№ბს-645-633(კს-12) 1 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ბ-ე
დავის საგანი _ უფლებამონაცვლის დადგენა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2000 წლის 16 ივნისს ბ. ბ-ემ, ი. შ-ემ, ს. ბ-ემ, ვ. გ-მა, პ. ა-მა, ი. ს-მა, ბ. ჭ-ემ, ვ. შ-ემ, ზ. ჩ-ემ და ი. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მოპასუხე საწარმოო გაერთიანება „...“ მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიყენებული ზიანისა და ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში საქმის განხივისას არასათანადო მოპასუხე შეიცვალა სათანადო მოპასუხით და საქმეში მოპასუხედ ჩაება საჩხერის რაიონის გამგეობა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საჩხერის რაიონის გამგეობას ბ. ბ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 13 მარტიდან 2000 წლის 9 ოქტომბრამდე ერთდროულად - 1120 ლარის, ხოლო 2000 წლის ოქტომბრიდან ყოველთვიურად 160 ლარის, ი. შ-ის სასარგებლოდ 2000 წლის 16 ივნისისდან ყოველთვიურად 100 ლარის, ს. ბ-ის სასარგებლოდ 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 ლარის, ვ. გ-ის სასარგებლოდ 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 160 ლარის, პ. ა-ის სასარგებლოდ 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 100 ლარის, ი. ს-ის სასარგებლოდ 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 ლარის, ბ. ჭ-ის სასარგებლოდ 2000 წლის 16 ივნისიდან თვეში 140 ლარის, ზ. ჩ-ის სასარგებლოდ 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 160 ლარის, ი. ნ-ის სასარგებლოდ 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 ლარის, ვ. შ-ის სასარგებლოდ 2000 წლის 12 აპრილიდან 2000 წლის 9 ოქტომბრამდე 900 ლარის, ხოლო 2000 წლის ოქტომბრიდან 2001 წლის 12 აპრილამდე ყოველთვიურად 150 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; ხოლო მოსარჩელეებს - ბ. ბ-ეს ერთდროულად 12480 ლარის, ი. შ-ეს 7800 ლარის, ს. ბ-ეს 9360 ლარის, ვ. გ-ს 12480 ლარის, პ. ა-ს 7800 ლარის, ი. ს-ს 9360 ლარის, ბ. ჭ-ეს 10920 ლარის, ვ. შ-ეს 12480 ლარის, ზ. ჩ-ეს 12480 ლარისა და ი. ნ-ეს 9360 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვათ უარი.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. ბ-ემ, ს. ბ-ემ, ვ. გ-მა, პ. ა-მა, ზ. ჩ-ემ, ი. ნ-ემ, ბ. ჭ-ემ, ი. ს-მა, ვ. შ-ემ და ი. შ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ბ-ის, ი. შ-ისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა; საჩხერის რაიონის გამგეობას ბ. ბ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე ერთდროულად 2 560 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 160 ლარის, ი. შ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1600 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 100 ლარის, ს. ბ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1 920 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 ლარის, ვ. გ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 2 560 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 160 ლარის, პ. ა-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1 600 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 ლარის, ბ. ჭ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 2 240 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 140 ლარის, ზ. ჩ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 2 560 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 160 ლარის, ი. ნ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1 920 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 ლარის, ვ. შ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 2 560 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 160 ლარის, ვ. ს-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1 920 ლარის და 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე 2001 წლის 17 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცლები. მათ შორის, სააღსრულებო ფურცელი გაიცა ს. ბ-ის მოთხოვნის ნაწილში, სადაც კრედიტორად მითითებულია ს. ბ-ე, ხოლო მოვალედ - საჩხერის რაიონის გამგეობა.
2011 წლის 9 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ე. ბ-ემ და ახალი სააღსრულებო ფურცლის გამოწერა მოითხოვა, რომელშიც კრედიტორად აწ გარდაცვლილი ს. ბ-ის ნაცვლად მითითებული იქნებოდა მისი უფლებამონაცვლე - ე. ბ-ე, ხოლო მოვალედ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინებით ე. ბ-ის განცხადება ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი სააღსრულებო ფურცლის გამოწერასთან დაკავშირებული მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ე. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინება და საქმე ე. ბ-ის განცხადების განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ე. ბ-ის განცხადება უფლებამონაცვლის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე; თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაში მოხსენიებული ს. ბ-ის უფლებამონაცვლედ დადგინდა ე. ბ-ე, ხოლო ს. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 სექტემბერს ს. ბ-ის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცელი და დადგინდა ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა, სადაც ს. ბ-ის ნაცვლად მითითებული იქნებოდა ე. ბ-ე , ხოლო საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; ახალი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ე. ბ-ისათვის 2000 წლის 16 ივლისიდან 2006 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდის მიხედვით ყოველთვიურად 120 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92–ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ე. ბ-ე ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით განხილულ საქმეში უფლებამონაცვლეობის დადგენას და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემას, კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს გარდაცვლილი კრედიტორის ს. ბ-ის უფლებამონაცვლედ მისი პირველი რიგის მემკვიდრის (მეუღლის) ე. ბ-ის დადგენას, ხოლო მოვალის საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ - სსიპ სოციალური მომსახურის სააგენტოს დადგენას. ასევე, შესაბამისი მონაცემებით ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საჩხერის რაიონის გამგეობას მოსარჩელეების სასარგებლოდ სხვადასხვა ოდენობის თანხების გადახდა დაეკისრა. მათ შორის, საჩხერის რაიონის გამგეობას ს. ბ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1 920 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის გადახდა. 2001 წლის 17 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცლები. მათ შორის, სააღსრულებო ფურცელი გაიცა ს. ბ-ის მოთხოვნის ნაწილში, სადაც კრედიტორად მითითებულია ს. ბ-ე, ხოლო მოვალედ - საჩხერის რაიონის გამგეობა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაში მოხსენიებული ს. ბ-ის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ე. ბ-ე კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით (ქორწინების მოწმობით) დგინდება, რომ ე. კ-ემ და ს. ბ-ემ იქორწინეს 1965 წლის 15 აპრილს, რის შემდეგაც ე. კ-ეს მიენიჭა მეუღლის გვარი და გახდა ე. ბ-ე . გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ ს. ბ-ე გარდაიცვალა 2006 წლის 26 სექტემბერს. საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 25 მაისის სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ გარდაცვლილი ს. ბ-ის სამკვიდრო სრულად მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ (მეუღლე) ე. ბ-ემ. სამკვიდრო მოწმობაში ასევე ცალსახად არის მითითებული, რომ სამკვიდრო ქონებაში შედის მამკვიდრებლის მთელი აქტივები და პასივები, მათ შორის, პენსია. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაში მოხსენიებული ს. ბ-ის უფლებამონაცვლეს უდავოდ წარმოადგენს ე. ე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ დასახელებული საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. კერძოდ, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილებით დამტკიცდა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი“. მითითებული წესის თავდაპირველი რედაქციის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა უზრუნველყო „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებთა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის N429-ა ბრძანებულებისა და „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 421 პუნქტის საფუძველზე, 2007 წლის 1 მარტამდე ფონდში რეგისტრირებულ, აგრეთვე აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდზე. აღნიშნულ მუხლში 2008 წლის 25 დეკემბერს შეტანილი ცვლილების შესაბამისად, მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებთა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის №429-ა ბრძანებულებისა და „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 421 პუნქტის საფუძველზე 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში რეგისტრირებული, აგრეთვე, აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდში.“ ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 421 პუნქტის საფუძველზე, 2007 წლის 1 მარტამდე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვის უზრუნველყოფის ვალდებულება დაკისრებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა 2007 წლის 1 მარტამდე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ დასახელებული საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
ამასთან, რაც შეეხება თანხის ოდენობას, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით საჩხერის რაიონის გამგეობას ს. ბ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1 920 ლარის, ხოლო 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე დაკისრებული 1 920 ლარის დავალიანება უკვე ანაზღაურებულია და მასზე ე. ბ-ე არ დავობს. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საჩხერის რაიონის გამგეობას ს. ბ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის გადახდა დაეკისრა 2000 წლის 16 ივნისიდან. ეს თანხა წარმოადგენდა ყოველთვიურად გასაცემ მუდმივ სარჩოს. დადგენილია, რომ ს. ბ-ე გარდაიცვალა 2006 წლის 26 სექტემბერს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილებულიყო განმცხადებლის მოთხოვნა და საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ე. ბ-ეს უნდა აუნაზღაუროს ყოველთვიურად დაკისრებული 120 ლარი 2000 წლის 16 ივნისიდან 2006 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდის მიხედვით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ასანაზღაურებელი პერიოდი ჯდება და არ სცილდება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესით“ განსაზღვრულ პერიოდს ანუ 2007 წლის 1 მარტს, რომლის შემდეგაც სარჩოს გაცემის ვალდებულება შეწყდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია ე. ბ-ის განცხადება უფლებამონაცვლეობის დადგენისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ე. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დღეის მდგომარეობით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ წარმოადგენს უფლებამონაცვლეს საწარმოო ტრავმის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხებში. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული კანონმდებლობა ცალსახად არ განსაზღვრავს უფლებამონაცვლეობის საკითხს.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2008-2012 წლების საბიუჯეტო კანონებით აღარ იქნა გათვალისწინებული 2007 წლის 1 მარტის შემდგომ პერიოდში სააგენტოს მიმართ წარმოდგენილი ამგვარი მოთხოვნების დასაფინანსებლად საჭირო ასიგნებები, რის გამოც სააგენტო მოკლებულია მათ მიმართ სარჩოს ანაზღაურების ვალდებულებების უზრუნვეყოფის სამართლებრივ საფუძვლებსა და ფინანსურ შესაძლებლობას. სააგენტო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო სარჩო (ე.წ. „რეგრესული პენსია“) წარმოადგენდა მიზნობრივ სოციალურ გასაცემელს, ისევე როგორც ამჟამად მოქმედი სახელმწიოფო გასაცემლები: პენსია, სუბსიდია და ა.შ. მათი დაფინანსება ხდებოდა ბიუჯეტის მხოლოდ შესაბამისი ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მიზნობრივი ასიგნებიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2011 წლის 9 მარტს ე. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა, სადაც კრედიტორად - გარდაცვლილი ს. ბ-ის უფლებამონაცვლედ მისი პირველი რიგის მემკვიდრის (მეუღლის) ე. ბ-ის, ხოლო მოვალის - საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ - სსიპ სოციალური მომსახურის სააგენტოს მითითება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საჩხერის რაიონის გამგეობას მოსარჩელეების სასარგებლოდ სხვადასხვა ოდენობის თანხების გადახდა დაეკისრა. მათ შორის, საჩხერის რაიონის გამგეობას ს. ბ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1 920 ლარის, ხოლო 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა დაეკისრა. 2001 წლის 17 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცლები. მათ შორის, სააღსრულებო ფურცელი გაიცა ს. ბ-ის მოთხოვნის ნაწილში, სადაც კრედიტორად მითითებულია ს. ბ., ხოლო მოვალედ - საჩხერის რაიონის გამგეობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ე. ბ-ის განცხადება უფლებამონაცვლის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე; თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაში მოხსენიებული ს. ბ-ის უფლებამონაცვლედ დადგინდა ე. ბ-ე, ხოლო ს. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 სექტემბერს ს. ბ-ის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცელი და დადგინდა ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა, სადაც ს. ბ-ის ნაცვლად მითითებული იქნებოდა ე. ბ-ე, ხოლო საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; ახალი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ე. ბ-ისათვის 2000 წლის 16 ივლისიდან 2006 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდის მიხედვით ყოველთვიურად 120 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო გასაჩივრებულ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებას სადავოდ ხდის და არ ეთანხმება საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დადგენის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ წარმოადგენს საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლეს საწარმოო ტრავმის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონმდებლობა განსაზღვრავს უფლებამონაცვლეობის საკითხს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ შესაბამისად, საჩხერის რაიონის გამგეობას ს. ბ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1920 ლარის და 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული ბრძანებულება გაუქმდა 2007 წლის 1 მარტიდან და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით დამტკიცდა ახალი „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი“. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული წესის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის თავდაპირველი რედაქციის თანახმად, სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა უზრუნველეყო „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებთა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის N429-ა ბრძანებულებისა და „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 421 პუნქტის საფუძველზე, 2007 წლის 1 მარტამდე ფონდში რეგისტრირებულ, აგრეთვე, აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდზე. აღნიშნულ მუხლში 2008 წლის 25 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების მიხედვით, „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებთა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის №429-ა ბრძანებულებისა და „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულების 421 პუნქტის საფუძველზე 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში რეგისტრირებული, აგრეთვე, აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვის უზრუნველყობა დაევალა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდში“.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 421 პუნქტის საფუძველზე, 2007 წლის 1 მარტამდე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვის უზრუნველყოფის ვალდებულება დაკისრებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა 2007 წლის 1 მარტამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაში ს. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მოპასუხედ დასახელებული საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ე. ბ-ის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცელში საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მითითების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან, ფინანსური მდგომარეობის გამო სააგენტო მოკლებულია სარჩოს ანაზღაურების უზრუნველყოფის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც სახეზეა ს. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დადგენის კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები, აღნიშნული საფუძვლით ე. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაუშვებელია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე