საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-597-586(კ-12) 1 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. ქ-ის, კ. დ-ის, ნ. მ-ის, ზ. მ-ის, თ. ს-ის, ზ. ჩ-ის, ბ. მ-ის, ზ. ა-ის, ე. ბ-ასა და ნ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ ქ. ქუთაისის მერიის, ქ. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურისა და ქ. ქუთაისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიმართ.
2012 წლის 4 მაისს ნ. ქ-ემ, კ. დ-მა, ნ. მ-ემ, ზ. მ-მა, თ. ს-ემ, ზ. ჩ-ემ, ბ. მ-ემ, ზ. ა-მა, ე. ბ-ამ და ნ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. ქუთაისის მერიის, ქ. ქუთაისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის და ქ. ქუთაისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა სასამართლო გადაწყვეტილებით, იმ გარემოების დადგენა მოითხოვეს, რომ ქ. ქუთაისის მერიის, ქ. ქუთაისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურისა და ქ. ქუთაისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ, მოსარჩელეთა შეკრების შეწყვეტის შესახებ მიღებული (გამოცემული) გადაწყვეტილება უკანონოა და ეწინააღმდეგება ,,შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” საქართველოს კანონს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის, კ. დ-ის, ნ. მ-ის, ზ. მ-ის, თ. ს-ის, ზ. ჩ-ის, ბ. მ-ის, ზ. ა-ის, ე. ბ-ას და ნ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ქ-ემ, კ. დ-მა, ნ. მ-ემ, ზ. მ-მა, თ. ს-ემ, ზ. ჩ-ემ, ბ. მ-ემ, ზ. ა-მა, ე. ბ-ამ და ნ. დ-მა. აპელანტემა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინებით ნ. ქ-ის, კ. დ-ის, ნ. მ-ის, ზ. მ-ის, თ. ს-ის, ზ. ჩ-ის, ბ. მ-ის, ზ. ა-ის, ე. ბ-ას და ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ქ-ემ, კ. დ-მა, ნ. მ-ემ, ზ. მ-მა, თ. ს-ემ, ზ. ჩ-ემ, ბ. მ-ემ, ზ. ა-მა, ე. ბ-ამ და ნ. დ-მა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2012 წლის 18 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ ნ. ქ-ის, კ. დ-ის, ნ. მ-ის, ზ. მ-ის, თ. ს-ის, ზ. ჩ-ის, ბ. მ-ის, ზ. ა-ის, ე. ბ-ას და ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. მართალია, კასატორები ითხოვდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, მაგრამ საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ან/და შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კასატორების მიერ არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მათი შუამდგომლობის საფუძვლიანობას, რის გამოც საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე ნ. ქ-ის, კ. დ-ის, ნ. მ-ის, ზ. მ-ის, თ. ს-ის, ზ. ჩ-ის, ბ. მ-ის, ზ. ა-ის, ელენე ბასილაიასა და ნ. დ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ნ. მ-ის ნაწილში არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის მოთხოვნას, ვინაიდან, ხსენებული საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა ნ. მ-ის ხელმოწერას.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები მიიჩნია ხარვეზებად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინებით კასატორებს _ ნ. ქ-ეს, კ. დ-ს, ნ. მ-ეს, ზ. მ-ს, თ. ს-ეს, ზ. ჩ-ეს, ბ. მ-ეს, ზ. ა-ს, ე. ბ-ას და ნ. დ-ს დაევალათYხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების _ 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი; კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი; კასატორს _ ნ. მ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მის მიერ დანარჩენ კასატორებთან ერთად ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში; კასატორს _ ნ. მ-ეს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი მის ნაწილში არ დაიშვებოდა და დარჩება განუხილველი.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს _ ზ. მ-ს (პირადად) 2012 წლის 23 ივლისს ჩაბარდა, კასატორის _ თ. ს-ის ბებიას მ. ს-ეს თ. ს-ისათვის დაუყოვნებლივ გადასაცემად 2012 წლის 24 ივლისს ჩაბარდა, კასატორის _ კ. დ-ის ძმას პ. დ-ს კ. დ-ისთვის დაუყოვნებლივ გადასაცემად 2012 წლის 24 ივლისს ჩაბარდა, კასატორის _ ზ. ა-ის დედას ი. ხ-ეს ზ. ა-ისათვის დაუყოვნებლივ გადასაცემად 2012 წლის 26 ივლისს ჩაბარდა, კასატორის _ ნ. დ-ის ძმას ლ. დ-ს ნ. დ-ისათვის დაუყოვნებლივ გადასაცემად 2012 წლის 26 ივლისს ჩაბარდა, კასატორს _ ზ. ჩ-ეს (პირადად) 2012 წლის 6 აგვისტოს ჩაბარდა, კასატორს _ ბ. მ-ეს (პირადად) 2012 წლის 4 აგვისტოს ჩაბარდა, ხოლო კასატორის _ ე. ბ-ას დას ნ. ბ-ას ადრესატისთვის დაუყოვნებლივ გადასაცემად 2012 წლის 28 ივლისის ჩაბარდა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინების შინაარსი და სარეზოლუციო ნაწილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 399-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინების გზით 2012 წლის 8 აგვისტოს ეცნობა კასატორს _ ნ. ქ-ეს. ნ. ქ-ეს განემარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინება მისთვის ჩაბარებულად ითვლებოდა სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს. მასვე განემარტა, რომ ტელეფონით შეტყობინება დაფიქსირდა სასამართლოს კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით. საგულისხმოა ის გარემოება, რომ სატელეფონო შეტყობინების განხორციელებამდე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს _ ნ. ქ-ეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ორჯერ, თუმცა ადრესატის ბინაზე არ ყოფნის გამო გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა და დაუბრუნდა სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს _ ნ. მ-ეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა სამჯერ (20.07.12; 30.07.12; 10.09.12), თუმცა იმ საფუძვლით, რომ ბინა არის გაყიდული გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა. ამასთან, კასატორის _ ნ. მ-ის მობილური ტელეფონის ნომერზე (571 80 80 89) არაერთგზის დაკავშირების მცდელობის მიუხედავად (07.08.12; 08.08.12; 10.09.12) ტელეფონი იყო გამორთულ მდგომარეობაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი პირს უნდა გაეგზავნოს ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამასთან, ამავე კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანხმად კი, მხარეები და მათი წარმომდგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
ამდენად, აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის _ ნ. მ-ისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინება ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს 2012 წლის 11 სექტემბერს ანუ იმ დღეს, როდესაც მას კვლავ არ ჩაბარდა (იმ მიზეზით, რომ ბინა არის გაყიდული) საკასაციო სასამართლოს გზავნილი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინების ასლი კასატორს _ ზ. მ-ს (პირადად) 2012 წლის 23 ივლისს ჩაბარდა, კასატორის _ თ. ს-ის ბებიას მ. ს-ძეს თ. ს-ისათვის დაუყოვნებლივ გადასაცემად 2012 წლის 24 ივლისს ჩაბარდა, კასატორის _ კ. დ-ის ძმას პ. დ-ს კ. დ-ისთვის დაუყოვნებლივ გადასაცემად 2012 წლის 24 ივლისს ჩაბარდა, კასატორის _ ზ. ა-ის დედას ი. ხ-ეს ზ. ა-ისათვის დაუყოვნებლივ გადასაცემად 2012 წლის 26 ივლისს ჩაბარდა, კასატორის _ ნ. დ-ის ძმას ლ. დ-ს ნ. დ-ისათვის დაუყოვნებლივ გადასაცემად 2012 წლის 26 ივლისს ჩაბარდა, კასატორს _ ზ. ჩ-ეს (პირადად) 2012 წლის 6 აგვისტოს ჩაბარდა, კასატორს _ ბ. მ-ეს (პირადად) 2012 წლის 4 აგვისტოს ჩაბარდა, კასატორის _ ე. ბ-ას დას ნ. ბ-ას ადრესატისთვის დაუყოვნებლივ გადასაცემად 2012 წლის 28 ივლისის ჩაბარდა, კასატორს _ ნ. ქ-ეს სატელეფონო შეტყობინების გზით 2012 წლის 8 აგვისტოს ჩაბარდა, ხოლო ნ. მ-ისათვის გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად 2012 წლის 11 სექტემბერს ჩაითვალა, სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა ზ. მ-ის ნაწილში _ 2012 წლის 24 ივლისიდან, თ. ს-ის და კ. დ-ის ნაწილში _ 2012 წლის 25 ივლისიდან, ზ. ა-ის და ნ. დ-ის ნაწილში _ 2012 წლის 27 ივლისიდან, ე. ბ-ას ნაწილში _ 2012 წლის 29 ივლისიდან, ბ. მ-ის ნაწილში _ 2012 წლის 5 აგვისტოდან, ზ. ჩ-ის ნაწილში _ 2012 წლის 7 აგვისტოდან, ნ. ქ-ის ნაწილში _ 2012 წლის 9 აგვისტოდან და ნ. მ-ის ნაწილში _ 2012 წლის 12 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა ზ. მ-ის ნაწილში _ 2012 წლის 2 აგვისტოს (ხუთშაბათს), თ. ს-ის და კ. დ-ის ნაწილში _ 2012 წლის 3 აგვისტოს (პარასკევს), ზ. ა-ის და ნ. დ-ის ნაწილში _ 2012 წლის 6 აგვისტოს (ვინაიდან, 2012 წლის 5 აგვისტო იყო დასვენების დღე კვირა), ე. ბ-ას ნაწილში _ 2012 წლის 7 აგვისტოს (სამშაბათს), ბ. მ-ის ნაწილში _ 2012 წლის 14 აგვისტოს (სამშაბათს), ზ. ჩ-ის ნაწილში _ 2012 წლის 16 აგვისტოს (ხუთშაბათს), ნ. ქ-ის ნაწილში _ 2012 წლის 20 აგვისტოს (ვინაიდან, 2012 წლის 18 აგვისტო იყო დასვენების დღე შაბათი), ხოლო ნ. მ-ის ნაწილში _ 2012 წლის 21 სექტემბერს (პარასკევს) 24 საათზე იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებმა მათთვის მიცემულ ვადაში არ შეავსეს 2012 წლის 18 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მათ არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ნ. ქ-ის, კ. დ-ის, ნ. მ-ის, ზ. მ-ის, თ. ს-ის, ზ. ჩ-ის, ბ. მ-ის, ზ. ა-ის, ე. ბ-ასა და ნ. დ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 63-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ნ. ქ-ის, კ. დ-ის, ნ. მ-ის, ზ. მ-ის, თ. ს-ის, ზ. ჩ-ის, ბ. მ-ის, ზ. ა-ის, ე. ბ-ასა და ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე