Facebook Twitter

#ბს-545-536(3კს-12) 1 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ 1) სს ,,ქ…“; 2) შპს ,,ფ…“; 3) ბუნების დაცვის ეროვნული კავშირი ,,ბ…“

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. გ-ი (განმცხადებელი); გ. გ-ი; მ. ი-ი

თავდაპირველი მოპასუხეები – ქ. თბილისის მერია; სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური; ე. ს-ი

დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინებები _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისისა და 2012 წლის 24 მაისის განჩინებები

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 12 აგვისტოს მ. ი-მა, გ. გ-მა (წარმოდგენილი კანონიერი წარმომადგენლის მ. ი-ის სახით) და ქ. გ-მა (წარმოდგენილი კანონიერი წარმომადგენლის მ. ი-ის სახით) სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ შპს ,,დ...”, შპს ,,ი...”, ქ. თბილისის მერიის, ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტისა და საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების მიმართ.

მოსარჩელეებმა მათი (მ. ი-ის, ქ. გ-ის და გ. გ-ის) ქ. თბილისში, ... მდებარე 214 კვ.მ მიწის ნაკვეთის (რომელზეც აღმართული იყო სასაუზმე ,,ს...”) 48%-ის _ 102.72 კვ.მ-ის მესაკუთრეებად აღიარება; ქ. თბილისში, ... მდებარე 650 კვ.მ მიწის ნაკვეთის (რომელზეც ფუნქციონირებდა სასაუზმე ,ს,...”) 48%-ის _ 312 კვ.მ-ის კეთილსინდიერ მფლობელებად და მოსარგებლეებად ცნობა; სახელმწიფოს (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების სახით), შპს ,,ი...” და შპს ,,დ...” მიერ მათი ხარჯებით, ქ. თბილისში, ... მდებარე ნაგებობის (იმ ნაგებობის, რომელიც აღმართული იყო შრომითი კოლექტივის მიერ გამოსყიდული სასაუზმე ,,ს...” ტეროტორიაზე) დემონტაჟის უზრუნველყოფა; ასევე ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ სასაუზმე ,,ს...” შპს ,,დ...” სახელზე განხორციელებული აღრიცხვის; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 14 მაისის №08.70.554 დადგენილების; ქ. თბილისის მერიასა და საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებას შორის 1996 წლის 15 ნოემბერს გაფორმებული №1237 ხელშეკრულების; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 5 ივნისის №11.20.237 დადგენილების (იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებას და შპს ,,ი...” დაუმაგრდათ ქ. თბილისში, ... მდებარე მიწის ის ნაკვეთი, რომელზეც ფუნქციონირებდა სასაუზმე ,,ს...”); შპს ,,დ...” და შპს ,,ი...” შორის 1998 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების; შპს ,,დ...” მიერ მ. ი-თან, ა. ხ-ესთან, მ. კ-თან, ჯ. კ-თან, ჯ. გ-თან, ი. ჯ-თან 1998 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების; ქ. თბილისის მერიასა და შპს ,,ი...” შორის 1998 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული №2571 ხელშეკრულების და ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს ,,ი...” სახელზე ქ. თბილისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთის (874 კვ.მ.) აღრიცხვის (რომელზედაც ფუნქციონირებდა სასაუზმე ,,ს...”) ბათილად ცნობა; აგრეთვე არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის მიერ საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებისათვის და შპს ,,ი...” ქ. თბილისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთზე გაცემული გეგმების - წითელი ხაზების (რომლებშიც შეტანილი იყო შრომითი კოლექტივის კუთვნილი სასაუზმე ,,ს...” და მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი) ბათილად ცნობა და შპს ,,ი...” მიერ ქ. თბილისში, ... მდებარე, იმ მიწის ნაკვეთის, გამოსყიდვის ბათილად ცნობა მოითხოვეს, რომელზედაც ფუნქციონირებდა სასაუზმე ,,ს...”.

ამასთან, მოსარჩელეებმა სახელმწიფოს (მოპასუხეების სახით), შპს ,,ი...” და შპს ,,დ...” მიერ მათთვის მიყენებული ზიანის _ 77 322 აშშ დოლარის (მოსარჩელეების წილის პროპორციული ზიანი) და 70 080 ლარის (მიუღებელი შემოსავალი) ანაზღაურება მოითხოვეს.

2002 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელეებმა დამატებითი სარჩელით მიმართეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ა. ხ-ის, ი. ჯ-ის, ჯ. გ-ის, ჯ. კ-ის, ლ. ს-ის და ჰ. ხ-ის მიმართ და სასაუზმე “ს...” შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრთა კრების 1998 წლის 29 ივნისის ¹№1 ოქმის უცილობლად ბათილ (არარა) გარიგებად ცნობა მოითხოვეს.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით მ. ი-ის, გ. გ-ის და ქ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეები აღიარებულ იქნენ ქ. თბილისში, ... მდებარე იმ მიწის ნაკვეთის (27 კვ.მ) 48/100 წილის (12,96 კვ.მ) მესაკუთრეებად, რომელზეც აღმართული იყო სასაუზმე ,,ს...”; მოსარჩელეები აღიარებულ იქნენ იმ მიწის ნაკვეთის (650 კვ.მ) 48/100 წილის (312 კვ.მ) სარგებლობის უფლების მქონე პირებად, რომელიც სარგებლობაში ერიცხებოდა სასაუზმე ,,ს...”; ბათილად იქნა ცნობილი სასაუზმე ,,ს...” შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრთა კრების 1998 წლის 29 ივნისის №1 ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი 1998 წლის 30 ივნისის ხელშეკრულება, სადაც აღნიშნული იყო, რომ მ. ი-მა შპს ,,დ...” დაუთმო თავისი კუთვნილი სამკვიდრო წილი სასაუზმე ,,ს...”; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ სასაუზმე ,,ს...” შპს ,,დ...ს” სახელზე აღრიცხვა; ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,დ...” და შპს ,,ი...” შორის 1998 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ი...” მიერ ქ. თბილისში, ... მდებარე მიწის იმ წილი ფართობის გამოსყიდვა, რომელზეც აღიარებული იყო მოსარჩელეების უფლებები; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს ,,ი...” სახელზე ქ. თბილისში, ... მდებარე მიწის იმ წილი ფართობის აღრიცხვა, რომელზედაც აღიარებული იყო მოსარჩელეების უფლება; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე ქ. თბილისში, ... მდებარე, იმ ნაგებობის დემონტაჟის შესახებ, რომელიც აღმართული იყო შრომითი კოლექტივის მიერ გამოსყიდული სასაუზმე ,,ს...” ტერიტორიაზე; შპს ,,დ...” და შპს ,,ი...” მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად ზიანის სახით _ 24 360 ლარის და მიუღებელი შემოსავლის სახით _ 8 802 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ი-მა, გ. გ-მა და ქ. გ-მა. აპელანტებმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს შპს ,,ი...” და შპს ,,დ...”. აპელანტებმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო მოსარჩელეთა მოთხოვნები: სასაუზმე ,,ს…” შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრთა 1998 წლის 29 ივნისის №1 კრების ოქმის უცილოდ ბათილ (არარა) გარიგებად აღიარების; შპს ,,დ...” მიერ მ. ი-თან, ა. ხ-თან, მ. კ-თან, ჯ. კ-თან, ჯ. გ-თან. ი. ჯ-თან 1998 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად და იურიდიული ძალის არ მქონედ მიჩნევის; გ. გ-ის, ქ. გ-ის და მ. ი-ის ქ. თბილისში ... მდებარე იმ მიწის ნაკვეთზე (214 კვ.მ) 48%-ის (102,72 კვ.მ) მესაკუთრეებად აღიარების, რომელზედაც აღმართული იყო სასაუზმე ,,ს...”, აგრეთვე, იმ მიწის ნაკვეთის (650 კვ.მ) 48%-ის (312 კვ.მ) კეთილსინდისიერ მფლობელად და მოსარგებლეებად აღიარების, რომელზედაც ფუნქციონირებდა სასაუზმე ,,ს...”; შპს ,,ი...” და შპს ,,დ...” მიერ თავიანთი ხარჯებით ქ. თბილისში, ... მდებარე შრომითი კოლექტივის მიერ გამოსყიდული სასაუზმე ,,ს...” ტერიტორიაზე აღმართული ნაგებობის დემონტაჟის; შპს ,,დ...” და შპს „ი...” შორის 1998 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის; შპს ,,დ...” და შპს „ი...” მიერ მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანის _ 77 322 აშშ დოლარისა და 70 080 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში; ცალკე წარმობად გამოყოფილი სასარჩელო მოთხოვნები, განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას; შეჩერდა ადმინისტრაციული საქმის (3ბ/107-04) წარმოება მ. ი-ის, შპს ,,დ...” და შპს ,,ი...” სააპელაციო საჩივრების გამო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციული დავების ნაწილში, სანამ კანონიერ ძალაში არ შევიდოდა სასამართლო გადაწყვეტილება ცალკე წარმოებად გამოყოფილ და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ მოთხოვნებზე.

მოცემული საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და საბოლოოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ და მოსარგებლედ აღიარების, ნაგებობის დემონტაჟისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნების ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, ხოლო სასაუზმე ,,ს...” შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრთა 1998 წლის 29 ივნისის №1 კრების ოქმის ბათილად ცნობის, შპს ,,დ...” მიერ მ. ი-თან, ა. ხ-თან, მ. კ-თან, ჯ. კ-თან, ი. ჯ-თან 1998 წლის 30 ივნისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის და შპს ,,დ...” და შპს “ი...” შორის 1998 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნების ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას; საქმე გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მის განსჯად მოთხოვნებზე საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად.

2007 წლის 22 ოქტომბერს მ. ი-მა, გ. გ-მა და ქ. გ-მა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებლებმა მთლიანად უარი განაცხადეს შპს ,,დ...ს”, ჰ. ხ-ისა და ა.ე ხ-ის მიმართ სარჩელზე (მათთან დაკავშირებულ და მათ მიმართ ყველა მოთხოვნაზე) და შპს ,,დ...”, ჰ. ხ-ისა და ა.ხ-ის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც განხილულ იქნა სარჩელი მოპასუხეების _ შპს ,,დ...”, ჰ. ხ-ის და ა.ხ-ის მიმართ; ამავე განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება მითითებული მოპასუხეების მიმართ.

თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინება მხარეების მიერ არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მ. ი-ის, შპს ,,დ...” და შპს ,,ი...” სააპელაციო საჩივრების გამო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებაზე, მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ და მოსარგებლედ აღიარების, დემონტაჟისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, სანამ კანონიერ ძალაში არ შევიდოდა სასამართლოს გადაწყვეტილება ცალკე წარმოებად გამოყოფილ და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებზე (სასაუზმე ,,ს...” შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრთა 29.06.98წ. კრების №1 ოქმის ბათილად ცნობის, შპს ,,დ...” მიერ მ. ი-თან, ა. ხ-თან, მ. კ-თან, ჯ. კ-თან, ი. ჯ-თან 30.06.98წ. დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის და შპს ,,დ...ა” და შპს ,,ი...” შორის 20.06.98წ. დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პალატის 2008 წლის 15 მაისის საოქმო განჩინებით შპს ,,დ...” მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო აღნიშნულ სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება. ამავე პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.5 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ი-ის, ქ. გ-ისა და გ. გ-ის სარჩელი შპს ,,დ...” და შპს ,,ი...” შორის 1998 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პალატის 2008 წლის 15 მაისის საოქმო განჩინება და 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება მხარეების მიერ არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში არის შესული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინებით ¹№3ბ/1984-07 საქმეზე განახლდა წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, შპს ,,ი...” უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სს ,,ქ...”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის საოქმო განჩინებით სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 და 85-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში აპელანტების – მ. ი-ის, გ. გ-ისა და ქ. გ-ის კანონიერი წარმომადგენლის მ. ი-ის სარჩელთან დაკავშირებით შპს ,,ფ...” წარმოადგენდა თანამოპასუხეს, ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სადავო ქონება (შენობა), რომლის მოშლასაც ითხოვდნენ მოსარჩელეები, შპს ,,ფ...” შეისყიდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა – სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ი-ის, გ. გ-ისა და ქ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სს ,,ქ...” (შპს ი... უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით, გარდა იმ ნაწილებისა, რომელშიც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ი-ს, გ. გ-სა და ქ. გ-ს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ი-მა, გ. გ-მა და ქ. გ-მა. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინებით მ. ი-ის, გ. გ-ისა და ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2012 წლის 17 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ქ. გ-მა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

განმცხადებლის მითითებით, საქმის წარმოების განახლების აუცილებლობა ემყარებოდა შემდეგ გარემოებებს და მტკიცებულებებს: მ. ი-ის, ქ. გ-ის და გ. გ-ის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებისათვის და შპს „ი...“ ქ. თბილისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთზე გაცემული გეგმების – წითელი ხაზების (რომლებშიც შეტანილი იყო შრომითი კოლექტივის კუთვნილი სასაუზმე „ს...“ და მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი) ბათილად ცნობა წარმოადგენდა. განმცხადებლის განმარტებით, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური არქივის მიერ გაცემული 2012 წლის 16 მარტით დათარიღებული საარქივო ცნობის თანახმად, თბილისის მთავარი არქიტექტურული დაგეგმარებით სამმართველოს 1996 წლის დოკუმენტებში, ... რაიონში, ..., ბუნების დაცვის საზოგადოების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის გეგმა (წითელი ხაზები) არ აღმოჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებას მისთვის დამაგრებული მიწის ნაკვეთის გეგმის (წითელი ხაზების) შემუშავებისა და დამტკიცების თხოვნით არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტისათვის არც მიუმართავს. ის აქტები კი, რომელთა თანახმადაც საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებას დაუმაგრდა მიწის ნაკვეთი, შედგენილი იყო მომდევნო პერიოდში (ძველი რიცხვით).

განმცხადებლის მითითებით, ზემოაღნიშნულ გარემოებას ამტკიცებდა (პირდაპირ ან ირიბად) სხვა გარემოებებიც, კერძოდ: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 14 მაისის დადგენილებაში საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებას სასტუმროს მშენებლობისათვის დაუმაგრდა ... დასაწყისში, ამ მიზნით ქალაქმშენებლობის საბჭოზე შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი. არქივის 2012 წლის 11 აპრილით დათარიღებული ცნობით თბილისის არქიტექტურული დაგეგმარებით სამმართველოს 1996 წლის დოკუმენტებში საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებისათვის ... დასაწყისში მდებარე ქალაქმშენებლობის საბჭოზე შეთანხმებული სასტუმროს პროექტი არ აღმოჩნდა, ანუ არ არსებობდა დოკუმენტი, რომელსაც თითქოსდა ემყარებოდა გასაჩივრებული დადგენილება; ბ) 1998 წლის 14 მაისით დათარიღებული წერილით ქალაქის მთავარი არქიტექტორი დ. ა. მიმართავდა ქ. თბილისის ვიცე-მერს, მუნიციპალიტეტის პრემიერს ბატონ ზ. ბ-ს: „განვიხილეთ საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების წერილი „ს...“ ხეივანში სასტუმრო სახლის მშენებლობის განსახორციელებლად პრობლემის მოგვარების შესახებ და მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტის დადგენილებით იგივე ფუნქციით დაუმაგრდა შპს „ი...“. სინამდვილეში, შპს „ი...“ მიწის ნაკვეთი დაუმაგრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 5 ივნისის №11.20.237 დადგენილებით ანუ მთავარი არქიტექტორის მიერ წერილის „შედგენიდან“ 3 კვირის შემდეგ; გ) იმ მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელიც „დაუმაგრდა“ საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 8 ივნისის №11.32.435 დადგენილებით დამაგრებული ჰქონდა საწარმოო-კომერციულ ფირმა „დ...“, რომელიც შეიქმნა 1992 წელს და მისი დამფუძნებელი იყო კომანდიტური ამხანაგობა „გ...“ (განმცხადებლის მამის გ. გ-ის მონაწილეობით დაფუძნებული საზოგადოება). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 8 ივნისის №11.31.435 დადგენილება არ გაუქმებულა. თუმცა, საწარმოო-კომერციული ფირმა დ... სახელზე გაიცა წითელი ხაზები და ამ ორგანიზაციასთან გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც ასევე არ არის გაუქმებული; დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 14 მაისის დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების მიერ ორი წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთის აუთვისებლობის შემთხვევაში დადგენილება უნდა ჩათვლილიყო ძალადაკარგულად. 1998 წლის 14 მაისამდე მიწის ნაკვეთი არ ათვისებულა. ამიტომაც, 1998 წლის 5 ივნისს მიწის ნაკვეთის შპს „ი...“ დამაგრების მომენტში 1996 წლის 14 მაისის დადგენილება არ ყოფილა იურიდიული ძალის მქონე, განსხვავებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 8 ივნისის №11.31.435 დადგენილებისგან. მიუხედავად ამისა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტეის კაბინეტის 1998 წლის 5 ივნისის №11.20.237 დადგენილებით მოხდა უკვე ძალადაკარგული 1996 წლის 14 მაისის დადგენილების გაუქმება; ე) მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილებაში მოყვანილი მიზანი - სასტუმროს მშენებლობა - ფიქტიური იყო.

განცხადებელი ასევე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების სახელზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის გეგმა (წითელი ხაზები) გაცემული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 5 ივნისის №11.20.237 დადგენილების გამოცემის შემდეგ, რომლითაც საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებისათვის დამაგრებული მიწის ნაკვეთი დაუმაგრდა შპს „ი...“ სასტუმროს მშენებლობისათვის.

განმცხადებლის განმარტებით, მიწის ნაკვეთის გეგმა (წითელი ხაზები) შედგენილ იქნა 1998 წლის 5 ივნისს, რაც მტკიცდებოდა შემდეგით: 1998 წლის 23 ივლისს შპს „ი...“ დირექტორმა წერილობით მიმართა ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის საქმეთა დეპარტამენტს და ითხოვა წითელი ხაზების შედგენა (ანუ 1998 წლის 23 ივლისისათვის მიწის ნაკვეთის გეგმა ჯერ შედგენილი არ ყოფილა). აღნიშნულის შედეგად „გაცემული“ იქნა ქ. თბილისში, ...ხეივნის დასაწყისში საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების სასტუმროს მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გეგმა, რომელზეც მითითებული იყო, რომ იგი გაცემული იქნა დაკარგული კალკის სანაცვლოდ, რაც ნიშნავდა, რომ ბუნების დაცვის საზოგადოებისათვის „დამაგრებული“ მიწის ნაკვეთის გეგმა სინამდვილეში არ არსებობდა. საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების სასტუმროს მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გეგმის გარეშე კი ობიექტურად შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ სახელდობრ რა მიწის ნაკვეთი გადაეცა ამ ორგანიზაციას. შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელი მიწის ნაკვეთის გადაცემა (დამაგრება) უნდა მომხდარიყო შპს „ი...“ სახელზე და მოიცავდა თუ არა შპს ,,ი...’’ გადაცემული მიწის ნაკვეთი შრომითი კოლექტივის მიერ პრივატიზებულ სასაუზმე „ს...“ (თუკი ცნობილი არ იყო, თუ რომელი მიწის ნაკვეთი „დაუმაგრდა“ საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებას, მაშინ ცნობილი ვერ იქნებოდა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებისაგან გადაეცა შპს „ი...“). რაც შეეხებოდა უშუალოდ შპს „ი...“, „არქივის“ 16.03.2012 წლით დათარიღებული ცნობის თანახმად, თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 1998 წლის დოკუმენტებში მთაწმინდის რაიონში ... შპს „ი...“ დამაგრებული მიწის ნაკვეთის გეგმა (წითელი ხაზები) არ აღმოჩნდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი საფუძველი.

განმცხადებლის მითითებით, საქმის წარმოება უნდა განახლებულიყო „არქივის“ მიერ გამოცემული 16.03.2012 წლით დათარიღებული №აა2012007450-03 საარქივო ცნობის, „არქივის“ მიერ გაცემული 16.03.2012 წლით დათარიღებული №აა2012007450-03 საარქივო ცნობის და 11.04.2012 წლით დათარიღებული №აა2012011204-04 საარქივო ცნობის საფუძველზე, რომლებითაც მტკიცდებოდა, რომ არ არსებობდა საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების სახელზე გაცემული, ახალგაზრდობის ხეივანში მდებარე მიწის ნაკვეთის გეგმა, შპს „ი...“ სახელზე გაცემული, ... მდებარე მიწის ნაკვეთის გეგმა და საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებისთვის ... დასაწყისში მდებარე ქალაქმშენებლობის საბჭოზე შეთანხმებული სასტუმროს პროექტი. დასახელებული გარემოებები საქმის განხილვის პროცესში ცნობილი არ ყოფილა და ცნობილი გახდა 2012 წლის 16 მარტის და 2012 წლის 11 აპრილის შემდეგ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით ქ. გ-ის განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან განახლებაზე უარის თქმის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად საქმეზე დაინიშნა ზეპირი განხილვა მხარეთა მონაწილეობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინებით ქ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება და მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებია, მაშინ სასამართლომ უნდა განსაზღვროს დრო საქმის ზეპირი განხილვისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას ითხოვდა „არქივის“ მიერ გაცემული 16.03.2012 წლის №აა2012007450-03 საარქივო ცნობის, 16.03.2012 წლის №აა2012007453-03 საარქივო ცნობის და 11.04.2012 წლის №აა2012011204-04 საარქივო ცნობის საფუძველზე. განმცხადებელი თავის განცხადებაში დამატებით მიუთითებდა ასევე იმ გარემოებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც მისი აზრით, ზემოაღნიშნულ საარქივო ცნობებთან ერთად საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილ „არქივის“ მიერ გაცემულ 16.03.2012 წლით დათარიღებულ №აა2012007450-03 საარქივო ცნობაში მითითებული იყო, რომ ,,თბილისის მთავარი არქიტექტურულ დაგეგმარებითი სამმართველოს 1996 წლის დოკუმენტებში, მთაწმინდის რაიონში, ..., ბუნების დაცვის საზოგადოების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის გეგმა (წითელი ხაზები) არ აღმოჩნდა’’. „არქივის“ მიერ გაცემულ 16.03.2012 წლით დათარიღებულ №აა2012007453-03 საარქივო ცნობაში აღნიშნული იყო, რომ ,,თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 1998 წლის დოკუმენტებში, მთაწმინდის რაიონში, ..., შპს „ი...’’ დამაგრებული მიწის ნაკვეთის გეგმა (წითელი ხაზები) არ აღმოჩნდა’’, ხოლო ,,არქივის’’ მიერ გაცემულ 11.04.2012 წლით დათარიღებულ №აა2012011204-04 საარქივო ცნობაში მითითებული იყო, რომ ,,თბილისის მთავარი არქიტექტურულ დაგეგმარებითი სამმართველოს 1996 წლის დოკუმენტებში საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებისათვის ... ხეივნის დასაწყისში მდებარე ქალაქმშენებლობის საბჭოზე შეთანხმებული სასტუმროს პროექტი არ აღმოჩნდა’’.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული საარქივო ცნობები, ასევე, განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებები წარმოადგენდნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423–ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ისეთ ახალ გარემოებებს და მტკიცებულებებს, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი განმცხადებლისათვის და შესაბამისად, წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, შესაძლებელი იყო გამოეწვია განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო; შესაბამისად, უნდა გაუქმებულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება და მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე უნდა განახლებულიყო საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,ქ...”. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქ. გ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ იყო დაცული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის ვადა, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 17 მაისის განჩინებით არასწორად დაუშვა ქ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განცხადებლის მიერ წარმოდგენილი საარქივო ცნობები არ შეიცავდნენ ისეთ ახალ გარემოებებს, რომლებიც სასამართლოსათვის ან მხარეებისათვის არ იყო ცნობილი საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო, განმცხადებლის მიერ მითითებული ცნობის, იდენტური შინაარსის მქონე 2011 წლის 28 აპრილის საარქივო ცნობა, რომლის მიხედვითაც მ. ი-ს ეცნობა, რომ ,,თბილისის მთავარი არქიტექტურული დაგეგმარების სამმართველოს 1996 წლის დოკუმენტებში მთაწმინდის რაიონის ..., ბუნების დაცვის საზოგადოების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის გეგმა (წითელი ხაზები) არ აღმოჩნდა“.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განცხადებლის მიერ ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რაც გამორიცხავდა ამ განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის საფუძველზე.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განცხადებაზე თანდართული საარქივო ცნობები არანაირად არ წარმოადგენდნენ იმ ვარაუდების დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ არასდროს არ არსებობდა მათში მითითებული წითელი ხაზები და სამშენებლო პროექტი.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ბუნების დაცვის საზოგადოების და შპს ,,ი...” წითელი ხაზები, პირველი და მეორე საარქივო ცნობების მიხედვით არ აღმოჩნდა ცენტრალური არქივის კონკრეტული წლის დოკუმენტაციაში, თუმცა არსებობდა საქმის მასალებში. ეს წითელი ხაზები დამზადებული იყო 1996 წელს საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ მუნიციპალიტეტის დადგენილების საფუძველზე, რის შესახებაც, მასზე არსებობდა სპეციალური წარწერა. მას შემდეგ, რაც ეს მიწის ნაკვეთი 1998 წელს დაუმტკიცდა შპს ,,ი...”, აღნიშნული დოკუმენტის ორიგინალ კალკას დაემატა ახალი ჩანაწერი და ამ სახით ის უკვე შპს ,,ი...” წითელ ხაზებს წარმოადგენს. საქმის მასალებში ჯერ კიდევ 2002 წელს წარმოდგენილი წითელი ხაზების ასლზე არ იყო ჩანაწერი ,,დაკარგული კალკის სანაცვლოდ”, რაც ადასტურებდა, რომ ის პირვანდელ ორიგინალად იყო დამზადებული, რაც სრულიად უსაფუძვლოს ხდიდა ქ. გ-ის ვარაუდს აღნიშნული დოკუმენტის არარსებობის შესახებ. მესამე საარქივო ცნობა, რომლის მიხედვითაც ,,თბილისის მთავარი არქიტექტურული დაგეგმარების სამმართველოს 1996 წლის დოკუმენტებში, საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებისათვის ... ხეივნის დასაწყისში მდებარე ქალაქმშენებლობის საბჭოზე შეთანხმებული სასტუმროს პროექტი არ აღმოჩნდა” არანაირად არ ეხებოდა ბუნების დაცვის საზოგადოების საბოლოოდ ,,შეთანხებულ” სამშენებლო პროექტს. 1996 წელს ბუნების დაცვის საზოგადოებას არც ჰქონდა და არც შეიძლება ჰქონოდა არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ შეთანხმებული მშენებლობის პროექტი, რაც თვითონ მუნიციპალიტეტის 1996 წლის 14 მაისის №08.70.554 დადგენილების ტექსტითაც ცალსახად დასტურდებოდა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 1996 წლის 14 მაისის №08.70.554 დადგენილების 2.2 პუნქტით საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებას დაევალა არქიტექტურისა და ქალაქი პერსპექტიული დაგეგმარების დეპარტამენტისათვის წარედგინა მთელი რიგი დოკუმენტები, მათ შორის ,,სასტუმროს პროექტი შესათანხმებლად”. ეს ცალსახად ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სასტუმროს სამშენებლო პროექტი ვერანაირად ვერ იქნებოდა ,,შეთანხმებული” კანონით დადგენილი წესით. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი იყო აღნიშნული სასტუმროს სამშენებლო პასპორტი №45. მათ შორის ამ ტექნიკურ პასპორტში დაცული იყო ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის №38 ბრძანება, რომლითაც ცალსახად დასტურდებოდა, რომ საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების სასტუმროს მშენებლობის პროექტი არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ შეთანხმდა 1997 წელს და შესაბამისად, ვერ იქნებოდა დაცული ცენტრალურ არქივში თბილისის მთავარი არქიტექტურული დაგეგმარების სამმართველოს 1996 წლის დოკუმენტებში. აღსანიშნავი იყო, ისიც რომ საქმეში არსებული ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის №38 ბრძანება ასლის გაცემისას დამოწმებული იყო, ქ. თბილისის მერიის ქალაქდაგეგმარების და სივცრითი მოწყობის საქალაქო სამსახურის არქივის შტამპით, რაც ადასტურებდა, იმ გარემოებას რომ 2006 წლის 30 აპრილს ეს საპროექტო დოკუმენტაცია სწორედ ამ არქივში ინახებოდა და არა ცენტრალურ არქივში.

