Facebook Twitter

საქმე №ბს-553-543(კ-12) 27 ნოემბერი, 2012 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ვ. ვ-ა

მოწინააღმდეგე მახარე (მოპასუხეები) _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

09.02.12წ. ვ. ვ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მიმართ, რომელმაც მოითხოვა საბჭოს 26.12.11წ. სხდომის ოქმისა და №02/11-3076 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ვ. ვ-ას საქმის ზეპირი განხილვის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მოპასუხის დავალდებულება, ასევე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.12წ. გადაწყვეტილებით ვ. ვ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ვ-ამ, რომელმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.12წ. საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა მოსამართლეთა აცილების თაობაზე, ხოლო 30.05.12წ. საოქმო განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა წერილობითი მტკიცებულებების გამოთხოვასა და საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.12წ. განჩინებით ვ. ვ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 30.03.12წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ვ-ამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 30.05.12წ. განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრება. ვ. ვ-ამ დამატებითი საკასაციო საჩივრით მოითხოვა ასევე სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებების გაუქმება მოსამართლეთა აცილებასა და მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის შესახებ. ასევე იშუამდგომლა საქმეზე მტკიცებულებების, კერძოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 28.03.11წ. №03/11-138 გადაწყვეტილებისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილის 15.06.12წ. წერილის დართვის თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს 12.09.12წ. განჩინებით ვ. ვ-ას საკასაციო და დამატებითი საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ვ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმების შედეგად სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.

საქმის მასალების თანახმად, ვ. ვ-ა 09.02.12წ. სარჩელით ითხოვდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს სხდომის ოქმისა და მის საფუძველზე 26.12.11წ. მიღებული №02/11-3076 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვ. ვ-ას შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 30.06.10წ. განაჩენით ვ. ვ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, შეფარდებული სასჯელის მოხდა დაიწყო 2009 წლის 15 მარტიდან და სასჯელის მოხდის ვადა 15.09.2012წ. ამოიწურა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ვ-ას სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის არარსებობის გამო, რამდენადაც წინამდებარე საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ვ. ვ-ას საქმეზე ზეპირი განხილვის დანიშვნის შესახებ, წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის ვ. ვ-ას სასჯელი მოხდილი აქვს სრულად. სადავო აქტით საბჭომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ვ. ვ-ას პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, რამდენადაც დებულების მე-12 მუხლით დადგენილი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად საბოლოო ქულამ 6,5-ზე მეტი შეადგინა, რაც დებულების 12.5 მუხლის თანახმად, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. მოსარჩელე სადავოდ ხდის სწორედ შეფასების საბოლოო ქულას, მიაჩნია, რომ დაუსაბუთებლად მოხდა იმაზე მეტი ქულის მინიჭება, რაც პატიმრობის კოდექსის 40.1 მუხლის მე-6 პუნქტისა და დებულების 12.6 მუხლის შესაბამისად, საკმარისი გახდებოდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისათვის (2012 წლის 25 ივლისამდე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ მოქმედი რედაქცია). საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 28.10.10წ. №151 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპიური დებულების” მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო, რომლის კომპეტენციაშია მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა, გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე ზეპირი მოსმენის გარეშე ან ზეპირი მოსმენით. ამავე დებულების მე-6 მუხლის მიხედვით, ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ საქმეებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, სარჩელის საგანს წარმოადგენს დებულების მე-12 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით საბჭოს მიერ შეფასების ფაქტი, რაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა, ამასთან, მოსარჩელე ითხოვს არა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, არამედ შესაბამისი ქულის მინიჭების შედეგად საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, რასაც შედეგად შესაძლოა მოჰყოლოდა შუამდგომლობის დაკმაყოფილება ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ვ. ვ-ას 15.09.12წ. ამოეწურა სასჯელის მოხდის ვადა, აღარ არსებობს საქმის წარმოების გაგრძელების პროცესუალური წინაპირობა. სადავო აქტის ბათილად ცნობის მიმართ მხარის კანონიერი ინტერესი არ არსებობს, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნაა არა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რაც შესაძლოა სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგაც გამხდარიყო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი, არამედ ზეპირი მოსმენით საქმის განხილვა, რასაც ითვალისწინებდა დებულების 2012 წლის 25 ივლისამდე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ მოქმედი რედაქცია. დებულების 12.6 მუხლის თანახმად (2012 წლის 25 ივლისის შემდეგ წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ მოქმედი რედაქცია) თუ შეფასების საბოლოო ქულა არ აღემატება 6.5-ს, საბჭომ დამატებით უნდა იმსჯელოს მიღწეული არის თუ არა სასჯელის მიზანი, რის შედეგადაც მიიღება გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, ან საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ამდენად, დებულების როგორც ამჟამინდელი, ასევე 2012 წლის 25 ივლისამდე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ მოქმედი რედაქცია შეფასების დასაშვები ქულის მინიჭების პირობებშიც ითვალისწინებდა გარკვეული პროცედურების გავლას საკითხის დადებითად გადაწყვეტამდე. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ვ. ვ-ამ სრულად მოიხადა სასჯელი, მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო.

რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილი დამატებითი საკასაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნის საფუძველს საბჭოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საკითხი სასარჩელო წარმოების გზით სადავოდაა გამხდარი მოსარჩელის მიერ სხვა ადმინისტრაციულ საქმეზე, კერძოდ, სადავოა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 29.10.11წ. №365 ბრძანების კანონიერება აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ „პატიმრობის კოდექსის“ 41.5 მუხლის შესაბამისად, საბჭოს ერთი და იმავე წევრის დანიშვნა ნებადართულია მხოლოდ ორჯერ, №365 ბრძანებით კი საბჭოს წევრებს უფლებამოსილების ვადა უკანონოდ გაუგრძელდათ მესამედ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესაძლოა გახდეს შემდგომში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი. ხოლო რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმეზე მტკიცებულებების დართვისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს წინმსწრები განჩინებების კანონიერების გადამოწმებას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხები ერთობლიობაში განიხილვის საგანი გახდებოდა საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე, ვინაიდან არ არსებობს საქმის წარმოების გაგრძელების წინაპირობა, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მითითებულ საკითხებზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კ. ბ-ას (საიდენტიფიკაციო კოდი ...) ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.3 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ვ. ვ-ას საკასაციო საჩივარზე 30.06.12წ. და 03.07.12წ. საგადახდო დავალებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (150+150) ნახევარი 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 9.3, 262, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ვ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.03.12წ. გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.12წ. განჩინება;

2. ვ. ვ-ას სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო;

3. კ. ბ-ას (საიდენტიფიკაციო კოდი ...) დაუბრუნდეს მის მიერ ვ. ვ-ას საკასაციო საჩივარზე 30.06.12წ. და 03.07.12წ. საგადახდო დავალებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (150+150) ნახევარი 150 ლარი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე