საქმე ¹ბს-1779-1747 (კ-11) 28 დეკემბერი, 2012წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) – სს „...“,
წარმომადგენელი – ლ. მ-ა (28.12.2010წ. №3442/1 რწმუნებულება)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ფ. კ-ი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, წარმომადგენელი - ნ.გ-ი (05.10.2011 წ. №894, 02.07.2012 წ. №01/17 მინდობილობა); მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა (წარმომადგენელი საკასაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 11.10.2011 წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „...“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ფ. კ-ისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 10.09.2010 წ. მესტიის რაიონის სოფ. ... ტერიტორიაზე ფ. კ-ის მართვის ქვეშ მყოფი, სსიპ აფხაზეთის სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახ.ნომ. ...) შეეჯახა ნ. ფ-ის მართვის ქვეშ მყოფ, სს „...” დაზღვეულ მიცუბიში ჩელენჯერის მარკის ავტომანქანას (სახ.ნომ. ...). საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი #ბდ420408 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით სამართალდამრღვევად მიჩნეულ იქნა ფ. კ-ი. მოსარჩელემ დაზიანებული ავტომობილის – მიცუბიში ჩელენჯერის მესაკუთრეს ზ.გ-ეს აუნაზღაურა მატერიალური ზიანი 5619 აშშ დოლარის ოდენობით. არსებულზე დაყრდნობით, მოსარჩელემ მიუთითა რა სკ 317.1, 992-ე, 832.1, 999.4 მუხლებზე, მოითხოვა მოპასუხეთათვის მის სასარგებლოდ 5619 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2011 წ. განჩინებით საქმეში მესამე მოპასუხედ მოწვეულ იქნა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.11 წ. გადაწყვეტილებით სს „...“ სარჩელი ფ. კ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, ფ. კ-ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის _ 5619 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. მოსარჩელის სარჩელი მოპასუხეების _ აფხაზეთის მთავრობისა და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის მთავრობისა და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.11 წ. განჩინებით სს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.11 წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 28.11.2008 წ. ხელშეკრულების თანახმად. აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის სამინისტრომ სსიპ ,,აფხაზეთის სახელმიწფო უზრუნველყოფის სააგენტოს” ბალანსზე რიცხული ,,კამაზ ნეფაზი” (სახ.ნომ. ...) თხოვების ფორმით გადასცა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას. ამ უკანასკნელსა და ფ. კ-ს შორის 01.02.2009წ. დადებული #93 შრომითი ხელშეკრულების თანახად, ფ. კ-ის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა მოსახლეობის ტრანსპორტირება მესტია-ბეჩო-მაზერის მიმართულებით. 10.09.2010 წ. #ბდ420408 სამართალდარღვევის ოქმზე დაყრდნობით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სოფ. ... ტერიტორიაზე ,,კამაზის” მარკის ავტომანქანის (სახ.ნომ. ...) მძღოლმა ფ. კ-მა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახა საპირისპირო მხიდან მოძრავ ნ.ფ-ის მართვის ქვეშ მყოფ, სს „...“ დაზღვეულ ,,მიცუბიში ჩელენჯერის” მარკის ავტო მანქანას, რამაც გამოიწვია სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. 28.09.2010 წ. საგადასახადო დავალების თანახმად, დადგინდა, რომ სს „...“ მიერ ,,მიცუბიში ჩელენჯერის” მესაკუთრის ანგარიშზე გადარიცხულ იქნა სადაზღვევო ანაზღაურება 5619 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში - 10230, 51 ლარი.
სააპელაციო სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას დაეყრდნო რა სკ 317.1, 992-ე, 998-ე მუხლებს, აღნიშნა, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ვერ დადასტურდა სს „...“ აფხაზეთის მთავრობისა და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი, რაც მათი პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძველია. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 28.11.2008 წ. თხოვების ხელშეკრულების 2.3 მუხლის ,,გ” პუნქტზე, რომლის თანახმადაც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებული იყო გამნათხოვრებლის თანხმობის გარეშე არ გადაეცა ქონება სარგებლობისთვის მესამე პირზე და აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობს მითითებული თანხმობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც კიდევ ერთ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ აფხაზეთის მთავრობას არ დაეკისროს პასუხისმგებლობა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოსთვის მისი მოსამსახურის ქმედების გამო ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობებიც, რადგან ფ. კ-ი არ შეიძლება განხილულ იქნეს მესტიის მუნიციპალიტეტის მოსამსახურედ, ვინაიდან იგი არ ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას ადგილობრივ თვითმმართველობაში. ამასთან, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას წარმოადგენს მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება და არა უშუალოდ მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.11 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ფ. კ-ი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1.1, მე-2 და მე-4 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს, რადგან ამ უკანასკნელთან აკავშირებს ანაზღაურებადი სამსახურეობრივი ურთიერთობა. ფ. კ-ი მესტიის მუნიციპალიტეტისგან ანაზღაურების სახით იღებდა მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსულობების ნაწილს, კერძოდ, სვლაგზიდან მისაღებ შემოსავალს. კასატორისვე მითითებით გაურკვეველია თუ რას ეფუძნება ან რა მიზანს ემსახურება სადავო განჩინებაში სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და უშუალოდ სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურების ურთიერთგამიჯვნა. ამასთან, სს მიიჩნევს, რომ ფ. კ-ი რომც არ ყოფილიყო გამგეობის თანამშრომელი, მაინც იარსებებდა მესტიის მუნიციპალიტეტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, რადგან იგი წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალების (სახ.ნომ. ...) მფლობელს. რაც შეეხება, აფხაზეთის ა/რ მთავრობას, მასთან დაკავშირებით კასატორი დაეყრდნო რა სკ 999.4 მუხლს აღნიშნა, რომ განსახილველი მუხლით საგამონაკლისო წესით დადგენილია მესაკუთრის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო დელიქტისას მისი ბრალის მიუხედავად, რადგან ავტომობილი წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.04.2012 წ. განჩინებით სს „...“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ - აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლების არ ცნო და მოითხოვა მის ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვება. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტყობინების მიუხედავად საკასაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 10.09.2010წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №ბდ420408 ოქმის თანახმად, 10.09.2010წ. მესტიის რაიონის სოფ. ... ტერიტორიაზე, ,,კამაზის“ მარკის ავტომანქანის (სახ. ნომ.: ...) მძღოლმა ფ. კ-მა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახა საპირისპირო მხრიდან მოძრავ ნ.ფ-ის მართვის ქვეშ მყოფ ,,მიცუბიში ჩელენჯერის“ მარკის ავტომანქანას (სახ. ნომ.: ...), რამაც გამოიწვია სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. ფ. კ-ი დაჯარიმდა 250 ლარით (ტ.1, ს.ფ.13). ავტომობილის №MI30416/10 დაზღვევის პოლისის თანახმად, ავტომანქანა ,,მიცუბიში ჩელენჯერი“ (სახ.ნომ.: ...) დაზღვეული იყო სს „...“ (ტ.1, ს.ფ.17). შპს „...“ მიერ 17.09.2010წ. გაცემული ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ,,მიცუბიში ჩელენჯერის“ მარკის ავტომანქანის (სახ.ნომ.: ...) მიმართ შესრულებული სამუშაოების ხარჯებმა შეადგინა 9325 ლარი, ევაკუატორის მომსახურებამ - 1200 ლარი (ტ.1, ს.ფ.18,23). 28.09.2010 წ. საგადასახადო დავალების თანხმად, სს „...“ მიერ ,,მიცუბიში ჩელენჯერის“ მარკის ავტომანქანის მესაკუთრის ზ.გ-ის ანგარიშზე გადარიცხულ იქნა სადაზღვევო ანაზღაურება 5619 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, კერძოდ, 10 230 ლარი და 51 თეთრი (ტ.1, ს.ფ.25). ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მზღვეველმა აუნაზღაურა დამზღვევს ზიანი. სკ-ის 832-ე მუხლის მიხედვით, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. განსახილველ დავაში მოსარჩელე სს „...“ სარჩელზე მოპასუხეებს წარმოადგენენ ფ. კ-ი, აფხაზეთის ა.რ. მთავრობა და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა. მოპასუხე ფ. კ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.07.11წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5619 აშშ დოლარის ევივალენტი ლარის გადახდა. გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში არ გასაჩივრებულა, რის გამოც საკასაციო სასამართლო ფ. კ-ისათვის თანხის დაკისრების ნაწილში მსჯელობას ვერ იქონიებს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დელიქტური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს არა მხოლოდ, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 992-ე მუხლის, არამედ აგრეთვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე. სზაკ 207-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის ნორმები იმ შემთხვევაში, უკეთუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სზაკ 208-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო პასუხს აგებს, როგორც მისი მოსამსახურის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მიყენებული ზიანისთვის, ასევე იმ კერძო პირის ქმედების შედეგად დამდგარი ზიანისთვის, რომელიც თვითმმართველობის ორგანოს დავალების საფუძველზე მოქმედებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფ. კ-ი არ იყო ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურე არ გამორიცხავს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. სატრანსპორტო საშუალების მართვის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სუბიექტური შემადგენლობის თავისებურებას ის შეადგენს, რომ პასუხისმგებლობა ზიანისთვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი (სკ-ის 999.1 მუხ.). სატრანსპორტო საშუალების მფლობელად არ ჩაითვლება ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანპორტო სასუალებას ხელშეკრულების საფუძველზე. სკ-ის 155.2 მუხლის თანახმად, მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან, მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი. საქმეში დაცულია ფ. კ-სა (,,დაქირავებული”) და მესტიის მუნიციპალიტეტს (,,დამქირავებელი”) შორის 01.02.2009წ. დადებული #93 შრომითი ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ.196), რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაქირავებული დამქირავებლისთვის ახორციელებს მოსახლეობის ტრანსპორტირებას: მესტია – ბეჩო – მაზერის მიმართულებით. ამავე ხელშკრულების 5.1.2 პუნქტით დამქირავებელი მოვალეა მოახდინოს შრომის ანაზღაურება მე-6 მუხლში მითითებული ოდენობით, რომლის თანახმად, დაქირავებულის ანაზღაურებას წარმოადგენს სვლა-გეზიდან მიღებული შემოსავალი.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ფ. კ-ს შორის 01.02.09წ. დადებული #93 ხელშეკრულების თანახმად, ფ. კ-ი ხელშეკრულების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დავალებით ახორციელებდა გარკვეულ ანაზღაურებად საქმიანობას, შესაბამისად, სზაკ 208-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს – მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას, წარმოეშობა მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუ დადგინდება, რომ ავტოავარიის შედეგად ზიანის მიყენებისას ფ. კ-ი მოქმედებდა დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში. აღნიშნულ გარემოებაზე მსჯელობის გარეშე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტზე ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები არ არსებობს მისი არაბრალეულობის გამო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ ფიზიკური პირის ბრალეულობა გამოიხატება განზრახვაში ან გაუფრთხილებლობაში, რაც პირის სუბიექტური დამოკიდებულებით განისაზღვრება, ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობას გარკვეული თავისებურებები ახასიათებს. ამ სხვაობას განაპირობებს ის, რომ ადმინისტრაციული ორგანო როგორც ასეთი თავად არ ახორციელებს კონკრეტულ ქმედებას, იგი თავის საქმიანობას ახორციელებს თავისი ორგანოების ან ფიზიკური პირების მეშვეობით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობის შეფასებისას, უნდა შეფასდეს სწორედ ამ პირისა თუ ორგანოს ბრალეულობის საკითხი. განსახილველ შემთხვევაში თვითმმართველობის ორგანოს დავალებით მოქმედ პირს წარმოადგენს ფ. კ-ი, რომელიც მოქმედებდა ბრალეულად და მართლსაწინააღდეგოდ, რის შედეგადაც დადგა ზიანი. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზიანის დადგომაში არ იკვეთება ფ. კ-ისთვის ,,დავალების მიმცემის” მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრალი არ გამორიცხავს უკანასკნელის მიმართ მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობას. სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმადაც, მოვალე, რომელიც თავისი ვალდებულებების შესრულებისას იყენებს მესამე პირებს, ისეთივე მოცულობით აგებს პასუხს მესამე პირების ქმედებებისთვის, როგორც საკუთარი ქმედებების დროს. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას (სკ-ის 999.1 მუხ.), რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზეა. მძღოლი ფ. კ-ი სატრანსპორტო საშუალებას იყენებდა მფლობელის - მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნებართვით, შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია მფლობელის პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას - ფ. კ-ის მიერ სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ნებართვის გარეშე გამოყენებას (სკ-ის 999.4 მუხ.). გამგეობის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ გამორიცხავს აგრეთვე სააპელაციო პალატის მითითება იმაზე, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-16 მუხლის მიხედვით თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას შეადგენს მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება და არა უშუალოდ მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ შეიცავს ასეთი მომსახურების აკრძალვის რაიმე ნორმას, ამასთანავე მესტიის გამგეობას ავტოსატრანსპორტო საშუალება სწორედ გამგეობის ინიციატივით გადაეცა (იხ. მესტიის გამგებლის 26.08.08 წ. №284 წერილი), ხოლო გამგეობასა და ფ. კ-ს შორის დადებული ხელშეკრულება ბათილად ცნობილი არ ყოფილა.
რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რომელსაც მოსარჩელე ავტომობილ ,,კამაზის” (სახ.ნომ.:...) მესაკუთრედ მიიჩნევს და სკ 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ითხოვს ზიანის ანაზღაურების მასზე დაკისრებას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს აფხაზეთის ა.რ. მთავრობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ავტომანქანა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადასცა აფხაზეთის ა.რ. ეკონომიკის სამინისტრომ, მინისტრის პირველი მოადგილის 27.11.08წ. №01/126 ბრძანებით აფხაზეთის ა.რ. კუთვნილი, სსიპ ,,აფხაზეთის სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ბალანსზე რიცხული ორი ავტომანქანა გადაეცა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას სამსახურებრივი საჭიროებისთვის (,,სსიპ აფხაზეთის სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 24.03.2009წ. №5 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს დაევალა სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებისთვის - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოსთვის გადაცემა). ხსენებული ბრძანების საფუძველზე აფხაზეთის ა.რ. ეკონომიკის სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 28.11.08 წ. დადებული ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, მონათხოვრე ვადებული იყო ,,გამნათხოვრებლის“ თანხმობის გარეშე არ გადაეცა ქონება სარგებლობაში მესამე პირისთვის. მასვე უნდა გაეწია ყველა ხარჯი, ეზრუნა ქონების ნორმალური მოვლისთვის, რაც ,,გამნათხოვრებლის“ მხრიდან კომპენსაციას არ ექვემდებარებოდა. ხელშეკრულების თანახმად, გამგეობას ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის გადაცემა არ შეეძლო აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წერილობითი თანხმობის გარეშე. საქმეში არ მოიპოვება ასეთი თანხმობა. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აფხაზეთის მთავრობის ნებართვის გარეშე გადასცა ავტომანქანები ფ. კ-ს, რომელიც, როგორც აღინიშნა, მესტიის მუნიციპალიტეტის დავალების საფუძველზე ახორციელებდა მგზავრთა გადაყვანას. ამდენად, იმისთვის რომ დადგინდეს რამდენად შეესაბამებოდა მესტიის მუნიციპალიტეტის ეს ქმედება მუნიციპალიტეტსა და აფხაზეთის ა.რ ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებული თხოვების ხელშეკრულების 2.3. პუნქტს, (მონათხოვრე ვალდებულია ,,გამნათხოვრებლის” თანხმობის გარეშე არ გადაცეს ქონება სარგებლობისათვის მესამე პირებს), უნდა გაირკვეს მიიჩნევა თუ არა ფ. კ-ი მესამე პირად ხელშეკრულების ამ პუნქტის მიზნებისთვის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გამგეობის მიერ ფიზიკური პირისთვის ავტომობილის სამართავად გადაცემა, თავისთავად არ ქმნის ამ პირის ,,მესამე პირად” მიჩნევის საფუძველს, რადგან ადმინისტრაციული ორგანო, როგორც აღინიშნა, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, საქმიანობას ახორციელებს საკუთარი ორგანოების ან ფიზიკური პირების მეშვეობით, შესაბამისად, ბუნებრივია ავტომობილის ფიზიკური პირისათვის სამართავად გადაცემა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთ ფიზიკურ პირებად, შეიძლება მოვიაზროთ ერთი მხრივ, ორგანოს თანამდებობის პირები ან მოსამსახურეები და მეორე მხრივ, ფიზიკური პირები, რომლებიც ორგანოს დავალების საფუძველზე გარკვეულ საქმიანობას ახორციელებენ. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ფ. კ-ს შორის 01.02.09წ. დადებული #93 ხელშეკრულების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ფ. კ-ი მართალია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მისთვის ავტომობილის გადაცემის საფუძველზე მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, თუმცა არ წარმოადგენდა ორგანოს მოსამსახურეს ან თანამდებობის პირს, შესაბამისად, მისთვის ავტომობილის გადაცემა განიხილება როგორც ხელშეკრულების საფუძველზე ავტომობილის მესამე პირისთვის სამართავად გადაცემა და არა, როგორც ორგანოს მიერ თავისი მოსამსახურეების მეშვეობით ავტომობილის მართვა. ამდენად, ავტომანქანის ფ. კ-ისთვის გადაცემა საჭიროებდა გამნათხოვრებლის თანხმობას.
მართალია, სამოქალაქო კოდექის 999-ე მუხლი ქმნის არაბრალეული მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზოგად საფუძველს, თუმცა განსახილველ შემთხვევაში აფხაზეთის მთავრობას ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა, რადგან 28.11.08.წ. თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე ,,გამნათხოვრებლის” თანხმობის გარეშე მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ ჰქონდა ქონების მესამე პირისთვის გადაცემის უფლება. საქმეში კი თანხმობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ მოიპოვება. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე - აფხაზეთის ა.რ. მთავრობის მიმართ ადგილი არ აქვს სკ-ის 463-ე, 999-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებს. აფხაზეთის ა.რ. მთავრობა არ მონაწილეობდა ზიანის დადგომაში, ის არ არის სოლიდარული მოვალე, ვინაიდან არ არსებობს სკ-ის 464-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის კანონისმიერი საფუძველი. მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ ფ. კ-ისთვის ავტომობილის უნებართვო გადაცემით აფხაზეთის ა.რ მთავრობა განთავისუფლდა არაბრალეული პასუხისმგებლობის ტვირთისგან, რადგან მომეტებული საფრთხის წყარო – ავტომობილი, მთავრობის კონტროლის სფეროდან მის მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემის გარეშე გავიდა. ამდენად, ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2011 წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2011 წ. გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2011 წ. განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. მხარეთა შორის სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ლ. მურუსიძე