საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-691-677(კ-12) 26 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ს. მ-ის, გ. მ-ის, ჯ. ბ-ისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და თ. ი-ის მიმართ.
2011 წლის 18 ნოემბერს ს. მ-ემ, გ. მ-ემ, ჯ. ბ-ემ და მ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის და თ. ი-ის მიმართ.
მოსარჩელეებმა ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე 1078 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თ. ი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 იანვრის საოქმო განჩინებით სასამართლოს მიერ ს. მ-ე მიჩნეულ იქნა სათანადო მოპასუხედ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. მ-ის, ჯ. ბ-ისა და მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. მ-ემ, გ. მ-ემ, ჯ. ბ-ემ და მ. ბ-ემ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით ს. მ-ის, გ. მ-ის, ჯ. ბ-ისა და მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. მ-ემ, გ. მ-ემ, ჯ. ბ-ემ და მ. ბ-ემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ ს. მ-ის, გ. მ-ის, ჯ. ბ-ისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ს. მ-ის, გ. მ-ის, ჯ. ბ-ისა და მ. ბ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ს. მ-ეს, გ. მ-ეს, ჯ. ბ-ესა და მ. ბ-ეს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორებს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2012 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ს. მ-ის, გ. მ-ის, ჯ. ბ-ისა და მ. ბ-ის წარმომადგენელმა მ. ქ-ემ. განმცხადებელმა კასატორების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; ს. მ-ეს, გ. მ-ეს, ჯ. ბ-ესა და მ. ბ-ეს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორებს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინების შემცველი გზავნილი ს. მ-ის, გ. მ-ის, ჯ. ბ-ისა და მ. ბ-ის წარმომადგენლის მ. ქ-ის მეუღლეს – ნ. ქ-ეს ადრესატისთვის დაუყოვნებლივ გადასაცემად 2012 წლის 20 ოქტომბერს ჩაბარდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინების ასლი ს. მ-ის, გ. მ-ის, ჯ. ბ-ისა და მ. ბ-ის წარმომადგენელს მ. ქ-ეს (მეუღლეს – ნ. ქ-ეს) 2012 წლის 20 ოქტომბერს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2012 წლის 21 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადა 2012 წლის 29 ოქტომბერს (ვინაიდან, 2012 წლის 27 ოქტომბერი იყო უქმე დღე შაბათი) 24 საათზე იწურებოდა. ს. მ-ემ, გ. მ-ემ, ჯ. ბ-ემ და მ. ბ-ემ მათთვის მიცემულ ვადაში არ შეავსეს 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მათ არც ხარვეზის შევსების ვადის კვლავ გაგრძელების თხოვნით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ს. მ-ის, გ. მ-ის, ჯ. ბ-ისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე