Facebook Twitter

#ბს-1548-1527(კ-11) 28 dekemberi,2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) – ვ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ნ. კ-ი, თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერია

მესამე პირი – გ. კ-ე

დავის საგანი – ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და საცხოვრებელი ბინების გაცვლის ორდერის ბათილად ცნობა.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. კ-ემ 05.10.09წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ ნ. კ-ის მიმართ და მოითხოვა 06.07.2000წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. შემდგომში საქმეში მოპასუხედ ჩაერთო თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერია. მოსარჩელემ 06.07.2010წ. სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი. 19.10.10წ. განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა, მოსარჩელემ მოითხოვა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და გაცვლის ორდერის ბათილად ცნობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იყო საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. რუსთავი, მე–... მ/რ, ..., კანონიერი მფლობელი. ვ. კ-ის დედის – თ. ბ-ის ვალის გამო, მოსარჩელემ დროებითი გარანტიის სახით, გადასცა კრედიტორს დ. ც-ს ბინის გასაღები ვალის დაბრუნებამდე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ რამოდენიმე თვის შემდეგ დაუბრუნა ვალი კრედიტორს და მოსთხოვა დ. ც-ს გასაღების დაბრუნება. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად კრედიტორმა არ დაუბრუნა ბინის გასაღები. შემდგომში ცნობილი გახდა, რომ ბინაში ცხოვრობდა მისთვის უცნობი ხალხი. აღნიშნულთან დაკავშირებით ვ. კ-ემ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, დადგინდა, რომ ვ. კ-ის ბინის პრივატიზაცია ნ. კ-ის სახელზე მოხდა ყალბი გაცვლის ორდერის საფუძველზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ნ. კ-ის მამის – ს. კ-ის სახელზე გაცემული საცხოვრებელი ბინის ორდერი ყალბია, რადგან მის გაცემამდე მოსარჩელეზე იყო ბინა ორდერით გაცემული, ამასთანავე, ს. კ-სა და ვ. კ-ეს შორის ბინების გაცვლის გარიგება არ დადებულა, როგორც ეს ორდერშია მითითებული. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო მოპასუხე ნ. კ-ისთვის, თუმცა მის მიერ მაინც განხორციელდა სადავო ბინის თავის სახელზე პრივატიზება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.02.2011წ. გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: რუსთავის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ 29.11.1990წ. გაცემული #796 ორდერით ვ. კ-ეს სარგებლობაში გადაეცა ქ.რუსთავში, მე-... მ/რ-ის #...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც 1990-1991 წწ. გამოყენებულ იქნა მოსარჩელის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად. სასესხო ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო, სადავო ბინა გადავიდა კრედიტორის ე. ქ-ის სარგებლობაში, რაც 2009 წლამდე მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. საქმეში დაცული 18.08.1995წ. საცხოვრებელი ფართების გაცვლის შესახებ ორდერის თანახმად, ს. კ-მა თავისი საცხოვრებელი ბინა გაცვალა ვ. კ-ის ბინაში, რომელიც იმჟამად ე. ქ-ის სარგებლობაში იყო. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა ქ.