რაც შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის 1996 წლის 14 მაისის №08.70.554 დადგენილების პირველ პუნქტში ნახსენებ ქალაქმშენებლობის საბჭოზე შეთანხმებულ პროექტს მიწის ნაკვეთის შესახებ, ეს არანაირად არ გულისხმობდა ბუნების დაცვის საზოგადოების სასტუმროს სამშენებლოს პროექტის არქიტექტურისა და ქალაქი პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ შეთანხმებულ ვერსიას. აქ საუბარი იყო მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების პროექტზე, რომელიც გამოტანილი იყო სასტუმროს მშენებლობის საპროექტო შეთავაზებაზე.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ განცხადებას თან ერთვოდა შპს ,,ი...“ გეგმის (წითელი ხაზების) ასლი. აღნიშნული მტკიცებულება მხარეს მოპოვებული ჰქონდა 2003 წელს ანუ დავის მიმდინარეობისას, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გამხდარიყო საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განცხადებაზე თანდართული შპს ,,ი...” 1998 წლის 23 ივლისის წერილი წითელი ხაზების დადგენის შესახებ, ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებას წითელი ხაზები არ ჰქონდა დადგენილი. აღნიშნული წერილის თანახმად, შპს ,,ი...” ითხოვდა წითელი ხაზების დადგენას, როგორც ახალი მფლობელი, რადგან ეს პროცედურა ნაკვეთის ხელახლა გაცემის შემდეგ განმეორებით სრულდებოდა ახალი მფლობელის მიმართ.

განცხადებას ასევე ერთვოდა მთავარი არქიტექტორის 1998 წლის 14 მაისის №4-30/2051 ხელმოუწერელი წერილის ასლი, რომელშიც ნახსენები იყო, რომ შპს ,,ი...” დაუმაგრდა მიწის ნაკვეთი სასტუმროს მშენებლობისათვის. ასევე ბუნების დაცვის საზოგადოების განცხადება, რომელზე პასუხსაც წარმოადგენდა მთავარი არქიტექტორის წერილი. ამ ხელმოუწერელ წერილზე დაყრდნობით, განმცხადებელი ვარაუდობდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 5 ივნისის №11.20.238 დადგენილება იყო გაყალბებული და არასწორი რიცხვით შედგენილი.

კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მსგავსი დოკუმენტების გაყალბება (ფაბრიკაცია) სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენდა, რომელიც უნდა დადგენილიყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი განაჩენით, რაც წარმოდგენილ განცხადებას არ ერთვოდა. შესაბამისად, განმცხადებელს არანაირი უფლება არ ჰქონდა ეჭვს ქვეშ დაეყენებინა იმ დოკუმენტების კანონიერების საკითხი, რომლებზეც თავის დროზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და კანონიერად მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინება ცალ-ცალკე კერძო საჩივრებით ასევე გაასაჩივრეს შპს ,,ფ...“ და ბუნების დაცვის ეროვნულმა კავშირმა ,,ბ...“. კერძო საჩივრის ავტორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქ. გ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, განცხადებლის მიერ წარმოდგენილი საარქივო ცნობები არ შეიცავდნენ ისეთ ახალ გარემოებებს, რომელსაც შეიძლება ემოქმედა მოცემული საქმის შედეგზე. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ იყო დაცული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის ვადაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ივლისის განჩინებებით სს „ქ...“ და შპს ,,ფ...“ კერძო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინებით ბუნების დაცვის ეროვნული კავშირის ,,ბ...“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სს ,,ქ...“, შპს ,,ფ...“ და ბუნების დაცვის ეროვნული კავშირის ,,ბ...“ კერძო საჩივრებისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძველია ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. გ-ი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევს ცენტრალური არქივის მიერ 2012 წლის 16 მარტს გაცემულ №აა2012007450-03 საარქივო ცნობას, 2012 წლის 16 მარტს გაცემულ №აა2012007450-03 საარქივო ცნობას და 2012 წლის 11 აპრილს გაცემულ №აა2012011204-04 საარქივო ცნობას, ასევე 1998 წლის 23 ივლისით დათარიღებულ შპს ,,ი...“ დირექტორის წერილს, შპს ,,ი...“ მიწის ნაკვეთის გეგმას – წითელ ხაზებს (ასლი), ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1998 წლის 14 მაისით დათარიღებულ წერილს და საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის ო. ჯ-ის 1998 წლის 27 აპრილის წერილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერისადმი. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნული დოკუმენტები ადასტურებდნენ იმ გარემოებას, რომ არ არსებობდა საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების სახელზე გაცემული, ... მდებარე მიწის ნაკვეთის გეგმა, შპს „ი...“ სახელზე გაცემული, ... მდებარე მიწის ნაკვეთის გეგმა და საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებისთვის ... ხეივნის დასაწყისში მდებარე ქალაქმშენებლობის საბჭოზე შეთანხმებული სასტუმროს პროექტი.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავის ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვა მოიცავს ორ სტადიას: I - განცხადების დასაშვებობა (ვადა; შინაარსი); II - განცხადების საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

მართალია, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საარქივო ცნობები 2012 წლის მარტით და აპრილით თარიღდება, მაგრამ საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. გ-ს ნებისმიერ დროს შეეძლო მიემართა ცენტრალური არქივისთვის და მოეთხოვა აღნიშნული დოკუმენტები. ის ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებდა შესაბამის პასუხს არქივიდან.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ი-ის, ქ. გ-ისა და გ. გ-ის საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, მ. ი-ის (განმცხადებლის დედის და უფლებამოსილი წარმომადგენლის) მიერ საკასაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა სსიპ ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივის 2011 წლის 28 აპრილის №AA2011011630-03 საარქივო ცნობა, რომელიც განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული 2012 წლის 16 მარტის საარქივო ცნობის იდენტური შინაარსისაა (ტ. VI; ს.ფ. 168). ამდენად, ნათელია ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე, განმცხადებლისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ,,ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურულ დაგეგმარებითი სამმართველოს 1996 წლის დოკუმენტებში მთაწმინდის რაიონის ..., ბუნების დაცვის საზოგადოების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის გეგმა (წითელი ხაზები) არ აღმოჩნდა“.

ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ განმცხადებლის - ქ. გ-ის მიერ ვერ დადასტურდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ვადაში წარდგენის ფაქტი, რაც დაუშვებლობის მოტივით მისი განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ მისი დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაში, მაგრამ, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ამოწმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისისა და 2012 წლის 24 მაისის განჩინებების კანონიერების საკითხს, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობაც.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში მოცემულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების კანონისმიერი საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, თუ მხარეს მისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. გ-ის განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები, კერძოდ, 1998 წლის 23 ივლისით დათარიღებული შპს ,,ი...“ დირექტორის წერილი, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1998 წლის 14 მაისით დათარიღებული წერილი და საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის ო. ჯ-ის 1998 წლის 27 აპრილის წერილი, მ. ი-ის (განმცხადებლის დედის და უფლებამოსილი წარმომადგენლის) მიერ წარდგენილ იქნა საკასაციო სასამართლოში, ჯერ კიდევ სასამართლოს მიერ მ. ი-ის, ქ. გ-ისა და გ. გ-ის საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე (ტ. VI; ს.ფ. 92-93; ს.ფ. 94; ს.ფ. 95).

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქმის მასალებში ასევე მოიპოვება ცენტრალური არქივის 2012 წლის 16 მარტის საარქივო ცნობის იდენტური შინაარსის 2011 წლის 28 აპრილის ცნობა, რომლის თანახმადაც, ,,ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურულ დაგეგმარებითი სამმართველოს 1996 წლის დოკუმენტებში მთაწმინდის რაიონის ..., ბუნების დაცვის საზოგადოების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის გეგმა (წითელი ხაზები) არ აღმოჩნდა“ (ტ. VI; ს.ფ. 168). ამდენად, ის ძირითადი მტკიცებულებები, რომელსაც განმცხადებელი – ქ. გ-ი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევდა, ცნობილი იყო საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე და მას გავლენა არ მოუხდენია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგზე, ხოლო რაც შეეხება ცენტრალური არქივის 2012 წლის 16 მარტის №აა2012007450-03 და 2012 წლის 11 აპრილის №აა2012011204-04 საარქივო ცნობებს, ისინი არ წარმოადგენენ ისეთი სახის მნიშვნელოვან ახალ მტკიცებულებებს, რომელთა საქმის განხილვის ეტაპზე არსებობაც მხარისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა (მით უფრო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ მ. ი-ის, ქ. გ-ისა და გ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით).

ამასთან, რაც შეეხება განმცხადებლის მოსაზრებას დოკუმენტების გაყალბებასთან (ფაბრიკაციასთან) მიმართებაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის სიყალბის ფაქტი დადასტურებული უნდა იყოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არის დაუშვებელი (ვადის დარღვევით წარმოდგენილი) და ამასთან, უსაფუძვლო, რის გამოც არსებობს კერძო საჩივრების დაკმაყოფილების, გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე ქ. გ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე, 421-ე, 423-ე, 426-ე, 429-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,ქ...“, შპს ,,ფ...“ და ბუნების დაცვის ეროვნული კავშირის ,,ბ...“ კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისისა და 2012 წლის 24 მაისის განჩინებები;

3. ქ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე