საქმე Nბს-558-548(კ-12) 21 ნოემბერი, 2012წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი - ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) - მ. ყ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ქემერტის ტერიტორიული ორგანო, წარმომადგენელი - გ. ჭ-ე (რწმუნება 11.04.12წ., N48/1)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.04.12წ. გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ყ-მა 17.11.11წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქემერტის ტერიტორიული ორგანოს მიმართ, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 07.11.11წ. №157/1 და ქემერტის ტერიტორიული ორგანოს 04.11.11წ. №1 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე გამგეობის დავალდებულების მოთხოვნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტომდე ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფ. .... პირადობის მოწმობის მისაღებად სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მოსთხოვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან ცნობის წარდგენა, რომ ომამდე ნამდვილად ცხოვრობდა სოფ. .... აღნიშნული ცნობის მისაღებად მიმართა ადგილობრივ ორგანოს, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იყო უსახლკარო, არ ჰქონდა შემოსავალი და პირადობის მოწმობის არ ქონის გამო ვერ იღებდა პენსიას და ვერ ხერხდებოდა მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.02.12წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 07.11.11წ. №157/1 და ქემერტის ტერიტორიული ორგანოს 04.11.11წ. №1 გადაწყვეტილებები და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ცნობის გაცემა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მოსარჩელე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ....
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ მტკიცებულებების მოპოვებისა და შეფასების გარეშე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არ დასტურდებოდა რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საერთოდ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დარღვევების არარსებობის პირობებში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, კერძოდ, გაცემული იქნებოდა ცნობა მ. ყ-ის სოფ. ... მუდმივად მაცხოვრებლობის დადასტურების თაობაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.04.12წ. გადაწყვეტილებით ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 27.07.11წ. N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირის რეგისტრაციის მიზნით, დამატებით წარდგენილი უნდა ყოფილიყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა/ცნობა საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. ყ-ის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფ. ... მუდმივად ცხოვრების ფაქტს. ის გარემოება, რომ მ. ყ-ის დედას, აწ გარდაცვლილ ვ. კ-ს, სოფ. ... საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ბინა და მიწის ნაკვეთი, თავისთავად არ ადასტურებდა მ. ყ-ის სოფ. ... მუდმივად ცხოვრების ფაქტს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თავად მ. ყ-ის განმარტებით დედის ბაღებს უვლიდა და მეურნეობას უძღვებოდა მისი ძმა ფ. ყ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.04.12წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ყ-ის მიერ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქემერტის ტერიტორიული ორგანოს 04.11.11წ. წერილით ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეცნობა, რომ მ. ყ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ბოლო რამოდენიმე წელი ჩადიოდა და იმყოფებოდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ..., სადაც ვაჭრობდა ე.წ. ,,...“ და ქ. ცხინვალში. წერილში აღინიშნა, რომ ამ პერიოდში მ. ყ-ი იმყოფებოდა დედის ვ. კ-ის ოჯახში და არ ითვლებოდა სოფ. ... მუდმივ მაცხოვრებლად. აღნიშნული წერილის საფუძველზე, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 07.11.11წ. წერილით მ. ყ-ს უარი ეთქვა სოფელ ... მუდმივად ცხოვრების შესახებ ცნობის გაცემაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 27.07.11წ. N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირის რეგისტრაციისათვის დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა/ცნობა საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ყ-ს ცნობის გაცემაზე უარი ეთქვა ტერიტორიული ორგანოების მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. ქემერტის ტერიტორიული ორგანოს 04.11.11წ. წერილში, რომლის საფუძველზეც გამოცემულია ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 07.11.11წ. N157/1 გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არ არის მითითებული თუ რა მტკიცებულებებს ემყარება დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არ იყო სოფელ ... მუდმივად მაცხოვრებელი პირი.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილებას ახორციელებს კანონის საფუძველზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო არა ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ მ. ყ-ის განცხადების საფუძველზე (ზაკ-ის 76.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი), შესაბამისად მას, როგორც განმცხადებელს და დაინტერესებულ მხარეს, რომლის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო წარმოება, უნდა მისცემოდა წარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება. სზაკ-ი ითვალისწინებს განმცხადებლის, როგორც სპეციალური სტატუსის მქონე პირის, ინტერესების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიებს, სხვა დაინტერესებულ პირებთან შედარებით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არსებულ გარემოებებზე დაყრდნობით ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილი აქვს განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იგი ვალდებულია მისცეს განმცხადებელს შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი მოსაზრება ამ გარემოებასთან დაკავშრებით. ადმინისტრაციული ორგანოს ეს ვალდებულება არსებობს ორ შემთხვევაში: როდესაც უარი ეფუძნება ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ და როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაცია განსხვავდება განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციისაგან (სზაკ-ის 101.1 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში ორივე გარემოება სახეზე იყო. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებამდე, განმცხადებლისათვის მიეცა შესაძლებლობა გამოეთქვა თავისი მოსაზრება მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ასეთი უფლება ენიჭება არა წარმოების ყველა წევრს, არამედ განმცხადებელს, რაც იმით არის განპირობებული, რომ სწორედ განმცხადებლის მიერ არის ინიცირებული ადმინისტრაციული წარმოება და მისაღები გადაწყვეტილება სახელდობრ მასზე ახდენს უშუალო და პირდაპირ გავლენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევა, რის გამოც არსებობს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომლითაც მ. ყ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 07.11.11წ. N157/1 და ქემერტის ტერიტორიული ორგანოს 04.11.11წ. N1 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე მ. ყ-ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.04.12წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
2. მ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბათილად იქნეს ცნობილი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 07.11.11წ. N157/1 და ქემერტის ტერიტორიული ორგანოს 04.11.11წ. N1 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე მ. ყ-ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ლ. მურუსიძე