საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე #ბს-610-598(კ-12) 2 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი., ა. და კ. მ-ების წარმომადგენლის – ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2012 წლის 31 ივლისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე #ბს-610-598(კ-12) ი., ა. და კ. მ-ების წარმომადგენლის – ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ი., ა. და კ. მ-ების წარმომადგენლის – ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და არ ერთვოდა ა. და კ. მ-ების მიერ საკასაციო საჩივარზე ხელისმომწერი პირის სახელზე გაცემული მინდობილობა (იხ. ტ. III; ს.ფ. 146-147).
2012 წლის 16 აგვისტოს ი., ა. და კ. მ-ების წარმომადგენელმა – ნ. ბ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად საპროცესო ვადის გაგრძელება იმ მოტივით, რომ მარწმუნებლები თბილისში არ იმყოფებიან და მათთვის ვერ მოხერხდა ხარვეზის განჩინების გაცნობა (იხ. ტ. III; ს.ფ. 168).
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ი., ა. და კ. მ-ების წარმომადგენლის – ნ. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით, რათა წარმოედგინა ი., ა. და კ. მ-ების მიერ ხელმოწერილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი ან ა. და კ. მ-ების მიერ ნ. ბ-ისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით (იხ. ტ. III; ს.ფ. 170-171).
2012 წლის 20 სექტემბერს ი., ა. და კ. მ-ების წარმომადგენელმა – ნ. ბ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება 10 დღით იმ მოტივით, რომ მარწმუნებლები სამუშაოდ გასულები არიან რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ და მათთვის ვერ მოხერხდა ხარვეზის განჩინების გაცნობა (იხ. ტ. III; ს.ფ. 186-187).
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ი., ა. და კ. მ-ების წარმომადგენლის – ნ. ბ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მხარეებს – ი., ა. და კ. მ-ებს განმეორებით გაეგზავნათ საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 7 სექტემბრის განჩინება ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრზელების თაობაზე (იხ. ტ. III; ს.ფ. 188-189).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ი., ა. და კ. მ-ების წარმომადგენლის – ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორებს საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს ხარვეზის განჩინება მხარეებს – ი., ა. და კ. მ-ებს გაეგზავნათ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საქმეში მითითებულ მისამართზე: ბოლნისის რაიონი, სოფ. .... საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩაუბარებელი სახით უკან დაბრუნებული საფოსტო კონვერტებიდან ირკვევა, რომ კასატორები იმყოფებიან ბაქოში (იხ. ტ. III; ს.ფ. 160-167). ერთ-ერთი კასატორის – ი. მ-ის წარმომადგენლის – ნ. ბ-ის შუამდგომლობის საფუძველზე ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 7 სექტემბრის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ საპროცესო ვადა დამატებით 5 დღით. აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა არა მხარეებს, არამედ ერთ-ერთი კასატორის – ი. მ-ის წარმომადგენელს – ნ. ბ-ეს, რომლის 2012 წლის 20 სექტემბრის განცხადებით ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული და წარმოდგენილი იქნა კვლავ შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით იმავე მოტივით, რომ კასატორები არ იმყოფებიან საქართველოში და ვერ ხერხდება მათთვის ხარვეზის განჩინების გაცნობა.
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ი., ა. და კ. მ-ების წარმომადგენლის – ნ. ბ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის შესაბამისად მხარეებს – ი., ა. და კ. მ-ებს განმეორებით გაეგზავნათ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 7 სექტემბრის განჩინება ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე. 2012 წლის 29 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს უკან დაუბრუნდა ი., ა. და კ. მ-ების სახელზე გაგზავნილი კონვერტები ჩაუბარებელი სახით იმ მოტივით, რომ ადრესატები ცხოვრობენ ბაქოში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავისი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობს.
ამავე კოდექსის 71.4 მუხლის შესაბამისად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება განუხილველად დატოვების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი., ა. და კ. მ-ების საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 71.4, 73.1, 399-ე, 372-ე, 390-ე, 396.3, 447-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი., ა. და კ. მ-ების საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს
განუხილველად;
2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე