№ბს-130-129(კ-12) 28 დეკემბერი, 2012 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, მაია ოშხარელი
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორები – თ. ს-ე, გ. ტ-ე
მოწინააღმდეგე მხარი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური, აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
25.10.10წ. თ. ს-ემ და გ. ტ-ემ სარჩელი აღძრეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, დაბა ხელვაჩაურში, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ სარეგისტრაციო სამსახურის 12.03.09წ. №882009062196-03 და 21.10.09წ. №882009328530-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
10.03.08წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა სახელზე საკუთრების უფლებით, დაუზუსტებელი სახით აღირიცხა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე 1668,94 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 22.09.01.815). ნაკვეთზე მომზადდა საკადასტრო რუქა, რომელზეც აისახა ნაკვეთის მდებარეობა, კონფიგურაცია და მიმდებარე ტერიტორია. 17.09.10წ. მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. სარეგისტრაციო სამსახურმა 23.09.10წ. გადაწყვეტილებით შეაჩერა წარმოება იმ მოტივით, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ადგილი ჰქონდა ზედდებას რეგისტრირებულ მონაცემებთან. მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ 06.03.09წ. მოსარჩელეთა სახელზე დაუზუსტებელი ფორმით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირებული იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება, ხოლო 21.10.09წ. მიწა დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, რითაც უხეშად დაირღვა მოსარჩელეთა კანონიერი უფლებები.
მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და თავდაპირველ მოთხოვნებთან ერთად მოითხოვეს იმ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა რეგისტრაცია, კერძოდ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სოფ. ... მდებარე, 2249 კვ.მ მიწის ნაკვეთის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.03.09წ. №01-13/76 მიმართვის, სოფ. ... მდებარე, 2251 კვ.მ მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09.10.09წ. №10/1 განკარგულების, სოფ. ... მდებარე, 2251 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 15.10.09წ. №01-22/3573 მიმართვის ბათილად ცნობა. შესაბამისად, მოსარჩელეებმა მოპასუხეებად მიუთითეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ სადავო აქტებით ხელყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული საკუთრების უფლება, რამდენადაც მითითებული აქტებით რეგისტრაციას დაექვემდებარა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მოსარჩელეთა მოსაზრებით, საკუთრების უფლების ხელყოფის საფუძველს არ უნდა წარმოადგენდეს ის გარემოება, რომ მათ სახელზე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისას არ ხდებოდა გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში რეგისტრაცია, რამდენადაც მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა იმ დროს მოქმედი წესით და ტექნიკური საშალებებით, ხოლო შემდგომ სარეგისტრაციო წარმოების სისტემის შეცვლა არ უნდა იწვევდეს რეგისტრირებული უფლების გაუქმებას მით უფრო, რომ ახალი სისტემის დანერგვას არ გამოუწვევია მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის ან მნიშვნელობის დაკარგვა, ასევე კანონმდებლობით არ დადგენილა ადრე განხორციელებული რეგისტრაციების გადმოტანა ახალ სისტემაში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 29.04.11წ. გადაწყვეტილებით თ. ს-ისა და გ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 01.02.08წ. №2224 საკუთრების უფლების მოწმობის შესაბამისად სოფ. ... მდებარე 807,97 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა მ. დ-ე. 06.02.08წ. მიწის ნაკვეთი გასხვისდა რ. ფ-ეზე, ხოლო 10.03.08წ. ამ უკანასკნელმა ნაკვეთი მიჰყიდა გ. ტ-ესა და თ. ს-ეს. 29.04.08წ. მოსარჩელეების საკუთრებად ირიცხება სოფ. ... მდებარე 1668,94 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 06.03.09წ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს სოფ. ... მდებარე 26 ერთეული მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09.10.09წ. №10/1 განკარგულებით ხელვაჩლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ გადაეცა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო 15.10.09წ. სამინისტრომ რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს. რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ტ-ისა და თ. ს-ის საკუთრებაში რიცხული და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთები მოიცავდა ერთმანეთს.
რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტით, 16.2 მუხლის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმების შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იყო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე მიემართა სარეგისტრაციო სამსახურისათვის.
რაიონულმა სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის 57.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 58.2, 61-ე მუხლებით და მიუთითა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა სავალდებულო ინფორმაცია და დოკუმენტი. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ კანონიერად განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხელვაჩალურის მუნიციპალიტეტის სახელზე.
რაიონული სასამართლოს მითითებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სადავო 09.10.09წ. №10/1 განკარგულების გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი და კანონიერად განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ს-ემ და გ. ტ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს რაიონული სასამართლოს 29.04.11წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.11წ. განჩინებით თ. ს-ისა და გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 29.04.11წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, არ გაიზიარა აპელანტების არგუმენტი, რომ რაიონულ სასამართლოს არ გამოუკვლევია მოიცავდა თუ არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებული 2251 კვ.მ მიწის ნაკვეთი გ. ტ-ისა და თ. ს-ის საკუთრებად რეგისტრირებულ 1668,94 კვ.მ მიწის ნაკვეთს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზი 2251 კვ.მ მიწაზე მოიცავდა გ. ტ-ისა და თ. ს-ის საკუთრებად რეგისტრირებულ 1668,94 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელეთა სახელზე რეგისტრაცია განხორციელებული იყო დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, ამავე მიწის ფართზე ახალი უფლების რეგისტრაციისას რეგისტრირებულ მონაცემებსა და სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მონაცემებს შორის ვერ გამოვლინდა შეუსაბამობა (საკადასტრო ზედდების) ფაქტი და განხორციელდა ახალი უფლების რეგისტრაცია. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებს წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებულმონაცემებსა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.ვინაიდან მოსარჩელეთა საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, აღნიშნული შეუძლებელს ხდიდა მიწის ფართის საკადასტრო მონაცემების შესაბამისობის დადგენას მომიჯნავე საკადასტრო მონაცემებთან. ამასთან, რეგისტრირებულ მიწის ფართს არ გააჩნდა ზუსტი მისამართი, დაუდგენელი იყო მოსაზღვრე ტერიტორიები, მათი მისამართი და სხვა მაიდენტიფიცირებელი კოორდინატები, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა იმავე მიწის ფართზე ახალი უფლების რეგისტრაცია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ს-ემ და გ. ტ-ემ, რომლებმაც სააპელაციო სასამართლოს 27.10.11წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105.2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად არ გამოიკვლია და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. სასამართლოს უნდა დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, მოიცავდა თუ არა სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოსარჩელეთა კუთვნილ უძრავ ქონებას. სასამართლომ თავისი ინიციატივით დანიშნა საქმეზე ექსპერტიზა, რომლის დანიშვნა სსსკ-ის 162.1 მუხლის შესაბამისად ხდება, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია. ექსპერტიზის დანიშვნა მითითებული ნორმის თანახმად ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ თავისი ინიციატივით დანიშნა ექსპერტიზა, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ექსპერტიზის დასკვნის ადეკვატური უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია რა მიზანს ემსახურება ექსპერტიზა. მართალია, ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო და მას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ფაქტია, რომ სასამართლომ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა და ის ფაქტობრივი გარემოება, რომლის დადგენის მიზნითაც დაინიშნა ექსპერტიზა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, კერძოდ, დადასტურდა, რომ სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოიცავს მოსარჩელეთა კუთვნილ უძრავ ქონებას, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად სასამართლომ გამოიტანა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
ამდენად, კასატორების მოსაზრებით, სადავო აქტებით შეილახა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება, რომელიც სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო უფრო ადრე, ვიდრე სახელმწიფო საკუთრება. ადმინისტრაციულ ორგანოებს სადავო მიწის ნაკვეთის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ზაკ-ის 96-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გამოეკვლიათ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, რომ სადვო უძრავი ნივთი მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს მოიცავდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-ისა და გ. ტ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: გ. ტ-ემ და თ. ს-ემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ... შეიძინეს მიწის ნაკვეთი და 2008 წლის 29 აპრილიდან საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირდნენ 1668.94კვ/მ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებად.
2009 წლის 06 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ... მდებარე 26 ერთეული მიწის ნაკვეთის ამავე მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 09 ოქტომბრის განკარგულებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რიცხული, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.
2009 წლის 15 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრის სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში აღნიშნული მიწის ნაკვეთები აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
გ. ტ-ის და თ. ს-ის თანასაკუთრებაში რიცხულმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რიცხულმა მიწის ნაკვეთებმა მოიცვეს ერთმანეთი, რის გამოც გ. ტ-ეს და თ. ს-ეს უარი ეთქვათ მიწის ნაკვეთის დაზუსტებულ რეგისტრაციაზე.
მოსარჩელეების გ. ტ-ის და თ. ს-ის მოთხოვნას წარმოადგენს ყველა იმ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომელთა საფუძველზეც მათ სახელზე დაუზუსტებელი რეგისტრაციით რიცხული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ჯერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ხოლო შემდგომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
საგულისხმოა, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს წარმოდგენილი იქნა ხელვაჩაურის რ-ნული სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ... მდებარე 860.97 მიწის ნაკვეთზე ა. დ-სა და გ. ტ-ესა და თ. ს-ეს შორის 2008 წლის 10 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ... მდებარე 807.97 კვ/მ მიწის ნაკვეთზე მ. დ-ესა და რ. ფ-ეს შორის 2008 წლის 05 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და იმავე მუნიციპალიტეტის სოფ. ... 807.97 კვ/მ მიწის ნაკვეთზე რ. ფ-ესა და გ. ტ-ესა და თ. ს-ეს შორის 2008 წლის 10 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
დადგენილა, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისათვის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია და გაუქმებულია თ. ს-ისა და გ. ტ-ის სახელზე საჯარო რეესტრში 1668.94 კვ/მ მიწის ნაკვეთზე არსებული რეგისტრაცია. ამდენად, საქმის განხილვის ამ ეტაპზე კასატორები (მოსარჩელეები) არ წარმოადგენენ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს.
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელ ძირითად თავისებურებას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-179-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის წინაპირობებს, რის შემდგომაც სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა იმსჯელოს სარჩელის მატერიალურ დასაბუთებულობაზე.
სარჩელის დასაშვებობის საკითხს სასამართლო ამოწმებს სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, თუმცა საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის შემდგომ გამოვლინდა სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოებას წყვეტს პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. იმავე მუხლის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე-25-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს.
სასარჩელო მოთხოვნის ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე. ასეთ პირობებში სარჩელი შესაძლოა დასშვები გახდეს, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან ზღუდავს მის უფლებებს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორები (მოსარჩელეები) საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვის მომენტისათვის აღარ წარმოადგენენ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილადაა ცნობილი ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენდა მათ სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველს, შესაბამისად არცერთი სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ამ ეტაპისათვის სამართლებრივ შემხებლობაში არ იმყოფება მოსარჩელეთა უფლებებთან, არ აყენებს მათ პირდაპირ და უშუალო ზიანს და არ ლახავს მათ კანონიერ ინტერესს. მოსარჩელეებს მითითებული სადავო აქტების მიმართ აღარ გააჩნიათ კანონიერი უფლება ან ინტერესი, რაც ამ ეტაპზე წარმოადგენს საქმის დაუშვებლობის მოტივით შეწყვეტის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლით, 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ს-ისა და გ. ტ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;
2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება და Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება;
3. საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
4. საქმის წარმოების შეწყვეტის გამო თ. ს-ეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი 150 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
მ. ოშხარელი