რუსთავის მერიის ბინების გაცვლის განყოფილების უფროსმა, რომლის მიერაც სადავო ორდერია ხელმოწერილი. ქ.რუსთავში მე-... მ/რ #...-ში მდებარე ბინას დღეის მდგომარეობით ფლობს მოპასუხე ნ. კ-ი – 21.03.2000წ. გარდაცვლილი ს. კ-ის შვილი. ნ. კ-მა 06.07.2000წ. განახორციელა აღნიშნული ფართის თავის სახელზე პრივატიზება და საჯარო რეესტრში საკუთრებაში აღრიცხვა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. კ-ესა და ს. კ-ს შორის უშუალოდ არ დადებულა ბინების გაცვლის ხელშეკრულება, აღნიშნული განხორციელდა ე. ქ-ისა და ს. კ-ის ინიციატივით ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების მიერ მსგავსი გარიგებისთვის იმ დროს მოქმედი წესების დარღვევით. სასამართლო მიიჩნია, რომ პრივატიზაციის განხორციელებისას მოპასუხე ნ. კ-ის არაკეთილსინდისიერება არ დასტურდება. საქალაქო სასამართლო დაეყრდნო რა სზაკ-ის 65-ე მუხლს, მიუთითა, რომ 06.06.2000წ. სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულება მიჩნეულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად. შესაბამისად, მისი კანონიერების შემოწმებაც ერთგვარად სახელშეკრულებო ურთიერთობის შემოწმების ფარგლებში უნდა მოექცეს. მართალია, სადავო ხელშეკრულება ბათილია, რადგან დაცული არ იყო მისი საფუძვლის - გაცვლის ორდერის ნამდვილობის წინაპირობები, თუმცა აღნიშნული გარიგების შედეგად მესამე პირმა ისე მიიღო უფლებები უძრავ ნივთზე, რომ ის ამ მიღების მიმართ იყო კეთილსინდისიერი. სასამართლო დაეყრდნო მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992წ. #107 დადგენილების მე-5 პუნქტს და მიუთითა, რომ ნ. კ-ი, როგორც დამქირავებლის ოჯახის წევრი, ფაქტობრივად სარგებლობდა საცხოვრებელი ბინით, როგორც მამის სიცოცხლეში, ისე მისი გარდაცვალების შემდეგ. სკ–ის 1507-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, ს. კ-მა სადავო ბინაზე უფლებები მოიპოვა ამჟამად მოქმედი სკ–ის ამოქმედებამდე, მაგრამ სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას მოქმედებდა სამოქალაქო კოდექსი სრულად, რის გამოც ნ. კ-ის სასარგებლოდ მოქმედებდნენ სკ–ის 185-ე და 187-ე მუხლების დანაწესები. ამასთან, მოსარჩელემ ვერ შეასრულა ასკ–ის მე-17 მუხლისა და სსკ–ის 102-ე მუხლების მოთხოვნები: ვერ წარმოადგინა თავისი სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2011წ. განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 23.02.2011წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი ფართების გაცვლის შესახებ 18.08.1995 წ. №150 ორდერით გაფორმდა ... გამზ. №... ბინის გაცვლა ს. კ-სა და ვ. კ-ეს შორის მე–... მ/რ, №...–ში მდებარე ბინაზე. დადგენილად იქნა მიჩნეული აგრეთვე, რომ 06.07.2000 წ. დაიდო პრივატიზაციის ხელშეკრულება მუნიციპალიტეტსა და ს. კ-ის შვილს – ნ. კ-ს შორის, რომლის საფუძველზე უკანასკნელს საკუთრებაში გადაეცა მე–... მ/რ №... ბინა. სასამართლო დაეყრდნო სადავო ბინის ვ. კ-ის მიერ ე. ქ-ისთვის დათმობის დროისთვის მოქმედი საბინაო კოდექსის მე-100 მუხლს და აღნიშნა, რომ ვ. კ-ე 2000 წლის 6 ივლისისთვის სადავო ფართში არ ცხოვრობდა და არც რაიმე დავას აწარმოებდა ე. ქ-ესთან ბინის მის მფლობელობაში დაბრუნების მოთხოვნით, რის გამოც ავტომატურად დაეკარგა სადავო ფართით სარგებლობის უფლება, შესაბამისად, ვ. კ-ის იურიდიული ინტერესი მისი კანონიერი უფლების აღდგენის თვალსაზრისით, სამართლებრივად გაუმართლებელია, მიუხედავად საცხოვრებელი ფართების გაცვლის შესახებ #150 ორდერის სიყალბისა. გარდა ამისა, პალატამ სკ–ის 1507-ე, 129.1 და 128.3 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელეს მოთხოვნა წარმოეშვა 90-იანი წლებიდან, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარედგინა 2009 წლის ოქტომბერში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2011წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საბინაო კოდექსის მე-100 მუხლი, რადგან სადავო ბინა მას არ მიუტოვებია, მხოლოდ მასთან ერთად ბინაში ცხოვრების უფლება მისცა ე. ქ-ეს (იგივე დ. ც-ს). არასწორად მოხდა ასევე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა: მოსარჩელემ მხოლოდ საჯარო რეესტრის 08.07.08წ. წერილით შეიტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო პრივატიზაციის სადავო ხელშეკრულება 06.07.2000წ. გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება მოხდა არასრული მასალების საფუძველზე, რაც სასამართლომ მოსარჩელის არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, არ გამოიკვლია. კასატორი თვლის, რომ მოპასუხე ნ. კ-ი არ შეიძლება ჩაითვალოს კეთილსიდისიერ შემძენად, რადგან პრივატიზაციის ხელშეკრულება თავისი ბუნებით ნივთის უსასყიდლო გადაცემაა. საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და სისხლის სამართლის #012090243 საქმეზე პროკურატურის 17.08.09წ. დადგენილებით დასტურდება, რომ ნ. კ-ისათვის ცნობილი იყო სადავო ორდერის სიყალბის შესახებ.

კასატორმა წარმოადგინა პრეტენზიები საქმეზე დადგენილ გარემოებებთან დაკავშირებით. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ 17.08.1995წ. გაცვლის შესახებ ორდერით გაფორმდა ბინის გაცვლა ს. კ-სა და ვ. კ-ეს შორის. ის, რომ რეალურად გაცვლა არ გაფორმებულა დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე 17.08.09წ. დადგენილებით. კასატორი არ ეთანხმება აგრეთვე იმას, რომ ნ. კ-ისათვის არ იყო ცნობილი 17.08.95წ. ორდერის სიყალბის შესახებ. რუსთავის რაიონული პროკურატურის 17.08.09წ. დადგენილებით ნ. კ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა ხანდაზმულობის გამო. ის, რომ ნ. კ-ისათვის იყო ცნობილი ორდერის სიყალბის შესახებ დასტურდება აგრეთვე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის დასკვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა–განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ რუსთავის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 28.11.1990წ. N2012 გადაწყვეტილების საფუძველზე ვ. კ-ის სახელზე გაიცა 29.11.94წ. №796 ორდერი. აღნიშნულით ვ. კ-ეს სარგებლობაში გადაეცა ქ. რუსთავში, მე–... მ/რ, №... სახლის N... ოთხოთახიანი ბინა. მხარეთა შორის დავას არ იწვევს, საქმეზე დადგენილი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ 1990–91 წ.წ. საცხოვრებელი ბინა, მოსარჩელის დედის მიერ აღებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, სარგებლობაში გადაეცა ე. ქ-ეს. სესხი დათქმულ დროს არ დაუბრუნდა ე. ქ-ეს, რის გამოც უკანასკნელს საცხოვრებელი ბინა დარჩა სარგებლობაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. კ-ის სახელზე გაცემული მე–... მ/რ №... სახლის №... ოთხოთახიანი ბინა, რ. კ-სა და ვ. კ-ეს შორის 16.08.95წ. გაფორმებული გაცვლის ორდერის საფუძველზე, გაიცვალა ... გამზირი №... სახლის №... ოროთახიან ბინაში, რომელიც 16.08.95 წ გაცვლის ორდერის შედგენის მომენტისათვის ს. კ-ს ერთხელ უკვე გაცვლილი ჰქონდა და მეორედ ვერ გაცვლიდა. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ ქ. რუსთავში, ... გამზირი №... სახლის №... ბინას დღეის მდგომარეობით ფლობს გ. კ-ე, ხოლო ქ. რუსთავში მე–... მ/რ №... სახლის №... ბინა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით, ირიცხება ნ. კ-ის სახელზე. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ვ. კ-ეს და ს. კ-ს შორის არ შემდგარა გარიგება საცხოვრებელი ბინის გაცვლის შესახებ, ვ. კ-ეს ბინების გაცვლაზე ნება არ გამოუვლენია. გაცვლის ორდერი გაფორმებულ იქნა ე. ქ-ისა და ს. კ-ის ინიციატივით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე. ქ-ემ, რომელიც მუშაობდა ქ. რუსთავის სამმართველოს ერთ-ერთ სამსახურში, გააფორმა 18.08.1995წ. გაცვლის ორდერი, რომლითაც სადავო საცხოვრებელი ბინა გაუცვალა აწგარდაცვლილ ს. კ-ს. ორდერი დამოწმებულია ქ. რუსთავის მერიის ბინების გაცვლის განყოფილებაში და ხელმოწერილია ამავე განყოფილების უფროსის ო. ა-ის მიერ. ე. ქ-ის სარგებლობაში ბინა აღმოჩნდა ვ. კ-ის ოჯახის მიერ სესხის დაუბრუნებლობის გამო, თუმცა მხარეთა მიერ არ ყოფილა დაცული მსგავსი გარიგებისათვის იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის წესები. ამასთანავე, ვ. კ-ეს არ გამოუვლენია ბინის ს. კ-ისათვის გაცვლის ნება, მით უფრო, რომ 17.08.05წ. N150 გაცვლის ორდერში მითითებული ... გამზირი №... სახლში მდებარე ოროთახიანი №... ბინა, როგორც უკვე აღინიშნა, ს. კ-ს მიერ მანამდე რამოდენიმე წლით ადრე უკვე გაცვლილი ჰქონდა. აღნიშნული დასტურდება 17.10.1992 წ. №199 გაცვლის ორდერით, რომლის მიხედვით ... ქ. №... სახლის №... ოროთახიანი ბინა ს. კ-ის მიერ გაიცვალა ამავე (№57) სახლის №108 ერთოთახიან ბინაში, რომელშიც გ. კ-ე ცხოვრობდა. გ. კ-ის განმარტებით №101 ბინაში საცხოვრებლად ის გადავიდა ბინების გაცვლისთანავე, რომელშიც ამჟამადაც ცხოვრობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აწგარდაცვლილი ს. კ-ი სადავო ბინას დაეუფლა გაყალბებული გაცვლის ორდერის საფუძველზე.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 06.06.2000წ. პრივატიზაციის ხელშეკრულება დაიდო ქ. რუსთავის მერიის მუნიციპალიტეტსა და ს. კ-ის შვილს – ნ. კ-ს შორის, რომლის საფუძველზე ნ. კ-ს საკუთრებაში გადაეცა სადავო საცხოვრებელი ბინა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. რუსთავში, მე–... მ/რ №... სახლის №... ბინა საკუთრების უფლებით ერიცხება ნ. კ-ს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბინის პრივატიზების შესახებ ხელშეკრულების დადების პერიოდში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. №107 დადგენილების მიხედვით ბინის პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) უფლება ენიჭებოდათ პირებს, რომლებსაც გააჩნდათ ბინით სარგებლობის უფლება. ნ. კ-ი არ იყო ბინის დამქირავებელი, გაყალბებული გაცვლის ორდერი არ ქმნიდა ბინით სარგებლობის და მაშასადამე მისი პრივატიზაციის უფლებას. დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნ. კ-ი ნივთზე უფლების მიღების მიმართ მოქმედებდა კეთილსინდისიერების ფარგლებში. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელსა და ნ. კ-ს შორის 06.07.2000 წ. ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო 17.08.95წ. №150 გაცვლის ორდერი, რომლითაც ქ. რუსთავში, ... გამზირი №... მდებარე №... ოროთახიანი ბინა გაიცვალა ... მ/რ №... სახლის №... ოთხოთახიან ბინაზე, ნ. კ-ისათვის შესაძლებელია უცნობი ყოფილიყო რომ ვ. კ-ეს ბინის გაცვლაზე ნება არ გამოუვლენია, მაგრამ მისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომ 17.08.05წ. N150 გაცვლის ორდერში მითითებული ... გამზ. №...–ში №... ბინა 17.10.92წ. (ტ. 1, ს.ფ. 184) უკვე გაცვლილი იყო მისი მშობლის - ს. კ-ის მიერ და მასში გაცვლისთანავე ცხოვრობდა გ. კ-ის ოჯახი. ის გარემოება, რომ ნ. კ-ისათვის ცნობილი იყო ... (ამჟამად...) გამზ. №... ბინის გ. კ-ისათვის გაცვლის შესახებ დასტურდება ნ. კ-ის 13.07.09წ. ჩვენებით, რომელიც მან მისცა რუსთავის რაიონულ პროკურატურას, სისხლის სამართლის №012090243 საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის კანონიერების შესახებ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის 18.11.09წ. დასკვნით. აღნიშნულთან დაკავშირებით საფუძველს არის მოკლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სკ-ის 185-ე, 187-ე მუხლებზე მითითება, ვინაიდან შემძენის კეთილსინდისიერება გამსხვისებლის მიმართ ანუ სადავო ბინის სახელმწიფო საკუთრებაში ყოფნა, დავას არ იწვევს და არ ადასტურებს უძრავ ნივთზე ნ. კ-ის მიერ საკუთრების უფლების შეძენის კანონიერებას, ვინაიდან დავა ეხება უძრავ ქონებაზე სარგებლობის უფლების მოპოვების კანონიერებას, რაც შემდგომში გახდა სახელმწიფოსაგან უსასყიდლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების საფუძველი.

არ არის საკმარისად დასაბუთებული სააპელაციო პალატის მოსაზრება მოსარჩელის მიერ სადავო ბინაზე უფლების დაკარგვის შესახებ. აღნიშნულს არ ადასტურებს იმჟამად მოქმედი საბინაო კოდექსის მე–100 მუხლი, ვინაიდან ექვსი თვის განმავლობაში ფართის მიტოვება ავტომატურად არ იწვევდა ფართზე უფლების დაკარგვას, ამგვარი სამართლებრივი შედეგის დადგომას იწვევდა მმართველობის ორგანოს მიერ ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. დამქირავებლის ნების გარეშე საცხოვრებელ სადგომზე უფლებადაკარგულ პირად ცნობა, მისი ამ სადგომში დადგენილ ვადაზე მეტი ხნით არყოფნის გამო, საჭიროებდა სასამართლოს მიერ, დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე, ქირავნობის ხელშეკრულების მოშლას. დამქირავებლის ან მისი ოჯახის წევრთა ექვს თვეზე მეტი ხნით დროებით სხვაგან ყოფნა შესაძლოა განხილულიყო საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის შესახებ სარჩელის საფუძვლად, საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება ძალაში რჩებოდა მანამდე, ვიდრე საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება გასაჩივრებული არ იქნებოდა სასამართლო წესით. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ ექვსი თვის მანძილზე სხვაგან ყოფნა, რაც შესაძლოა საცხოვრებელ ფართზე უფლების დაკარგვის საფუძველი ყოფილიყო, განუწყვეტლივ უნდა გაგრძელებულიყო, უკეთუ დამქირავებელი პერიოდულად ბრუნდებოდა, ხოლო შემდეგ კვლავ ტოვებდა ფართს, ასეთ არყოფნას არ შეეძლო რაიმე გავლენა მოეხდინა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლებაზე იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ერთი წლის განმავლობაში სადგმოში არყოფნის ვადა ექვს თვეზე მეტს შეადგენდა. ფართის მიტოვებას თან ახლავს დამქირავებლის მუდმივ საცხოვრებლად სხვა ადგილზე გადასვლა, აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთი შეიძლება იყოს საცხოვრებელი სადგომიდან დამქირავებლის მიერ ნივთების გატანა, საბინაო წიგნიდან ამოწერა, სხვა საცხოვრებელი ფართობის მიღება, ბინის ქირის გადახდის შეწყვეტა, რაც საქმის მასალებში არ მოიძებნება. ამასთანავე, საქმეში დაცულია 28.05.1998წ. ცნობა (ფორმა N1) მასზე, რომ სადავო ბინაში ვ. კ-ე ცხოვრობდა (ტ.1, ს.ფ.142), აღნიშნული დასტურდება აგრეთვე ჩამოსვლის სამისამართო ფურცლის (ჩაწერის ბარათის) ასლით (ტ.1, ს.ფ. 144). მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ ბინის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს ქმნის არასაპატიო მიზეზით ბინაში არ ცხოვრება, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ხელშემშლელი ფაქტორების არსებობა (პირთა არამართლზომიერი საქციელი, კონფლიქტური მდგომარეობა და სხვ.) ადასტურებს დამქირავებლის, მისი ოჯახის წევრის იძულებით დროებით სხვაგან ყოფნას და არ ქმნის ექვს თვეზე მეტი ხნის ვადით არყოფნის გამო საცხოვრებელ ფართობზე უფლების დაკარგულად ცნობის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა საქმეზე დამატებით რიგი გარემოებების დადგენა. ვინაიდან უძრავი ნივთის დამქირავებელი არის მისი მართლზომიერი მფლობელი, ხოლო უძრავი ქონების მფლობელობა, მასთან კავშირი, მისი ქირავნობა არ არის მოცული მხოლოდ ხელთპყრობით, არაპირდაპირი მფლობელობის შეწყვეტის დასადგენად საქმეზე უნდა გაირკვეს მოსარჩელესა და ე. ქ-ეს შორის ურთიერთობების ხასიათი (სესხის ოდენობა, მისი გასტუმრება, ბინის ღირებულება და სხვ.). დადგენას საჭიროებს აგრეთვე სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებამდე და სარჩელის აღძვრამდე სადავო ბინაში მაცხოვრებელი პირები, სასამართლომ უნდა იქონიოს აგრეთვე მსჯელობა ე. ქ-ის, როგორც სავალო უერთიერთობის მონაწილის და სადავო ბინის გაცვლის ორდერის გამფორმებლის, საქმეში მესამე პირად ჩაბმის საჭიროებაზე. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მას ბინა არ მიუტოვებია, მან მასთან ცხოვრების უფლება მისცა ე. ქ-ეს (დ. ც-ს), მას ჰქონდა ბინის გასაღები და ბინას პერიოდულად აკითხავდა, ბინაში 2008 წელს სხვა პირთა შესახლების შეტყობისთანავე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, სააპელაციო პალატა არ უთითებს თუ რის საფუძველზე მიიჩნია დადგენილად პალატამ, რომ ვ. კ-ე სადავო ბინით არ სარგებლობდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადა აითვლება იმ დროიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქმის მასალებში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ვ. კ-ისათვის ცნობილი იყო ბინის პრივატიზების ხელშეკრულების შესახებ, საქმეზე დადგენილია აგრეთვე, რომ ვ. კ-ის ნების გამოვლენის გარეშე გაფორმდა მისი სახელით გაცვლის ორდერი, მისთვის უცნობი იყო ბინების გაცვლის გარიგერბა, გარიგება მასსა და ს. კ-ს შორის არ შემდგარა, ამასთანავე, ყალბი ორდერის გამოყენების ფაქტი გამოძიების მიერ მხოლოდ 17.08.09წ. დადგინდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნდეს ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ყველა გარემოება და გამოიტანოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1–ლი მუხლის მ ე–2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390–ე, 399–ე, 412–ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.11წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე