Facebook Twitter

#ბს-1762-1730(კ-11) 27 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) _ შპს ,,...“ უფლებამონაცვლე სს ,,...“, წარმომადგენელი _ ნ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენელი _ ვ. ჯ-ა; 2) ქ. ბათუმის მერია; წარმომადგენელი - მ. კ-ე; 3) შპს ,,ტ…”; წარმომადგენელი – გ. გ-ე

მესამე პირი - ბინათმშენებლობა ,,…”; დირექტორი – ჯ. ბ-ე; წარმომადგენელი - თ. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 2 ნოემბერს შპს ,,...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, ქ. ბათუმის მერიისა და მესამე პირის _ ბინათმშენებლობა ,,...“ მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების შეტანა დაევალა, რომლის თანახმადაც, ქ. ბათუმში, ... ქ. №2/4-ში მდებარე გ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრა 715 კვ.მ-ით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა გ. ჯ-ის საკუთრებად და 2006 წლის 30 აგვისტოს გაიცა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელშიც მიწის ნაკვეთის დაზუსტებულ ოდენობად მიეთითა 715 კვ.მ. სარეგისტრაციო მონაცემებს საფუძვლად დაედო შპს ,,ტ ...“ მიერ შედგენილი და საჯარო რეესტრში წარდგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რომელი საზღვრების მონაცემებმაც ასახვა ჰპოვა 2006 წლის 30 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერთან ერთად გაცემულ საკადასტრო რუკაზე და გეგმაზე.

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 20 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გ. ჯ-მა გაყიდა ქ. ბათუმში, ... ქ. №2/4-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი, კერძოდ, 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც იყიდა შპს „...“. საჯარო რეესტრის მიერ 2007 წლის 24 სექტემბერს გაცემული ამონაწერების თანახმად, ქ. ბათუმში, ... ქ. №2/4-ში მდებარე 215 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა გ. ჯ-ის საკუთრებას, ხოლო 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „...“ საკუთრებას.

მოსარჩელის მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბინათმშენებლობა „...“ სარჩელი ქ. ბათუმში, ... ქ. №2/4-ში მდებარე 715 კვ.მ მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზის და ჩანაწერის ბათილად ცნობის, ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილების (715 კვ.მ ნაცვლად 522 კვ.მ-ის მითითების) შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შემდგომ, 2009 წლის 10 ივლისს ბინათმშენებლობა „...“ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებულ 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ფართობის დაზუსტება მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ... ქ. №21-ში მიწის ნაკვეთი აღირიცხა დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით ბინათმშენებლობა „...“ საკუთრებაში, კერძოდ, მიწის ნაკვეთი 1701 კვ.მ, საკადასტრო კოდით №05.28.05.2008.

მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 24 სექტემბერს შპს „...“ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და ქ. ბათუმში, ... ქუჩა №2/4-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით 30 კალენდარული დღის ვადით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება. შესაბამისად, შპს „...“ დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარდგენა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის, შპს „...“ მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, სრულყოფილი ელექტრონული ვერსია, „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და ინსტრუქციის 63-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 30 ოქტომბრის №882009302287-06 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის და ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელი იყო რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის ”მ” პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მხედველობაში იყო მისაღები ის გარემოება, რომ 715 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართზე დაზუსტებული სარეგისტრაციო მონაცემები საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო 2005 წლიდან, ხოლო „...“ საკუთრებაში კი 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართი რეგისტრირებული იყო 2007 წლიდან.

,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, ბინათმშენებლობა „...“ მოითხოვა რა ფართობის დაზუსტება, საკადასტრო აზომვითი ნახაზისათვის უნდა დაერთო წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ. საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა ყოფილიყო უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის, უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის ხელმოწერით, რასაც ადგილი არ ჰქონია. გამომდინარე აქედან, მარეგისტრირებელ ორგანოს ”საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის თანახმად უნდა შეეჩერებინა სარეგისტრაციო წარმოება. ამავე კანონის 28-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო თავად გაესწორებინა დაშვებული შეცდომა.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 2009 წლის 26 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. ბათუმის მერიას და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2008 წლის 25 მარტის №01-09/16 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა, იმ მოტივით, რომ აღნიშნული აქტით ლეგალიზებული, ... ქუჩა №21-ში მდებარე ამხანაგობა „...“ შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციიდან (კედლიდან) გადმოსული მე-2 და შემდგომი სართულების ნაწილები 0,2 მეტრით იჭრებოდა ... ქუჩა №2/4-ში მდებარე, შპს „...“ მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, რითაც ირღვეოდა ნაკვეთის მესაკუთრის, შპს „...“ კანონიერი უფლებები და ინტერესები.

ქ. ბათუმის მერის 2009 წლის 28 სექტემბრის №684 ბრძანებით შპს „...“ მიჩნეულ იქნა არაუფლებამოსილ პირად და უარი ეთქვა საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, იმ საფუძვლით, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა, მათ შორის მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი შენობის ძირითადი კოსტრუქციისგან 0,2 მეტრით გადმოსული ნაწილები, მთლიანად განლაგებული იყო ... ქ. №21-ში მდებარე ბინათმშენებლობა „...“ კუთვნილ 1 701 კვ.მ მიწის ფართზე, შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2008 წლის 25 მარტის ბრძანება შპს „...“ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს არ ეხებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ, საბოლოოდ, ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის 2009 წლის 28 სექტემბრის №684 ბრძანების, შპს ,,ტ...” მიერ 2009 წლის 10 ივლისს შესრულებული ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე ბინათმშენებლობა „...“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 ივლისის №882009202279-07 გადაწყვეტილების თანმდევი შედეგებით ბათილად ცნობა, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 30 ოქტომბრის №882009302287-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის შპს „...“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაება შპს ,,ტ...”.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ შპს „...“ მიერ წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...“ საკუთრების უფლებით ფლობდა ქ. ბათუმში, ... ქ. №2/4-ში მდებარე 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. ამავე მტკიცებულებების თანახმად, შპს „...“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დაზუსტებული სახით არ იყო რეგისტრირებული.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2009 წლის 29 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის №05.28.05.008 ამონაწერისა და 2009 წლის 13 ივლისს მომზადებული №05.28.05.008 საკადასტრო გეგმის თანახმად, ბინათმშენებლობა „...“ საკუთრების უფლებით ფლობდა ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე 1 701 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ხოლო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის საერთო ფართი იყო 8 160,90 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში აღრიცხული იყო დაზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის №05.28.05.008 ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის თანახმად, ბინათმშენებლობა „...“ საკუთრება (... ქ. №21-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ფართობი – 1 701 კვ.მ), განსხვავებით შპს „...“ საკუთრებაში არსებული 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთისაგან, წარმოადგენდა დაზუსტებულ მონაცემებს, რაც იმას ნიშნავდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის აზომვა განხორციელებული იყო კოორდინატთა სისტემაში შესრულებული აზომვითი ნახაზით და იგი, როგორც დაზუსტებული მონაცემები, სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო საჯარო რეესტრში.

2009 წლის 10 ივლისის №882009202279 განცხადების მიღების ბარათით ირკვეოდა, რომ 2009 წლის 10 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ამხანაგობა „...“ და ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 ივლისის №882009202279-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს მოეთხოვა წარედგინა ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია.

2009 წლის 17 ივლისს ამხანაგობა „...“ უზრუნველყო საჯარო რეესტრის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა, რაზედაც შედგა განცხადების მიღების №882009202279 ბარათი. აღნიშნულის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 29 ივლისს მიღებულ იქნა №882009202279-06 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ და ამავე დღეს, 29 ივლისს მიღებულ იქნა №882009202279-07 გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრაციის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ მე-13 მუხლის მე-4 პუნქტზე და განმარტა, რომ ვინაიდან რეგისტრაცია წარმოებდა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო ამხანაგობა „...“ მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული ფართობი 1 პროცენტზე მეტად არ აღემატებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობს და არ ფიქსირდებოდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება მომიჯნავე, შპს „...“ კუთვნილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ რეგისტრაცია კანონის შესაბამისად განხორციელდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ 2009 წლის 24 სექტემბერს შპს „...“ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და ქ. ბათუმში, ... ქუჩა №2-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით 30 კალენდარული დღის ვადით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება. შესაბამისად, შპს „...“ დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარდგენა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის, შპს „...“ მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, სრულყოფილი ელექტრონული ვერსია, „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და ინსტრუქციის 63-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 30 ოქტომბრის №882009302287-06 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე-22-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის, შპს „...“ მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, სრულყოფილი ელექტრონული ვერსია, ცალსახად არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2009 წლის 26 აგვისტოს შპს „...“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. ბათუმის მერიას და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2008 წლის 25 მარტის №01-09/16 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა, იმ მოტივით, რომ აღნიშნული აქტით ლეგალიზებული, ... ქუჩა №21-ში მდებარე ამხანაგობა „...“ შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციიდან (კედლიდან) გადმოსული მე-2 და შემდგომი სართულების ნაწილები 0,2 მეტრით იჭრებოდა ... ქუჩა №2/4-ში მდებარე, შპს „...“ მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, რითაც ირღვეოდა ნაკვეთის მესაკუთრის, შპს „...“ კანონიერი უფლებები და ინტერესები. აღნიშული საჩივრის განხილვის მიზნით, ქ. ბათუმის მერიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოთხოვილ იქნა ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე, ამხანაგობა „...“ საკუთრებაში არსებულ 1 701 კვ.მ ფართთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაცია, რა დროსაც დადგინდა, რომ ბ/ა „...“ მიერ საჯარო რეესტრისადმი წარდგენილ იქნა შპს „ტ...“ მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზი, ხოლო მერიის მიერ საჯარო რეესტრის ელექტრონული წიგნიდან ამოღებული №05.28.05.008 საკადასტრო გეგმა შედგენილი იყო აღნიშნული ნახაზის საფუძველზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრში მოპოვებული დოკუმენტაცია იძლეოდა საშუალებას მომხდარიყო ... ქ. №21-ში მდებარე მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაცია.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა შპს „...“ სარჩელის მოტივები, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე შენობის მე-2 და შემდგომი სართულების, ძირითადი კოსტრუქციისაგან (კედლიდან) გამოწეული ნაწილები მთლიანად იჭრებოდა შპს „...“ სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებში. აღნიშნულს ვერ ცვლიდა ის გარემოება, რომ მათ მიერ წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერი და საკადასტრო გეგმა, რადგან სადავო მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის ამონაწერი და საკადასტრო გეგმა გააჩნდა ამხანაგობა „...“.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთი ამხანაგობა „...“ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ჰქონდა დაზუსტებული სახით, რაც ნიშნავდა იმას, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები დადგენილი იყო ზუსტად, შპს „...“ სახელზე კი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი სახით, ხოლო ფართის საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი სახით რეგისტრაცია უშვებდა ალბათობას, რომ დაზუსტების შემთხვევაში შესაძლებელია მომხდარიყო მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების შეცვლა.

ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე 1 701 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმისა და ქ. ბათუმში, ... ქ. №2/4-ში არსებული 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის ურთიერთშედარების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოხესენებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრებს შორის არსებობდა ზედდება ანუ გადაფარვა, მაგრამ სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერია არ იყო უფლებამოსილი, განეხილა მიწის ნაკვეთის ამხანაგობა „...“ სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციის კანონიერება.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა, მათ შორის მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი შენობის ძირითადი კოსტრუქციისგან 0,2 მეტრით გადმოსული ნაწილები, მთლიანად განლაგებული იყო ... ქ. №21-ში მდებარე ბინათმშენებლობა „...“ კუთვნილ 1 701 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, ამდენად, ქ. ბათუმის მერიის მიერ სწორად იქნა გაკეთებული დასკვნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2008 წლის 25 მარტის ბრძანება შპს „...“ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს არ ეხებოდა, რის გამოც მომჩივანი მხარე არაუფლებამოსილ პირად ჩათვალა და წარმოებაში არ მიიღო შპს „...“ საჩივარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე და მათი მიღების დროს ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენდამდე შეჩერდა საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით განახლდა მოცემული საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა განმეორებითი ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენდამდე შეჩერდა საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 აგვისტოს განჩინებით განახლდა მოცემული საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2011 წლის 25 ივლისის №708/15-2011 ექსპერტიზის დასკვნაზე, სადაც აღნიშნული იყო შემდეგი: ,,1. წარდგენილ მასალებში არ იყო ერთიანი გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში შესრულებული ქ. ბათუმის განაშენიანების რეგულირების საკადასტრო რუქა/გეგმა. წითელი ხაზებით მონიშნული საზღვრების შეცვლა და დარღვევა მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელი იყო.

2. ა) საჯარო რეესტრის მონაცემებით 715 კვმ მიწის ნაკვეთის ფართში დღეის მდგომარეობით შესული იყო შპს „...“ და ბინათმშენებლობა „...“ ფაქტიურად არსებული ნაკვეთების გამმიჯნავი კაპიტალური კონსტრუქციის ღობე ... ქუჩის მხრიდან დაწყებული 28.15 მ. სიგრძეზე.

ბ) ბინათმშენებლობა „...“ მაღლივი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე არსებული კონსოლური კონსტრუქცია ფასადის ზედაპირიდან გამოწეული იყო 2 მეტრით და საჯარო რეესტრის მონაცემებით მოცემული 715 კვმ მიწის ნაკვეთში გადადიოდა - 1.25-1.5 მეტრით.

3. ბინათმშენებლობა „...“ მიერ ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე მიწის ნაკვეთის გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში დაზუსტებული სახით რეგისტრაციისა და იგივე ნაკვეთის ქაღალდური ვერსიის შედარება მოცემული იყო დანართ №3-ში. როგორც დანართიდან ჩანდა ბინათმშენებლობა „...“ სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრების კონფიგურაცია და ზომები სრულად არ ემთხვეოდა საჯარო რეესტრის მონაცემებში ადრე არსებულ ქაღალდის ვერსიას. შპს „...“ ნაკვეთის მხარეს საკადასტრო გეგმის საზღვრები არ სცილდებოდა ქაღალდის ვერსიის საზღვარს.

4. იმის დადგენა, ბინათმშენებლობა „...“ მიერ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის დაზუსტებისას ხომ არ მომხდარა შპს „...“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთთან ზედდება, რეესტრში არსებული ნახაზებისა და წითელი ხაზების გათვალისწინებით, წარმოდგენილი მასალების მიხედვით ტექნიკურად შეუძლებელი იყო.

5. შპს „...“ მიერ დასაზუსტებლად წარდგენილი ელექტრონული აზომვითი ნახაზით ზედდება ბინათმშენებლობა „...“ დაზუსტებულ მიწის ნაკვეთთან შეადგენდა 75.3 კვ.მ-ს ”.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2009 წლის 10 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ამხანაგობა „...“ და ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 ივლისის №882009202279-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს მოეთხოვა წარედგინა ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია.

2009 წლის 17 ივლისს ამხანაგობა „...“ უზრუნველყო საჯარო რეესტრის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა, რაზედაც შედგა განცხადების მიღების №882009202279 ბარათი. აღნიშნულის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 29 ივლისს მიღებულ იქნა №882009202279-06 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ და ამავე დღეს, 29 ივლისს მიღებულ იქნა №882009202279-07 გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრაციის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2011 წლის 25 ივლისის №708/15-2011 ექსპერტიზის დასკვნის მე-4 პუნქტის გამოკვლევის ნაწილში აღნიშნული იყო, რომ დაკვალვის გეგმის მიხედვით ბინათმშენებლობა „...“ შენობის ... ქუჩის მხარეს მდებარე ფასადი უშუალოდ მიბმული იყო განაშენიანების რეგულირების წითელ ხაზთან. ამ ქუჩისა და ... ქუჩის გადაკვეთის ადგილას წითელი ხაზის ... ქუჩის ღერძიდან დაშორებას წარდგენილი დოკუმენტები სხვადასხვა სახით იძლეოდა. დაკვალვის გეგმის მიხედვით წითელი ხაზის დაშორება ... ქუჩის ღერძიდან იყო 24.3 მ, ხოლო დამატებით წარდგენილი მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის პროექტის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიერ დამზადებული ქ. ბათუმის 2003 წლის ფაქტიური მდგომარეობით რუკის ფრაგმენტისა და საქმის მასალებში მოცემული შპს ,,ჯ...” მიერ შედგენილი სიტუაციური გეგმის მიხედვით განხილული მანძილი არ აღემატებოდა 15.5 მ-ს. 2003 წლის ფაქტიური მდგომარეობით ქ. ბათუმის განაშენიანების რეგულირების რუკის ფრაგმენტი არ იყო მიბმული ერთიან გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაზე და არც რაიმე სახის მყარ წერტილზე, რის გამოც შეუძლებელი იყო ნაკვეთის დაზუსტებული კონტურის მიბმა წითელ ხაზებზე და შესაბამისად, ტექნიკურად შეუძლებელი იყო იმის დადგენა, ბინათმშენებლობა „...“-ს მიერ მიწის ნაკვეთის დაზუსტებისას ხომ არ მომხდარა შპს „...“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთთან ზედდება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა შპს „...“ სარჩელის მოტივები იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე შენობის მე-2 და შემდგომი სართულების, ძირითადი კოსტრუქციისაგან (კედლიდან) გამოწეული ნაწილები მთლიანად იჭრებოდა შპს „...“-ს სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რადგან სადავო მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის ამონაწერი და საკადასტრო გეგმა გააჩნდა ბინათმშენებლობა „...“, რომელსაც მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ჰქონდა დაზუსტებული სახით, ანუ მას მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები დადგენილი ჰქონდა ზუსტად, შპს „...“ სახელზე კი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი სახით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, არასწორი იყო სასამართლოთა მითითება იმის შესახებ, რომ არც შპს „...“ და არც მის წინა მორბედს გ. ჯ-ს არ ჰქონდათ მიწის ნაკვეთი დაზუსტებული იმ საზღვრებში, რაც ხელს შეუშლიდა მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტებას აკადემიის მიერ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ... ქ. №2/4-ში მდებარე უძრავი ქონება - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 715 კვ.მ-ის ოდენობით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა გ. ჯ-ის საკუთრებად და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2006 წლის 30 აგვისტოს გაიცა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელშიც მიწის ნაკვეთის დაზუსტებულ ოდენობად მითითებულია 715 კვ.მ.

აღნიშნული გადაწყვეტილება დაეყრდნო 2004 წელს შესრულებულ მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის პროექტს დამზადებულს ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიერ, რაც ასახავდა ქ. ბათუმის ტერიტორიის ფაქტიურ მდგომარეობას 2003 წლისათვის და ეყრდნობოდა აერო აზომვის შედეგებს.

სასამართლო გადაწყვეტილება ასევე დაეყრდნო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2005 წლის 25 მარტის საექსპერტო დასკვნას, რომლის მიხედვით დგინდებოდა, რომ ადგილზე მისვლითა და გადაზომვებით სახლთმფლობელობის გეგმა მთლიანად ემთხვეოდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მანამდე გაცემულ გენგეგმას.

მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2006 წლის 30 აგვისტოს მომზადებული და გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერისა და თანდართული საკადასტრო რუკით სარეგისტრაციო №05.08.05.03, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი იყო - 715 კვმ და მისი პარამეტრები იყო: სინაგოგის მხარეს - 31.22 მ-ი, ... ქუჩის მხარეს - 26.71 მ-ი, მშენებარე ობიექტის მხარეს - 28.15 მ-ი, ელექტრო ქვესადგურის მხარეს - 21.75 მ-ი.

კასატორმა ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 715 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში და „...“ კუთვნილი შენობის მე-2 სართულის კონსტრუქცია იჭრებოდა ამჟამად 715 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შპს „...“ საკუთრებაში და რეალური გადაფარვა ხდებოდა 75.3 კვ.მ-ზე.

2008 წლის 4 ნოემბერს შპს „...“ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე ბინათმშენებლობა „...“ საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის ამონაწერი და საკადასტრო რუკა მოითხოვა, მარეგისტრირებელმა ორგანომ უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. პასუხიდან ირკვეოდა, რომ უძრავი ქონება 1700 კვ.მ დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთი აღარ ირიცხებოდა „...“ სახელზე და იგი ინდივიდუალურ საკუთრებად იყო რეგისტრირებული. გაურკვეველი იყო, 1700 კვ.მ დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა რის საფუძველზე მომზადდა, რათა ის დაზუსტებული მონაცემებით დაყოფილიყო და აღრიცხულიყო ცალკეულ პირთა ინდივიდუალურ საკუთრებად, ასევე რის საფუძველზე განხორციელდა შემდგომში ამ ინდივიდუალურ საკუთრებად დაყოფილი ფართის გაერთიანება კვლავ ერთ საკუთრებად ამხანაგობა „...“ სახელზე და ამ საერთო ფართის საკადასტრო მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია და დაზუსტება 1701 კვ.მ-ად.

კასატორმა აღნიშნა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის და ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის ”მ” პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად მხედველობაში იყო მისაღები ის გარემოება, რომ 715 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართზე დაზუსტებული სარეგისტრაციო მონაცემები საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო 2005 წლიდან, ხოლო „...“ საკუთრებაში კი 1700 კვმ მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართი რეგისტრირებული იყო 2007 წლიდან.

,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, ბინათმშენებლობა „...“ მოითხოვა რა ფართობის დაზუსტება, საკადასტრო აზომვით ნახაზისთვის უნდა დაერთო წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ. საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა ყოფილიყო უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის, უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის ხელმოწერით, რასაც ადგილი არ ჰქონია. გამომდინარე აქედან, მარეგისტრირებელ ორგანოს ”საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის თანახმად, უნდა შეეჩერებინა სარეგისტრაციო წარმოება. ამავე კანონის 28-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო თავად გაესწორებინა დაშვებული შეცდომა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი შპს „...“ საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 26 აპრილს 13:00 საათზე.

2012 წლის 17 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა სს „...“ წარმომადგენელმა ვ. ც-ემ, რომელმაც მოცემულ საქმეში სს „...“ სავალდებულო მიწვევის მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, მოცემულ საქმეზე სადავოდ ქცეული შპს „...“ საკუთრებაში არსებული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა სს „...“. ამდენად, მის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას მოახდენდა სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სს „...“.

2012 წლის 8 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა მესამე პირის – სს „...“ წარმომადგენელმა ვ. ც-ემ და მოცემულ საქმეში კასატორის – შპს „...“ უფლებამონაცვლედ სს „...“ ცნობა მოითხოვა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, შპს „...“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებული იყო სს „...“ საკუთრებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინებით სს „...“ წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორის - შპს „...“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „...“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 394-ე მუხლის მოთხოვნები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2009 წლის 10 ივლისს ბინათმშენებლობა „...“ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებულ 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ფართობის დაზუსტება მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ... ქ. №21-ში მდებარე მიწის ნაკვეთი აღირიცხა დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით ბინათმშენებლობა „...“ საკუთრებად, კერძოდ, მიწის ნაკვეთი 1701 კვ.მ, საკადასტრო კოდით №05.28.05.2008.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2009 წლის 24 სექტემბერს შპს „...“ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და ქ. ბათუმში, ... ქუჩა №2-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით 30 კალენდარული დღის ვადით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება. შესაბამისად, შპს „...“ დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარდგენა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის, შპს „...“ მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, სრულყოფილი ელექტრონული ვერსია, „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და ინსტრუქციის 63-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 30 ოქტომბრის №882009302287-06 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2009 წლის 26 აგვისტოს შპს „...“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. ბათუმის მერიას და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2008 წლის 25 მარტის №01-09/16 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა, იმ მოტივით, რომ აღნიშნული აქტით ლეგალიზებული, ... ქუჩა №21-ში მდებარე ამხანაგობა „...“ შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციიდან (კედლიდან) გადმოსული მე-2 და შემდგომი სართულების ნაწილები 0,2 მეტრით იჭრებოდა ... ქუჩა №2/4-ში მდებარე, შპს „...“ მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, რითაც ირღვეოდა ნაკვეთის მესაკუთრის, შპს „...“ კანონიერი უფლებები და ინტერესები. აღნიშული საჩივრის განხილვის მიზნით, ქ. ბათუმის მერიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოთხოვილ იქნა ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე, ბინათმშენებლობა „...“ საკუთრებაში არსებულ 1 701 კვ.მ ფართთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაცია. ქ. ბათუმის მერიამ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა, მათ შორის მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი შენობის ძირითადი კოსტრუქციისგან 0,2 მეტრით გადმოსული ნაწილები, მთლიანად განლაგებული იყო ... ქ. №21-ში მდებარე ბინათმშენებლობა „...“ კუთვნილი 1 701 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. ამდენად, ქ. ბათუმის მერიის მოსაზრებით, ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2008 წლის 25 მარტის ბრძანება შპს „...“ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს არ ეხებოდა, რის გამოც მომჩივანი მხარე არაუფლებამოსილ პირად ჩათვალა და წარმოებაში არ მიიღო შპს „...“ საჩივარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2011 წლის 9 თებერვალს დანიშნული განმეორებითი ექსპერტიზის 2011 წლის 25 ივლისის №708/15-2011 დასკვნაზე, რომლის შესაბამისად დადგინდა, რომ ,,საჯარო რეესტრის მონაცემებით 715 კვმ მიწის ნაკვეთის ფართში შესული იყო შპს „...“ და ბინათმშენებლობა „...“ ფაქტიურად არსებული ნაკვეთების გამმიჯნავი კაპიტალური კონსტრუქციის ღობე ... ქუჩის მხრიდან დაწყებული 28.15 მ. სიგრძეზე. ბინათმშენებლობა „...“ მაღლივი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე არსებული კონსოლური კონსტრუქცია ფასადის ზედაპირიდან გამოწეული იყო 2 მეტრით და საჯარო რეესტრის მონაცემებით მოცემული 715 კვმ მიწის ნაკვეთში გადადიოდა - 1.25-1.5 მეტრით. ბინათმშენებლობა „...“ მიერ ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე მიწის ნაკვეთის გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში დაზუსტებული სახით რეგისტრაციისა და იგივე ნაკვეთის ქაღალდური ვერსიის შედარება მოცემული იყო დანართ №3-ში. როგორც დანართიდან ჩანდა ბინათმშენებლობა „...“ სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრების კონფიგურაცია და ზომები სრულად არ ემთხვეოდა საჯარო რეესტრის მონაცემებში ადრე არსებულ ქაღალდის ვერსიას. შპს „...“ ნაკვეთის მხარეს საკადასტრო გეგმის საზღვრები არ სცილდებოდა ქაღალდის ვერსიის საზღვარს. ამასთან, შპს „...“ მიერ დასაზუსტებლად წარდგენილი ელექტრონული აზომვითი ნახაზით ზედდება ბინათმშენებლობა „...“ დაზუსტებულ მიწის ნაკვეთთან შეადგენდა 75.3 კვ.მ-ს“.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთებს შორის ზედდება 75.3 კვ.მ-ს შეადგენდა. ამასთან, ბინათმშენებლობა „...“ მაღლივი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე არსებული კონსოლური კონსტრუქცია ფასადის ზედაპირიდან გამოწეული იყო 2 მეტრით და 715 კვ.მ მიწის ნაკვეთში გადადიოდა - 1.25-1.5 მეტრით (აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ისე უთხრეს უარი შპს „...“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომ საერთოდ არ შეუფასებიათ საქმეში არსებული უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, კერძოდ, არ დაუდგენიათ ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში მხარეებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დავა და სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების შეტანა დაევალა, რომლის თანახმადაც, ქ. ბათუმში, ... ქ. №2/4-ში მდებარე გ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრა 715 კვ.მ-ით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა გ. ჯ-ის საკუთრებად და 2006 წლის 30 აგვისტოს გაიცა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელშიც მიწის ნაკვეთის დაზუსტებულ ოდენობად მიეთითა 715 კვ.მ. სარეგისტრაციო მონაცემებს საფუძვლად დაედო შპს ,,ტ...“ მიერ შედგენილი და საჯარო რეესტრში წარდგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რომელი საზღვრების მონაცემებმაც ასახვა ჰპოვა 2006 წლის 30 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერთან ერთად გაცემულ საკადასტრო რუკაზეც და გეგმაზეც.

საქმეში წარმოდგენილი 2006 წლის 6 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დაუზუსტებელი მონაცემებით ქ. ბათუმში, ... ქ. №21-ში მდებარე 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 2006 წლის 6 დეკემბრიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნა ბინათმშენებლობა „...“ საკუთრებად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი მონაცემებით 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბინათმშენებლობა „...“ საკუთრებად რეგისტრირებული იქნა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის მიმდებარედ დაზუსტებული მონაცემებით, საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებული იყო 715 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ფიზიკური პირის – გ. ჯ-ის საკუთრებად.

2007 წლის 20 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გ. ჯ-მა გაყიდა ქ. ბათუმში, ... ქ. №2/4-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი, კერძოდ, 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც იყიდა შპს „...“. საჯარო რეესტრის მიერ 2007 წლის 24 სექტემბერს გაცემული ამონაწერების თანახმად, ქ. ბათუმში, ... ქ. №2/4-ში მდებარე 215 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა გ. ჯ-ი საკუთრებას, ხოლო 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „...“ საკუთრებას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ბინათმშენებლობა „...“ სარჩელი ქ. ბათუმში, ... ქ. №2/4-ში მდებარე 715 კვ.მ მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზის და ჩანაწერის ბათილად ცნობის, ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილების შეტანის (715 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაცვლად 522 კვ.მ მიწის ნაკვეთის მითითების) თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ მტკიცებას არ საჭიროებს. ამგვარ ფაქტებს განეკუთვნება ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობდნენ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №2/4-ში მდებარე 715 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება გ. ჯ-ს (საიდანაც 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „...“ შეიძინა) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით მიენიჭა. ამასთან, სასამართლო დავა, რომელშიც ბინათმშენებლობა „...“ სადავოდ ხდიდა 715 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული გეგმა-ნახაზისა და სარეგისტრაციო ჩანაწერების კანონიერებას, სწორედ, გ. ჯ-ის და შპს „...“ სასარგებლოდ გადაწყდა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ დავაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური, სწორედ, ქ. ბათუმში, ... ქ. №2/4-ში მდებარე 715 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერის კანონიერებას ამტკიცებდა, მაშინ, როდესაც ამჟამად, აღნიშნულის საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე აშკარაა, რომ ბინათმშენებლობა „...“ იმ მიზნის მიღწევა, რომელიც სასამართლოს გზით ვერ შეძლო, მიაღწია საჯარო რეესტრში მონაცემების დაზუსტების გზით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ფაქტობრივად შეიცვალა სასამართლოს მიერ 715 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ. ჯ-ის (შპს „...“) სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე დაუსაბუთებელია.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს საფუძველს მოკლებულად მიაჩნია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებულ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ მე-13 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საკადასტრო აზომვით ნახაზსა და უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობს შორის დასაშვებია ერთი პროცენტის ცდომილება.

მოცემულ შემთხვევაში დაუდგენელია კონკრეტულად რომელი მიწის ნაკვეთის ფართის 1 პროცენტზეა საუბარი, მაშინ როდესაც, შპს „...“ საკუთრებაში არსებული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, შპს „...“ და ბინათმშენებლობა „...“ მიწის ნაკვეთებს შორის ზედდება 75.3 კვ.მ-ია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის 48-ე მუხლის შესაბამისად, ბინათმშენებლობა „...“ მოითხოვა რა ფართობის დაზუსტება, საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად უნდა წარედგინა წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ. საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა ყოფილიყო უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის, უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის ხელმოწერით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოს ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის თანახმად, უნდა შეეჩერებინა სარეგისტრაციო წარმოება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სარეგისტრაციო სამსახურისათვის ცნობილი იყო განმცხადებელსა და მოსაზღვრე უძრავი ნივთის მესაკუთრეს შორის სასამართლო დავების არსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას ქ. ბათუმის მერის 2009 წლის 28 სექტემბრის №684 ბრძანების კანონიერებასთან მიმართებაში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნებით ცალსახად იქნა დადგენილი, რომ ბინათმშენებლობა „...“ მაღლივი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე არსებული კონსოლური კონსტრუქცია ფასადის ზედაპირიდან გამოწეული იყო 2 მეტრით და საჯარო რეესტრის მონაცემებით მოცემული 715 კვ.მ მიწის ნაკვეთში გადადიოდა - 1.25-1.5 მეტრით, შპს „...“ არადაინტერესებულ პირად მიჩნევა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად, არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...“ უფლებამონაცვლის სს „...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე