საქმე #ბს-1799-1767(კ-11) 28 dekemberi, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი – ნ.გოგატიშვილი
კასატორი – მ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.თბილისის მერია, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური
მესამე პირი – ამხანაგობა ,,...”
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.10.2011 წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა არქიტექტურის სამსახურის 17.09.10წ. აქტისა და ქ. თბილისის მერიის 20.01.11წ. განკარგულების ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთის კორექტირების შესახებ არქიტექტურის სამსახურის დავალდებულება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არ იქნა აღსრულებული ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.04.2009 წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე, მაღაზია ,,...” მოპირდაპირე მხარეს მდებარე ი.ნ-ის საკუთრებაში არსებული 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართის კორექტირების საკითხის გადაწყვეტა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, დაინტერესებული პირის მიერ ტოპოგეოდეზიური ნახაზის წარუდგენლობის მიუხედავად, ყველა საჭირო ზომა მიეღო გადაწყვეტილების აღსასრულებლად. აღნიშნულზევე მეტყველებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.01.2011 წ. განჩინება 16.04.2009 წ. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.05.11წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ამხანაგობა ,,...”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.06.11წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.11წ. განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.თბილისში, ... ქუჩაზე, მაღაზია ,,...” მოპირდაპირე მხარეს მდებარე 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ამხანაგობა ,,...”. ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 19.05.2008წ. #335 ბრძანებით განხორციელდა აღნიშნული ნაკვეთის გეგმის კორექტირება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.04.2009წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 19.05.2008წ. ბრძანება და ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. 09.06.2010წ. მ.მენაბდიშვილმა ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურისგან მოითხოვა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.04.2009წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიმდინარეობის შესახებ. ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 17.09.2010წ. წერილით მ.მენაბდიშვილს ეცნობა, რომ მიუხედავად არაერთი შეტყობინებისა ი.ნ-ეს არ წარმოუდგენია ტოპოგეოდეზიური ნახაზი, რის გამოც ვერ ხერხდება გადაწყვეტილების აღსრულება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნა, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახური უფლებამოსილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოეთხოვა ტოპოგეოდეზიური ნახაზის ელ.ვერსიით წარდგენა, რადგან შესაბამისი ნახაზის წარდგენის გარეშე ვერ მოხდებოდა მიწის ნაკვეთის კორექტირება, ამასთანავე, ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის წესდებით ტოპოგეოდეზიური ნახაზის შედგენა სამსახურის კომპეტენციაში არ შედის. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მ.მენაბდიშვილის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანო, მიუხედავად დაბრკოლებისა, ვალდებული იყო გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და აღნიშნა, რომ ორგანოს ტოპოგეოდეზიური ნახაზის შედგენის არც ვალდებულება გააჩნდა და არც შესაძლებლობა. პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სადავო აქტების კანონშეუსაბამობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
სააპელაციო სასამართლოს 26.10.2011 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
მ. მ-მა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა და მის აღსასრულებლად ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა ზომა უნდა მიეღო. ამასთანავე, ი. ნ-ის მიერ ტოპოგეოდეზიური ნახაზის წარუდგენლობა არ შეიძლება გამხდარიყო კასატორის უფლების რეალიზაციის დამაბრკოლებელი გარემოება, დაუშვებელია ერთი მხარის მიერ ვალდებულების განზრახ შეუსრულებლობის გამო, მეორე მხარის დაზიანება. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით სამუდამოდ გადაუჭრელი დატოვა მიმდინარე დავა. ამასთანავე, მან არ გაითვალისწინა სსკ-ის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ მხარე წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს, მეორე მხარე თავისუფლდება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთისგან. ამდენად, უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განუხორციელებლობის საფუძვლად მხარის მიერ სათანადო დოკუმენტის წარუდგენლობის დასახელება, რადგან მას შეუძლია გამოითხოვოს აღნიშნული დოკუმენტები შესაბამისი ორგანოებიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2012 წ. განჩინებით მ.მენაბდიშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, მხარეთა ახსნა–განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 19.05.08წ. №335 ბრძანებით განხორციელდა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე, მაღაზია ,,...” საწყობის მოპირდაპირე მხარეს მდებარე 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გეგმის კორექტირება. ბრძანებაში აღინიშნა, რომ ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამო ნაკვეთის საზღვრებში მოექცა მ. მ-ის სახლამდე მისასვლელი გზა. სამსახურმა დაუშვებლად მიიჩნია ი. ნ-ის მიწის ნაკვეთის საზღვრებში გზის მოქცევა, აღნიშნული არ შეესაბამებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 13.08.1993წ. №315.02.132 და 09.11.1995წ. №1273 დადგენილებებს, რის გამოც დადგინდა არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარი სამმართველოს მიერ 1993 წელს დამზადებული მიწის ნაკვეთის გეგმის კორექტირება, კერძოდ განისაზღვრა, რომ არსებული მიწის ნაკვეთის ნაცვლად მიწის ნაკვეთის საზღვრები დასავლეთით არსებული ბაღის ტერიტორიაზე უნდა დადგენილიყო. მ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლის ერთ–ერთ მოთხოვნას შეადგენდა 19.05.08წ. №355 ბრძანების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.04.09წ. გადაწყვეტილებით სასამართლო არ დაეთანხმა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გეგმის კორექტირებით მოხდა გზის სრულად გამონთავისუფლება, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ განხორციელებულა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, საჭიროდ იქნა მიჩნეული აქტში ნაკვეთის კოორდინატების ზუსტი მითითება, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.04.09წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 19.05.08წ. №335 ბრძანება და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10.09.09წ. განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.03.10წ. განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული, შესაბამისად კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.04.09წ. გადაწყვეტილება.
09.06.10წ. მ. მ-მა განცხადებით მიმართა სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.04.09წ. გადაწყვეტილების აღსრულება. არქიტექტურის სამსახურის 17.09.10წ. წერილით მ. მ-ს ეცნობა, რომ არაერთი შეტყობინების მიუხედავად ი. ნ-ემ არ წარმოუდგინა სამსახურს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ტოპოგეოდეზიური ნახაზი, ამასთანავე სამსახური არ წარმოადგენდა ტოპოგეოდეზიური ნახაზის დამამზადებელ უწყებას, ნახაზის გარეშე შეუძლებელი იყო კორექტირებული მიწის ნაკვეთის გეგმის გამოცემა და გადაწყვეტილების აღსრულება. ამავე წერილით მ. მ-ს ეცნობა, რომ ტოპოგეოდეზიური ნახაზის წარდგენის შემთხვევაში სამსახური დაუბრუნდებოდა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე, მაღაზია „...“ საწყობის მოპირდაპირე მხარეს მდებარე 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართის კორექტირების საკითხს. ქ. თბილისის მერიის 20.01.11წ. №57 განკარგულებით მ. მ-ის საჩივარი არქიტექტურის სამსახურის პასუხზე არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-4 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ის უნდა შესრულდეს. განსახილველ შემთხვევაში სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლო გადაწყვეტილებით არქიტექტურული სამსახურისათვის დავალებული აქტის გამოცემით უნდა მომხდარიყო მუნიციპალიტეტის კაბინეტის 13.08.1993წ. №15.02.132 და 09.11.1995წ. №24.69.1273 დადგენილებების საფუძველზე გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის კორექტირება, რის შედეგადაც მოხდებოდა გზის სრული განთავისუფლება. პირველი ინსტანციის სასამართლოს 16.04.09წ. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ორგანოს დაეკისრა აქტის გამოცემა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, რაც ესადაგება სზაკ–ის 96–ე მუხლის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხსენებული მუხლის თანახმად დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ტოპოგეოდეზიური ნახაზის დამზადება არის მიწის ნაკვეთის კორექტირების შესახებ აქტის გამოცემისათვის აუცილებელი წინაპირობა, საკასაციო პალატა თვლის, რომ არქიტექტურის სამსახურს ევალება ნახაზის მომზადებისათვის საჭირო ზომების მიღება. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არქიტექტურის სამსახურს არ ჰქონდა ვალდებულება ტოპოგეოდეზიური ნახაზის წარდგენის გარეშე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს – სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს არაორაზროვნად დაევალა ნაკვეთის საზღვრების კორექტირება. ის გარემოება, რომ ტოპოგეოდეზიური ნახაზის დამზადება წარმოადგენს იმ ერთადერთ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია მოხდეს მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების გრაფიკული ასახვა, ხოლო არქიტექტურული სამსახური, ქ. თბილისის მთავრობის 22.12.08წ. №24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის წესდებით (დებულებით), არ არის ტოპოგეოდეზიური ნახაზის დამამზადებელი უწყება, საკასაციო პალატის აზრით არ წარმოადგენს მ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობას. კანონიერ ძალაში მყოფი საქალაქო სასამართლოს 16.04.09წ. გადაწყვეტილების, აგრეთვე 10.09.09წ. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ „კორექტირების ბრძანებასთან ერთად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეედგინა შესაბამისი ნახაზი მიწის ნაკვეთის კოორდინატების ზუსტი მითითებით ანუ დამზადებულიყო ახალი გეგმა, რაც უდავოდ დაადასტურებდა გზის გამოთავისუფლების ფაქტს“. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება განისაზღვრა კანონიერ ძალაში მყოფი, აღსასრულებლად სავალდებულო სასამართლო აქტებით, რომელთა შესრულებას არ გამორიცხავს სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში მითითება არქიტექტურის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლება–მოვალეობებზე, სზაკ–ის 97–ე მუხლზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესებს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას, აღსრულების წარმოების შედეგად გამოცემული აქტით აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის გადასინჯვის შესაძლებლობას. სსკ–ის 265–ე მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, რომელშიც ამავე კოდექსის მე–11 კარით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოიაზრება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სასამართლო გადაწყვეტილებით ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესახებ აქტის გამოცემა გულისხმობს საკითხის ყველა გარემოების გამოკვლევას, ამ აქტის გამოსაცემად საჭირო ყველა შუალედური აქტის დამზადებას, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება არ შემოიფარგლებოდა სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ ი. ნ-ისათვის 1:500 მასშატაბში, CD ელექტრონული ვერსიის SHP ფაილში შესრულებით, კორექტირებული ტოპოგეოდეზიური ნახაზის წარმოდგენის დავალებით. სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამათლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესრულებად ვერ იქნება მიჩნეული არქიტექტურის სამსახურის მიერ სადავო აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ თ. ნ-ის მიერ ტოპოგეოდეზიური ნახაზის წარმოუდგენლობის გამო არქიქეტურის სამსახური ვერ ახერხებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო ყველა ზომა კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად (მათ შორის ტოპოგრაფიული, გეოდეზიური სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ხარჯების გაღება, ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირისათვის დავალება, სამართლებრივი ურთიერთდახმარებისათვის მიმართვა და სხვ.). სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებული აქტის გამოცემა გულისხმობს აქტის გამოცემისათვის საჭირო ზომების, შესაბამისი დოკუმენტაციის, მათ შორის კორექტირებული ტოპოგეოდეზიური ნახაზის წარმოდგენას. სასამართლო გადაწყვეტილების აღმასრულებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებაზე დამოკიდებულია მისი შესრულების ხერხის შერჩევა და არა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ვერ იქნება დამოკიდებული მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვალდებულების შესრულებაზე, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას დამოკიდებულს ხდის მოწინააღმდეგე მხარის ნება–სურვილზე და ეწინააღმდეგება სასამართლო აქტის აღსრულების სავალდებულო, სახელისუფლებო-იმპერატიული ძალის ბუნებას. ამასთანავე, სადავო აქტებში და სასამართლოს განჩინებაში არ არის საუბარი კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობაზე ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.04.08წ. გადაწყვეტილების აღსრულება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის – სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის მოსამზადებლად საჭირო მოქმედების შესრულებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს სადავო აქტების, კერძოდ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 17.09.10წ. გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მერიის 20.01.11წ. განკარგულების ბათილად ცნობისა და არქიტექტურის სამსახურისათვის კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.04.09წ. გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ქმედების განხორციელების, კერძოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის აუცილებელი ტოპოგეოდეზიური ნახაზის შესადგენად საჭირო ზომების მიღების დავალების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1–ლი მუხლის მე–2 ნაწილით, 22–ე, 24–ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411–ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.11წ. განჩინების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
2. ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 17.09.10წ. №07/86889–13, 12/79919–13 გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მერიის 20.01.11წ. №57 განკარგულება;
3. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.04.09წ. გადაწყვეტილებით სამსახურისათვის დაკისრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ქმედების განხორციელება;
4. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს მ. მ-ის სასარგებლოდ მის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, ხოლო ქეთევან გაჩეჩილაძის სასარგებლოდ 300 ლარის ანაზღაურება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე