საქმე №ბ-1489-2(ბ-12) 15 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განჩინების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობის შესახებ განცხადების ავტორები _ ვ. თ-ი და თ. ჭ-ი
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის №ბს-471-466(კ-12) განჩინება
დავის საგანი _ განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 29 აგვისტოს ვ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირების - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შპს „...“ და ბ. ყ-ის მიმართ.
ვ. თ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შპს „...“ და ბ. ყ-ის მიმართ.
მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 აპრილის №882011186999-03 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 8 ივნისის №87411 გადაწყვეტილებისა და შპს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 17 ივნისის №882011252323-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 2004 წლის 22 ივნისის №1351 მიწის სარეგისტრაციო მოწმობის არარა აქტად აღიარება და გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. გურჯაანში, ... ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებაზე წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე ვ. თ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა.
2011 წლის 29 აგვისტოს თ. ჭ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირების - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შპს „...“ და ბ. ყ-ის მიმართ.
თ. ჭ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შპს „...“ და ბ. ყ-ის მიმართ.
მოსარჩელემ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 ივლისის №882011305849-03 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 26 ივლისის №113757 გადაწყვეტილებისა და შპს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 17 ივნისის №882011252323-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 2004 წლის 22 ივნისის №1351 მიწის სარეგისტრაციო მოწმობის არარა აქტად აღიარება და გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. გურჯაანში, ... ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებაზე წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე თ. ჭ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ვ. თ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შპს „...“ და ბ. ყ-ის მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, აქტის არარად აღიარების, რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულების თაობაზე და ადმინისტრაციული საქმე თ. ჭ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შპს „...“ და ბ. ყ-ის მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, აქტის არარად აღიარების, რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულების თაობაზე გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. თ-ისა და თ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით დამოუკიდებლად გაასაჩივრეს ვ. თ-მა და თ. ჭ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით ვ. თ-ისა და თ. ჭ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. თ-მა და თ. ჭ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის განჩინებით ვ. თ-ისა და თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინება.
2012 წლის 21 სექტემბერს ვ. თ-მა და თ. ჭ-მა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის №ბს-471-466(კ-12) განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
განმცხადებელთა მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის №ბს-471-466(კ-12) განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნული განჩინების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ განჩინების მიღებაში. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნული განჩინება მიიღო შემდეგი შემადგენლობით: მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე. ხოლო მოსამართლე ლევან მურუსიძეს ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. განმცხადებელთა მითითებით, მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, არ არის უფლებამოსილი მონაწილეობა მიიღოს და გადაწყვეტილება გამოიტანოს ადმინისტრაციულ საქმეზე. ამდემად, განმცხადებალთა მოსაზრებით, საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რაც განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ვ. თ-ისა და თ. ჭ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის №ბს-471-466(კ-12) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებად იქნა ცნობილი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, ვ. თ-ისა და თ. ჭ-ის განცხადებას, შეამოწმა განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელთა მოსაზრებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის №ბს-471-466(კ-12) განჩინების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული განჩინების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ განჩინების მიღებაში. კერძოდ, მოსამართლე ლევან მურუსიძეს ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და იგი არ არის უფლებამოსილი მონაწილეობა მიიღოს და გადაწყვეტილება გამოიტანოს ადმინისტრაციულ საქმეზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს იმ მოსამართლეს: რომელიც მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში (იგულისხმება სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოები); რომელსაც განუცხადეს აცილება და ეს აცილება მიიღო სასამართლომ; რომელიც დროებით გადაყენებულია (ჩამოცილებულია) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან; რომელიც არ არის ამ კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში და ის არ შეუყვანით ამ შემადგენლობაში კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, როდესაც მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, კერძოდ: ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში; ე) ამ საქმეში მონაწილეობდა მედიატორად.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის განმხვილველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიმართ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მოსამართლის აცილების კანონით განსაზღვრული საფუძვლები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეიძლება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე 2006 წლის აპრილიდან ახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეს ლევან მურუსიძეს 2007 წლიდან ჯერ დროებით დაეკისრა მოვალეობის შესრულება ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში ამ პალატის ქვემდებარე საქმეთა განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 2008 წლის დადგენილებით დამტკიცდა ცვლილებები უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე შეყვანილ იქნა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის შემადგენლობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. თ-ისა და თ. ჭ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის №ბს-471-466(კ-12) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. თ-ისა და თ. ჭ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის №ბს-471-466(კ-12) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
პ. სილაგაძე