საქმე №ბ-1488-1(ბ-12) 15 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განჩინების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობის შესახებ განცხადების ავტორი _ გ. ჯ-ი
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის №ბს-315-311(კ-12) განჩინება
დავის საგანი _ განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 23 აგვისტოს გ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის და მესამე პირების _ შპს „...“, ბ. ყ-ისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
2011 წლის 14 სექტემბერს გ. ჯ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისა და შპს „...“ მიმართ.
მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 12 აგვისტოს №882011323843-03 გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 სექტემბრის №134384 გადაწყვეტილების, 2004 წლის 22 ივნისის №1351 მიწის სარეგისტრაციო მოწმობის და ქ. გურჯაანში, ... ქ. №3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე შპს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 17 ივნისის №882011252323-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისათვის გ. ჯ-ის სახელზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხოლო ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად კი ბ. ყ-ი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება.
2012 წლის 21 სექტემბერს გ. ჯ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებლის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის №ბს-315-311(კ-12) განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნული განჩინების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ განჩინების მიღებაში. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნული განჩინება მიიღო შემდეგი შემადგენლობით: მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე. ხოლო მოსამართლე ლევან მურუსიძეს ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. განმცხადებლის მითითებით, მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, არ არის უფლებამოსილი მონაწილეობა მიიღოს და გადაწყვეტილება გამოიტანოს ადმინისტრაციულ საქმეზე. ამდემად, განმცხადებლის მოსაზრებით, საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რაც განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით გ. ჯ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის №ბს-315-311(კ-12) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებად იქნა ცნობილი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, გ. ჯ-ის განცხადებას, შეამოწმა განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მოსაზრებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის №ბს-315-311(კ-12) განჩინების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული განჩინების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ განჩინების მიღებაში. კერძოდ, მოსამართლე ლევან მურუსიძეს ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და იგი არ არის უფლებამოსილი მონაწილეობა მიიღოს და გადაწყვეტილება გამოიტანოს ადმინისტრაციულ საქმეზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს იმ მოსამართლეს: რომელიც მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში (იგულისხმება სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოები); რომელსაც განუცხადეს აცილება და ეს აცილება მიიღო სასამართლომ; რომელიც დროებით გადაყენებულია (ჩამოცილებულია) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან; რომელიც არ არის ამ კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში და ის არ შეუყვანით ამ შემადგენლობაში კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, როდესაც მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, კერძოდ: ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში; ე) ამ საქმეში მონაწილეობდა მედიატორად.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის განმხვილველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიმართ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მოსამართლის აცილების კანონით განსაზღვრული საფუძვლები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეიძლება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე 2006 წლის აპრილიდან ახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეს ლევან მურუსიძეს 2007 წლიდან ჯერ დროებით დაეკისრა მოვალეობის შესრულება ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში ამ პალატის ქვემდებარე საქმეთა განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 2008 წლის დადგენილებით დამტკიცდა ცვლილებები უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე შეყვანილ იქნა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის შემადგენლობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჯ-იანის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის №ბს-315-311(კ-12) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ჯ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის №ბს-315-311(კ-12) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
პ. სილაგაძე