საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-720-705(k-12) 30 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქ.ბ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.12წ. განჩინებით ქ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.02.12წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ.ბ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.12წ. განჩინებით კასატორს – ქ.ბ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა და კასაციის განაცხადის დაზუსტება. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების ასლი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა კასატორს. განჩინების ასლი 14.11.12წ. ჩაბარდა წარმომადგენლის - ნ. გ-ის მეუღლეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის დენა 15.11.12წ. დაიწყო და 21.11.12წ. ოცდაოთხ საათზე ამოიწურა. ნ. გ-ემ 27.11.12წ. ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის გადავადება მოითხოვა. ნ. გ-ეს არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან გადავადების უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, არ დაუზუსტებია საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ არ მიუთითებია რომელი განჩინების კანონიერებას ხდიდა სადავოდ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად და რა სამართლებრივ საფუძველზე ამყარებდა ამ მოთხოვნას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქ.ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ბ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე