Facebook Twitter

#ბს-520-515(კ-11) 15 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორები (მოსარჩელეები) _ თ. ხ-ე; ლ. ღ-ე; დ. ხ-ე; ვ. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; წარმომადგენელი _ ა. თ-ა

მესამე პირი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; წარმომადგენელი _ ე. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 17 მაისს თ. ხ-ემ, ლ. ღ-ემ, დ. ხ-ემ და ვ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ არიან 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად დაზარალებულები. მოწამვლის ფაქტი დაფიქსირებულ იქნა ქ. თბილისის სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის მიერ და აღრიცხვაზე იმყოფებიან საქართველოს საქველმოქმედო ფონდში ,,9 აპრილი’’. სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ აღიარებულია რიგი სოციალური გარანტიები. „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ 1999 წლის 30 აპრილის კანონით საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს (შემდგომში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს) დაევალა ქ.თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე შესაბამისი მოწმობების გაცემა. 9 აპრილის აქციაში მონაწილეთა სოციალური დაცვის გარანტიების მიღების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ გაცემული 9 აპრილის მონაწილის მოწმობა, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მაისის N11/ნ ბრძანების მიხედვით, სამინისტროს მიერ გაიცემოდა ფონდ ,,9 აპრილის’’ დაზარალებულების შესახებ სამედიცინო დასკვნის საფუძველზე.

მოსარჩელეთა განმარტებით, კანონის გამოსვლისთანავე საქველმოქმედო ფონდ ,,9 აპრილის’’ მეშვეობით მიემართა სამინისტროს მოწმობების გაცემის შესახებ, მაგრამ სამინისტროს უმოქმედობის გამო მოწმობები სრულად ვერ იქნა გაცემული და მათთვის დღემდე 9 აპრილის მონაწილის მოწმობა არ მიუციათ, თუმცა მოწმობის არქონის მიუხედავად, ისინი მინისტრის ბრძანებით სოციალური დაცვის გარანტიებით სარგებლობდნენ ფონდ ,,9 აპრილის’’ ცნობის საფუძველზე. საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 30 სექტემბრის N2009-1 გადაწყვეტილებით კი სოციალური დახმარების მიღება შეუჩერდათ. აღნიშნულის შემდეგ, მათ მიმართეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 9 აპრილის დაზარალებულის მოწმობის გაცემის ხელახალი მოთხოვნით, რაზეც უარი მიიღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულების - მათთვის 9 აპრილის დაზარალებულთა მოწმობების გაცემის უზრუნველყოფის დავალება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 18 აგვისტოს 01-15/04/-10028 წერილით შეჩერებული მათი კუთვნილი სახელმწიფო გასაცემლის აღდგენა და მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლების ანაზღაურება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის, ლ. ღ-ის, დ. ხ-ისა და ვ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თ. ხ-ე, დ. ხ-ე, ლ. ღ-ე და ვ. ხ-ე ნამდვილად იყვნენ 9 აპრილს მოწამლული პირები და იმყოფებოდნენ აღრიცხვაზე საქველმოქმედო ფონდ ,,9 აპრილში’’. ლ. ღ-ეს მოხმარებული ელექტროენერგიისათვის ფულადი კომპესაცია 2005 წლის 9 მარტიდან დაენიშნა; დ. ხ-ეს და თ. ხ-ეს 2005 წლის 8 ივნისიდან (ძველი თბილისის–დიდგორის მომსახურების ცენტრში) დაენიშნათ, ხოლო ვ. ხ-ეს (სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის მომსახურეობის ცენტრში) 2005 წლის 17 მარტიდან დაენიშნა.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ძველი თბილისის-დიდგორის და გლდანი-ნაძალადევის მომსახურების ცენტრების 2009 წლის 30 სექტემბრის და 2009 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელეებს ,,9 აპრილის’’ მოწმობის უქონლობის გამო შეუჩერდათ სახელმწიფო გასაცემლები.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” 1999 წლის 30 აპრილის საქართველოს კანონით დადგინდა ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა სოციალური დაცვის გარანტიების სამართლებრივი საფუძვლები. კანონის მოქმედება გავრცელდა დაზარალებულებზე, რომელთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი დაფიქსირებული იყო ამ კანონის მიღებამდე ანუ 1999 წლის 30 აპრილამდე საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ქ. თბილისის #1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის მიერ. ამავე კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, გარდამავალი დებულებით საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საქველმოქმედო ფონდ ,,9 აპრილთან’’ შეთანხმებით დაევალა 1999 წლის 1 ივნისამდე უზრუნველეყო ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე შესაბამისი მოწმობების გაცემა.

საქალაქო სასამართლომMსრულად გაიზიარა მოპასუხის _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოზიცია და განმარტა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹№46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის” მე-15 მუხლის შესაბამისად, სოციალური უფლებების სარეალიზაციოდ 9 აპრილს დაზარალებულთა მხრიდან წარმოსადგენ ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტს ,,9 აპრილის’’ მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგენდა (რომელიც განსაზღვრავდა ამ კატეგორიის პირთა განსაკუთრებულ უფლებას სოციალური დაცვის გარანტიებზე). ამავე ბრძანების შესაბამისად, გასაცემლების ადმინისტრირებისა და მონიტორინგის პროცესში უფლებების დაზუსტებისა და დადასტურების მიზნით მიიღებოდა გასაცემლების შეჩერების გადაწყვეტილებები, თუ ბენეფიციარის პირად საქმეში არ აღმოჩნდებოდა ამ უფლების დამადასტურებლი ზემოაღნიშნული მოწმობა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის ¹№4 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის შესაბამისად პირს საყოფაცხოვრებო სუბსიდიების მიღების უფლება წარმოეშობოდა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთის არსებობის შემთხვევაში (მათ შორის იყო 9 აპრილის დარბევის მოწმობა).

საქალაქო სასამარლომ აღნიშნა, რომ ,,ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონით ,,9 აპრილის” მონაწილის დამადასტურებელი მოწმობებით უზრუნველყოფის გაცემის ვადად განისაზღვრა კონკრეტული თარიღი - 1999 წლის 1 ივნისი. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ამ შემთხვევაში კანონმდებელმა გაითვალისწინა სწორედ ის გარემოება, რომ დაზარალებულ პირთა წრე არ იყო ცვალებადი ზრდის გათვალისწინებით და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ამ კანონის მიღებამდე თბილისის ¹№1 სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში რეგისტრირებული პირებით.

საქალაქო სასამართლოს მითითებით მოწმობებით უზრუნველყოფის ვალდებულება განისაზღვრა ერთჯერადად და არა დენადი სახით, კერძოდ, დაზარებულად მიჩნეული იქნენ ის პირები, რომელთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი დაფიქსირებული იყო თბილისის ¹№1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის მიერ ამ კანონის მიღებამდე.

საქალაქო სასამართლომ პერიოდულად შესასრულებელ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადების ათვლის ნაწილში განმარტა, რომ ხანდაზმულობა იყო ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოეთხოვა თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმებოდა დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებდა ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იყო იურიდიული ფაქტი, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევდა უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლით იფარებოდა პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, კანონმდებელი სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის ითვალისწინებდა ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობოდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, იყო სამი წელი.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების თ. ხ-ის, ლ. ღ-ის, დ. ხ-ის და ვ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ქმედების განხორციელების, კერძოდ, ,,9 აპრილის’’ მონაწილის ცნობების გაცემის დავალების თაობაზე იყო ხანდაზმული, ვინაიდან, მათ მიერ სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე სასამართლოში აღძრული იქნა 2010 წლის 17 მაისს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა იმ დაზარალებულებზე, რომელთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი დაფიქსირებული იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ქ. თბილისის ¹№1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის მიერ ამ კანონის მიღებამდე ანუ 1999 წლის 30 აპრილამდე. გარდა ამისა, ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სოციალური დაცვის შრომისა და დასაქმების სამინისტროს, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საქველმოქმედო ფონდ ,,9 აპრილთან’’ შეთანხმებით დაევალა 1999 წლის 1 ივნისამდე უზრუნველეყო ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე შესაბამისი მოწმობების გაცემა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის შინაარსში იგულისხმებოდა, რომ ასეთი მოწმობის არარსებობა საპატიოდ მიიჩნეოდა, იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირს მისი მიღების მოთხოვნა კომპეტენტურ ორგანოში დაფიქსირებული ჰქონდა 1999 წლის 1 ივნისამდე.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის ¹№1 სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის 2010 წლის 6 ივლისის ცნობები, აღნიშნულ პროფილაქტიკურ ცენტრში 1989 წლის 12 ოქტომბერს დ. ხ-ის და თ. ხ-ის, ხოლო 1989 წლის 10 ნოემბერს ლ. ღ-ის აღრიცხვაზე აყვანის შესახებ (ანალოგიური ცნობა ვერ იქნა წარმოდგენილი მოსარჩელე ვ. ხ-ესთან მიმართებაში), არ ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან აღნიშნული ცნობები მოსარჩელეთა მიერ ან “9 აპრილის ფონდის” მეშვეობით 1999 წლის 1 ივნისამდე არ იყო წარდგენილი შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოწმობების გაცემა არ იყო ერთჯერადი აქტი და ის 1999 წლის 1 ივნისისთვის არ დასრულებულა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მაისის ¹№116/ნ ბრძანება ეხებოდა მოწმობების გაცემას, მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც 1999 წლის 1 ივნისამდე მოწმობების მიღების მოთხოვნა დააფიქსირეს კომპეტენტურ ორგანოში.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეებს A_ თ. ხ-ეს, ლ. ღ-ეს, დ. ხ-ეს, ვ. ხ-ეს მათი უფლებების რეალიზაცია არ მოუხდენიათ კანონის მოქმედების პერიოდში, ამდენად, კანონით მინიჭებული უფლება მისი არსებობის პერიოდში მოსარჩელეთა მიერ გამოყენებული არ ყოფილა, შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტისათვის არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ კანონით მინიჭებული უფლების არსებობა არ ავალდებულებს პირს გამოიყენოს ეს უფლება. ამ შემთხვევაში წინ არის წამოწეული ნების პრეზუმფცია, რაც ემყარება პირის ავტონომიურობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და ნიშნავს იმას, რომ პირს შეუძლია ეს უფლება გამოიყენოს ან უარი თქვას ამ უფლების გამოყენებაზე. იმავდროულად არსებითია, რომ უფლების რეალიზების მოთხოვნა დროში ემთხვეოდეს უფლების არსებობის მომენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნას ეცლება კანონისმიერი საფუძველი, რასაც სასამართლოს მოსაზრებით, ადგილი ჰქონდა წინამდებარე შემთხვევაში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ხ-ემ, ლ. ღ-ემ, დ. ხ-ემ და ვ. ხ-ემ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინებით თ. ხ-ის, ლ. ღ-ის, დ. ხ-ისა და ვ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიუთითა მათზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ხ-ემ, ლ. ღ-ემ, დ. ხ-ემ და ვ. ხ-ემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ მოწმობების გაცემა ერთჯერადი პროცესი არ ყოფილა, ანუ ყველა დაზარალებულისათვის ერთიანად, ერთ დღეს არ გაცემულა მოწმობა. მოწმობები გაიცემოდა ეტაპობრივად, კანონის მიღების შემდეგ.

კასატორების მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი ეხებოდა სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადას და სამართლებრივი დავა, რომელიც წარმოშობილი იყო მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავას არ განეკუთვნებოდა.

კასატორების მოსაზრებით, ისინი არ იყვნენ ვალდებულნი შესაბამისი მოწმობის გაცემის მოთხოვნით მიემართათ სამინისტროსათვის, ვინაიდან, საკითხის სწორად შესწავლა და მისი დეტალურად გამოკვლევა კანონის მიხედვით სამინისტროს პრეროგატივას წარმოადგენდა. კანონის თანახმად, საკითხი სამინისტროს ფონდ “9 აპრილთან” ერთად უნდა შეესწავლა (რაც ფონდის მიერ დაზარალებულთა სიების მისთვის გადაცემაში გამოიხატებოდა) და შემდეგ ,,უზრუნველეყო” შესაბამისი მოწმობების გაცემა.

კასატორები მიუთითებდნენ, რომ ის ფაქტი რომ სამინიტროში თითქოსდა არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ცნობები, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ქ. თბილისის ¹№1 სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის და საქველმოქმედო ფონდ “9 აპრილის” მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შედეგად დაზარალებულთა ერთიანი სია (პირების, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ ქ. თბილისის ¹№1 სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში) გადაეცა რამდენჯერმე.

კასატორების განმარტებით, საქმეში იყო წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომ ისინი აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ, როგორც ქ. თბილისის №1 სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში, ასევე 9 აპრილის საქველმოქმედო ფონდში. კასატორების მითითებით, კანონი ვრცელდება მათზე და ყველა ის სოციალური შეღავათი, რასაც ეს კანონი ითვალისწინებს, მათ ეკუთვნით, მაგრამ იმისათვის რომ ისარგებლონ ამ შეღავათებით, საჭიროა შესაბამისი მოწმობა, რომელიც ვერ მიიღეს.

კასატორებმა არ გაიზიარეს სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 1999 წლის 1 ივნისის შემდეგ ამ მოწმობების გაცემა არ შეიძლებოდა.

კასატორების განმარტებით, ,,ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” კანონის საფუძველზე, 2003 წლის 21 მაისს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება №116/ნ ,,ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე უფლებების დამადასტურებელი მოწმობის ერთიანი ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ,,9 აპრილის” მოწმობის გაცემის პროცედურები. კასატორების მოსაზრებით, ამ ბრძანებამ ფაქტობრივად ამოავსო ის ნაკლი რაც ჰქონდა ზემოაღნიშნულ კანონს, კერძოდ, ვინაიდან, მასში არ იყო გათვალისწინებული მოწმობების გაცემის პროცედურების დეტალები, ამ დეტალებმა ასახვა ჰპოვა მინისტრის ბრძანებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ხ-ის, ლ. ღ-ის, დ. ხ-ისა და ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი თ. ხ-ის, ლ. ღ-ის, დ. ხ-ისა და ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ხ-ის, ლ. ღ-ის, დ. ხ-ისა და ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: კასატორები - თ. ხ-ე, დ. ხ-ე, ლ. ღ-ე და ვ. ხ-ე არიან ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული - მოწამლული პირები და იმყოფებიან აღრიცხვაზე საქველმოქმედო ფონდში ,,9 აპრილი’’. ლ. ღ-ეს ფულადი კომპესაცია დაენიშნა 2005 წლის 9 მარტიდან, დ. ხ-ეს და თ. ხ-ეს 2005 წლის 8 ივნისიდან (ძველი თბილისის–დიდგორის მომსახურების ცენტრში), ხოლო ვ. ხ-ეს (სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის მომსახურეობის ცენტრში) 2005 წლის 17 მარტიდან. კასატორებზე - თ. ხ-ეზე, დ. ხ-ეზე, ლ. ღ-ესა და ვ. ხ-ეზე „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოწმობების გაცემა არ მომხდარა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის-დიდგორის და გლდანი-ნაძალადევის სააგენტოების 2009 წლის 28 სექტემბრისა და 30 სექტემბრის N2009-1 გადაწყვეტილებების საფუძველზე, მოსარჩელეებს შეუჩერდათ სახელმწიფო გასაცემლები ,,9 აპრილის“ მონაწილის მოწმობების უქონლობის გამო, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის წერილით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ 9 აპრილის დაზარალებულების მოწმობების გაცემაზე იმ მოტივით, რომ მოწმობების გაცემის ვადა „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებით განსაზღვრული იყო 1999 წლის 1 ივნისამდე.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თ. ხ-ის, დ. ხ-ისა და ლ. ღ-ის დაზიანების ფაქტი „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე - 1999 წლის 30 აპრილამდე დაფიქსირებული იქნა ქ. თბილისის N1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის მიერ და თ. ხ-ე, დ. ხ-ე და ლ. ღ-ე 1989 წელს აღრიცხვაზე არიან აყვანილნი ქ. თბილისის N1 სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთა დაზიანების შესახებ ზემოაღნიშნული ცნობები არ ფიქსირდება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილებზე (რომლებიც სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს), რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წარდგენილ იქნა აღნიშნულ ცენტრში აღრიცხვაზე მყოფ 1989 წლის 9 აპრილს მოწამლულთა სიები და აღნიშნულ სიებში დაფიქსირებული იყო - ლ. ღ-ე, თ. ხ-ე და დ. ხ-ე.

საქმეში ასევე წარმოდგენილია სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრიდან, დ. ხ-ეზე, ლ. ღ-ესა და თ. ხ-ეზე, სადაც დაფიქსირებულია მათი სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში აღრიცხვაზე აყვანის პერიოდი. ცნობაში აღწერილია, რომ ლ. ღ-ე შპს N1 სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში აღრიცხვაზე აყვანილია 1989 წლის 10 ნოემბერს, თ. ხ-ე და დ. ხ-ე კი 1989 წლის 12 ოქტომბერს. ამასთან, მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილები, რომლებიც ადასტურებენ ცენტრში აღრიცხვაზე მყოფ 1989 წლის 9 აპრილს მოწამლულთა სიების სამინისტროში წარდგენის და აღნიშნულ სიებში ლ. ღ-ის, თ. ხ-ისა და დ. ხ-ის არსებობის ფაქტს.

საკასაციო სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ვ. ხ-ე არ არის რეგისტრირებული ქ. თბილისის N1 სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში. აღნიშნულს ადასტურებენ თავად მოსარჩელეებიც და იმ გარემოებაზე მიუთითებენ, რომ ვინაიდან, ვ. ხ-ე იყო კომუნისტური პარტიის წევრი და თავისი პარტიული და სამსახურებრივი ნიშნის გამო ვერ დარეგისტრირდა თავისი სახელით, მას აღრიცხვა გავლილი აქვს ხ-ძე ა-ეს სახელით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელეებზე 9 აპრილის დაზარალებულის მოწმობების (ცნობების) გაცემის დავალება, შეჩერებული სახელმწიფო გასაცემლების აღდგენის და მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულად მიიჩნევიან: ა) დაღუპულთა ოჯახის წევრები; შრომისუუნარო მშობლები; მეუღლე, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა; არასრულწლოვანი შვილი ან/და ნაშვილები; ბ) დაინვალიდებული პირები; გ) მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/და ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად დაზარალებული პირები. საქმეზე დადგენილია, რომ კასატორები - თ. ხ-ე, დ. ხ-ე, ლ. ღ-ე და ვ. ხ-ე არიან ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული - მოწამლული პირები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონის მოქმედება ვრცელდება ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად: ა) დაღუპულთა ოჯახის წევრებზე და ბ) დაზარალებულებზე, რომელთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი დაფიქსირებული იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ქ. თბილისის N1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის მიერ, ამ კანონის მიღებამდე. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული კანონის მოქმედება და შესაბამისად ხსენებული კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიების მიღების უფლება მოიპოვეს იმ დაზარალებულებმა, რომელთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი დაფიქსირებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ქ. თბილისის N1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის მიერ ამ კანონის მიღებამდე ანუ 1999 წლის 30 აპრილამდე. საქმეზე დადგენილია, რომ თ. ხ-ის, დ. ხ-ისა და ლ. ღ-ის დაზიანების ფაქტი „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე 1999 წლის 30 აპრილამდე დაფიქსირებული იქნა ქ. თბილისის N1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის მიერ და თ. ხ-ე, დ. ხ-ე და ლ. ღ-ე 1989 წელს აღრიცხვაზე არიან აყვანილნი ქ. თბილისის N1 სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში. ამდენად, თ. ხ-ე, დ. ხ-ე და ლ. ღ-ე აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნებს და ექცევიან მისი რეგულირების სფეროში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარე აღნიშნულ ფაქტს არასაკმარისად მიიჩნევს და განმარტავს, იმისათვის რათა პირმა შეძლოს და ისარგებლოს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათებით, საჭიროა შესაბამისი მოწმობის არსებობა, რაც მოსარჩელეებმა კანონით დადგენილ ვადაში ვერ მიიღეს. „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, გარდამავალი დებულებით საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საქველმოქმედო ფონდ ,,9 აპრილთან’’ შეთანხმებით დაევალა 1999 წლის 1 ივნისამდე უზრუნველეყო ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე შესაბამისი მოწმობების გაცემა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონის არსის და აღნიშნული კანონით გარანტირებული უფლებების წარმოშობის საფუძვლების დადგენა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის განმარტებისას აუცილებელია გამოსაყენებელი ნორმის ნამდვილი არსის გარკვევა და კანონმდებლის კონკრეტული მიზნის დადგენა.

„ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლით (გარდამავალი დებულებანი) განისაზღვრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვალდებულება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საქველმოქმედო ფონდ „9 აპრილთან“ შეთანხმებით, 1999 წლის 1 ივნისამდე უზრუნველეყო ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე შესაბამისი მოწმობების გაცემა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებული ნორმა არ არის მიმართული მოქალაქეებისადმი და ადგენს საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს ვალდებულებას შეასრულოს კანონით გათვალისწინებული მოქმედება გარკვეული დროის პერიოდში. თავად ნორმის შინაარსიდან გამომდინარე კი, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ნორმა წარმოადგენს ზოგად წესს, რომლის განხორციელების საშუალება კანონქვემდებარე აქტით რეგულირდება. სწორედ ასეთ კანონქვემდებარე აქტს წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება 2003 წლის 21 მაისის №116/ნ ბრძანება „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე უფლებების დამადასტურებელი მოწმობის ერთიანი ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (ძალადაკარგულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის №01-30/ნ ბრძანებით).

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების შეფასებას და აღნიშავს, რომ კონკრეტული ვადა გარდამავალი დებულების სახით მითითებული იყო იმის გამო, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ეფექტურად მომხდარიყო მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება და არ წარმოადგენდა მოქალაქეთა შემზღუდველ ნორმას. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თ. ხ-ემ, ლ. ღ-ემ და დ. ხ-ემ ნების გამოვლენა ნამდვილი და მოპოვებული უფლების პირობებში მოახდინეს (მოწმობების გაცემა მოითხოვეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მაისის №116/ნ ბრძანების მოქმედების პერიოდში) და აღნიშნული ფუნქცია კვლავ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს კომპტენციაში რჩება (ვინაიდან, მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტების დუბლიკატების გაცემის მოვალეობა სწორედ მას ეკისრება), საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია გასცეს - თ. ხ-ეზე, ლ. ღ-ესა და დ. ხ-ეზე 9 პრილის დაზარალებულების მოწმობები.

საკასაციო სასამართლოს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია მიუთითოს კანონის მიზანზე, რაც ამავე კანონის პირველ მუხლშია დაკონკრეტებული, კერძოდ, კანონის მიზანს წარმოადენს ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა სოციალური დაცვის გარანტიების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ხსენებული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია დაზარალებულ პირად აღიარებასა და მასზე მოქმედების სფეროს გავრცელებასთან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თ. ხ-ე, ლ. ღ-ე და დ. ხ-ე მიეკუთვებიან აღნიშნულ პირთა კატეგორიას და ისინი ექცევიან აღნიშნული კანონის მოქმედების სფეროში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ უფლება აქვთ ისარგებლონ იმ სოციალური გარანტიებით, რაც აღნიშნული კანონის საფუძველზე ხსენებული კატეგორიის პირებს გააჩნიათ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ 9 აპრილის დაზარალებულის დამადასტურებელი საბუთი – მოწმობა არის სოციალური დაცვის გარანტიებზე მოთხოვნის წარდგენის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული განმარტება არ გამომდინარეობს განსახილველი შემთხვევიდან, ვინაიდან, „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის N4 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინეული ვალდებულება დაკავშირებულია უფლების წარმოშობასთან, მაშინ როდესაც საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ თ. ხ-ეს, ლ. ღ-ესა და დ. ხ-ეს ხსენებული უფლება უკვე წარმოეშვათ (ისინი წლების მანძილზე სარგებლობდნენ აღნიშნული გარანტიებით), რის გამოც მათზე უნდა გავრცელებულიყო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ხელახალ რეგისტრაციას იმ პირთათვის, ვინც არ იმყოფება კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხვაზე, რაც თ. ხ-ის, ლ. ღ-ისა და დ. ხ-ის შემთხვევაში სახეზეა.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნებს ვ. ხ-ის ნაწილში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ვ. ხ-ე იყო რეგისტრირებული ქ. თბილისის N1 სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ხ-ემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ის აკმაყოფილებს ხსენებული კანონის მე-2 მუხლის იმპერატიულ დანაწესს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება აღნიშნული კანონის მოქმედება, შესაბამისად ის ვერ იქონიებს სამართლებრივ საფუძველს სოციალური დაცვის გარანტიების მიღებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ხ-ის, ლ. ღ-ის, დ. ხ-ისა და ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, თ. ხ-ის, ლ. ღ-ისა და დ. ხ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვ. ხ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს თ. ხ-ეზე, ლ. ღ-ეზე და დ. ხ-ეზე 9 აპრილის დაზარალებულთა მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა, ასევე თ. ხ-ის, ლ. ღ-ისა და დ. ხ-ისათვის შეჩერებული სახელმწიფო გასაცემლის აღდგენის და მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ. ხ-ის, ლ. ღ-ის, დ. ხ-ისა და ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ. ხ-ის, ლ. ღ-ისა და დ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს თ. ხ-ეზე, ლ. ღ-ეზე და დ. ხ-ეზე 9 აპრილის დაზარალებულთა მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს თ. ხ-ის, ლ. ღ-ისა და დ. ხ-ისათვის შეჩერებული სახელმწიფო გასაცემლის აღდგენის უზრუნველყოფა;

6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს თ. ხ-ეზე, ლ. ღ-ეზე და დ. ხ-ეზე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურება;

7. ვ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ლ. მურუსიძე