კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-783-767(კს-12) 15 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს ,,...” კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.2012წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.12წ. განჩინებით შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.12წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...” და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.09.2012წ. განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს ,,...” დირექტორის – მ. კ-ის მამას – ე. კ-ეს, რომელიც შპს ,,...” 100%-იანი წილის მესაკუთრეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 07.09.12წ. ჩაბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.12წ. განჩინების ასლი (ტ. I, ს.ფ. 220), კერძო საჩივარზე დართულ კონვერტზე დასმული კალენდარული შტემპელით დასტურდება, რომ შპს ,,...” დირექტორმა მ. კ-ემ კერძო საჩივარი 25.09.12წ. ჩააბარა ბათუმის საფოსტო განყოფილებას, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული 12 დღიანი ვადის დარღვევით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.12წ. განჩინების გასაჩივრების ვადა შპს ,,...” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 07.09.12წ. დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, 19.09.12წ. ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.09.2012წ. განჩინება, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს ,,...” კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 416-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,...” კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.2012წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ლ. მურუსიძე