Facebook Twitter

ბს-449-444(კ-12) 21 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი - ნ. გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) – ი. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო; გ. ა-ი; სპს „...“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

15.04.11წ. ი. ა-მა სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის, გ. ა-სა და სპს „...“ მიმართ, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 08.09.09წ. №75 საოქმო გადაწყვეტილების, მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების №479 მოწმობის, გ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სპს „...“ მიერ 20.05.08წ. შედგენილი აზომვითი ნახაზის, მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებისა და რეგისტრაციის, ასევე 15.03.09წ. შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მოთხოვნით.

მოსარჩელის მითითებით, ძმასთან - გ. ა-თან ერთად თანაბარწილად თანასაკუთრების უფლებით ფლობდა დაბა ბაკურიანში, ბ. ქ. №42-ში მდებარე, მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლთან ერთად. უძრავი ქონება 1988 წლიდან აღრიცხული იყო ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში. სახლი და მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად გამიჯნული იყო და კომუნალურ გადასახადებსაც მხარეები ცალ-ცალკე იხდიდნენ. 1990-იან წლებში საქართველოში განხორციელებული მიწის რეფორმის შედეგად მოხდა მიწის ნაკვეთების შევსება 0,15 ჰა-მდე. ი. ა-ს მიწა გამოეყო სახლის მომიჯნავედ, ხოლო გ. ა-ს - სახლისაგან მოშორებით. 2002 წელს თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ი. ა-მა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს, მაგრამ 07.12.10წ. გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რეგისტრაციაზე გ. ა-ის საკუთრებად, ასევე თანასაკუთრებად რეგისტრირებულ ქონებასთან გადაფარვის გამო. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ 30.01.09წ. გ. ა-ს მიუმართავს საჯარო რეესტრისათვის და სპს „...“ მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რომელზეც ასევე დატანილი იყო ი. ა-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, თანასაკუთრების უფლებით დაურეგისტრირებია უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი...), ხოლო 700 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ასევე თანასაკუთრებას წარმოადგენდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა გ. ა-ის საკუთრების უფლება, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (საკადასტრო კოდი...). საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით კომისიას განცხადებით მიმართა ი. ა-მა, მაგრამ კომისიის 12.01.11წ. წერილით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მითითებული გადაწყვეტილება მის მიერ სასამართლოში გასაჩივრდა, მაგრამ 29.03.11წ. განმწესრიგებელ სხდომაზე ი. ა-მა გამოიხმო სარჩელი.

მოსარჩელის მითითებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაარღვია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია საკუთრების უფლების აღიარება მოხდა თვითნებურად დაკავებულ თუ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე. კომისიამ გ. ა-ს მიწა მიაკუთვნა როგორც მომიჯნავე ნაკვეთი, თუმცა წარმოების მასალებიდან არ დგინდება რის საფუძველზე მიიღო კომისიამ ამგვარი გადაწყვეტილება. შესაბამისად, უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვით ნახაზზე არ არის ი. ა-ის, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ხელმოწერა. ასევე უკანონოა თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რამდენადაც მასზე არ არის ასახული თანასაკუთრებაში არსებული 700 კვ.მ მიწა და მასზე დატანილია ის ნაკვეთი, რომელიც არ არის თანასაკუთრება. აღნიშნული ფართი შევსებულია ი. ა-ის პირად საკუთრებაში არსებული მიწის ხარჯზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 27.10.11წ. გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 08.09.09წ. №75 საოქმო გადაწყვეტილება გ. ა-ის ნაწილში, საკუთრების უფლების №479 მოწმობა და საკადასტრო აზომვითი ნახაზი ი. ა-ისა და გ. ა-ის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის 426 კვ.მის გადაფარვის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი თანასაკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) სპს „...“ მიერ 15.03.09წ. შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ა-სა და გ. ა-ს თანასაკუთრებაში გააჩნიათ 1465 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი. 01.12.10წ. ი. ა-მა მიმართა ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაზუსტებული საკადასტრო ნახაზის შესაბამისად საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, რაზეც უარი ეთქვა 07.12.10წ. გადაწყვეტილებით იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი უძრავი ნივთი ფარავდა უკვე რეგისტრირებულ მონაცემებს, კერძოდ, გ. ა-ის საკუთრებას, ასევე ი. ა-ისა და გ. ა-ის თანასაკუთრებაში არსებულ ქონებას. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით გ. ა-ს საკუთრებაში გადაეცა 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი და გაიცა №479 საკუთრების მოწმობა (უძრავი ქონება - ზონა ბორჯომი .., სექტორი - დაბა ბაკურიანი .., ნაკვეთი №.., ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართი - 700 კვ.მ). სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ სპს „...“ მიერ ი. ა-ისა და გ. ა-ის თანასაკთრებაში და გ. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენას, რაც განხორციელდა გ. ა-ის დაკვეთით, თანამესაკუთრე - ი. ა-ი არ დასწრებია. ამასთან, აზომვით ნახაზს არ ერთვის წერილობითი მონაცემები თანამესაკუთრე ი. ა-ის შესახებ.

რაიონულმა სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყდრნობით დადგენილად ჩათვალა, რომ გ. ა-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 700 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი - 426 კვ.მ მდებარეობს გ. ა-ისა და ი. ა-ის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ტექნიკურ პასპორტში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს შიგნით. თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ტექნიკურ პასპორტში არსებული მიწის ნაკვეთის ფართი, გაბარიტული ზომები და მდებარეობა არ შეესაბამება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ფართს, გაბარიტულ ზომებსა და მდებარეობას კოორდინატთა სივრცეში.

რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601, 62.1 მუხლებით და განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. კომისიის მიერ მოხდა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის - 426 კვ.მ მიწის განკარგვა, რის გამოც სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება და საკუთრების უფლების მოწმობა ამ ნაწილში. რაიონული სასამართლოს მითითებით, ვინაიდან საკუთრების უფლების მოწმობის თანახმად, იგი ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ასევე ცნობილი ნახაზიც თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის 426 კვ.მ-ის გადაფარვის ნაწილში.

რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 8.5, 25-ე, 26.5, 27-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სპს „...“ მიერ 15.03.09წ. საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენისას დაირღვა დაინტერესებული პირის – ი. ა-ის კანონიერი ინტერესები და უფლებები, რამდენადაც ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ტექნიკურ პასპორტში არსებული მიწის ნაკვეთის ფართი, გაბარიტული ზომები და მდებარეობა არ შეესაბამება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ფართს, გაბარიტულ ზომებსა და მდებარეობას კოორდინატთა სივრცეში, ნახაზს ინსტრუქციის 26.5 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, არ ერთვოდა წერილობითი ინფორმაცია საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრის შესახებ, ასევე არ შეიცავდა დაინტერესებული პირის ხელმოწერას.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-მა, რომელმაც ახალციხის რაიონული სასამართლოს 27.10.11წ. გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, სადავო აქტების ბათილად ცნობა მთლიანად.

აპელანტის მითითებით, მართალია ექსპერტიზის დასკვნით გადაფარვა დადასტურდა 426 კვ.მ მიწის ნაწილში, მაგრამ დანარჩენი ფართიც წარმოადგენდა მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას და საერთო თანასაკუთრების ნაწილს. აპელანტის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთზე ჩატარდა ორი ექსპერტიზა, წინამდებარე ადმინისტრაციულ საქმეზე და ნაკვეთის გაყოფასთან დაკავშირებით აღძრულ სამოქალაქო საქმეზე, მაგრამ სამოქალაქო საქმეზე ექსპერტის დაკითხვის შედეგად დადგინდა, რომ არასწორია ექსპერტის დასკვნები, რამდენადაც ნახაზების შედგენა მოხდა არასწორად. ტექპასპორტის მიხედვით, ნაკვეთის აღმოსავლეთი საზღვარი დაშორებული უნდა ყოფილიყო სახლის ძველი კედლიდან 13 მეტრით. შედგენილი ნახაზების მიხედვით კი 13 მეტრი აიზომა სახლის ახალი კედლიდან. შესაბამისად, აპელანტმა მიიჩნია, რომ საქმეზე უნდა ჩატარდეს საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა, აღმოსავლეთის მხარეს ნაკვეთი უნდა აიზომოს 0,75 ჰა, რომელიც ი. ა-მა მიიღო რეფორმის დროს და შემდეგ უნდა აიზომოს დანარჩენი მიწის ნაკვეთი ტექპასპორტის მიხედვით.

მოწინააღმდეგე მხარემ - გ. ა-მა შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა სააპელაციო სასამართლოში, რომლითაც ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა ნაწილობრივ იმ მოტივით, რომ იგი სადავოდ არ ხდის გადაფარვის ფაქტს, მაგრამ მიაჩნია, რომ გადაფარვას ადგილი აქვს არა 426 კვ.მ-ით, არამედ 160 კვ.მ-ით. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ეწინააღმდეგება იმავე ექსპერტების მიერ სამოქალაქო საქმეზე გაცემულ დასკვნას, რითაც დასტურდება, რომ გადაფარვის ოდენობა არასწორადაა დადგენილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.12წ. განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობის ნაწილში აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო.

სააპელაციო სასამართლოს 28.02.12წ. განჩინებით ი. ა-ის სააპელაციო და გ. ა-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის თანახმად, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება ხდება მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს წარმოადგენს და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისია არ იყო უფლებამოსილი გ. ა-ზე განეკარგა სადავო მიწის ნაკვეთი 426 კვ.მ-ის ნაწილში, რამდენადაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. ა-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 700 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი - 426 კვ.მ მდებარეობდა გ. ა-ისა და ი. ა-ის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ტექნიკურ პასპორტში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს შიგნით.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ უკანონოდ განიკარგა არა მხოლოდ 426 კვ.მ, არამედ მთლიანად 700 კვ.მ მიწა, ასევე არ დაეთანხმა შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორს, რომ გადაფარვას ადგილი ჰქონდა უფრო ნაკლებ ფართზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს არ წარუდგენიათ 30.08.11წ. ექსპერტიზის დასკვნის მონაცემების საწინააღმდეგო, მისი გამაქარწყლებელი სათანადო დოკუმენტი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-მა, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 38.1 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპი, 21.1 მუხლით აღიარებული საკუთრების უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე ზაკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპი და სსსკ-ის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, ასევე სსსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლები მტკიცებულების შეფასებასთან დაკავშირებით.

კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ 426 კვ.მ-ის გარდა, 274 კვ.მ მიწის ნაკვეთი ასევე იყო მემკვიდრეობით მიღებული და თანასაკუთრეგბაში არსებული მიწა. ასევე არ გაითვალისწინა, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდებოდა, რომ ი. ა-ს მიწის რეფორმის შედეგად მიწა შეევსო 0,075 ჰა და ჯერ უნდა აზომილიყო აღნიშნული ფართობი, ხოლო შემდეგ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. ამასთან, 274 კვ.მ მიწის ნაკვეთი უშუალოდ ემიჯნება თანასაკუთრებაში არსებულ მიწას, რის გამოც აუცილებელი იყო ი. ა-ის ინტერესების გათვალისწინებაც.

გარდა აღნიშნულისა, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულ ნაწილშიც. სააპელაციო სასამართლოში მოთხოვნის დაზუსტებისას ი. ა-მა უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე – გ. ა-ის საკუთრებად დარეგისტრირებულ 700 კვ.მ მიწაზე შედგენილი 20.05.08წ. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობაზე, ხოლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 15.03.09წ. შედგენილი ნახაზის ბათილად ცნობის ნაწილში მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულის მიუხედავად, საქმის წარმოება შეწყვიტა ორივე საკადასტრო ნახაზის ბათილად ცნობის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია საპროცესო და მატერიალური ნორმების დარღვევის გარეშე, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს საკასაციო პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ ი. ა-ის სააპელაციო და გ. ა-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრების მოთხოვნების ფარგლების გაცდენასთან დაკავშირებით. კასატორმა აღნიშნა, რომ აპელანტს და შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდიათ რაიონული სასამართლოს 27.10.11წ. გადაწყვეტილება თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სპს „...“ მიერ 15.03.09წ. შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ სარჩელის გამოხმობის მოტივით საქმის წარმოება შეწყვიტა სარჩელზე არა მხოლოდ გ. ა-ის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 20.05.08წ. შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის, არამედ ასევე 15.03.09წ. საკადასტრო ნახაზის ბათილად ცნობის ნაწილში, ანუ სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა კანონიერ ძალაში შესულ ნაწილშიც. აღნიშნულთან დაკავშირებით არასწორია კასატორის მოსაზრება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს 28.02.12წ. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 27.10.11წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, ხოლო თავის მხრივ სააპელაციო სასამართლომ 12.04.12წ. განჩინებაში, რომლითაც უსწორობა გასწორდა სარჩელზე ნაწილობრივ წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებაში, განმარტა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ არ გასაჩივრებულა 15.03.09წ. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 21.02.12წ. განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა მხოლოდ 20.05.08წ. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის გამოხმობის გამო, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ორივე საკადასტრო ნახაზზე მითითება წარმოადგენდა ტექნიკური ხასიათის უსწორობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 377.1 მუხლის შესაბამისად, არ უმსჯელია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სპს „...“ მიერ 15.03.09წ. შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობის ნაწილში და არ გასცდენია საჩივრების მოთხოვნის ფარგლებს.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რამდენადაც მათ შესახებ არ არის წამოყენებული დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 08.09.09წ. გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა გ. ა-ის საკუთრების უფლება დაბა ბაკურიანში, ბ. ქ. №42-ში მდებარე 700 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და 18 კვ.მ ავტოფარეხზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელე ი. ა. სადავოდ ხდის გ. ა-ისათვის მითითებული უძრავი ქონების მიკუთვნებას იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს არა თვითნებურად დაკავებულ მომიჯნავე მიწას, არამედ შედის მისსა და გ. ა-ის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, რის გამოც არასწორად მიაკუთვნა ადმინისტრაციულმა ორგანომ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მხოლოდ ერთ თანამესაკუთრეს მეორე თანამესაკუთრის ინტერესების გაუთვალისწინებლად. საქმეზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 30.08.11წ. დასკვნით დადასტურდა, რომ გ. ა-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 700 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი - 426 კვ.მ მდებარეობდა ტექნიკურ პასპორტში მითითებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს შიგნით. ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით სასამართლოების მიერ ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სადავო გადაწყვეტილება ნაწილობრივ, თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის 426 კვ.მ-ის გადაფარვის ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. ა-ს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, 426 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ადმინისტრაციული ორგანოს სადავო აქტების ბათილად ცნობის კანონიერების შემოწმება სცილდება საკასაციო სასამართლოს პროცესუალური კომპეტენციის ფარგლებს. კასატორი - ი. ა-ი. სადავოდ ხდის 274 კვ.მ მიწის ნაკვეთის გ. ა-ისათვის მიკუთვნებას, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართებულად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ. საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ 274 კვ.მ მიწის ნაკვეთი შედიოდა მხარეების საერთო საკუთრებაში არსებულ ფართში. აღნიშნული ფაქტის გამაქარწყლებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. იმ პირობებში, თუ კასატორი ეჭვქვეშ აყენებდა საქმეზე ჩატარებული ესქპერტიზის დასკვნის სისწორეს, მას სსსკ-ის 162.2 მუხლის შესაბამისად, შეეძლო თავად უზრუნველეყო ექსპერტიზის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა, რაც მას არ განუხორციელებია. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის თანასაკუთრებაში არსებობის ფაქტი. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ ექსპერტიზის დასკვნის შედგენისა და თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ტექნიკური პასპორტის საკადასტრო აზომვით ნახაზთან შედარების დროს ჯერ უნდა აზომილიყო ი. ა-ის წილი თანასაკუთრებიდან და რეფორმის შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთი - 0,75 ჰა, ხოლო შემდეგ განსაზღვრულიყო დარჩენილი ფართის ოდენობა. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება აღნიშნულ მოსაზრებას, რამდენადაც მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სწორედ ის გარემოება, შედის თუ არა გ. ა-ისათვის მიკუთვნებული 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი თანასაკუთრებაში არსებულ ფართში, რის გამოც დავის გადაწყვეტისათვის არსებითი იყო სწორედ საერთო საკუთრების ფართის დადგენა, ანუ გ. ა-ისათვის მიკუთვნებული 700 კვ.მ მიწა შედიოდა თუ არა საერთო თანასაკუთრებაში.

გარდა აღნიშნულისა, ი. ა-ს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობდა გ. ა-ი. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარება გულისხმობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მართლზომიერი მფლობელის ან მიწის თვითნებურად დამკავებელი პირისათვის უსასყუდლოდ ან სასყიდლით საკუთრებაში გადაცემას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას გ. ა-ისათვის სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მართლზომიერად მიჩნევის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სადავო 274 კვ.მ მიწა უშუალოდ ემიჯნებოდა რა თანასაკუთრებაში არსებულ მიწას, აუცილებელი იყო მისი, როგორც თანამესაკუთრის ინტერესების გათვალისწინებაც. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51.1 მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ასეთად მითითებული კანონი განიხილავს პირს, რომელსაც სურს საკუთრების უფლების მოპოვება მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. ი. ა-ს ამგვარი მოთხოვნით კომისიისათვის არ მიუმართავს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გ. ა-ის განცხადების განხილვისას ემსჯელა ი. ა-ის შესაძლო ინტერესზე სადავო ნაკვეთის მიმართ, კანონი არ ითვალისწინებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის არგუმენტები სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ დაუსაბუთებელია, კასატორმა ვერ დაადასტურა სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ მისი კანონიერი უფლებების ან ინტერესების შელახვის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.12წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე