საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე #ბს-644-632(კს-12) 30 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს ,,…“ კერძო საჩივრის წარმოებაში საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2012 წლის 5 სექტემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე #ბს-644-632(კს-12) შპს ,,…“ წარმომადგენლის ვ. შ-ის კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის მოთხოვნებს, რადგან კერძო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 38-ე მუხლის `თ~ პუნქტისა და 39.1 მუხლის `დ~ ქვეპუნქტის შესაბამისად 50 ლარი.
2012 წლის 27 სექტემბერს შპს ,,…“ წარმომადგენელმა ვ. შ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 იანვრის განჩინებით შპს ,,…“ (ყოფილი ,,ა...”) სამეწარმეო რეესტრს დაედო ყადაღა. თბილისის სააღსრულებო ბიურომ გამოიჩინა თვითშემოქმედება და 2007 წლის 4 თებერვალს აღნიშნული განჩინების საწინააღმდეგოდ ყადაღა დაადო საზოგადოების ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, ... ქ. #186.
2007 წლის ივნისიდან შპს ,,…“ დირექტორი ზ. ზ-ძე მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა ქ. კიევში სადაც დღემდე ცხოვრობს. დირექტორის მოვალეობა დაეკისრა ვ. ს-ას, რომელიც 2008 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა. საზოგადოება 4 წლის განმავლობაში დირექტორის უფლება-მოვალების შემსრულებლის გარეშე დარჩა, რადგან ახლად დანიშნული დირექტორის ცვლილების რეგისტრაცია არ მოახდინა შემოსავლების სამსახურმა და საჯარო რეესტრმა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნულმა გარემოებებმა საზოგადოების ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად გააუარესა. მხოლოდ მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს მოხდა დირექტორის ცვლილებების რეგისტრაცია და საზოგადოებამ დაიწყო ნორმალური ფუნქციონირება. საზოგადოებას უხდება დაგროვილი სახელშეკრულებო და თანამშრომელთა მრავალთვიანი სახელფასო დავალიანების თანდათანობით გასტუმრება, რის გამოც ვერ ხერხდება სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,…“ წარმომადგენლის ვ. შ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით, რათა წარმოედგინა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, დირექტორის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2012 წლის 17 ოქტომბერს შპს ,,…“ დირექტორმა ო. კ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, მის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის გადავადება ან მისი ოდენობის შემცირება იმ მოტივით, რომ საზოგადოება განიცდის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას და გაუცემელია თვეობით დაგროვილი სახელფასო დავალიანებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,…“ დირექტორის ო.კ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის გადავადებისა ან შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 3 დღით.
2012 წლის 1 ნოემბერს შპს ,,…“ იურისტმა ვ. შ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელება 2012 წლის ბოლომდე იმ მოტივით, რომ საზოგადოების დირექტორს 2012 წლის 15 ოქტომბერს გაუკეთდა გულის ოპერაცია და ამჟამად წოლითი რეჟიმით მკურნალობს, რის გამოც ვერ ასრულებს დირექტორის მოვალეობას და შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორება ვერ ხდება (წარმოადგინა შპს ,,ა..” ცნობა #8775 ო. კ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 9 ნოემბრის განჩინებით შპს ,,…“ იურისტის ვ. შ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე 2012 წლის ბოლომდე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს ,,…“ დირექტორს ო.კ-ეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით.
2012 წლის 26 ნოემბერს ,,…“ იურისტმა ვ. შ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელება ერთი თვით იმ მოტივით, რომ საზოგადოების დირექტორს ო. კ-ეს 2012 წლის 12 ნოემბერს დაეჯახა ავტომანქანა, რის შედეგადაც სხვა დაზიანებებთან ერთად მიიღო ქვედა კიდურის მოტეხილობა. აღნიშნულის გამო ო. კ-ეს დაენიშნა წოლითი რეჟიმი. მომავალ კვირას დამატებით უნდა ჩაუტარდეს რენდგენოგრაფია და გართულების შემთხვევაში მას შეიძლება დასჭირდეს მუხლის სახსრის ოპერაცია (ერთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა №24462).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს და შპს ,,…“ წარმომადგენლის ვ. შ-ის შუამდგომლობას ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ერთი თვით და მიაჩნია, რომ შპს ,,…“ წარმომადგენლის ვ. შ-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,…“ კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების მიზნით კერძო საჩივრის ავტორს არაერთხელ გაუგრძელდა საპროცესო ვადა, რათა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან საზოგადოების გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, მაგრამ კერძო საჩივრის ავტორის მიერ არც ხარვეზი იქნა გამოსწორებული და არც საზოგადოების გადახდისუუნარობის უტყუარი ტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი. შპს ,,…“ წარმომადგენელმა ვ. შ-მა შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და კვლავ ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგარძელება მოითხოვა ერთი თვით იმ მოტივით, რომ საზოგადოების დირექტორს დაეჯახა ავტომანქანა, რის შედეგადაც სხვა დაზიანებებთან ერთად მიიღო ქვედა კიდურის მოტეხილობა და დაენიშნა წოლითი რეჟიმი.
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საზოგადოების დირექტორის ო. კ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით (იხ. ს.ფ. მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ საზოგადოების გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების (მათ შორის მონაცემები იმის თობაზე, რომ საზოგადოებას საბანკო დაწესებულებებში მის საბანკო ანგარიშებზე არ გააჩნია თანხა, ცნობები საბიუჯეტო ან სახელფასო დავალიანებებზე) სასამართლოში წარმოდგენა არ საჭიროებდა დირექტორის ფიზიკურ დატვირთვას, ამასთან, არც ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობა არ შეიცავს იმგვარ მონაცემებს, რომელთა პირობებში ობიექტურად შეუძლებელია სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის გამოსწორება. ამასთან, სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულებების მოპოვება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარმოდგენა ასევე შეეძლო შპს-ს იურისტს, რაც არ იქნა განხორციელებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ kerZo საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის kerZo საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 390-ე, 396.3, 447-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,…“ კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე