Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე ¹ბს-707-692(კ-12) 19 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შ. შ-ისა და ლ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2012 წლის 25 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ შ. შ-ისა და ლ. შ-ის საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან, არ არსებობდა კასატორებისთვის სახელმწიოფო ბაჟის გადახდის გადავადების საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნული განჩინებით კასატორებს შ. შ-ესა და ლ. შ-ეს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ კასატორების მიერ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას; კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ შ. და ლ. შ-ეების წარმომადგენელს მ. ა-ეს მისთვის 2011 წლის 5 ნოემბრისა და 2012 წლის 28 მაისის მინდობილობებით (ტ. I, ს.ფ. 14; ტ. III ს.ფ. 27) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... ქ. #1) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი და 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად 2012 წლის 2 ნოემბერს ჩაბარდა გადასაცემად მის კოლეგას ნ. ტ-ეს (ტ. III, ს. ფ. 93). შესაბამისად, კასატორებისთვის - ლ. და შ. შ-ეებისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 3 ნოემბერს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2012 წლის 7 ნოემბერს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს და იყო სამუშაო დღე ოთხშაბათი, მაგრამ კასატორების წარმომადგენელმა მ. ა-ემ 1 დღით გადააცილა ხარვეზის გამოსწორების ვადას, ვინაიდან 2012 წლის 8 ნოემბერს წარმოადგინა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. და შ. შ-ეების საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს ლ. და შ. შ-ეების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეათა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე