¹ბს-1745-1714(კ-11) 25 დეკემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) _ მ. ჯ-ა (კ. ჯ-ას უფლებამონაცვლე)
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქ. Yთბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: კ. ჯ-ა
წარმომადგენელი: ზ. ჟ-ე
მოპასუხე: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
სარჩელის სახე: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
სარჩელის საგანი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 მარტის №30511 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
სარჩელის საფუძველი :
ფაქტობრივი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კ. ჯ-ა ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... ქ. ¹№17-ში მდებარე უძრავი ნივთის ნაწილის, კერძოდ, 81 კვ.მ ფართის მესაკუთრედ. აღნიშნული უძრავი ქონება თანაბარწილად ეკუთვნოდა რ. და ი. გ-ებს. აღმასრულების განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 7 დეკემბრის №882010895075-06 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ... ¹№17-ში მდებარე უძრავი ნივთის ნაწილზე – 81 კვ.მ ფართზე დარეგისტრირდა კ. ჯ-ას საკუთრების უფლება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 2010 წლის 7 დეკემბერს განცხადებით მიმართა დ. ლ-მა და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქ. №17-ში მდებარე, უძრავი ნივთის რ. გ-ას კუთვნილ წილზე ყადაღის რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ... ქ.¹№17-ში მდებარე უძრავი ნივთის ნაწილზე – 81 კვ.მ კ. ჯ-ას საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 8 დეკემბრის ¹№320557 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი და კ. ჯ-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ფართის ნახევარი კვლავ აღირიცხა (დააბრუნა) რ. გ-ას სახელზე.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა იმავე ორგანოში 2010 წლის 30 დეკემბერს, რომლის 2010 წლის 2 მარტის ¹№30511 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სამართლებრივი: მოსარჩელეს აზრით, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნტის შესაბამისად (იხ. ტ.1; ს.ფ. 1-10).
მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებელი
ფაქტობრივი:
მოპასუხემ შესაგებელში და საქმის ზეპირი მოსმენის დროს სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უფლების რეგისტრაცია ყადაღადადებულ ნივთზე შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ სასამართლო პროცესში მონაწილეობდა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტის გამოცემის, მიღების ან შედგენის ინიციატორი ან მისი უფლებამონაცვლე.
საქმის გარემოებები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და კ. ჯ-ა ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... ქ. ¹№17-ში მდებარე უძრავი ქონებიდან მის მიერ ფაქტობრივად დაკავებული 81 კვ.მ ფართის მესაკუთრედ (საცხოვრებელი 59 კვ.მ. და სარდაფი - 22 კვ.მ) კ. ჯ-ას მოპასუხეების - ი. და რ. გ-ების სასარგებლოდ დაეკისრა 56183 აშშ დილარის 25%-ის 140445,75 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში გადახდა.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გამოიცა სააღსრულებო ფურცელი და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 7 დეკემბრის ¹... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ... ქ. №17-ში მდებარე უძრავი ნივთის ნაწილზე - 81 კვ.მ დარეგისტრირდა კ. ჯ-ას საკუთრების უფლება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 8 დეკემბრის №320557 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი და კ. ჯ-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ფართის ნახევარი კვლავ აღირიცხა (დაუბრუნდა) რ. გ-ას სახელზე. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2010 წლის 7 დეკემბერს ¹№... გადაწყვეტილების მიღების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იყო დ. ლ-ის განცხადება ქ. თბილისში, ... ქ. №17-ში მდებარე უძრავი ნივთის რ. გ-ას კუთვნილ წილზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის მოთხოვნით.
2010 წლის 30 დეკემბერს მითითებული გადაწყვეტილება კ. ჯ-ამ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უკანონოდ და არასწორად მიიჩნია ზემოაღნიშნული გარემოება ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევად, ვინაიდან აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთისა და არამატერიალური ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთისა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი”.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის განმარტებით, რ. გ-ას ქონების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი განკარგვის წესით და შესაბამისად მის ქონებაზე ხდება კ. ჯ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა და შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე) იძულებით განკარგვის შედეგად.
მოსარჩელის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ასევე უგულვებელყო ის გარემოება, რომ რ. გ-ას ქონებას კ. ჯ-ას სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით ადევს ყადაღა, რომელიც რეგისტრირებულია 2009 წლის 24 დეკემბერს, ანუ სახეზეა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 19.3 ,,ა” პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ,,თუ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი აქტი პირდაპირ არ არის მითითებული უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის აკრძლავის შესახებ ან/და ეს უფლება არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ობიექტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება: ყადაღადადებული და განკარგვა აკრძალული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების ან ყადაღადადებული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებითი განკარგვის შედეგად წარმოშობილი უფლების რეგისტრაციაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით კ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. ჯ-ა (როგორც საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე) ცნობილ იქნა თბილისში, ... ქ. ¹№17-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (მესაკუთრეები - ი. გ-ა და რ. გ-ა) მის მიერ ფაქტობრივად დაკავებული 81 კვ. მეტრის მესაკუთრედ (საცხოვრებელი - 59 კვ. მეტრი, სარდაფი - 22 კვ. მეტრი). ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2010 წლის 19 ივლისს და მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
მითითებული გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცელთან ერთად აღსასრულებლად გადაეცა კერძო აღმასრულებელს, რომლის წარმომადგენელმა 2010 წლის 25 ნოემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე. საჯარო რეესტრის 2010 წლის 7 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა.
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2010 წლის 8 დეკემბრის №320557 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად ცნო ამავე სამსახურის №... გადაწყვეტილება, თბილისში, ... ქ. №17-ში არსებული უძრავი ნივთიდან რ. გ-ას კუთვნილ წილზე კ. ჯ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში, იმ მოტივით, რომ 2010 წლის 7 დეკემბერს (ბათილად ცნობილი გადაწყვეტილების მიღებამდე) სამსახურში წარდგენილი იყო დ. ლ-ის №... განცხადება რ. გ-ას კუთვნილ წილზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის მოთხოვნით. სამსახურს ჯერ უნდა მიეღო გადაწყვეტილება ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ, რაც გამორიცხავდა კ. ჯ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციას რ. გ-ას კუთვნილ, ყადაღადადებულ ქონებაზე.
2010 წლის 30 დეკემბერს კ. ჯ-ამ საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 დეკემბრის ¹№320557 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 მარტის №30511 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
მოსარჩელე მხარემ სადავო გახადა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 მარტის ¹№30511 გადაწყვეტილების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ - გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების შესახებ.
ამდენად, 2010 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ორი განცხადებიდან თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს გადაწყვეტილება უნდა მიეღო ჯერ დ. ლ-ის განცხადებასთან დაკავშირებით და დაერეგისტრირებინა ყადაღის წარმოშობა რ. გ-ას კუთვნილ წილზე, რაც არ განხორციელებულა.
შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება რ. გ-ას წილზე კ. ჯ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში იყო უკანონო და 2010 წლის 8 დეკემბრის №320557 გადაწყვეტილებით კანონიერად ცნო ბათილად.
ამასთან, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იძულებით განკარგვას, ვინაიდან, სასამართლოს განმარტებით, ქონების იძულებითი განკარგვის სახეები და პროცედურა ამომწურავად განისაზღვრება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით. კერძოდ, არსებობს ქონების იძულებითი განკარგვის შემდეგი სახეები: იძულებითი იპოთეკა; იძულებითი აუქციონი (რომლის შედეგადაც ქონებაზე საკუთრების უფლებას, აღმასრულებლის განკარგულებით (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), მოიპოვებს აუქციონში გამარჯვებული პირი, ან - უშედეგო აუქციონის შემდეგ ისევ აღმასრულებლის განკარგულებით ქონება ნატურით გადაეცემა კრედიტორს ან სახელმწიფოს); სეკვესტრი (იძულებითი მართვა), რომელიც სააღსრულებო წარმოების ფარგლებში (და არა სასარჩელო წარმოების შედეგად) დგინდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.
ამდენად, ქონების იძულებით განკარგვაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით იგულისხმება არა ყოველგვარი შემთხვევა, როცა ქონებაზე საკუთრების უფლება მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ გადაეცემა სხვა პირს, არამედ - სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დადგენილი წესით უშუალოდ აღმასრულებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით (და არა სხვა სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებებით) მოვალის კუთვნილ ქონებაზე საკუთრების უფლების მინიჭება სხვა პირისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. ჯ-ასთვის საკუთრების უფლების მინიჭება რ. გ-ას ქონებაზე ვერ ჩაითვლება ,,იძულებით განკარგვად” ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიზნებისათვის.
სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით მოპოვებული და დადგენილი ფაქტების შეფასება
სასამართლოს თავისი ინიციატივით არ მოუპოვებია ფაქტები.
სასამართლოს დასკვნები _ საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ. ჯ-ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აპელანტი: კ. ჯ-ა
წარმომადგენელი: ზ. ჟ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე): საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი – ა. თ-ე
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები.
ფაქტობრივი : აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმე სრულად, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სამართლებრივი :
აპელანტის განმარტებით არამართებულია, საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ „ქონების იძულებით განკარგვაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით იგულისხმება არა ყოველგვარი ისეთი შემთხვევა, როდესაც ქონებაზე საკუთრების უფლება მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ გადაეცემა სხვა პირს, არამედ - სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დადგენილი წესით უშუალოდ აღმასრულებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით (და არა სხვა სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის აღმასრულებლის მიერ განხორცილებული სააღსრულებო მოქმედებებით) მოვალის კუთვნილ ქონებაზე საკუთრების უფლების მინიჭება სხვა პირისათვის.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელის დაუკმაყოფილებლობის მთავარი მოტივი გახდა სწორედ ის, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო ქონებაზე კ. ჯ-ას საკუთრების უფლების წარმოშობა სასამართლომ არ მიიჩნია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებითი განკარგვის შედეგად წაროშობილ უფლებად, რაც ასევე არასწორია, ვინაიდან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ აკეთებს მითითებას მხოლოდ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იძულებითი განკარგვის შედეგად წარმოშობილი უფლების რეგისტრაციაზე, იგი ეხება ზოგადად _ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით განკარგვის შედეგად წარმოშობილი უფლების რეგისტრაციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი იძულებითი განკარგვის წესებით (ანუ უშუალოდ აღმასრულებლის მოქმედების შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციით). აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილებით ქონებაზე სხვა პირისათვის საკუთრების უფლების მინიჭება სწორედ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი განკარგვის ერთ-ერთი წესია.
აპელანტის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების იძულებითი განკარგვად უნდა ჩაითვალოს ყველა ისეთი შემთხვევა, როდესაც ქონებაზე საკუთრების უფლება სხვა პირს გადაეცემა მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ და ეს ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მოპასუხის ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობას, რაც ავტომატურად არის მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვა და ამ უფლების სხვა პირის მიერ მოპოვება _ ანუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით განკარგვის შედეგად წარმოშობილი უფლება.
კ. ჯ-ას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება მიენიჭა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ეს არის სპეციალური კანონით რეგულირებული სპეციალური ურთიერთობები, რომლებიც მხარეთა შორის არ წარმოშობილა კანონის მიღების შემდეგ (როგორც სხვა ჩვეულებრივი სამოქალაქო ურთიერთობები, რომელთა შედეგებზეც ამ ურთიერთობის წარმოშობამდე მხარეებს შეუძლიათ თავისუფალი ნების საფუძველზე შეაფასონ მათი რისკები). ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე კ. ჯ-ამ მესაკუთრისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ მოიპოვა საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლება. ამასთან, მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიებაც არის გამოყენებული და სადავო ქონება მის სასარგებლოდ არის დაყადაღებული.
მოწინააღმდეგე მხარის შეპასუხება
მოტივები:
მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი შეპასუხება არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლოს სხდომაზე სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.2; ს.ფ. 8-11.)(სასამართლო სხდომის ოქმი).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 მარტის №30511 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა არსებითი გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კ. ჯ-ას 2010 წლის 30 დეკემბრის №344656 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით (იხ. ტ.2; ს.ფ. 14-24).
აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 8 დეკემბრის №320557 გადაწყვეტილების, ასევე 2011 წლის 2 მარტის .№30511 გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიკვლია საქმის გარემოებები ყოველმხრივ და სრულყოფილად, რის შედეგადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება;
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ... ქ.№17-ში მდებარე უძრავი ნივთი წარმოადგენს ი. და რ. გ-ების წილობრივი თანასაკუთრების ობიექტს, იმ 81 კვ.მ. ფართის გარეშე, რომელიც სასამართლომ რეალური წილის სახით გამოუყო და ინდივიდუალურ საკუთრებაში გადასცა კ. ჯ-ას, რომელიც ამ სახით დარეგისტრირდა კ. ჯ-ას საკუთრებაში 7 დეკემბრის რეგისტრაციით; შესაბამისად, გაურკვეველია კ. ჯ-ას ინდივიდუალური საკუთრების ობიექტზე სააგენტომ რა ფაქტობრივ მონაცემზე და რა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით მიიჩნია მიზანშეწონილად ყადაღის გავრცელება და შესაბამისად საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება;
სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია აღნიშნულის დასასაბუთებლად როგორც სარეგისტრაციო სამსახურის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებაში, ისე სააგენტოს სადავო 2 მარტის გადაწყვეტილებაში სამართლებრივი დასაბუთება შემდეგზე: ვინაიდან, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო გ-ების წილობრივი (1\2-1\2 წილის სახით) თანასაკუთრება, ხოლო ყადაღა მოთხოვნილი იყო მხოლოდ რ. გ-ას კუთვნილ წილზე, საკუთრების უფლება უნდა გაუქმებულიყო რ. გ-ას კუთვნილი წილიდან 41 კვ.მ.ფართზე და კ. ჯ-ას საკუთრების უფლება რეგისტრირებული უნდა დარჩენილიყო ი. გ-ას კუთვნილი 1\2 წილიდან 40.5 კვ.მ. ფართზე.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დაუსაბუთებელია, თუ რა ფაქტობრივ მონაცემებს დაეყრდნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როცა დაადგინა, რომ კ. ჯ-ასათვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემული 81 კვმ. ფართის ნაწილი 41 კვ.მ. მოქცეული იყო რ. გ-ას კუთვნილ იდეალურ წილში, მაშინ, როდესაც საზიარო უფლება გ-ებს შორის უძრავ ქონებაზე გაუქმებული არ არის.
საპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააგენტომ საკითხის ხელახალი განხილვისას ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კ. ჯ-ა გახდა ერთიანი უძრავი ქონებიდან რეალური წილის 81 კვ.მ.-ის ინდივიდუალური მესაკუთრე და ის არ არის გ-ების კუთვნილი ქონების თანამესაკუთრე, რომელიც მათ ჯერ კიდევ რეგისტრირებული აქვთ იდეალური წილების სახით; შესაბამისად, სააგენტომ უნდა შეაფასოს აღნიშნულიდან გამომდინარე რამდენად ეხება საკითხი ერთსა და იმავე უძრავ ნივთზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციას და საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კ. ჯ-ას საჩივრის განხილვისას არ იქნა შეფასებული სარეგისტრაციო სამსახურმა 8 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღებისას რამდენად სწორად გამოიკვლია ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ისეთი გარემოებების არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა უძრავ ნივთზე კ. ჯ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის პირობებში; სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ახალი აქტის გამოცემისას უნდა გამოიკვლიოს მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს თუ არა მითითებული ნორმით განსაზღვრული გარემოებების არსებობას იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე უკვე არსებობდა სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; სააგენტომ ასევე უნდა გამოიკვლიოს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ განცხადება წარდგენილი იყო თუ არა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან მხოლოდ ის გარემოება, რომ განცხადებასაც და გადაწყვეტილებასაც აქვს ერთი და იგივე თარიღი, 7 დეკემბერი, ვერ ადასტურებს ამ ფაქტს;
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააგენტომ ახალი აქტის გამოცემისას ასევე უნდა გამოიკვლიოს ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის 19.3. მუხლის ,,ა” პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა; სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააგენტომ უნდა გამოიკვლიოს კ. ჯ-ას საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი და შეფასება უნდა მისცეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, თანხის გადახდის სანაცვლოდ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა წარდგენილი იძულებითი აღსრულების წესით სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახურში არის თუ არა იძულებითი განკარგვის შედეგად წარმოშობილი უფლება, რომელიც უპირობოდ ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.
კასატორი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: ა. თ-ე
მოწინააღმდეგე მხარე: კ. ჯ-ა
წარმომადგენელი: ზ. ჟ-ე
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/ :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა.
კასაციის მოტივები: სამართლებრივი:
პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად. სასამართლო ვერ ასაბუთებს რა არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები არ გამოიკვლია სარეგისტრაციო სამსახურმა და საჯარო რეესტრის ეროვუნულმა სააგენტომ, რომელთა გამოკვლევის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.
მატერიალური:
კასატორის მოსაზრებით სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რადგან მითითებული ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტი გამოსცა საქმისათვს მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და თუ დარღვევის არასრებობისას სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, არც ერთი ფაქტობრივი გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ხოლო რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, აღნიშნულს არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი (იხ. ს.ფ. 29-38; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე, რომ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (იხ. ს.ფ. 56-59; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის განჩინებით ზ. ჟ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეჩერდა მოწინააღმდეგე მხარის _ კ. ჯ-ას გარდაცვალების ფაქტის გამო მისი საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე (იხ. ს.ფ. 69-73; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ზ. ჟ-ის შუამდგომლობა და განახლდა საქმის წარმოება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე, მოწინააღმდეგე მხარის ა/წ გარდაცვლილი კ. ჯ-ას უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა შვილი -მ. ჯ-ა (იხ. ს.ფ. 89-92; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 11 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოსარჩელესა და მოწინააღმდეგე მხარეს სსსკ-ის 218-ე მუხლის საფუძველზე შესთავაზა მორიგების მიღწევა (იხ. ს.ფ. 951-99; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 25 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე კასატორმა მ. ჯ-ამ და მისმა წარმომადგენელმა ზ. ჟ-ემ სასამართლოს წარუდგინეს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, რის გამოც იშუამდგომლეს დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა (იხ. ს.ფ. 101-104; ტ.2).
მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ საჯარო რეესტრის წარმომადგენელი დაეთანხმა აღნიშნულ შუამდგომლობას და გამოთქვა თანხმობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე (იხ. ს.ფ. 101-104; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობისა და კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კასატორის - მ. ჯ-ასა და მისი წარმომადგენლის ზ. ჟ-ის შუამდგომლობა დავის საგნის არ არსებობის გამო დასაბუთებულია, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრისა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებები, დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა კ. ჯ-ას უფლებამონაცვლის მ. ჯ-ას სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, კ. ჯ-ა სარჩელით ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 მარტის №30511 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. მითთებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 დეკემბრის №320557 გადაწყვეტილების, იმ ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 7 დეკემბრის №320557 გადაწყვეტილება კ. ჯ-ას საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, ქ. თბილისში, ... ქ. №7-ში მდებარე უძრავი ნივთის ნაწილზე- 81 კვ.მ ფართზე და კ. ჯ-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ფართის ნახევარი კვლავ აღირიცხა (დაბრუნდა) რ. გ-ას სახელზე. საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 25 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მ. ჯ-ამ (კ. ჯ-ას უფლებამონაცვლე) და მისმა წარმომადგენელმა ზ. ჟ-ემ წარმოადგინეს 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჯ-ას (კ. ჯ-ას უფლებამონაცვლე) საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ... ქ. №7-ში მდებარე უძრავი ნივთის ნაწილი, კერძოდ, 81 კვ.მ ფართი (იხ. ს.ფ. 105-106; ტ.2).
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა მ. ჯ-ას (კ. ჯ-ას უფლებამონაცვლე) საკუთრებად ქ. თბილისში, ... ქ. №7-ში მდებარე უძრავი ნივთის ნაწილი, კერძოდ, 81 კვ.მ ფართი, შესაბამისად, აღარ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის მიმართ მხარის კანონიერი ინტერესი და საქმის წარმოების გაგრძელების პროცესუალური წინაპირობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარემ _ კასატორმა ფიზიკურმა პირმა - შუამდგომლობით დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე გამოხატა ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც მოტივირებულ იქნა იმ გარემოებით, რომ მოდავე მხარეებს შორის აღმოფხვრილია დავის მიზეზი, რის შედეგაც მისთვის აზრი დაკარგა აღძრულმა სარჩელმა, რამდენადაც სარჩელის მიზანი - მ. ჯ-ას (კ. ჯ-ას უფლებამონაცვლე) საკუთრებად ქ. თბილისში, ... ქ. №7-ში მდებარე უძრავი ნივთის ნაწილის, კერძოდ, 81 კვ.მ ფართის რეგისტრაცია, მიღწეულია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ გამოხატული ნება სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირის ნების შეუზღუდავი გამოვლენა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიზიკური პირის მიერ პროცესუალური ნების ამგვარი გამოხატვა სრულ შესაბამისობაშია საპროცესო კანონმდებლობით აღიარებულ მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპთან, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე არ არის უფლებამოსილი მხარეთა ნების გამოხატვა დააბრკოლოს სამოსამართლო ჩარევის თვალსაზრისით. შესაბამისად, იგი მოცემულ შემთხვევაში იწვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებას - საქმის წარმოების შეწყვეტას დავის საგნის არარსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.3 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე 2011 წლის 30 დეკემბრის ელექტრონული საგადახადო დავალებებით №190 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 9.3; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ა1” პუნქტით, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს კ. ჯ-ას უფლებამონაცვლის მ. ჯ-ას და მისი წარმომადგენლის ზ. ჟ-ის შუამდგომლობა დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე;
2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებები;
4. კ. ჯ-ას უფლებამონაცვლის მ. ჯ-ას სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო;
5. მხარეებს განემარტოთ, საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
6. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან 150 ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/