#ბს-624-612(კს-12) 27 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ნ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1. სსიპ შემოსავლების სამსახური;
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო
სამსახური
მესამე პირი - ო. მ-ე
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 25 მაისს ნ. კ-ის წარმომადგენელმა ე. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის ო. მ-ის მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 28 მარტის №0361000588/3 გადაწყვეტილების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 23 აპრილის №6747 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ახალციხის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 17 იანვრის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №040-6 შეტყობინების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აგვისტოს განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება მოსარჩელე ნ. კ-ის შვილს - ნ. მ-ეს ჩაბარდა 2012 წლის 11 ივლისს (ს.ფ. 229). შესაბამისად, ნ. კ-ეს სასამართლოში ან საფოსტო განყოფილებაში სააპელაციო საცივრის შეტანის ვადა ეწურებოდა 25 ივლისს. მან კი საფოსტო განყოფილებაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2012 წლის 27 ივლისს. რაც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილევლად დატოვების საფუძველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ბოლო ვადა ჰქონდა 2012 წლის 25 ივლისს, მას სრული უფლება ჰქონდა 25 ივლისს შეეტანა სააპელაციო საჩივარი, რაც ვერ მოახერხა ავადმყოფობის გამო: არის პენსიონერი, დაავადებული გულის ქრონიკული იშემიური და ჰიპერტონიული უპირატესი დაზიანებით, 2012 წლის 25 მაისს გარდაეცვალა 39 წლის ქალიშვილი, რამაც კიდევ ერთხელ შეარყია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩააგდო სტრესულ სიტუაციაში, რასაც ემატება ის დავა და სასამართლო პროცესები, რომლებიც აქვს შემოსავლების სამსახურთან და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან. 2012 წლის 25 ივლისს გულის უკმარისობით აღმოჩნდა ბორჯომის სამედიცინო ცენტრში, რის შესახებაც წარმოადგინა ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის შპს „...“ მიერ გაცემული 2012 წლის 30 ივლისის ცნობა №396. უსახსრობის გამო არ ყავს წარმომადგენელი, ცხოვრობს მარტო, პირადად აპირებდა სააპელაციო საჩივრის ფოსტაში ჩაბარებას, რაც ვერ მოახერხა ზემოაღნიშნული მიზეზის - ავადმყოფობის გამო.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პირადად მას არ ჩაბარებია, იგი ჩაბარდა მის შვილს, იმ პერიოდში იგი იმყოფებოდა თბილისში სამკურნალოდ და ერთი კვირის მერე, როცა დაბრუნდა ბორჯომში 2012 წლის 17 ივლისს იმ დროს ჩაბარდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, 17 ივლისიდან უნდა მოხდეს გასაჩივრების ვადის ათვლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების, კერძო საჩივრის მოტივების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 agvistos განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლომ სწორად განმარტა კანონი; საპროცესო ნორმები არ დარღვეულა; სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
საქმის მასალების მიხედვით, Tbilisis საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. კ-ეს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ. ბორჯომი, ... ქ. 22 და ჩაბარდა ადრესატის შვილს - ნ. მ-ეს 2012 წლის 11 ივლისს (იხ. ს.ფ. 229), სააპელაციო საჩივარი კი ნ. კ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ფოსტის მეშვეობით 2012 წლის 27 ივლისს (იხ. ს.ფ. 230-247).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც კანონმდებელი სსსკ-ის 369.1. მუხლი სწორედ მითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.
სსსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლოს კოლგიური უმრავლესობა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი კი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, რომელიც ექვემდებარება იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, და განმარტავს რომ, ნ. კ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: ქ. ბორჯომი, ... ქ. ¹22, 2012 წლის 4 ივლისს და ჩაბარდა შვილს – ნ. მ-ეს 2012 წლის 11 ივლისს, შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უკავშირდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას. ანუ ვადის დენა დაიწყება, თუ მხარეს გაგზავნილი გადაწყვეტილებით (განჩინებით, ბრძანებით, დადგენილებით) სწორად განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. კ-ის შვილს – ნ. მ-ეს ჩაბარდა 2012 წლის 11 ივლისს (იხ. ს.ფ. 229) სააპელაციო საჩივარი კი ნ. კ-ის მიერ შეტანილია ფოსტის მეშვეობით 2012 წლის 27 ივლისს (იხ. ს.ფ. 230-247), სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რამდენადაც სსსკ-ის 60.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო ნ. კ-ის შვილის – ნ. მ-ისათვის ჩაბარების დღიდან.
საკასაციო სასამართლო მართალია ითვალისწინებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარში მითითებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ იგი იმ პერიოდში, როდესაც მის შვილს ჩაბარდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, იმყოფებოდა თბილისში სამკურნალოდ და მისთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება მოხერხდა მხოლოდ 2012 წლის 17 ივლისს, საიდანაც უნდა დაიწყოს მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა, შემდეგ გარემოებათა გამო: საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევებს სასამართლო აქტის გასაჩივრების ვადის ათვლისას, კანონისმიერი საპროცესო ვადა სავალდებულოა ყველა პროცესუალური მონაწილისათვის, რაც გულისხმობს, რომ საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს კანონით დადგენილ ვადაში, შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ნ. კ-ის შვილის – ნ.მ-ისათვის ჩაბარების დღიდან, ვინაიდან სასამართლო აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს ჩაბარდა სასამართლო აქტი, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ნ. კ-ის შვილმა – ნ. მ-ემ ჩაიბარა 2012 წლის 11 ივლისს, რასაც თავად კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გაასაჩივროს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ნ. კ-ის მიერ უგულებელყოფილია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური უმრავლესობამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 247.2-ე, 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე