Facebook Twitter
საქმე ბს-704-690(გ-12) 7 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა განსჯადობის შესახებ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

07.09.12წ. თ. ჯ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, 27.08.12წ. ¹20/7-680 დადგენილების ბათილად ცნობისა და გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელის მითითებით, 08.12.11წ. კუთვნილი ავტომობილით („ოპელ ასტრა“, სახელმწიფო ნომერი ... ) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე თელავის მიმართულებით მოძრაობისას, საგარეჯოს ტერიტორიაზე თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილისათვის გასწრების დროს შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საპატრულო პოლიციის ავტომანქანას („შკოდა“, სახელმწიფო ნომრით ...). შეჯახების შედეგად მოხდა ავტომობილ ოპელ ასტრას გადაადგილება მარჯვნივ, რის შედეგადაც მას მარჯვნიდან შეეჯახა სატვირთო ავტომობილი („ფარგო“, სახელმწიფო ნომრით ...). აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციის მიერ შედგა სამართალდარღვევათა ოქმი №115420, რომლის მიხედვით თ. ჯ-ი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.10 მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 250 ლარით. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი თ. ჯ-მა გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, მაგრამ 29.12.11წ. №20/7-1657 გადაწყვეტილებით მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა 08.12.11წ. სამართალდარღვევის ოქმი №115420 თ. ჯ-ის დაჯარიმების შესახებ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 29.12.11წ. №20/7-1657 გადაწყვეტილება თ. ჯ-ის მიერ გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის 18.01.12წ. №74454 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ მის მიერ უკვე გამოყენებული იყო ადმინისტრაციული აქტის ერთჯერადად გასაჩივრების უფლება, საჩივრის თაობაზე მიღებულ იქნა 29.12.11წ. №20/7-1657 გადაწყვეტილება, შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა საჩივრით მიემართა შესაბამისი სასამართლოსათვის.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი №115420, საჩივარზე უარის თქმის შესახებ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს 29.12.11წ. №20/7-1657 გადაწყვეტილება, ასევე შს სამინისტროს 18.01.12წ. №74454 წერილი სასამართლოში გაასაჩივრა თ. ჯ-მა.
თელავის რაიონული სასამართლოს 04.04.12წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს 08.12.11წ. სამართალდარღვევის ოქმი №115420, შს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 29.12.11წ. №20/7-1657 გადაწყვეტილება, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და კახეთის სამმართველოს დაევალათ საქმის გარემოებების არსებითი შესწავლის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო შს სამინისტროს 18.01.12წ. №74454 წერილის ბათილად ცნობაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს მიერ საქმის ხელახლა განხილვის შედეგად 20.06.12წ. მიღებულ იქნა 20/33/1-9 დადგენილება, რომლითაც თ. ჯ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა პატრულ-ინსპექტორის რ. ზ-ის მიმართ, რამელიც მართავდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე საპატრულო პოლიციის ავტომობილს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს მიერ 21.06.12წ. შედგა სამართალდარღვევის ოქმი №143393, რომლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.10 მუხლის შესაბამისად, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო ჯარიმა დაეკისრა საპატრულო პოლიციის ავტომობილის მძღოლს რ. ზ-ს. მითითებული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა რ. ზ-ის მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. 27.08.12წ. №20/7-680 დადგენილებით რ. ზ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამართალდარღვევის ოქმი №143393 და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს.
მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 27.08.12წ. №20/7-680 დადგენილება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო რ. ზ-ის მიერ წარდგენილ შპს „...“ მიერ 14.08.12წ. შედგენილ დასკვნას, სადაც არასწორად აღინიშნა, რომ საპატრულო პოლიციის ავტომობილი „შკოდა“, რომელიც მთავარ გზაზე შემოდიოდა მეორე ხარისხოვანი გზიდან, შეჯახების დროს იყო გაჩერებული. სასამართლოს 04.04.12წ. გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ „შკოდა“ ახორციელებდა მთავარ გზაზე შემოსვლის მანევრს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა ასევე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ავტოტექნიკური ექსპერტიზის 14.08.12წ. დასკვნამაც და სასამართლოს პროცესზე დაკითხულმა ექსპერტმა. კერძოდ, დადგინდა, რომ ავტომობილი „შკოდა“, რომელსაც მართავდა მძღოლი რ. ზ-ი, შეჯახების დროისათვის მოძრაობდა და არ იყო გაჩერებული, რაზეც ასევე მეტყველებდა ავტომობილების დაზიანებებიც. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის მითითებით, 21.06.12წ. №143393 სამართალდარღვევის ოქმი რ.ზ-ისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილი წესით და იგი კანონიერ ძალაში იყო შესული, რამდენადაც რ. ზ-მა საჩივარი შეიტანა 47 დღის შემდეგ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ თ. ჯ-ის სარჩელი მიჩნეულ იქნა საჩივრად და 10.09.12წ. განჩინებით იგი განსახილველად გადაეგზავნა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 3.2, მე-16 მუხლებით, ასევე მიუთითა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლზე, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას გარდა ამ კოდექსის 159-159 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებისა, რომელსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მაგრამ სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით საქმის განხილვა სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით - საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მიერ.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 17.09.12წ. განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272.1 მუხლზე, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გასაჩივრდეს: ა) ორგანოს (თამანდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; ბ) გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ - ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რის შემდეგაც საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; დადგენილება ძირითადი და რომელიმე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის ერთდროულად დადების შესახებ მომჩივანის სურვილით შეიძლება გასაჩივრდეს ძირითადი ან დამატებითი სახდელის გასაჩივრებისათვის განსაზღვრული წესით. რაიონული სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს, რომ მაგისტრატი მოსამართლე განიხილავს საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით; სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სამართალდარღვევა ჩადენილია საგარეჯოს რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე, საჩივარი შეიძლება განხილულ იქნეს საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-178-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმები დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს უფლებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესით, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მისთვის მისაღები და ხელსაყრელი ფორმით - სარჩელის ან საჩივრის წარდგენით.
რაიონული სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სადავოდ ხდის რა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას რომან ზანდარაშვილის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული საჯარიმო ქვითრის გაუქმების შესახებ, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მან აირჩია აქტის გასაჩივრების სასარჩელო წესი და განსჯადობის წესის დაცვით სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში საერთო მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით დადგენილი წესი იმპერატიულად არ გულისხმობს დაინტერესებული პირის ვალდებულებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული აქტი გაასაჩივროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სამართალწარმოების წესით. გარდა აღნიშნულისა, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო განეხილა წარმოებაში მიღებული საქმე. მოსარჩელის - შესაძლო სამართალდამრღვევის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, შესაბამისად, იმ პირობებშიც კი, თუ მიჩნეულ იქნება, რომ სახეზეა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველი საჩივარი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ თ. ჯ-ის საჩივარი განსახილველად ტერიტორიული განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს რაიონული სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობა მხარეს ანიჭებს უფლებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოების, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით დადგენილი წესი იმპერატიულად არ გულისხმობს დაინტერესებული პირის ვალდებულებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული აქტი გაასაჩივროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სამართალწარმოების წესით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ერთჯერადად ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში, ამასთან, სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, აქტის კანონიერებას ამოწმებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობა არ უშვებს სასარჩელო სამართალწარმოების წესით გასაჩივრების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმე განსჯადობის წესების დაცვით სწორად გადააგზავნა სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით - საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში, რომელსაც უნდა ემსჯელა წარდგენილი საჩივრის დასაშვებობის საკითხზე და არასწორია რაიონული სასამართლოს მხრიდან დავის განსჯადობასთან დაკავშირებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლზე მითითება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (მუხლი 26), კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ. ამდენად, საკასაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე მითითებას და თვლის, რომ საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, მართებულად გადაუგზავნა საქმე საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს რაიონული სასამართლოს მითითებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.2 მუხლზე, რომლის მიხედვით ამ კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსეობობდა მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა და საქმე ექვემდებარებოდა ზოგადი პრინციპის თანახად სამართალდარღვევის ადგილის მიხედვით განხილვას, რამდენადაც ასკ-ის 261.2 მუხლი უშვებს საქმის განხილვას სამართალდამრღვევის საცხვორებელი ადგილის მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში კი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამართალდამრღვევი დადგენილი არ არის და შესაბამისად არასწორია სასამართლოს მითითება შესაძლო სამართალდამრღვევზე.
საკასაციო სასამართლო განსჯადი სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს დავის საგანს. განსახილველ შემთხვევაში თ. ჯ-ი სასამართლოში წარდგენილი სარჩელით სადავოდ ხდის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ რ. ზ-ის საჩივრის განხილვის შედეგად მიღებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - 27.08.12წ. №20/7-680 დადგენილებას, რომლითაც გაუქმდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №გგ 143393 და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს.
საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს ზემოაღნიშნული სადავო აქტის შინაარსის განსაზღვრას და მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ შემდეგ გარემოებებზე: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციის მიერ შედგა სამართალდარღვევის ოქმი№115420, რომლითაც მოსარჩელე თ. ჯ-ი ასკ-ის 125.1 მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 250 ლარით.
თელავის რაიონული სასამართლოს 04.04.12წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველომ 21.06.12წ. შეადგინა ახალი სამართალდარღვევის ოქმი №143393, რომლითაც ასკ-ის 125.10 მუხლის საფუძველზე, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო ამჯერად დაჯარიმდა არა თ. ჯ-ი, არამედ საპატრულო პოლიციის ავტომობილის მძღოლი რ. ზ-ი. თავის მხრივ, მითითებული ოქმი გაასაჩივრა რ. ზ-მა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 27.08.12წ. №20/7-680 დადგენილებით მისი საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რ. ზ-ის დაჯარიმების თაობაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს მიერ მიღებული სამართალდარღვევის ოქმი №143393 და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს.
ამდენად, სადავო აქტის შედეგად წარმოიშვა ურთიერთობა, როცა არ არსებობს სამართალდარღვევის არცერთი ოქმი, ჯერ კიდევ დადგენილი არ არის სამართალდარღვევის ჩამდენი პირი და შესაბამისად, განსაზღვრული არ არის დაზარალებული.
ასკ-ის 271-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, დაზარალებულმა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა.
მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა საპატრულო პოლიციის მიერ დაკვალიფიცირებული იყო ასკ-ის 125.10 მუხლით და მიღებული იყო ამავე კოდექსის 2341 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული ურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს ასკ-ის 271-ე მუხლით დადგენილი რეგულაციები.
როგორც აღინიშნა, ასკ-ის 271-ე მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვისაც გააჩნია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების უფლება. ზემოაღნიშნული მოცემულობის პირობებში, საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს თ. ჯ-ი მიეკუთვნება თუ არა აღნიშნულ პირთა კატეგორიას იმ ვითარებაში, როდესაც ჯერ რეალურად სახეზე არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული აქტი, სამართალდამრღვევი გამოვლენილი არ არის და მისი დადგენა მოხდება მხოლოდ საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული აქტით.
ასეთ პირობებში, საკასაციო სასამართლო საქმის შემდგომი გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით საჭიროდ მიიჩნევს განსჯადმა სასამართლომ ყურადღება მიაქციოს სარჩელის (საჩივრის) დასაშვებობის წინაპირობებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ჯ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე