Facebook Twitter

ბს-1810-1778(კ-11) 12 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორები (მოსარჩელეები) - ლ. გ-ი, ვ. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო

მესამე პირები – ნ. დ-ი, ო. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

31.03.11წ. ლ. გ-მა და ვ. ღ-მა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიმართ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 28.02.11წ. №01/53711/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული საჩივრის ხელახლა განხილვის შესახებ მოპასუხის დავალდებულების მოთხოვნით.

მოსარჩელეთა მითითებით, 27.12.10წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ამავე სააგენტოს გურჯაანის სამსახურის 26.11.10წ. №281 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გურჯაანის სამსახურის 26.11.10წ. №281 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული იყო მესამე პირების - ნ. დ-ისა და ო. ა-ის განცხადება არასრულწლოვანი გ. ღ-ის დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო მამის მონაცემებში ცვლილების შეტანისა და მამად ო. ა-ის მითითების ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და განმცხადებლებს განემარტათ, რომ აღნიშნულის თაობაზე პირადად უნდა გამოცხადებულიყვნენ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში. მოსარჩელეთა მოსაზრებით, არასრულწლოვანი გ. ღ-ის დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ №281 გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, დაარღვია ადმინისტრაციული წარმოების წესები, კერძოდ, სამოქალაქო რეესტრის საგენტოში ზეპირი მოსმენა ჩანიშნული იყო 2011 წლის 31 იანვარს, მაგრამ მოსარჩელეებს აღნიშნულის შესახებ შეტყობინება ჩაჰბარდათ 2011 წლის 3 თებერვალს. 2011 წლის 4 თებერვალს ლ. გ-მა და ვ. ღ-მა განცხადებით მიმართეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სხდომის სხვა დროისათვის ჩანიშვნის შესახებ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2011 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, ხოლო მეორე მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 21 თებერვალს, მაგრამ შეტყობინება კვლავ დაგვიანებით, 2011 წლის 22 თებერვალს ჩაჰბარდათ საჩივრის ავტორებს.

ამდენად, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორების უფლებების დარღვევით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.04.11წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. დ-ი და ო. ა-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.11წ. გადაწყვეტილებით ლ. გ-ისა და ვ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაბადების ნკ №0081181 სააქტო ჩანაწერის თანახმად, გ. დ-ი დაიბადა ... წლის 23 თებერვალს გურჯაანში. სააქტო ჩანაწერში ბავშვის მამის შესახებ მონაცემთა გრაფა ცარიელია, ხოლო დედად მითითებულია ნ. დ-ი. სააქტო ჩანაწერის შევსების საფუძვლად მითითებულია გურჯაანის სამშობიარო სახლის მიერ გაცემული №70/63 ცნობა. ამავე აქტის პირველი ეგზემპლარი შეიცავს იგივე მონაცემებს, მაგრამ მასში მამად მითითებულია სახელი - ვ. დაბადების ნკ №0081202 სააქტო ჩანაწერის მიხედვით, გ. ღ-ი დაიბადა ... წლის 23 თებერვალს გურჯაანში. ბავშვის მამად მითითებულია ვ. ღ-ი, ხოლო დედად - ლ. გ-ი, ხოლო დაბადების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი მითითებული არ არის.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. დ-ის ბიოლოგიური დედა არის ნ. დ-ი, ხოლო ლ. გ-ის მიერ ბავშვის - გ. დ-ის შვილების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობს. შესაბამისად, ყალბია დაბადების ნკ №0081202 სააქტო ჩანაწერი.

საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლით და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მოწვევის უზრუნველყოფის შესახებ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95.2 მუხლის მოთხოვნის დარღვევა, არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლით გათვალისწინებულ არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის პირობებშიც მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 27.1 და 27.2 მუხლების თანახმად, დაქორწინებული მამა და დედა მათი ერთობლივი წერილობითი განცხადებით ჩაიწერებიან ბავშვის მშობლებად. ბავშვის დედის შესახებ ჩანაწერი სრულდება დაბადების თაობაზე ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების მიერ გაცემული საბუთის საფუძველზე. ბავშვის მამის შესახებ ჩანაწერი სრულდება ქორწინების მოწმობის საფუძველზე. ამავე კანონის 35-ე მუხლის თანახმად, დაბადების რეგისტრაციისათვის განმცხადებელმა სხვა საბუთთან ერთად უნდა წარადგინოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქოენა ფაქტის დადგენის შესახებ.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაბადების ნკ №0081202 სააქტო ჩანაწერი შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, უსაფუძვლოდ, როს გამოც იგი კანონიერად იქნა ცნობილი ბათილად ადმინისტრაციული ორგანოს 26.11.10წ. №281 გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას მიეღო განსხვავებული გადაწყვეტილება თუნდაც მოსარჩელეთა ზეპირ მოსმენაზე დასწრებისა და მათი პოზიციების მოსმენის პირობებშიც.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. გ-მა და ვ. ღ-მა, რომლებმაც საქალაქო სასამართლოს 25.05.11წ. გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.11წ. განჩინებით ლ. გ-ისა და ვ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 25.05.11წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები და არ არსებობს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. გ-მა და ვ. ღ-მა, რომლებმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

კასატორების მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95.2 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გარდა აღნიშნულისა, ასევე დაირღვა გასაჩივრებული აქტის მომზადების წესი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ისა და ვ. ღ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელეები სადავოდ ხდიან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების კანონიერებას და ითხოვენ ადმინისტრაციული ორგანოს - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დავალდებულებას ლ. გ-ისა და ვ. ღ-ის ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარების შესახებ. შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის არსებითია შეფასდეს ჩატარდა თუ არა კანონის მოთხოვნათა დაცვით ადმინისტრაციული წარმოება და არსებობს თუ არა საჩივრის ხელახლა განხილვის შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წინაპირობები.

ადმინისტრაციულმა ორგანომ მესამე პირების – ნ. დ-ისა და ო. ა-ის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, რომელიც ეხებოდა არასრულწლოვანი გ. ღ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობას, იმსჯელა სადავო აქტის კანონიერებაზე და ბათილად ცნო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გურჯაანის სარ განყოფილების მიერ 02.03.04წ. რეგისტრირებული გ. ღ-ის სახელზე შედგენილი დაბადების აქტის ჩანაწერი №0081202 ძალაში შესვლის დღიდან, სადაც გ. ღ-ის მშობლებად მითითებულნი იყვნენ ლ. გ-ი და ვ. ღ-ი. სასამართლომ გაიზიარა სამართლებრივი შეფასება დაბადების აქტის №0081202 ჩანაწერის უკანონობის შესახებ და მიიჩნია, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილა რა ადმინისტრაციული საჩივარი კანონიერი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას მიეღო განსხვავებული გადაწყვეტილება თუნდაც მოსარჩელეთა ზეპირ მოსმენაზე დასწრებისა და მათი პოზიციების მოსმენის პირობებშიც. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ შეფასებას და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცედურული წესებების დაცვისათვის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის მინიჭებას, რამდენადაც კანონით დადგენილი პროცედურების დაცვა სწორი გადაწყვეტილების მიღებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის საშუალებაა, მით უფრო მოცემული დავის არსისა და ხასიათის გათვალისწინებით, როდესაც დავა ფაქტობრივად არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებს ეხება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა ზედმიწევნით დაცვისა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 198.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე წარმოებისას ზეპირი მოსმენა ტარდება ამავე კოდექსის მე-8 თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 110.2 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.

საქმის მასალების მიხედვით, ლ. გ-მა და ვ. ღ-მა ადმინისტრაციული საჩივარი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გურჯაანის სამსახურის 26.11.10წ. №281 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში წარადგინეს 27.12.10წ. პირველი ზეპირი მოსმენა 31.01.11წ. დაინიშნა, რის შესახებაც შეტყობინება საჩივრის ავტორებს ჩაჰბარდათ 03.02.11წ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 08.02.11წ. გადაწყვეტილებით გაგრძელდა ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე წარმოების ვადა, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ მისივე მითითებით საქმის სირთულიდან გამომდინარე და მხარეთათვის კანონით მინიჭებული უფლებების სრულად რეალიზებისათვის საჭიროდ მიიჩნია ზეპირი მოსმენის ჩატარება. ზეპირი მოსმენის თარიღი განისაზღვრა 21.02.11წ., რის შესახებაც შეტყობინება ვ. ღ-ს პირადად ჩაჰბარდა 22.02.11წ., რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კანცელარიის გაცემის ბარათით (იხ. ს.ფ. 26; ტ.I). ზეპირი მოსმენა გაიმართა 21.02.11წ., სადაც საჩივრის ავტორები არ გამოცხადებულან, ხოლო გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 28.02.11წ. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა მოხდა ლ. გ-ისა და ვ. ღ-ის მონაწილეობის გარეშე, მხოლოდ მეორე მხარის მონაწილეობით, რაც სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია ადმინისტრაციული წარმოების წესების არსებით დარღვევად, რომლის არარსებობის პირობებშიც მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 194-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წერილობით აცნობოს ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოს მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს მითითებულ გარემოებებზე და იმ პირობებში, როდესაც თავად ადმინისტრაციული ორგანო წარმოების ეტაპზე მიღებულ გადაწყვეტილებებში მიუთითებდა, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე და მხარეთათვის კანონით მინიჭებული უფლებების სრულად რეალიზებისათვის საჭირო იყო საქმის ზეპირი მოსმენის ჩატარება, რამდენად არსებითი იყო ადმინისტრაციულ წარმოებაში საჩივრის ავტორების მონაწილეობა.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ასევე უნდა იმსჯელოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს ნ. დ-ისა და ო. ა-ის მიერ დაბადების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისას დაცული იყო თუ არა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, როგორც სადავო ჩანაწერის განხორციელებისას, ასევე ამჟამად მოქმედი რედაქცია არ ადგენს ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადას, მაგრამ მითითებული კანონის 86.2 მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერის ბათილად ცნობა ხდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. შესაბამისად, უნდა დადგინდეს დაცული იყო თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. საქმის მასალების მიხედვით, ნ. დ-მა და ო. ა-მა 02.03.04წ. სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართეს 12.08.10წ. საქმეში წარმოდგენილი თელავის რაიონული სასამართლოს 13.05.10წ. სხდომის ოქმში ნ. დ-ის მიერ ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტების მიხედვით (როდესაც სასამართლოს განიხილავდა ლ. გ-ისა და ვ. ღ-ის სარჩელს მოპასუხე ნ. დ-ისათვის მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ), მისთვის ცნობილი იყო, რომ ბავშვის აღმზრდელებს - ლ. გ-სა და ვ. ღ-ს აღებული ჰქონდათ ბავშვის დაბარების მოწმობა გ. ღ-ის სახელზე, მას ბავშვის დაბადების მოწმობის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა და მხოლოდ ბავშვის ნახვა სურდა (იხ. ს.ფ. 79-82; ტ.I). საქმეში ასევე წარმოდგენილია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 09.06.10წ. გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მამობის დადგენის შესახებ ნ. დ-ისა და ო. ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის სახელზე არსებობდა ორი დაბადების სააქტო ჩანაწერი - ერთი გ. ღ-ის, ხოლო მეორე - გ. დ-ის სახელზე და ორივე ჩანაწერი იყო ძალაში (იხ. ს.ფ. 63-70; ტ.I).

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს დაცული იყო თუ არა მესამე პირების – ნ. დ-ისა და ო. ა-ის მიერ გ. ღ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები ითხოვენ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს არა 26.11.10წ. №281 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი დაბადების №0081202 სააქტო ჩანაწერი, არამედ ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე მიღებული 28.02.11წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარებას, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს არსებობს თუ არა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარების დავალების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. გ-ისა და ვ. ღ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე