Facebook Twitter

№ბს-630-618(კს-12) 1 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ქ. ქ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 3 თებერვალს ქ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

M თავდაპირველად მოსარჩელემ სარჩელში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგად გამოწვეული მატერიალური ზიანის - 207 000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 198 000 აშშ დოლარის დაკისრებაზე მიუთითა. ხოლო საბოლოოდ, მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგად გამოწვეული მატერიალური ზიანის - 207 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე; აპელანტს - ქ. ქ-ს დაევალა განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 5000 ლარის ოდენობით.

2012 წლის 11 ივლისს ქ. ქ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა, ვინაიდან გადახდის უუნაროა, მისი ოჯახი მძიმე მატერიალურ მდგომარეობას განიცდის, არ აქვს საცხოვრებელი ადგილი, მისი ძმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირა და მისი ოჯახის ყველა წევრი არის ღია ცის ქვეშ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს განჩინებით სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველი დარჩა ქ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტ - ქ. ქ-ს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივლისის განჩინებაში მითითებული ხარვეზი, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებას და წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს განჩინებაზე ქ. ქ-მა წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და მისი განხილვის დავალდებულება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. იგი არის უმისამართო, არ აქვს საცხოვრებელი ადგილი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არქონის გამო მოუხსნა მას დახმარება. მისი ძმა, რომელიც იყო ოჯახის მარჩენალი, ცხინვალის კონფლიქტის დროს დაიღუპა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ კანონი სასამართლოს ანიჭებს უფლებას შინაგანი რწმენით მოქალაქის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელზე. ქ. ქ-მა აღნიშნა, რომ მის ოჯახს ზარალი სახელმწიფომ მიაყენა; მას კი სახელმწიფოს მიმართ ჰქონდა „კანონიერი ნდობა“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სააპელაციო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და მისი განხილვის დავალებას ითხოვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ქ-ის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქ. ქ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, განუხილველი დარჩა ქ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. საპროცესო ხარჯების საკითხი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9_მე-11 მუხლებით არის მოწესრიგებული. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საერთო სასამართლოებში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან კანონისმიერი განთავისუფლების საფუძველს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი წარმოადგენს. აღნიშნული 46-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს კონკრეტული კატეგორიის დავების სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე განხილვას.

გარდა ამისა, სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლების საფუძვლები განსაზღვრულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით.

ამდენად, კანონმდებლობა კონკრეტულად განსაზღვრას პირობებს, რომლის არსებობის შემთხვევაში მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სასამართლოს უფლებამოსილება სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით შეზღუდულია კანონით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია მხარე მთლიანად ან ნაწილობრივ გაანთავისუფლოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. ქ-ი კერძო საჩივრით ბაჟის გადახდისგან განთავისუფლებას ითხოვს და საფუძვლად მიუთითებს მისი ოჯახის უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობას. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ იგი სოციალურად დაუცველია და იღებდა შემწეობას; ამჟამად იგი არის უმისამართო, არ აქვს საცხოვრებელი ადგილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომაც შემწეობა შეუწყვიტა სწორედ იმ საფუძვლით, რომ მას აღარ აქვს საცხოვრებელი სახლი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დავის არსს და კერძო საჩივრის ავტორის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებას. შესაბამისად, იმის დადგენას, მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებები ანიჭებს თუ არა სასამართლოს უფლებამოსილებას ქ. ქ-ი გაათავისუფლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. ქ-ი სარჩელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგად გამოწვეული მატერიალური ზიანის - 207 000 აშშ დოლარის დაკისრებას ითხოვს. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობა პირდაპირ გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნის ფაქტომბრივი დასაბუთებულობიდან.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ 2010 წლის 14 იანვარს გაცემულ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობაზე, რომლის თანახმად, ქ. ქ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულა 45 820 შეადგენდა (ს.ფ. 49). შესაბამისად, ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იმავდროულად იღებდა საარსებო შემწეობას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოქმის მიხედვით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება შეწყდა იმ მიზეზით, რომ ოჯახი დროებით ცხოვრობდა სხვა მისამართზე (ს.ფ. 60).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ქ. ქ-ს თავდაპირველად გადაუვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება, ხოლო საბოლოოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე გაათავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ქ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი სწორედ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის საფუძვლით დატოვა განუხილველად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ იმ პირობებში, როდესაც საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე გაათავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რომ არ უმსჯელია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე ქ. ქ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია ქ. ქ-ის რეალური მდგომარეობა და არ დაუდგენია მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებები ანიჭებს თუ არა სასამართლოს უფლებამოსილებას ქ. ქ-ი გაათავისუფლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ქ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ქ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. ქ. ქ-ის მიერ კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე