Facebook Twitter

#ბს-701-687(2კ-12) 22 ნოემბერი, 2012 წელი . ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ქუთაისის მერიისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 20 მაისს მ. ჩ-მა, მ. ხ-ემ და გ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ ქ. ქუთაისის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა ქ. ქუთაისის მერიისათვის სახელფასო დავალიანების მ. ჩ-ის მიმართ - 2596 ლარის, მ. ხ-ის მიმართ - 1373 ლარისა და გ. მ-ის მიმართ - 1798 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის საოქმო განჩინებით დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და განსახილველ საქმეში ქ. ქუთაისის მერიასთან ერთად მოპასუხედ სს „...“ მიეთითა.

2009 წლის 14 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და ქ. ქუთაისის მერიისათვის სს „...“ მიერ არსებული სახელფასო დავალიანების, კერძოდ, მ. ჩ-ისათვის – 2596 ლარის, ამასთან, დავალიანების გადახდის დღემდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელფასის 0.07%, ერთი თვის შრომის ანაზღაურების - 120 ლარისა და შვებულების კომპენსაციის – 60 ლარის; მ. ხ-ისათვის - 1373 ლარის, გადახდის დღემდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელფასის 0.07 %, ერთი თვის შრომის ანაზღაურების – 60 ლარისა და შვებულების კომპენსაციის - 60 ლარის, გ. მ-ისათვის – 1798 ლარის, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადახდის დღემდე ხელფასის 0.07%, ერთი თვის შრომის ანაზღაურების – 60 ლარისა და შვებულების კომპენსაციის – 60 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს, ვინაიდან, ქ. ქუთაისის მერიამ აღნიშნული დავალიანების გადახდა 2008 წლის №2195 ბრძანებით იკისრა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის, მ. ხ-ისა და გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს „...“ მ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 1299.52 ლარის, მისი დაყოვნების ყოველი დღისათვის გადახდის დღემდე 1914 ლარის 0.07%-ის, ასევე შვებულების კომპენსაციის - 120 ლარისა და ხელშეკრულების მოშლისათვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების - 120 ლარის გადახდა; მ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 91.73 ლარის, მისი დაყოვნების ყოველი დღისათვის გადახდის დღემდე 957 ლარის 0.07%-ის, ასევე, შვებულების კომპენსაციის - 60 ლარისა და ხელშეკრულების მოშლისათვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების - 60 ლარის გადახდა; გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 91.83 ლარის, მისი დაყოვნების ყოველი დღისათვის გადახდის დღემდე 1060 ლარის 0.07%-ის, ასევე შვებულების კომპენსაციის - 60 ლარისა და ხელშეკრულების მოშლისათვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების - 60 ლარის გადახდა; სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჩ-მა, მ. ხ-ემ და გ. მ-მა, რომლებმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების სახელფასო დავალიანების მხოლოდ სს „...“ დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სახელფასო დავალიანების გადახდის სოლიდარულად სს „...“ და ქ. ქუთაისის მერიისათვის დაკისრება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბის განჩინებით საქმე განსჯადობით ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადაეგზავნა იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგანს, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე ვალდებულების შესრულებასთან ერთად ქ. ქუთაისის მერიისათვის ვადაგადაცილებული დროისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებაც წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა არ დაეთანხმა სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობას დავის ადმინისტრაციული წესით განსახილველად მიჩნევის თაობაზე და საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის განჩინებით მ. ჩ-ის, მ. ხ-ისა და გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით მ. ჩ-ის, მ. ხ-ისა და გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჩ-მა, მ. ხ-ემ და გ. მ-მა, რომლებმაც საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ. ჩ-ის, მ. ხ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მ. ჩ-მა 2008 წლის 2 ოქტომბრამდე რიცხული დავალიანების 2596 ლარის (თანხის გაცემის დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07% მოთხოვნაზე უარი განაცხადა) და 2008 წლის 2 ოქტომბრიდან - 2010 წლის 11 მარტამდე ქალაქის მერიასთან დადებული ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ ხელფასის სახით ყოველთვიურად 560 ლარის - სულ 10080 ლარის ქ. ქუთაისის მერიისათვის დაკისრება მოითხოვა. ამასთან, გ. მ-მა 2006 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 2 ოქტომბრამდე (33 თვე) თვეში 60 ლარის - სულ 1980 ლარის ანაზღაურება, ხოლო მ. ხ-ემ 2006 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 2 ოქტომბრამდე (33 თვე) თვეში 60 ლარის - სულ 1980 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის, მ. ხ-ისა და გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება მ. ჩ-ის, მ. ხ-ისა და გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. ქუთაისის მერიას მ. ჩ-ის სასარგებლოდ - 1154.48 ლარის, გ. მ-ის სასარგებლოდ - 1060.17 ლარის და მ. ხ-ის სასარგებლოდ - 957.27 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა ქ. ქუთაისის მერიისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მერიისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ქუთაისის მერიისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ლ. მურუსიძე