ბს-1815-1783(კ-11) 12 დეკემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) - ბ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, წარმოების განახლების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
20.06.11წ. ბ. ს-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 21.04.10წ. და 20.05.10წ. გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.05.11წ. №81832 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ადმინისტრაციული წარმოების განახლების, გლდანში, ... დასახლებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისა და საკადასტრო რუკის გაცემის შესახებ მოპასუხის დავალდებულება.
მოსარჩელის მითითებით, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 21.04.10წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა გლდანში, ... დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ მიწის რეგისტრაციის შესახებ, ხოლო ამავე სამსახურის 20.05.10წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რაც განხორციელდა უკანონოდ. მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციო სამსახურის სახელზე გაიგზავნა წერილი, რათა სარეგისტრაციო სამსახურს განემარტა და დაეზუსტებინა რა თვალსაზრისით უნდა მომხდარიყო სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირება, რამდენადაც აღნიშნულის შესახებ არ იყო გასაგებად აღნიშნული წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში და განმცხადებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას გამოესწორებინა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი ხარვეზი. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ წარდგენილ აზომვით ნახაზზე მოცემული მიწის ნაკვეთის მდებარეობა არ შეესაბამებოდა უძრავი ნივთის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას და საჭირო იყო კორექტირეგბული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, თუმცა რაში მდგომარეობდა ნახაზზე მოცემული ნაკვეთის მდებარეობის შეუსაბამობა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან, გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული. მოსარჩელის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, გლდანი, ... დასახლება, საკუთრების უფლება მოპოვებული ჰქონდა 1990-იანი წლებიდან, რაზეც არსებობდა საჯარო რეესტრის ჩანაწერი. შესაბამისად, უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მის საკუთრებაში არსებულ 1000 კვ.მ და 500 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე დაზუსტებული საკადასტრო რუკის გაცემაზე, რითაც შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.07.11წ. გადაწყვეტილებით ბ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის 23.09.03წ. ამონაწერის თანახმად, ბ. ს-ს 14.03.97წ. №1953 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ჰქონდა უძრავი ნივთი (სარეგისტრაციო ზონა - ..., კოდი - 72, სექტორი - გლდანი, კოდი - ..., კვარტალი - 47, ნაკვეთი - 007, ფართობი - 0,1 ჰა, დაუზუსტებელი). ბ. ს-მა სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა გლდანში, …. დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებას ერთვოდა საჯარო რეესტრის ამონაწერი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელექტრონული ვერსიით. მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა იმ საფუძვლით, რომ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოცემული მიწის ნაკვეთის მდებარეობა არ შეესაბამებოდა უძრავი ნივთის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას და მოითხოვა კორექტირებული ნახაზის წარდგენა. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 20.05.10წ. გადაწყვეტილებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, რამდენადაც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 30.05.11წ. განიხილა ადმინისტრაციული საჩივარი და განმარტა, რომ ბ. ს-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა უძრავი ნივთის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, კერძოდ, 11.07.06წ. ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა სოფელ გლდანში, ... მდებარე მიწის ნაკვეთი – დაუზუსტებელი 0,05 ჰა (სარეგისტრაციო ზონა – ...., კოდი - 72, სექტორი - გლდანი, კოდი - ..., კვარტალი - 46, ნაკვეთი - 141, უძრავი ნივთის სარეგისტრაციო კოდი ...). საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბ. ს-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, აღნიშნული გარემოება, სასამართლოს მითითებით, დაადასტურა მოსარჩელემ სხდომაზე, თუმცა შესაძლებლად მიიჩნია ამ მდგომარეობით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სარეგისტრაციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 18.01.11წ. გადაწყვეტილების შესაბამისად, რომლითაც ბ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.07.10წ. №171903 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ ბ. ს-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა უძრავი ნივთის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ კანონის შესაბამისად გამოსცა აქტი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 22.1 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება, რამდენადაც ბ. ს-ს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ წარუდგენია შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ს-მა, რომელმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.11წ. განჩინებით ბ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 26.07.11წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტს საქალაქო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნების გასაბათილებლად არ მიუთითებია შესაბამის გარემოებებზე და სსსკ-ის 102.3 მუხლის შესაბამისად არ წარუდგენია მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის 22.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით მართლზომიერად მიიჩნია სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ს-მა, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, სასამართლოებმა მოპასუხეთა პოზიციაზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილებები, არ გამოიკვლიეს საქმის გარემოებები და არ დაასაბუთეს სასარჩელო მოთხოვნაზე უარის კანონიერება. იმ პირობებში, თუ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მონაცემები არ შეესაბამებოდა საკუთრებაში არსებულ ქონებას, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიეთითებინა სად მდებარეობდა ბ. ს-ის სახელზე რიცხული ქონება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რამდენადაც მხოლოდ ნორმაზე მითითება ვერ გახდება რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი შესაბამისი დასაბუთების გარეშე - კონკრეტულად რა დოკუმენტების წარდგენა ევალება დაინტერესებულ მხარეს, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველია. შესაბამისად, კასატორის მითითებით, სადავო აქტები გამოიცა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, დაირღვა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5, 21-ე, 25-ე მუხლები და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რომ ბ. ს-ი ფლობს .... მიწის ნაკვეთს, რაც დადასტურებულია როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერით, ასევე აღიარებულია საჯარო რეესტრის წარმომადგენელთა მიერ სასამართლოს სხდომებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებას მიიჩნევს დაუსაბუთებლად, თვლის, რომ საქმე არასრულყოფილადაა გამოკვლეული და შესწავლილი, სახეზეა პროცესუალური და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების თანახმად იძლევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
საქართველოს კონსტიტუციის 82.1 მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულების განხორციელება, როგორც სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმა, წარმოადგეს პირის დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლებების დაცვის ერთ-ერთ სამართლებრივ საშუალებას. უფლების დაცვის ყველაზე მაღალ გარანტს ქმნის სწორედ სასამართლო, რის გამოც სამართალწარმოების პროცესში დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვას და შედეგის დამასაბუთებელი არგუმენტების წარმოდგენას საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება უფლებრივი საკითხის დადგენის პროცესში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბ. ს-ის სარჩელის უარყოფის საფუძველს. სასამართლო მიუთითებს, რომ ბ. ს-ის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება უძრავი ნივთის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რის გამოც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. საგულისხმოა, რომ ანალოგიურ მოტივაციას შეიცავს თავად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრი აქტიც.
საკასაციო სასამართლო არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ბ. ს-ის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდეს უძრავი ნივთის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, მაგრამ საკასაციო სასამართლოსათვის დაუდგენელია, თუ რა გზით მივიდა ქვედა ინსტანციის სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე, რაში გამოიხატება ან რაში ვლინდება არსებული შეუსაბამობა და არსებობს თუ არა მისი აღმოფხვრის სამართლებრივი მექანიზმები.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარეთა მიერ გადაწყვეტილების აქცეპტირება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება შეიცავს განმარტებას და პასუხს კითხვაზე, არსებულ სამართლებრივ მდგომარეობაში რატომ მივიდა სასამართლო საკითხის მსგავს გადაწყვეტამდე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავის ამგვარი გადაწყვეტით მიღწეული არ არის სამართლებრივი მიზანი - მხარეთა შორის სამართლებრივი კონფლიქტი ამოწურული არ არის. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს დავის სწორ სამართლებრივ გადაწყვეტას, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილებით ეჭვქვეშ დგება მხარის ისეთი ფუნდამენტალური უფლება, როგორიცაა - საკუთრების უფლება.
საგულისხმოა, რომ 2003 წლის 23 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ბ. ს-ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ნივთი, რომლის მისამართია: სარეგისტრაციო ზონა – ..., კოდი - 72, სექტორი - გლდანი, კოდი - ..., კვარტალი - 47, ნაკვეთი - 007. ფართობი - 0,1 ჰა. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 1997 წლის 14 მარტის №1953 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
2006 წლის 21 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბ. ს-ის სახელზე ირიცხება ასევე მე-2 მიწის ნაკვეთი; სარეგისტრაციო ზონა – ..., კოდი - 72, სექტორი - გლდანი, კოდი - ..., კვარტალი - 46, ნაკვეთი - 141, ფართობი - 0,05 ჰექტარი. საკუთრება რეგისტრირებულია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მართალია ორივე ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია დაუზუსტებელი რეგისტრაციით, მაგრამ დავის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ დამდგარა საკითხი იმის შესახებ, რომ რეგისტრაცია წარმოებულია იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. ამდენად, დავის განხილვის მომენტისათვის ნამდვილია და ძალაშია ბ. ს-ის სახელზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ ბ. ს-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი უძრავი ქონება; 0,1 ჰა მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო ზონა – ..., სექტორი -გლდანი, კოდი - ..., კვარტალი - 47 და 0,05 ჰა მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო ზონა - ..., კოდი - 72, სექტორი - გლდანი, კოდი - ..., კვარტალი - 46, ნაკვეთი -141.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეესტრის მონაცემებსა და ნამდვილ მდგომარეობას შორის შესაბამისობის ფაქტს და დაუშვებლად მიიჩნევს რეგისტრირებული უფლების არსებობას თავად უფლების ობიექტის არარსებობის პირობებში და თვლის, რომ გამორიცხულია საკუთრება იმ ძირითადი სუბსტანციების გარეშე, რაც მას განასხვავებს სხვა უფლებებისაგან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის განხილვის პროცესში სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დარღვეულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარმოადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობას ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. საგულისხმოა, რომ აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე. მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე სრულად თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების იმ ვალდებულებისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. თუმცა ამასთანავე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით დადგენილი პირობა ნიშნავს სწორედ იმას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისათვის აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება ამტკიცოს სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რამდენადაც მატერიალურ-სამართლებრივი კანონიერების თანახმად, მას გააჩნია ვალდებულება გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება სასამართლოს ვალდებულებას, მით უფრო ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის მახასიათებელი ინკვიზიციურობის ელემენტების გათვალისწინებით, წარმოადგეს მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევა, შეჯერება და მხოლოდ ყველა გარემოების შეპირისპირების საფუძველზე არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღება. როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ გაზიარებულია ადმინისტრაციული ორგანოს მოტივაცია, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არ არის ის მტკიცებულებები, მოსაზრებები და სამართლებრივი შეფასებები, რამაც სასამართლო მიიყვანა საქმის სწორედ იმგვარად გადაწყვეტამდე, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია წარმოდგენილი.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს ასევე საქმეზე გამოკვეთილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, 2012 წლის 3 აპრილის მდგომარეობით მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ბ. ს-ი ითხოვს უფლების რეგისტრაციას, რეგისტრირებულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება. ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის დებულებების გამოყენებას, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემს მხარეთა უფლებების სრულყოფილად დაცვისა და დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დავა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რა ეტაპზეც სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს რაში ვლინდება შეუსაბამობა უძრავი ნივთის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზს შორის, რეალურად სად მდებარეობს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული ნაკვეთი და რა სახის მტკიცებულებებით დასტურდება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე