Facebook Twitter

№ბს-142-141(კ-12) 6 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა: შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ ხატია ბერიკაშვილი

კასატორი – რ. გ-ა; წარმომადგენელი – ნ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; წარმომადგენელი – ლ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება

სარჩელის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 31 აგვისტოს რ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის იძულებით გადაადგილებული პირი - აფხაზეთიდან. 2010 წლის 1 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. სამინისტრომ კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ გამოსცა შესაბამისი აქტი, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში.

მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, რ. გ-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართვლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ დღემდე არ შესრულებულა, რაც მატერიალურ ზიანს აყენებს მას, ვინაიდან, იგი ვერ იღებს დევნილის შემწეობას, ყოველთვიურად 28 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ ზიანის სახით – 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 28 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 აგვისტოს №517 ბრძანებულების საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ... წლის ... მარტს საქართველოში დაბადებულ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – რ. გ-ას, მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (გაცემის თარიღი 08.2009წ) თანახმად, მოქალაქე – რ. გ-ას მისამართია გაგრა, ... ქ. №460. ამასთან, მოსარჩელის ოჯახის წევრებს (შვილებს და მეუღლეს) მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2010 წლის 1 სექტემბერს რ. გ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის №/4135-10 გადაწყვეტილებით რ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, რ. გ-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 2011 წლის 28 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. მოპასუხეს – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რ. გ-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციას, დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობასა და დევნილის სტატუსის მინიჭებას ახორციელებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ხსენებული კანონის პირველი მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად-დევნილად ჩაითვლებოდა საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. სასამართლომ ასევე მიუთითა დასახელებული კანონის მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ პირი, რომელიც აღნიშნულ კანონში ჩამოთვლილი მიზეზების გამო, დატოვებდა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავდა სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებლის, დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღებოდა განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა შეესწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და აღნიშნულის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება რ. გ-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ანუ მოპასუხეს დაევალა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და არა პირდაპირ, ყოველგვარი შესწავლის გარეშე მიენიჭებინა რ. გ-ასათვის დევნილის სტატუსი. აღნიშნული კი მოიცავდა ისეთ შემთხვევასაც, როდესაც სამინისტროს საქმის გარემოებათა შესწავლის შედეგად, შესაძლოა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ. გ-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საკითხის შესწავლის აუცილებლობა და მხოლოდ შემდეგ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მართალია, რ. გ-ა რეგისტრირებული იყო მისამართზე გაგრა, ..., ... ქ. №460, მაგრამ უდავო იყო ის გარემოება, რომ იგი რუსეთის მოქალაქე იყო და საქართველოს მოქალაქეობა 2009 წელს მიენიჭა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჭირო იყო იმ საკითხის შესწავლა, აკმაყოფილებდა თუ არა მოსარჩელე ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რათა მინიჭებოდა აღნიშნული სტატუსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვლა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თუ სამინისტრო კანონით დადგენილ ვადაში გამოსცემდა აქტს, რ. გ-ა მიიღებდა დევნილის შემწეობას.

საქალაქო სასამართლოს მითითებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელი იყო სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ იყო დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურებულიყო არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლებოდა შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დევნილი იღებდა ყოველთვიურ შემწეობას, ხოლო ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების 105 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის ოდენობა კერძო სექტორში განსახლებულ ერთ დევნილსა და ლტოლვილზე შედგენდა – 28 ლარს.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი წინაპირობები შემოიფარგლებოდა კონკრეტული ვალდებულებითი ურთიერთობებით და დამოკიდებული იყო ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემოსავლის მიღების ალბათობაზე. ანუ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენდა სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელი იყო, გათვალისწინებული ყოფილიყო, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი იყო ის, რომ ზიანი უნდა ყოფილიყო ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. განსახილველ შემთხვევაში რ. გ-ას ამ ეტაპზე არ ჰქონდა მინიჭებული დევნილის სტატუსი და იგი გადაწყდებოდა მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შემდეგ. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ დევნილის შემწეობის მიღების უფლებამოსილება ენიჭებოდა მხოლოდ ამ სტატუსის მატარებელ პირს, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ იყო გადაწყვეტილი მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი, უსაფუძვლო იყო სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით რ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებლის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. რ. გ-ამ სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 2010 წლის 1 სექტემბერს მიმართა. შესაბამისად, სამინისტროს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება 2010 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა მიეღო, რაც არ განუხორციელებია.

კასატორის განმარტებით, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილი იღებს ყოველთვიურ შემწეობას. ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების 105-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” პუნქტის თანახმად კი იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის ოდენობა კერძო სექტორში განთავსებულ ერთ დევნილსა და ლტოლვილზე შეადგენს 28 ლარს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციული ორაგნოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში თუ მოპასუხე ჯეროვნად შეასრულებდა ვალდებულებას, მაშინ რ. გ-ა დევნილის შემწეობის სახით ყოველთვიურად მიიღებდა 28 ლარს. ვინაიდან, ვალდებულება ჯეროვნად ვერ იქნა შესრულებული, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა.

კასატორი არ დაეთანხმა ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას და აღნიშნა, რომ მართალია, სასამართლოს არ შეეძლო ზუსტად სცოდნოდა საკითხის შესწავლის და შესაბამისი აქტის გამოცემის შემთხვევაში რა შედეგი დადგებოდა, მაგრამ სამინისტრო არ ასრულებდა სასამართლო გადაწყვეტილებას, რითაც ზიანს აყენებდა რ. გ-ას.

კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №ბს-348-345(კ-11) გადაწყვეტილებაზე და მიიჩნია, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლოს მიერ განიმარტა მსგავს ვითარებაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. გ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი რ. გ-ას საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 31 მაისს 12:30 საათზე.

2012 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე კასატორის – რ. გ-ას წარმომადგენელმა ნ. ქ-ემ საბოლოოდ დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა. კასატორის წარმომადგენელმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის რ. გ-ას სასარგებლოდ, ზიანის სახით – 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 აპრილამდე ყოველთვიურად 28 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. გ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილების შემდეგ, კასატორმა – რ. გ-ამ დატოვა საქართველოს ტერიტორია (ისე, რომ არ მიუღია დევნილის სტატუსი) და გადავიდა საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციაში, სადაც მიიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა და შესაბამისად, შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 აგვისტოს №517 ბრძანებულებით საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ... წლის ... მარტს საქართველოში დაბადებულ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რ. გ-ას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. ამდენად, რ. გ-ა გახდა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით (გაცემის თარიღი 08.2009წ) დასტურდება, რომ მოქალაქე რ. გ-ას მისამართია გაგრა, ... ქ. №460. ამასთან, კასატორის ოჯახის წევრებს (შვილებს და მეუღლეს) მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 1 სექტემბერს რ. გ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. სამინისტრომ აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაატარა და განცხადება უპასუხოდ დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის №/4135-10 გადაწყვეტილებით რ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, რ. გ-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის №/4135-10 გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2011 წლის 28 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის მარტში, საკასაციო სასამართლოს მიერ რ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპზე, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში 2012 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებებისა და ამავე კანონის I და II მუხლების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124-ე ბრძანების მე-2 მუხლის შესაბამისად, რ. გ-ას მიენიჭა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის სტატუსი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე კანონის მე-2 მუხლი კი განსაზღვრავს დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების წესს, რომლის თანახმადაც, პირი, რომელიც ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.

დადგენილია, რომ 2012 წლის მარტში რ. გ-ას მიენიჭა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, შესაბამისად, 2012 წლის აპრილიდან მასზე გაიცემა კანონით გათვალისწინებული დევნილის შემწეობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში რ. გ-ას სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე, მატერიალური ზიანის - მიუღებელი შემწეობის თანხის 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ანაზღაურება წარმოადგენს. კასატორი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს 2010 წლის ოქტომბერში (სამინისტროსათვის მიმართვიდან 1 თვეში) უნდა მიენიჭებინა მისთვის დევნილის სტატუსი და შესაბამისად, გაეცა მასზე კანონით გათვალისწინებული შემწეობა - 28 ლარის ოდენობით. სამინისტროს მიერ კანონით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კი მას მატერიალური ზიანი მიადგა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, წარმოადგენდა თუ არა რ. გ-ას მიერ - 2010 წლის 1 სექტემბერს სამინისტროში განცხადების შეტანა (მის მიერ ნების გამოვლენა), ნამდვილი უფლების რეალიზების საფუძველს, ანუ მოჰყვებოდა თუ არა აღნიშნული ნების გამოვლენას რეალური შედეგი - დევნილის სტატუსის მინიჭება. შესაბამისად, დასადგენია, თუ რომელი პერიოდიდან წარმოეშვა რ. გ-ას დევნილის სტატუსის მიღების უფლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ რ. გ-ამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით 2010 წლის 1 სექტემბერს მიმართა. ამდენად, რ. გ-ამ ნება დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ 2010 წლის 1 სექტემბერს გამოავლინა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნების პრეზუმფციაზე მითითებისას არსებითია, რომ უფლების რეალიზების მოთხოვნა დროში ემთხვეოდეს უფლების არსებობის მომენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნას ეცლება კანონისმიერი საფუძველი, რაც აღნიშნულ ნების გამოვლენას უსაფუძვლოს ხდის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გასარკვევად მნიშვნელოვანია განიმარტოს თავად დევნილის ცნება და დაკონკრეტდეს, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი იმისათვის, რომ გახდეს აღნიშნული სტატუსის მაძიებელი და საბოლოოდ მიენიჭოს დევნილის სტატუსი.

2010 წლის სექტემბერში მოქმედი „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავდა დევნილის ცნებას და აღნიშნული სტატუსის მინიჭების უფლების მქონე პირებს, კერძოდ, ხსენებული ნორმის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ჩაითვლებოდა საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონი დევნილის სტატუსის განმსაზღვრელ აუცილებელ პირობად ითვალისწინებდა საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის მდგომარეობას, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. ამდენად, პირის დევნილად ცნობისათვის აუცილებელი იყო დაცული ყოფილიყო როგორც სუბიექტურობის, ისე ტერიტორიულობის პრინციპი, კერძოდ, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი უნდა გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებდა ხსენებული წესიდან ერთგვარ გამონაკლისს, კერძოდ, როდესაც პირი ზემოაღნიშნული მიზეზების გამო მართალია დატოვებდა საქართველოს ფარგლებს, მაგრამ არ გავიდოდა საქართველოს იურისდიქციის სფეროდან, კერძოდ, არ მიიღებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, დარჩებოდა საქართველოს მოქალაქედ, ხოლო საქართველოს ფარგლების დატოვების შემთხვევაში აღრიცხვაზე ასაყვანად მიმართავდა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას (კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი). ამდენად, კანონმდებელი აღნიშნული კანონის მოქმედებას ცალსახად ავრცელებდა იმ პირებზე, რომლებიც საქართველოს იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის განმარტებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ის მეთოდი, რომელიც ყველაზე ნათლად და ობიექტურად ხსნის როგორც ნორმის არსს, ისე მისი მოქმედების ფარგლებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ერთმანეთს შევადაროთ დევნილის სტატუსის მქონე პირი და ამგვარ სტატუსზე უფლების მქონე პირი. „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (2010 წლის სექტემბერში მოქმედი რედაქციის) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი დევნილის სტატუსის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად პირდაპირ მიუთითებდა შემთხვევას, თუ პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდებოდა საქართველოს მოქალაქეობა, ამასთან, იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებდა ამ სტატუსის აღდგენის შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ პირს აღუდგებოდა ან მიენიჭებოდა ორმაგი მოქალაქეობა. ამდენად, ნათელია, რომ კანონმდებლობა არ იძლეოდა ამგვარი სტატუსის აღდგენის შესაძლებლობას, შესაბამისად, ნათელია კანონმდებლის ნება იმისა, რომ აღნიშნულს ის არც ხსენებული სტატუსის მოპოვების მსურველ პირს ანიჭებდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1948 წლის 1 მარტს საქართველოში დაბადებულ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რ. გ-ას საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 აგვისტოს №517 ბრძანებულებით საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ. გ-ას გადაადგილება არ მომხდარა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, მან დატოვა საქართველოს ტერიტორია და მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. ამასთან, რ. გ-ა არამარტო საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაადგილდა, არამედ საქართველოს იურისდიქციის სფეროდანაც გავიდა, მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. 2009 წლის 14 აგვისტოდან ორმაგი მოქალაქეობის მიღებით კი ის ვეღარ მოექცა პირვანდელ რეჟიმში, რითაც დაკარგა იმ სტატუსის მოპოვების უფლება, რასაც მითითებული კანონი განსაზღვრავდა, ვინაიდან, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ამგვარი სტატუსის და შესაბამისად, ამგვარი სტატუსის მიღების უფლების აღდგენის შესაძლებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. გ-ას მიერ ნების გამოვლენის პერიოდში - 2010 წლის 1 სექტემბერს მოქმედი „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იგი არ აკმაყოფილებდა ხსენებული კანონით დადგენილ იმ აუცილებელ ნიშანს, რომელიც ანიჭებდა პირს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული სტატუსის მოპოვების უფლებას. ამდენად, მოსარჩელის მიერ ნების გამოვლენის მომენტისათვის არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წლის 23 დეკემბრის N5597-რს კანონით (ამოქმედების თარიღი - 2011 წლის 30 დეკემბერი) განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე ახლებურად ჩამოყალიბდა დევნილის ცნება და მის აუცილებელ ელემენტად კანონი აღარ ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილებას, კერძოდ, ხსენებული ნორმის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ კანონმდებელმა დაუშვა დევნილის სტატუსის აღდგენის შესაძლებლობაც იმ შემთხვევაში, თუ პირს დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიენიჭა/აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა (კანონის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაადგილებულ, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, დევნილის სტატუსის მიღების უფლება მიენიჭა მხოლოდ 2011 წლის 23 დეკემბრის N5597-რს კანონით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, რომელიც ამოქმედდა - 2011 წლის 30 დეკემბერს.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ რ. გ-ას მსგავსად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილის სტატუსი, სწორედ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მიენიჭათ. ამდენად, სამინისტროს მიერ რ. გ-ას მიმართ დაცულია თანაზომიერებისა და თანასწორობის პრინციპი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის 2010 წლის 1 სექტემბრის განცხადება საფუძვლიანი გახდა მხოლოდ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წლის 23 დეკემბრის N5597-რს კანონით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, რომელიც ამოქმედდა - 2011 წლის 30 დეკემბერიდან. ამდენად, მოსარჩელის ნების გამოვლენას პოზიტიური შედეგი - დევნილის სტატუსის მინიჭების სახით მხოლოდ 2011 წლის 30 დეკემბრიდან მოჰყვებოდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ 2012 წლის მარტში, (3 თვის) დაგვიანებით მოხდა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭება, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი, კერძოდ, 2012 წლის იანვრიდან ვერ მიიღო დევნილთათვის განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, დევნილის უფლებებს იცავს სახელმწიფო. ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად კი, დევნილთათვის ამ კანონის შესაბამისად, გასაწევი ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც სასარჩელო მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიუღებელი შემწეობის თანხის ანაზღაურება წარმოადგენს, საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლი, რომლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების 105 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” პუნქტის თანახმად, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის ოდენობა კერძო სექტორში განსახლებულ ერთ დევნილზე, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე შეადგენს – 28 ლარს.

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2012 წლის მარტში მოხდა რ. გ-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭება (შემწეობას იღებს აპრილიდან), ხოლო მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების კანონიერი საფუძველი არსებობდა 2011 წლის 30 დეკემბრიდან (საკანონმებლო ცვლილებიდან), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 აპრილამდე, მატერიალური ზიანის - მიუღებელი შემწეობის სახით - 28 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

ამასთან, რაც შეეხება კასატორის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის №ბს-348-345 გადაწყვეტილებაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ №ბს-348-345 საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები არსებითად განსხვავდებოდა მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისაგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. გ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რ. გ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რ. გ-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მატერიალური ზიანის – მიუღებელი შემწეობის – 28 ლარის, 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 აპრილამდე ანაზღაურება, სულ 84 ლარის ოდენობით, რ. გ-ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

G გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. რ. გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. რ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის _ მიუღებელი შემწეობის _ 28 ლარის, 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 აპრილამდე ანაზღაურება, სულ – 84 ლარი;

5. რ. გ-ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე