საქმე ¹ბს-1759-1727(კ-11) 12 დეკემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი - ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) - ი. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქუთაისის მერია; ა. გ-ე; ი/მ ,,გ. მ-ი“
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.11წ. გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
12.04.11წ. ი. დ-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ქ. ქუთაისის მერის 09.09.09წ. N1436 ბრძანების ბათილად ცნობა, ქ. ქუთაისში, ... ქ. N10-ში მდებარე სახლისა და მიწის ნაკვეთის 28.04.09წ. საკადასტრო აზომვითი ნახაზის გაუქმება და ა. გ-ის სასარგებლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისის მერის 09.09.09წ. №1436 ბძრანებით ქ. ქუთაისში, ... ქ. №10–ში მდებარე ა. გ-ის საცხოვრებელი სახლის კუთვნილ ერთ ნაწილზე მიშენება – რეკონსტრუქციის და ა. გ-ის და ი. დ-ის საცხოვრებელი სახლის კუთვნილ მეორე ნაწილზე რეკონსტრუქციის ლეგალიზების შესახებ ბრძანების არსებობის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 14.03.11წ. საჯარო რეესტრის მეშვეობით. მოსარჩელე თვლის, რომ ბრძანება უშუალოდ ეხება მის ინტერესებს და ზღუდავს მისი საკუთრების უფლებას.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 19.11.01წ. გ. ბ-მა რ. გ-ის სახელზე გასცა მინდობილობა, რათა უკანასკნელს ეწარმოებინა მის სახელზე რიცხული საბუთების გაფორმება, დაკავშირებული მასზე მემკვიდრეობით გადასული ბინის პროექტის შედგენასთან და გაფორებასთან. აღნიშნული მინდობილობის ვადა განისაზღვრა 2004 წლის 19 ნოემბრამდე. 11.04.05წ. მოსარჩელემ შეიძინა გ. და ნ. ბ-ეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ... ქ. №10–ში. პროექტით, რომლის ლეგალიზება მოხდა სადავო ბრძანებით, აღდგენა– რეკონსტრუქცია ჩაუტარდა გ. ბ-ის დანგრეულ ფართს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ უნდა აღდგენილიყო იმ ოდენობის ფართი, რაც გ. ბ-ს ჰქონდა საკუთრებაში. პროექტით ნაცვლად 16,87 კვ.მ–ისა აღდგენა უნდა მომხდარიყო მეორე სართულზე, ხოლო პირველ სართულზე უნდა დარჩენილიყო სამეურნეო სათავსები, რომლითაც ისარგებლებდნენ თანამესაკუთრეები. 2005 წელს მოსარჩელემ გასცა თანხმობა არსებული მდგომარეობით ა. გ-ის მიერ მის კუთვნილ სახლზე ჩატარებული რეკონსტრუქციისათვის, მაგრამ ა. გ-ემ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად აწარმოა სამშენებლო სამუშაოები და მერის მიერ, აღდგენა–რეკონსტრუქციის პროექტთან შესაბამისობის თაობაზე ექსპერტიზის ჩატარების გარეშე, მოახდინა ლეგალიზაცია, რითაც დააკანონა უკანონო მშენებლობა და შელახა მოსარჩელის საკუთრების უფლება, მან დაკარგა საუკთრების უფლება სამეურნეო ფართზე. არ არსებობდა თანხმობა 2009 წლის მდგომარეობით ნაწარმოებ სამშენებლო სამუშაოებზე.
მოსარჩელემ აღნიშნა აგრეთვე, რომ მისი ნების გაუთვალისწინებლად მოხდა გაურკვეველი ფართების ლეგალიზაცია, ის არ ყოფილა მოწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში, ამასთანავე ი/მ „გ. მ-ის“ მიერ ქ. ქუთაისში, ... ქ. №10–ში მდებარე სახლისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი შედგენილი იყო უკანონოდ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.07.11წ. გადაწყვეტილებით ი. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ორსართულიანი სახლი, რომელიც იმყოფებოდა დანგრეულ მდგომარეობაში. გ. ბ-მა 19.11.03 წ., სამი წლის ვადით რ. გ-ეზე სანოტარო წესით გასცა მინდობილობა მასზე მემკვიდრეობით გადასული საცხოვრებელი ბინის პროექტის შედგენასთან და გაფორმებასთან დაკავშირებით, ... ქ. №8–ში მცხოვრებმა მ. ბ-ამ სანოტარო წესით თანხმობა განაცხადა ა. გ-ის კუთვნილი, ... ქ. №10–ში მდებარე სახლზე მიშენება–რეკონსტრუქციის წარმოებაზე. 30.09.03წ. შპს „კ...“ მიერ შედგენილ იქნა პროექტი ... ქ. №10–ში მდებარე გ. ბ-ისა და ა. გ-ის კუთვნილი ფართების აღდგენა–რეკონსტრუქციის თაობაზე, რაც დამტკიცდა ქ. ქუთაისის მთ. არქიტექტორის 01.10.03წ №28 ბრძანებით და 31.12.04წ. გაიცა №27 მშენებლობის ნებართვა. ი. დ-მა 11.04.05წ. ნ. და გ. ბ-ეებისგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქ. ქუთაისში, ... ქ. №4–ში მდებარე შენობა–ნაგებობები - სახლის ერთი გამოყოფილი ნაწილი, რომელიც შედგება ოთხი საცხოვრებელი ოთახისაგან ფართით 67 კვ.მ., დამხმარე ფართი 11, 62 კვ.მ., საზაფხულო ფართი – 3,20 კვ. მ., ასევე სახლის მეორე გამოყოფილი ნაწილი, რომელიც შედგება ერთი საცხოვრებელი ოთახისაგან ფართით 21,74 კვ.მ., დამხმარე ფართით 8,45 კვ.მ., საერთო ფართი 30,19 კვ.მ. – ½ ნაწილი, ამასთან 33,39 კვ.მ წარმოადგენს ექსპლუატაციაში მიუღებელ ფართს. სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ დასახელებულ ფართებში არ შედის მოპასუხე ა. გ-ის მიერ რეკონსტრუირებული ფართი. ამასთანავე, 11.04.05წ. სანოტარო აქტის მიხედვით ი. დ-მა თანმხობა განაცხადა, რომ ა. გ-ეს დაეკანონებინა მის მიერ წარმოებული მშენებლობა ქუთაისში, ... ქ. №10–ში არსებული მდგომარეობით, მშენებლობის მიმდინარეობისას მას არ გამოუთქვამს რაიმე სახის პრეტენზია. მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში მის საკუთრებაზე განცხორციელებული რეგისტრაცია წინააღმდეგობაში არ მოდის მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რეგისტრაციასთან. ა. გ-ის მიერ ფართის რეკონსტრუქციით არ შემცირებულა მოსარჩელესთან თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართი. საქმეზე დადგენილად იქნა ცნობილი აგრეთვე, რომ ... ქ. №10–ში მდებარე სახლის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ი/მ „გ. მ-ის“ მიერ შედგენილ იქნა 28.04.09წ., მასში მითითებული არ იყო დამწსრეთა და თანამესაკუთრეთა გრაფაში რაიმე სახის ჩანაწერი და იგი ამგვარი ფორმით ა. გ-ის მიერ წარდგენილ იქნა მერიაში, თუმცა საჯარო რეესტრის ქ. ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში ნახაზი წარდგენილ იქნა დამსწრეთა და თანამესაკუთრეთა გრაფაში მოსარჩელის ნაცვლად სხვა პირის მიერ განხორციელებული ჩანაწერით და ხელმოწერით.
პირველი ინსტანციის სასამრთლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს სარჩელში და სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ლეგალიზაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის სისრულეზე პრეტენზია არ გამოუთქვამს, მეტიც ადმინისტრაციული საქმის მასალებში ა. გ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა ნოტარიულად დამოწმებული ი. დ-ის თანხმობა, რომლის ნამდვილობაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ ნებართვა გაიცა მხოლოდ სახლის მეორე სართულის მშენებლობის წარმოებაზე, რადგან თანხმობაში ცალსახადაა საუბარი წარმოებული მშენებლობის არსებული მდგომარეობით დაკანონებაზე, რომლის რეკონსტრუქციის პროექტის შედგენა და განხორციელება ჯერ კიდევ 2003 წელს მოსარჩელის მიერ საკუთრების შეძენამდე იყო დაწყებული. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ მოპასუხის მიერ რეკონსტრუირებული შენობა არ წარმოადგენდა არც მოსარჩელის და არც მისი წინამორბედის საკუთრებას, არ მომხდარა აგრეთვე საერთო თანასაკუთრების მქონე მიწის ფართის შემცირება, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება სსკ–ის 102–ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება საკადასტრო ნახაზს, სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი თანხვედრაშია სადავო ბრძანებაში არსებულ მონაცემებთან. მართალია, სადავო საკადასტრო აზომვითი ნახაზის საჯარო რეესტრში წარდგენილ ვერსიაში მოსარჩელის ნაცვლად სხვა პირის მიერ განხორციელდა ჩანაწერი და შესაბამისი პირის ხელმოწერა, რაც წარდგენილი საბუთის სიყალბის ნიშნებს შეიცავს და ცალკე სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს, თუმცა ზემოაღნიშნული ჩანაწერის გარეშეც იგი წარმოადგენდა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, რაც დაადასტურა საჯარო რეესტრის ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურიდან სპეციალისტმაც, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარეგისტრაციო განაცხადზე ხარვეზის დადგენის საფუძველი, ზემოაღნიშნული ჩანაწერი არ შეიძლება გახდეს ჩანაწერის გაუქმების საფუძველი. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად ცნობა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26.1 მუხლის თანახმად, იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას, რისი საფუძველიც არ არსებობს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.07.11წ. განჩინებით იმის გამო, რომ 28.04.09წ. საკადასტრო აზომვით ნახაზში დამატებითი ჩანაწერის შეტანა შეიცავს სიყალბის ნიშნებს, რაც ცალკე სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს, შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა ქუთაისის რაიონულ პროკურატურას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.07.11წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.11წ. განჩინებით ი. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.07.11წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ ი. დ-ის მიერ 11.04.05წ. ხელშეკრულებით ... ქ. N10-ში შეძენილ ფართებში არ შედის სადავო ტერიტორიაზე განთავსებული დამხმარე სათავსო, ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ შედის ასევე ა. გ-ის მიერ რეკონსტრუირებული ფართი. ა. გ-ის მიერ მშენებლობა ნაწარმოებია ი. დ-ის მიერ ... ქ. N10-ში საკუთრების შეძენამდე (საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება) და 11.04.05წ. მდგომარეობით მან თანხმობა განაცხადა არსებული მდგომარეობით დაკანონებაზე, რის შემდეგ მან მხოლოდ 12.04.11წ. სარჩელით მიმართა სასამართლოს. ი. დ-ის მიერ საჯარო რეესტრში მის საკუთრებაზე განხორციელებული რეგისტრაცია წინააღმდეგობაში არ მოდის მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რეგისტრაციასთან. სააპელაციო პალატამ მიუთთა აგრეთვე, რომ ი. დ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის განცხადების შინაარსიდან გამომდინარე არანაირად არ შეიძლება ვარაუდის კი თითქოს მისი მხრიდან მხოლოდ სახლის მეორე სართულის მშენებლობის წარმოებაზე მიეცა თანხმობა, რადგან მასში ცალსახადაა საუბარი წარმოებული მშენებლობის არსებული მდგომარეობით დაკანონებაზე, რომლის რეკონსტრუქციის პროექტის შედგენა და მისი განხორციელება ჯერ კიდევ 2003 წელს, დასახელებულ მისამართზე აპელანტის მიერ საკუთრების შეძენამდე იყო დაწყებული. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მოსაზრება, რომ ა. გ-ის მიერ რეკონსტრუირებული შენობა არ წარმოადგენდა არც ი. დ-ის და არც მისი წინამორბედის საკუთრებას, ადგილი არ აქვს საერთო თანასაკუთრების მიწის ფართის შემცირებას, სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. სადავო ლეგალიზებული ფართის კუთვნილებასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ჩანაწერი ი. დ-ის მიერ დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში. პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ 28.04.09წ. შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით არ დარღვეულა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის და მის საფუძველზე გამოცემული და სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. N800 ბრძანების 48-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა იყოს უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის, უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკადასტრო აღწერის დამსწრეთა (ასეთთა არსებობის შემთხვევაში) და საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო თუ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია - დამატებით იურიდიული პირის ბეჭდით, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია. საკადასტრო აზომვითი ნახაზის საჯარო რეესტრში წარდგენილ ვერსიაში დამსწრეთა და თანამესაკუთრეთა გრაფაში აპელანტის ნაცვლად სხვა პირის მიერ განხორციელებული ჩანაწერი და შესაბამისი პირის ხელმოწერა, მართალია წარდგენილი საბუთის სიყალბის ნიშნებს შეიცავს, მაგრამ დავის საგნიდან და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ჩანაწერის არსებობის გარეშეც წარმოადგენდა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს და ამ მიმართებით ზემოაღნიშნული ჩანაწერის განხორციელება არ შეიძლება გახდეს მისი გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. დ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, არ გამოიკვლია საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. კასატორი აღნიშნავს, რომ მან წარადგინა პრეტენზია ა. გ-ის მიერ მერიაში წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების სისრულესთან დაკავშირებით, რაც დასტურდება სხდომის ოქმით, საკამათო სიტყვით და სააპელაციო საჩივრის ტექსტით. ადმინისტრაციულ დავაში ასეთი მითითება საერთოდ არ არის საჭირო, ვინაიდან სადავოა ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ სზაკ-ის 96.1 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიყენა სზაკ-ის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, რადგან ლეგალიზაციის აქტით ილახება მისი უფლება და დარღვეულია სზაკ-ის 13-ე მუხლით დადგენილი აქტის მირების და გამოცემის ზოგადი წესი, რომლის გამოყენების შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, აღნიშნული ქმნის სზაკ-ის 601 მუხლის საფუძველზე ქ. ქუთაისის მერის 09.09.09წ. N1436 ბრძანების ბათილობის საფუძველს. კასატორი თვლის, რომ სზაკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა განეხილა არა მხოლოდ ა. გ-ის, არამედ ა. გ-ის და მისი ერთობლივი განცხადება, რადგან საკითხი პირდაპირ ეხებოდა მის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს. ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ უნდა მიეღო ა. გ-ის განცხადება განსახილველად, რადგან მას არ ერთვოდა საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. N660-ე ბრძანების 3.2 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია იმაზე, რომ ფართის დაკანონება პროექტის მიხედვით არ მომხდარა, პროექტის მიხედვით ღია იყო შესასვლელი, რომლითაც ის სარგებლობდა კუთვნილი სათავსებით. ამავე დროს სახლს ჰქონდა სადრენაჟე სისტემა გარშემო, რის გამოც დაცული იყო მისი სახლის საძირკველი, ა. გ-ის უკანონო მშენებლობის გამო სახლის უკანა მხარე ჩაიკეტა, რის გამოც სარდაფი ივსება წყლით, საშიშროება ექმნება სახლის საძირკველს. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ მისი თანხმობა, ეხებოდა მხოლოდ 2005 წლის მდგომარეობით აშენებულ ორ სართულს, რომელიც იყო გ. ბ-ის საკუთრება. რაც შეეხება მშენებლობის პროექტს, მასზე თანხმობა არ ჰქონდა მიცემული წინა მესაკუთრეს, რომლისგანაც შეიძინა სახლი კასატორმა, ხოლო ... ქ. N8-ში მცხოვრები მ. ბ-ას თანხმობა, არაფერს არ ნიშნავს. მერიის მიერ ლეგალიზებაზე ა. გ-ის განცხადების განხილვის დროს საპროექტო დოკუმენტაცია არ იყო ძალის მქონე, რადგან პროექტს 2004 წელს გასული ჰქონდა ნებართვის ვადა და ის არ იყო გაგრძელებული, მშენებლობა არ იყო ნაწარმოები კასატორის მიერ საკუთრების შეძენამდე, სახლის მეორე სართულზე აშენებული იყო მხოლოდ ორი ოთახი, სხვა მშენებლობა ნაწარმოები არ ყოფილა, რაც დასტურდება ფოტოსურათით. კასატორის შვილი, რომელიც დაბადებულია 16.11.04წ. და სახლის შეძენის დროს (11.04.05წ.) იყო 5 თვის, სურათზე გადაღებულია 2 წლის და 6 თვის ასაკში, სურათზე ჩანს რომ სახლის მშენებლობა დასრულებული არ არის, აღნიშნული ფაქტი დასტურდება აგრეთვე ბავშვის მომვლელის ჩვენებით. ადმინისტრაციულ ორგანოს ეს გარემოება არ გამოურკვევია, არ დაუდგენია ვისთან იყო ფართები საზიარო უფლებაში. მშენებლობა არ დასრულებულა 2007 წელს, ხოლო მის შემდეგ მისი დასრულება შესაძლებელი იყო შეთანხმებული პროექტით. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ის ფაქტი, რომ ა. გ-ემ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, ვადაგასული მინდობილობის საფუძველზე დაისაკუთრა ფართი.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონმდებლობის ნორმები და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რაზედაც კასატორი საკასაციო პრეტენზიას აცხადებს და აღნიშნავს, რომ სახლის გამოყოფილი ნაწილი სულ 16,87კვ.მ. გ. ბ-ის საკუთრებაში ირიცხებოდა 23.04.09წ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლითაც დანგრეული ფართის მესაკუთრე გახდა ა. გ-ე, ე.ი. 2007 წლის მდგომარეობით ა. გ-ეზე, რომელსაც ლეგალიზაციის სადავო აქტით საკუთრებაში დაუკანონდა ფართი, არ იყო მისი მესაკუთრე, შესაბამისად ის ვერ დაიკანონებდა ამ ფართს, ლეგალიზაცია არ უნდა მომხდარიყო გ. ბ-ის თანხმობის და თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე. მერიის მიერ ა. გ-ის განცხადების განხილვისას განცხადებაზე თანდართული საპროექტო დოკუმენტაცია არ იყო იურიდიული ძალის მქონე, მას 2004 წელს გაუვიდა ვადა, 2007 წლისათვის არ იყო დასრულებული მშენებლობა, ხოლო მისი გაგრძელებისათვის საჭირო იყო პროექტის შეთანხმება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სარაიების აშენების უფლება წინა მესაკუთრეს ჰქონდა 09.06.1945წ. ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მას საკუთრებაში გადმოეცა იმ ფორმით, რა ფორმითაც ის წინა მესაკუთრეს ეკუთვნოდა, უკანასკნელმა სრული უფლება მიყიდა მას. კასატორი თვლის, რომ ლეგალიზაციის აქტით მას დააკლდა 40 კვ.მ ფართი. ა. გ-ემ კაპიტალურ სარაიებს დააშენა მეორე სართული, ჩაკეტა შესასვლელი კარები და დაისაკუთრა ისინი, ამ ფართების ლეგალიზაცია კასატორის და არა ა. გ-ის უფლებას შეადგენდა.
კასატორი არ ეთანხმება დასაბუთებას, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მისი ხელმოწერის გაყალბება არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს, ხელმოწერის გარეშეც შესაძლებელი იყო ფართის დარეგისტრირება. კასატორი უთითებს იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. N800 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 48-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებს, რომელთა მიხედვით სავალდებულო ოყო მისი ხელმოწერა საკადასტრო აზომვით ნახაზზე. სასამართლოს არ უმსჯელია იმაზე, რომ მერიაში და საჯარო რეესტრში წარდგენილი იყო სხვადასხვა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, კერძოდ ერთში საერთოდ არ იყო მისი ხელმოწერა, ხოლო მეორეში მისი ხელმოწერა გაყალბებული იყო.
საკასაციო საჩივარს თან დაერთო: მერიის 26.08.11წ. ცნობა, რომლის მიხედვით სარდაფში წყალია ჩამდგარი, აღნიშნულის მიზეზი გაურკვეველია და საჭიროებს კონსულტაციას; შენობის ლიტ. ,,ა“ და ლიტ. ,,ბ“ გეგმა-ნახაზები; 09.09.1945წ. ხელშეკრულების ასლი.
საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ა. გ-ემ აღნიშნა, რომ საქმეში დაცულია ნასყიდობის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება თუ რა უძრავი ნივთი და რა ფარგლებში შეიძინა კასატორმა, ამ ფართებიდან არცერთი არ არის მითვისებული ლეგალიზაციის აქტით. რამდენადაც არ დარღვეულა კასატორის უფლება არ არსებობდა მისი ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმის ვალდებულება. ფართის ლეგალიზაციაზე მიღებულია მეზობლის მ. ბ-ას თანხმობა, ხოლო კასატორი არ იყო მისი მეზობელი მშენებლობის წარმოებისას, უძრავი ქონების შეძენისთანავე კასატორმა ნოტარიულად დადასტურებული განცხადებით თანხმობა განაცხადა ლეგალიზაციაზე. 2007 წლის შემდეგ მშენებლობის დასრულებას არ ადასტურებს კასატორის ბავშვის ფოტოსურათი. მშენებლობა არ განხორციელებულა საზიარო კედელზე, მშენებლობა ნაწარმოებია სულ სხვა მხრიდან , საზიარო კედელზეც რომც იყოს მშენებლობა ნაწარმოები, აღნიშნული სულაც არ გულისხმობს კასატორის საკუთრების უფლების დარღვევას, რადგან საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება თუ რისი მესაკუთრეა კასატორი და ამ საკუთრებაში შეჭრა ლეგალიზაციის აქტით არ მომხდარა. შესაგებლის ავტორი აღნიშნავს, რომ მის განცხადებას ახლდა N660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, არ არსებობს სზაკ-ის 601 მუხლის საფუძველზე აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. საკასაციო საჩივარზე დართული ცნობა, სურათი, გეგმა, ხელშეკრულება არ ქმნის დასაბუთებულ პრეტენზიას, საკასაციო სასამართლოში არ ხდება ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა. მ. ბ-ას მიერ გაცემული თანხმობა იურიდიული ძალის მქონეა, რადგან ის არის ა. გ-ის მეზობელი, კასატორი იმ პერიოდში არ ცხოვრობდა მეზობლად, ხოლო წინა მესაკუთრეს არ უდავია ა. გ-ესთან მის მიერ ნაწარმოები მშენებლობის გამო. არასწორია კასატორის მოსაზრება, რომ მშენებლობის გაგრძელებისათვის საჭირო იყო შეთანხმებული პროექტი, N660 ბრძანებულება ითვალისწინებდა 2007 წლამდე დაუმთავრებელი მშენებლობის ლეგალიზაციას. შესაგებლის ავტორი ყურადღებას ამახვილებს, რომ კასატორს არ გაუსაჩივრებია საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, ფართის ლეგალიზაციისათვის გ. ბ-ის თანხმობის საჭიროება არ ეხება კასატორს, რაც შეეხება საკადასტრო აზომვით ნახაზზე დართულ წერლობით ინფორმაციას, მასში კასატორის გვარის ჩაწერა არ წარმოადგენს ნახაზის ბათილად ცნობის საფუძველს, რადგან ნახაზი შედგენილია საკადასტრო მონაცემების საფუძველზე, ხოლო საკადასტრო მონაცემები სადავო არ არის.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს, ხოლო ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა, აგრეთვე ა. გ-ემ და მისმა წარმომადგენელმა, გ. მ-მა საკასაციო საჩივრის მოსაზრებები არ ცნეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩვრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. N660 ბრძანებულების თანახმად, შესაძლებელია 2007 წლის 1 იანვრამდე განხორციელებული მიშენების ლეგალიზაცია. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მიშენება-რეკონსტრუქცია განხორციელდა ი. დ-ის მიერ ქ. ქუთაისში, ... ქ. N10-ში უძრავი ქონების შეძენამდე. სსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის თუ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის შესახებ. კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ საცხოვრებელი სახლის ნაწილი - 16,87 კვ.მ. გ. ბ-ის საკუთრებაში ირიცხებოდა 23.04.09წ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებამდე, რის გამოც კასატორის აზრით ლეგალიზაცია არ უნდა მომხდარიყო გ. ბ-ის თანხმობის გარეშე, არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს. სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები) სავალდებულოა ყველასათვის. ამასთანავე მოცემული დავის საგანს არ წარმოადგენს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ა. გ-ის მეუღლის სახელზე გ. ბ-ის მიერ გაცემული მინდობილობა. საჯარო რეესტრის 22.08.03წ. ამონაწერის და საქმეში დაცული ტექნიკური დათვალიერების აქტის მიხედვით, 08.04.1988წ. მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე გ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ორ სართულიანი ნაგებობა - საცხვორებელი სახლის გამოყოფილი ნაწილი. შენობა შედგებოდა ერთი საცხოვრებელი ოთახისაგან ფართით 8,81 კვ.მ., დამხმარე : 8,06 კვ.მ. და სასარგებლო 16,87 კვ.მ. ფართით. გ. ბ-მა 19.11.01წ. სამი წლის ვადით რ. გ-ეზე სანოტარო წესით გასცა მინდობილობა მასზე მემკვიდრეობით მიღებული ქ. ქუთაისში, ... ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პროექტის შედგენასთან და გაფორმებასთან დაკავშირებით. საქმეში დაცული ხელწერილით გ. ბ-ს მიღებული აქვს ანაზღაურება იმ ადგილის გაფორმების სანაცვლოდ, სადაც მისი სახლი მდებარეობდა. გაცემული მინდობილობა, ა. გ-ის მიერ ფართის რეკონსტრუქცია-აღდგენა გ. ბ-ს სადავოდ არ გაუხდია, რაიმე პრეტენზია ფართის მიმართ არ წარუდგენია. ი. დ-ი სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ აღდგენა-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა გ. ბ-ის კუთვნილ სახლს, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აღდგენა უნდა მომხდარიყო მეორე სართულზე, ხოლო პირველ სართულზე დარჩებოდა სამეურნეო სათავსები, რომლებითაც ისარგებლებდნენ თანამესაკუთრეები. მოსარჩელის აზრით, ა. გ-ის მიერ ფართის დაკანონებით შეილახა მისი თანასაკუთრების უფლება სამეურნეო ფართზე (იხ. სასარჩელო განცხადება). გ. ბ-ის კუთვნილი ფართის მიმართ წარდგენილი პრეტენზია არ ეხება ი. დ-ის უფლებებს, საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, გ. ბ-ის დანგრეული შენობის ადგილას ა. გ-ის მიერ რეკონსტრუქცია-აღდგენის და ლეგალიზაციის განხორციელება არ ლახავს ი. დ-ის უფლებას, ვინაიდან გ. ბ-ის სახლის ნაწილი ვერ იქნებოდა ი. დ-ის საკუთრებაში, კასატორს სახლი გ. ბ-ისაგან არ შეუძენია. ლეგალიზაციის აქტის კანონიერებისათვის არ აქვს მნიშვნელობა ა. გ-ის მიერ ფართის მესაკუთრედ გახდომის მომენტს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ განცხადების წარდგენისა და ლეგალიზაციის აქტის გამოცემის დროს ა. გ-ე იყო ფართის მესაკუთრე, შესაბამისად არ არსებობდა გ. ბ-ის თანხმობის წარდგენის საჭიროება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისაგან, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვისაგან. სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა, სასარჩელო მოთხოვნის გადიდება ან შემცირება დასაშვებია საქმის წინასწარი განხივისათვის მომზადების დამტავრებამდე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია გასასვლელი კარების გახსნა, სადავო აქტის ბათილობის საფუძველს არ წარმოადგენდა აგრეთვე სახლის სადრენაჟე სისტემის გამოყენების შეზღუდვა, სარდაფის და სახლის საძირკვლის დაუცველობა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სახლს ჰქონდა სადრენაჟე სისტემა. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობას, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო. შესაბამისად, საკასაციო ინსტანციაში წარმოდგენილი მასალა არ ქმნის სსკ-ის 407-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.
კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა განეხილა არამხოლოდ ა. გ-ის განცხადება ლეგალიზაციის მოთხოვნით, არამედ ა. გ-ის და მისი ერთობლივი განცხადება, არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს. ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. N660 ბრძანებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელეს არ ჰქონია შეტანილი განცხადება ლეგალიზების თაობაზე, მას არ მიუღია მონაწილეობა სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაში, შესაბამისად მერია ვერ განიხილავდა მის მიერ ფართის ლეგალიზაციის საკითხს. ის გარემოება, რომ ლეგალიზაციის აქტი მის ინტერესებსაც ეხებოდა, არ გამორიცხავდა მერიის მიერ მიშენება-რეკონსტრუქციის ლეგალიზაციის საკითხის განხილვას, რამდენადაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მოსარჩელის მიერ ქ. ქუთაისში, ... ქ. N10-ში მდებარე უძრავი ქონების შეძენის მომენტისათვის მოპასუხე ა. გ-ეს უკვე ჰქონდა განხორციელებული მიშენება-რეკონსტრუქციის სამუშაოები, აღნიშნულს ის გარემოებაც ადასტურებს, რომ მოსარჩელემ ... ქ. N10-ში უძრავი ქონების შეძენისთანავე 11.04.05წ. გასცა სანოტარო წესით დადასტურებული თანხმობა არსებული მდგომარეობით განხორციელებული დაშენების დაკანონებაზე, რაც ნათლად ადასტურებს მოპასუხე ა. გ-ის მიერ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას ი. დ-ის მიერ ... ქ. N10-ში უძრავი ქონების შეძენამდე. ნებართვის ნამდვილობა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. რეკონსტრუქციის პროექტი შპს ,,...“ მიერ ჯერ კიდევ 30.09.03წ. შედგა, საქმეში დაცულია ქალაქის მთავარი არქიტექტორის 01.10.03წ. N28 ბრძანების ამონაწერი, რომლითაც დამტკიცდა ფართების აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტი, ხსენებული ბრძანება დავის საგანს არ წარმოადგენს. ამდენად, არ დასტურდება, რომ ი. დ-მა თანხმობა მხოლოდ და მხოლოდ სახლის მეორე სართულის დაშენების წარმოებაზე გასცა. ამასთანავე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ არის დადგენილი და საქმის მასალებით არ დასტურდება სამშენებლო სამუშაოების 2007 წლის შემდეგ განხორციელება. ი. დ-ის მიერ წარმოდგენილი ბავშვის ფოტოსურათი არ ადასტურებს მშენებლობის უკანონობას, ვინაიდან სურათზე ასახული სამშენებლო მასალით არ დასტურდება თანხმობის მიცემის შემდეგ მშენებლობის წარმოება, რადგანაც მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით ადგილი ჰქონდა არა სამშენებლო, არამედ სარემონტო სამუშაოების წარმოებას, რაც არ საჭროებდა ნებართვას. კასატორი უთითებს, რომ სახლის შეძენის დროს (11.04.05წ.) მისი შვილი იყო 5 თვის, ხოლო სურათზე ის არის 2 წლის და 6 თვის. საქმეში არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ ბავშვს სურათი ამ ასაკში გადაუღეს, ამასთანავე სურათი ზამთრის პერიოდშია გადაღებული, ხოლო კასატორი მშენებლობის 2007 წლის შემდგომ განხორციელების დადასტურების მიზნით უთითებს, რომ სურათის გადაღების დროს ბავშვი 2 წლის და 6 თვის იყო, რაც ბავშვის დაბადების (16.11.04წ.) გათვალისწინებით ესადაგება არა ზამთრის, არამედ მაისის თვის შუა პერიოდს. შესაბამისად სურათით არ დასტურდება, რომ სადავო მშენებლობა მიმდინარეობდა თანხმობის გაცემის შემდეგ ან რომ იგი არ იყო დასრულებული 2007 წლამდე. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. N660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ 1-ლი მუხლის 22 პუნქტის მიხედვით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებულ და დაუმთავრებელ 500 კვ.მ-მდე საერთო ფართობის მქონე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, თუ ნულოვან ნიშნულამდე მათი მოწყობის სამუშაოები დასრულებულია, ვრცელდება ამ წესის მოქმედება, შესაბამისად 2007 წლის 1-ლი იანვრის შემდგომ სამუშაოების განხორციელება თავისთავად უპირობოდ არ ქმნის ლეგალიზაციის აქტის გაუქმების საფუძველს. საგულისხმოა აგრეთვე, რომ ი. დ-ს რაიმე პრეტენზია 2007 წლამდე ან 2007 წლის შემდეგ მშენებლობის წარმოების მიმართ, აგრეთვე ფართის ლეგალიზაციის მოთხოვნა სარჩელის აღძვრამდე (12.04.11წ.) არ გამოუთქვამს.
კასაციის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე კასატორის მითითება პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელების, საპროექტო მშენებლობისათვის ნებართვის ვადის გასვლის შესახებ, ვინაიდან თანხმობა გაიცა არსებული მდგომარეობით შენობის დაკანონებაზე, ამასთანავე ლეგალიზაცია თავისთავად ნიშნავს დარღვევით აშენებულის დაკანონებას. საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. N660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის 1.3 მუხლის თანახმად, ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ,,მშენებლობის ნებართვის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. N57 დადგენილებით განსაზღვრულ ნებართვის გაცემის სტადიას. ამდენად, ა. გ-ეზე გაცემული 07.06.04წ. მშენებლობის N27 ნებართვის ვადის 31.12.04წ. გასვლა არ გამორიცხავდა განხორციელებული მიშენება-რეკონსტრუქციის ლეგალიზაციის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი. დ-ს სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობით გამოვლენილი ჰქონდა ნება ა. გ-ის მიერ განხორციელებული მშენებლობის მიერ მიერ დაკანონების მიმართ, შესაბამისად დაცული იქნა სზაკ-ის მე-13 მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარისათვის საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მიცემის შესახებ, ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი ჩაუბმელობით არ დარღვეულა მოსარჩელის უფლება, ი. დ-ის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვით ადმინისტრაციული წარმოება არ დასრულდებოდა სხვა შედეგით. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ. საკასაციო პრეტენზიით კასატორი ვერ უარყოფს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ა. გ-ის მიერ რეკონსტრუირებული შენობა არ წარმოადგენდა არც ი. დ-ის და არც მისი წინამორბედის საკუთრებას, საჯარო რეესტრის ჩანაწერით არ დასტურდება აგრეთვე საერთო თანასაკუთრებაში არსებული მიწის ფართის შემცირებაც. საჯარო რეესტრში მოპასუხე ა. გ-ის სახელზე რეკონსტრუქციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი რაიმე წინააღმდეგობაში არ მოდის კასატორის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საკუთრებასთან, ი. დ-ის მიერ 11.04.05წ. დადებული ნელი და გიორგი ბ-ეებისაგან ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგად შეძენილ უძრავ ქონებას რაიმე სახეცვლილება არ განუცდია.
საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მას გადმოეცა წინა მესაკუთრის სახელზე რიცხული სამეურნეო ფართი ე.წ. ,,სარაიები“, რომელზედაც ა. გ-ის მიერ განხორციელდა მიშენება-რეკონსტრუქცია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. დ-მა 11.04.05წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნელი და გიორგი ბ-ეებისაგან შეიძინა ქ. ქუთაისში, ... ქ. N10-ში მდებარე შენობა-ნაგებობები. 11.04.05წ. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი ფართები საჯარო რეესტრის მიხედვით დღესაც ირიცხება ი. დ-ის სახელზე, ხელშეკრულებაში მითითებულ ფართებს შორის არ არის დასახელებული ის დამხმარე სათავსო, რომლის რეკონსტრუქცია-დაშენება მოახდინა ა. გ-ემ. საჯარო რეესტრში ი. დ-ის სახელზე ფართის რეგისტრაციის საფუძველია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც არ შეიცავს მითითებას ხსენებულ ფართზე. საქმის მასალებით არ დასტურდება წინა მესაკუთრეების მიერ დამხმარე ფართის აშენება და ი. დ-ისათვის მიყიდვა. კასატორის მიერ უძრავი ქონების შეძენა დასტურდება ხელშეკრულებით და საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიხედვით დგინდება თუ რა უძრავი ნივთი და რა ფარგლებში შეიძინა ი. დ-მა, ამ ფართებიდან არც ერთი არაა ლეგალიზაციის აქტით მითვისებული ა. გ-ის მიერ. ა. გ-ემ შეიძინა მთელი საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილის სასარგებლო და დამხმარე და სამეურნეო ფართი და აგრეთვე მეორე სახლის ნაწილის ½ ნაწილის სასარგებლო და დამხმარე ფართი, ხოლო ქ. ქუთაისის მერის 09.09.09წ. N1436 ბრძანების საფუძველზე მოახდინა მის მიერ განხორციელებული მიშენება-რეკონსტრუქციის საერთო სასარგებლო ფართის და სახლის მეორე ნაწილის რეკონსტრუქციის საერთო სასარგებლო ფართის ლეგალიზაცია, რის შედეგადაც საჯარო რეესტრში ა. გ-ის სახელზე აღირიცხა შენობა-ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით 102,66 კვ.მ და შენობა-ნაგებობის მეორე გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით 62,67 კვ.მ.-დან ½ ნაწილი. ი. დ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რიცხული მონაცემები ლეგალიზაციის აქტის შედეგად არ შეცვლილა, არ არსებობს მტკიცებულება ლეგალიზაციის გამო ი. დ-ის საკუთრების შემცირების შესახებ. აღნიშნულს არ ადასტურებს საკადასტრო ნახაზში მოსარჩელის ნაცვლად სხვისი ხელმოწერა. საკადასტრო ნახაზი დგება საკადასტრო მონაცემების საფუძველზე, ის სწორად ასახავს არსებულ მდგომარეობას, საკადასტრო ნახაზით მოსარჩელის უფლება არ დარღვეულა, ნახაზის გამო სადავო აქტის გაუქმება, მისი კორექტირება შესაძლებელი იქნებოდა ნახაზზე არსებული ობიექტების არასწორი ასახვის შემთხვევაში, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. ქუთაისის მერიისათვის წარდგენილ, ი/მ ,,გ. მ-ის“ მიერ 28.04.09წ. შედგენილ, ქ. ქუთაისში, ... ქ. N10-ში მდებარე სახლის და მიწის ნაკვეთის 28.04.09წ. საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამსწრეთა და თანამესაკუთრეთა გრაფაში რაიმე სახის ჩანაწერი განხორციელებული არ ყოფილა და იგი ამგვარი ფორმით ა. გ-ის მიერ წარდგენილ იქნა ქ. ქუთაისის მერიაში, თუმცა საჯარო რეესტრის ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში ზემოაღნიშნული ნახაზი წარდგენილ იქნა დამსწრეთა და თანამესაკუთრეთა გრაფაში მოსარჩელის ნაცვლად სხვა პირის მიერ განხორციელებული ჩანაწერით და ხელმოწერით. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული ჩანაწერის გარეშეც ნახაზი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს წარმოადგენს, გადაწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მეზობლის, თანამესაკუთრის ხელმოწერას, რომელსაც არ აქვს ნახაზის სანქციონირების მნიშვნელობა, არამედ ნახაზის მიერ არსებული მდგომარეობის სწორად ასახვას. აღნიშნული დაადასტურა აგრეთვე პირველ ინსტანციაში სპეციალისტის სახით მოწვეულმა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტმაც. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. ქუთაისის მერიას წარედგინა ლეგალიზაციისათვის საჭირო საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. N660 ბრძანებულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ვინაიდან ნახაზისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არსებული მდგომარეობის სწორ ასახვას, არ არსებობდა საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის გაუქმების საფუძველი, მით უფრო, რომ ჩანაწერს საფუძვლად უდევს ძალაში მყოფი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებები და მერიის 09.09.09წ. N1436 ბრძანება, რომლის უკანონობა არ დასტურდება. ამასთანავე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძვლის ბათილად ცნობა წარმოადგენს ჩანაწერის ძალადაკარგულად გამოცხადების და არა ბათილად ცნობის საფუძველს. ვინაიდან საჯარო რეესტრის რეგისტრაციის საფუძვლები ძალაშია, ამდენად, არ არსებობს რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არსებითად სწორია, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად ქმნის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.11წ. განჩინება;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ლ. მურუსიძე