2 დღეში გარდაიცვალა. გამომდინარე აქედან, იგი გარდაიცვალა სამკურნალოდ ყოფნის დროს, რომელიც ითვლებოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით”. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N526 ბრძანება აკონკრეტებს, რომ გათვალისწინებული პირების მიმართ ერთჯერადი დახმარების ვალდებულება არ წარმოიშვება თუ, არსებობს ან დგინდება ვალდებულების შემდეგი გამომრიცხავი გარემოებები: ა) ამ ბრძანების 38, 381, მე–40 პუნქტებით გათვალისწინებული პირები განზრახ ან/და უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადნენ სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინათ ამავე პუნქტებში განსაზღვრული შედეგები; ბ) ამ პუნქტებით განსაზღვრული შედეგები წარმოადგენენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან/და ექსპლუატაციის და უსაფრთხოების ნორმების ან/და წინდახედულობის ნორმების უხეში დარღვევის შედეგს.

კასატორის მოსაზრებით, ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო მოსამსახურე, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარების სახით 15 000 ლარი. განსახილველ შემთხვევაში ლ. ო-ის გარდაცვალება გამოწვეული არ ყოფილა ზემოაღნიშნული გარემოებების გამო და ეს დადგენილიც არ ყოფილა სასამართლოს მიერ. კასატორის აზრით, სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა გამოყენებულ კანონთა განმარტება, რაც გახდა უკანონო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ს-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 14 ივნისს 13:00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: კასატორის - ი. ს-ის მეუღლე ლ. ო-ე 1999 წლის 4 ივლისიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში. ლ. ო-ე გარდაიცვალა 2010 წლის 17 აპრილს. გარდაცვალების მიზეზი იყო პოლიორგანული უკმარისობა, განვითარებული ლიმფოლეიკოზის შედეგად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №1468 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ... ოცეულის მეთაური (შტატი №8/680-1), ... კაპიტანი ლ. ო-ე 2010 წლის 18 აპრილიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ამოირიცხა საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სიებიდან გარდაცვალების გამო. 2010 წლის 7 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით ლ. ო-ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეებად სამ მეხუთედ ნაწილში ცნობილნი არიან მეუღლე - ი. ს-ი, შვილები ა. ო-ე და ც. ო-ე.

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 14 სექტემბერს ი. ს-მა განცხადებით მიმართა სადაზღვეო კომპანია „...“ და მეუღლის - ლ. ო-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებული შემთხვევის ანაზღაურება მოითხოვა. სადაზღვეო კომპანია „...“ 2011 წლის 3 ივნისის №1554/01/11 წერილით ი. ს-ს უარი ეთქვა შემთხვევის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ ლ. ო-ე ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რაზეც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა სამედიცინო დაზღვევა არ ვრცელდებოდა.

2011 წლის 11 ივლისს ი. ს-მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,სამხედო ვალებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ერთჯერადი დახმარების სახით 15 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2011 წლის 26 აგვისტოს წერილით ი. ს-ს უარი ეთქვა ერთჯერადი დახმარების გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის თანახმად, ლ. ო-ის გარდაცვალების ფაქტი არ იყო მიზეზობრივ კავშირში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის მიერ 2010 წლის 18 მაისს გაცემული ექსპერტიზის №356/33 დასკვნის შესაბამისად, ლ. ო-ის სიკვდილის მიზეზი იყო პოლიორგანული უკმარისობა განვითარებული ლიმფოლეიკოზის შედეგად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2011 წლის 20 იანვრის დასკვნის თანახმად კი, 2010 წლის 31 მაისს გორის სამხედრო ჰოსპიტალის №1/1006 წერილის მიხედვით, ლ. ო-ის დაავადება, მწვავე ლეიკემია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, წარმოადგენდა ჰემატოლოგიურ და თავის ტვინის სისხლძარღვოვან დაავადებას და მისი განვითარება არ იყო დაკავშირებული სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს მოპასუხის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ი. ს-ის სასარგებლოდ, მისი მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ერთჯერადი დახმარების სახით, 15 000 ლარის კომპენსაციის ანაზღაურების დავალდებულება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქარათველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების მე-40 პუნქტის პირველის წინადადების თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის, ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმები დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის სავალდებულო კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი დაიღუპება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამასთან, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. ამდენად, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალების შესრულებაში იგულისხმება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება კრიტერიუმებს, თუ რა პირობებით უნდა დავადგინოთ სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამსახურებირივი მოვალეობის შესრულების ფაქტი, ხსენებულს განსაზღვრავს ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ,,სამხედრო ვალებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდასთან და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის რეგულირების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ ერთ-ერთ პირობად მიიჩნევა სამხედრო მოსამსახურის სამკურნალოდ ყოფნა, მაგრამ ამ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის სამკურნალოდ ყოფნის ფაქტი უნდა მომდინარეობდეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შედეგად. ამდენად, აუცილებელია არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი სამხედრო მოვალეობის შესრულებასა და პირის სამკურნალოდ ყოფნას შორის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის მიერ 2010 წლის 18 მაისს გაცემულ ექსპერტიზის №356/33 დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, ლ. ო-ის სიკვდილის მიზეზი იყო პოლიორგანული უკმარისობა განვითარებული ლიმფოლეიკოზის შედეგად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებული დიაგნოზიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმის დადგენა, არსებობდა თუ არა პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი ლ. ო-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მისი გარდაცვალების გამომწვევ ფაქტს შორის, რაც თავის მხრივ გამორიცხავს დაღუპული ლ. ო-ის ოჯახისათვის ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების მე-40 პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებული ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობას. თუმცა აქვე, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში 2011 წლის 4 ოქტომბერსა (№778) და 2012 წლის 20 სექტემბერს (№785) განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების მე-40 პუნქტის მე-2 წინადადება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში მყოფი პირის ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის სხვა შემთხვევაში მის ოჯახს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით”.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრს მიენიჭა დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, სამხედრო სამსახურში მყოფი პირის სხვა შემთხვევაში დაღუპვის დროს, მიიღოს გადაწყვეტილება დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის ერთჯერადი დახმარების მიცემის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი და ამით, ის ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირს) აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით, კანონის ნორმის მიზნების და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ. ო-ე იყო გამორჩეული სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის არაერთი ორდენის და საპატიო სიგელის მფლობელი, ერაყისა და სხვა მრავალი სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ხელახლა უნდა განიხილოს ი. ს-ისათვის, მისი მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ერთჯერადი დახმარების მიცემის საკითხი და ლ. ო-ის პიროვნების, მისი როგორც, სამხედრო მოსამსახურის მიერ სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილის, ასევე მისი ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით (იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ლ. ო-ის მეუღლე და შვილები არიან 2008 წლის 6 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები და მათ მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი) უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ლ. ო-ის ოჯახისათვის ერთჯერადი დახმარების მიცემის თაობაზე.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ლ. ო-ის მეუღლეს ი. ს-ს სადაზღვევო კომპანიის მიერ უარი ეთქვა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღუარებაზე იმ საფუძვლით, რომ ლ. ო-ე ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რაზეც სადაზღვევო კომპანიის მოსაზრებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა სამედიცინო დაზღვევა არ ვრცელდებოდა. სადაზღვევო კომპანიის უარი უკავშირდება მის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულების იმგვარ განმარტებას, როცა განმსაზღვრელი არ არის დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი, არც ის ფაქტი, გარდაცვალება მიზეზობრივად უკავშირდება თუ არა უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას (რაც შეიძლება მეორე მხარისათვის საკამათო იყოს). რაც შეეხება ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურების საკითხს, მისი გაცემა დასაშვებია მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და პირის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დროს, რისი დადგენაც მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია. ამდენად, ასეთ პირობებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი რჩება ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციოს სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ი. ს-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს, ი. ს-ისათვის, მისი მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ერთჯერადი დახმარების სახით, 15 000 ლარის კომპენსაციის ანაზღაურების საკითხის განხილვა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ი. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, განიხილოს ი. ს-ისათვის, მისი მეუღლის – ლ. ო-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ერთჯერადი დახმარების სახით, 15 000 ლარის კომპენსაციის ანაზღაურების საკითხი;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ლ. მურუსიძე