Facebook Twitter

№ბს-20-20(კ-12) 28 დეკემბერი, 2012 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორები – ნ. ე-ა, პ. ა-ი, ა. ლ-ა და სხვები (სულ 56 პირი)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

06.06.11წ. ნ. ე-ამ, ა. ლ-ამ, ვ. ა-მა და სხვებმა (სულ 56 პირი) სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე ფართის „დევნილთა ხანგრძლივვადიანი თავშესაფარით უზრუნველყოფის მიზნით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, კონსტრუქციისა და მშენებლობის სტანდარტებთან“ შესაბამისობაში მოყვანა.

მოსარჩელეთა მითითებით, ისინი არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე კომპაქტური განსახლების ობიექტში. 2010 წლის ივნისში მოსარჩელეები გამოასახლეს მითითებული ობიექტიდან და საცხოვრებელი ფართი გამოუყვეს ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში. გამოყოფილი საცხოვრებელი ფართი არ შეესაბამება „დევნილთა ხანგრძლივვადიანი თავშესაფარით უზრუნველყოფის მიზნით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, კონსტრუქციისა და მშენებლობის სტანდარტებს“ და აუარესებს მოსარჩელეთა საცხოვრებელ პირობებს. ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე შენობის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მოსარჩელეებმა 08.04.11წ. მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.

მოსარჩელეთა მითითებით, „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დევნილთა სოციალური პირობების უზრუნველყოფის ერთ-ერთ გარანტიას წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულება უზრუნველყოს დევნილი დროებითი საცხოვრებელი პირობებით. მითითებული კანონის 5.4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება; გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები; ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენები, რაც ითვალისწინებს განსაზღვრულ კომპენსაციებს და რეგულირდება საერთო წესით; დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილ საცხოვრებელ ფართში. სახელმწიფომ, რომელმაც დევნილის საცხოვრებელით უზრუნველყოფის ვალდებულება იკისრა, დაადგინა მინიმალური სტანდარტები - „დევნილთა ხანგრძლივვადიანი თავშესაფარით უზრუნველყოფის მიზნით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, კონსტრუქციისა და მშენებლობის სტანდარტები“. აღნიშნული სტანდარტები არ წარმოადგეს სავალდებულოდ შესასრულებელ მოთხოვნებს, თუმცა გამოხატავს სახელმწიფოს შეხედულებას ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შექმნაზე. გარდა აღნიშნულისა, საქართველოში 1994 წლის 3 აგვისტოდან ძალაშია საერთაშორისო პაქტი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“, რომლის მე-11 მუხლის თანახმად, „ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს უფლებას საცხოვრებელ ადგილზე“. აღნიშნული მუხლის თანახმად, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს შესაბამისი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას, უბინაობის პრობლემების თავიდან აცილებასა და შერბილებას მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 25-ე მუხლი ხაზს უსვამს ადეკვატური საცხოვრებელის უფლებას.

ამდენად, მოსარჩელეთა მითითებით, მათთვის გამოყოფილი ფართი არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტებს და აუარესებს მათ საცხოვრებელ პირობებს. მოსარჩელეთა მოსაზრებით, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო შეესწავლა როგორც ძველი, ასევე ახალი შენობის მდგომარეობა პირობების გაუარესების ან გაუმჯობესების დასადგენად, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, დევნილთა განსახლების პროცესი წარიმართა კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების დარღვევით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.11წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს. 2010 წლის ივნისში ისინი გამოსახლებულ იქნენ ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან, რომელიც გამოსახლების დროისათვის წარმოადგენდა კერძო სამართლის სუბიექტის საკუთრებას. გამოსახლების შემდეგ მოსარჩელეებს საცხოვრებლად გადაეცათ ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე ფართი. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს ის გარემოება, რომ მათთვის გადაცემული საცხოვრებელი ფართები საცხოვრებლად უვარგისია. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათები, რამდენადაც საქმეში არ იყო წარმოდგენილი სპეციალური დასკვნა ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე ფართის საცხოვრებლად ვარგისიანობის შესახებ.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეები ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე მათ მიერ დაკავებული ობიექტიდან გამოსახლებულ იქნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გამოყო საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში, რომელზეც ჩატარდა გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლითაც ფართი გახდა საცხოვრებლად ვარგისი. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით“ რეგლამენტირებულია ქვეყანაში 90-იანი წლების კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის გზები. აღნიშნული განკარგულების 1.3 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებასა და დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებას ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე მანამ, სანამ შესაძლებელი გახდება მათი დაბრუნება. ამავე განკარგულების 1.4 პუნქტის მიხედვით, მითითებული მიზნის მისაღწევად სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს ადეკვატური გრძელვადიანი განსახლებისა და ინტეგრაციის ხელშემწყობ სხვადასხვა ღონისძიებებს. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ მოსარჩელეთათვის შემდგომში საკუთრებაში გადაცემის მიზნით გამოიყო საცხოვრებელი ფართი, რომელსაც ჩაუტარდა გარკვეული სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რათა მას მიეღო საცხოვრებლად ვარგისი სახე.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“ განსაზღვრავს დევნილთა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციისა და საკუთრებაში გადაცემის წესს. მითითებული განკარგულების 2.1.1. პუნქტის მიხედვით, კოპექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა არის ერთიანი პროცესი, რომლის კოორდინირებას ახდენს საქართველოს ლტოლვითა და განსახლების სამინისტრო. შენობა-ნაგებობათა გარემონტების გადაწყვეტილების შემთხვევაში, კოლექტიური ცენტრების დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემამდე უნდა განხორციელდეს ამ ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ დევნილთა განსახლების, სოციალური პირობების შექმნისა და გაუმჯობესების შესახებ მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს და იგი გაწერილია დროის გრძელვადიან პერიოდში. სამინისტროს მიერ საცხოვრებელი ფართის დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამინისტრომ იმავდროულად უნდა ჩაატაროს ფართის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და სამინისტროს არ მიუღია გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე ფართის დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რითაც სამინისტროს წარმოეშობოდა ვალდებულება ფართის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების შესახებ.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე ვალდებული იყო საცხოვრებელი ფართები მოსარჩელეებისათვის გადაეცა „დევნილთა ხანგრძლივვადიანი თავშესაფარით უზრუნველყოფის მიზნით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, კონსტრუქციისა და მშენებლობის სტანდარტებთან“ შესაბამისობაში არსებული მდგომარეობით. მართალია, სტანდარტები განხილულ და მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე, მაგრამ მას სავალდებულო ძალა არა აქვს და ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთათვის გადაცემული ფართი მართალია საჭიროებდა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, მაგრამ ის არ არის საცხოვრებლად უვარგისი და სახელმწიფოს მხრიდან ფართზე, დევნილთა საკუთრებაში გადაცემის პროცესის დაწყებასთან ერთად, შესაძლებელია შესაბამისი სარემონტო სამუშაოების ჩატარების განხორციელება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ე-ამ, ა. ლ-ამ, ვ. ა-მა და სხვებმა (სულ 56 პირი), რომლებმაც მოითხოვეს საქალაქო სასამართლოს 12.10.11წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.11წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.11წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად და საფუძვლიანად არ მიიჩნია აპელანტების არგუმენტი საცხოვრებელი პირობების გაუარესების შესახებ, რამდენადაც მათ ვერ დაადასტურეს, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათები მანდვილად გადაღებული იყო თ-ძისა და ს-ის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში, ხოლო საცხოვრებელი პირობების გაუარესების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები, სპეციალისტის დასკვნა არ იქნა წარმოდგენილი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ ვერ იქნა გაბათილებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც არ მიმდინარეობდა აპელანტებისათვის გამოყოფილი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი, მათ არ გააჩნდათ სამართლებრივი საფუძველი მოითხოვონ საცხოვრებელი ფართების იმ კონდიციამდე მიყვანა, რაც №403 გაკნარგულებითაა გათვალისწინებული.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ე-ამ, ა. ლ-ამ, ვ. ა-მა და სხვებმა (სულ 56 პირი), რომლებმაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მიიღო ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი განჩინება, რამდენადაც სასარჩელო მოთხოვნა ემყარებოდა ორ გარემოებას; საყვირის ქუჩაზე გამოყოფილი ფართი აუარესებდა მოსარჩელეთა საცხოვრებელ პირობებს; გამოყოფილი ფართი არ იყო ადეკვატური საცხოვრებელის დადგენილი სტანდართების. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს არ უმსჯელია საქმისათვის არსებით გარემოებებზე და შემოიფარგლა მხოლოდ იმის განმარტებით, რომ მოსარჩელეთათვის გადაცემული ფართები მართალია, საჭიროებდა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, მაგრამ არ იყო საცხოვრებლად უვარგისი. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია გაუარესდა თუ არა მოსარჩელეთა საყოფაცხოვრებო პირობები.

კასატორთა მითითებით, სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ ... ქ. №2-ში მდებარე ფართი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს, რითაც უარესდებოდა მოსარჩელეთა საცხოვრებელი პირობები. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ გამოყოფილ ფართს ჩაუტარდა გარკვეული სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლითაც ფართი საცხოვრებლად ვარგისი გახდა, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად სასამართლომ, რომ სამინისტროს ფართის დევნილებისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია, რამდენადაც მოპასუხის წერილებით დასტურდება, რომ გამოსახლება და შემდგომში მოსარჩელეთა ს-ის ქუჩაზე არსებულ ფართში გადაყვანა განხორციელდა მათი გრძელვადიანი განსახლების მიზნით.

კასატორების მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათები მხარეთა ახსნა-განმარტებებთან ერთად სასამართლოს უნდა მიეჩნია იმის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, რომ ახალი ფართის გამოყოფით გაუარესდა მათი უფლებები, ხოლო თუ აღნიშნული მტკიცებულებები არ იყო საკმარისი, სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით უნდა შეეგროვებინა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სამინისტროს არ განუხორციელებია ის ქმედება, რაც მათ საცხოვრებელს ადეკვატურობის სტანდარტთან დააახლოვებდა, შესაბამისად, იგი ვალდებულია მოსარჩელეთათვის გადაცემული ფართი მოიყვანოს სტანდარტებთან შესაბამისობაში.

საკასაციო სასამართლოს 19.09.12წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ე-ას, ა. ლ-ას და სხათა (სულ 56 პირის) საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც სარჩელიდან და საქმეზე მხარეთა მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დავალდებულება, უზრუნველყოს ქ. თბილისში, ... ქ. ¹2-ში მოსარჩელეებზე გაცემული საცხოვრებელი ფართის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ დევნილთა ხანგრძლივვადიანი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის, კერძოდ ახლადაშენებული და ცარიელი შენობებისათვის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ამდენად, წინამდებარე დავის საგანს არ წარმოადგენს კასატორთა (მოსარჩელეთა) ქ. თბილისში, ... ქ. ¹2-ში მდებარე ფართიდან გამოსახლების ფაქტი, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნული ქმედების კანონიერებაზე.

რაც შეეხაბა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს კასატორები მიუთითებენ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-53 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე არ ხდება დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტიდან დევნილის გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დევნილს გამოეყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საცხოვრებელი პირობები.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნორმის შინაარს და აღნიშნავს, მითითებული ნორმა გამორიცხავს გამოსახლების შესაძლებლობას იმ ვითარებაში, როდესაც უარესდება პირის საყოფაცხოვრებო პირობები.

განსახილველი დავა, მართალია ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპებს, რა შემთხვევაშიც სასამართლო, სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, აღჭურვილია საკუთარი ინიცირების მეტი შესაძლებლობით, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს მხარეთა გათავისუფლებას მათი საპროცესო ვალდებულებებისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, რომელზე მითითებასაც შეიცავს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, 102.1 მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

საქმეში წარმოდგენილი მასალების ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს მათი პირობების გაუარესების ფაქტი, ამდენად, მათ თავი ვერ გაართვეს მტკიცების ტვირთს.

ამასთან საკასაციო სასამართლო არასაკმარისად მიიჩნევს სარჩელის უარყოფას მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მათ ვერ დაადასტურეს საკუთარი საცხოვრებელი პირობების გაუარესების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობები შესაბამისობაში უნდა იყოს იმ მინიმალურ მოთხოვნებთან მაინც, რაც უზრუნველყოფს პირის ღირსეული არსებობის შესაძლებლობას და საფრთხეს არ შეუქმნის მისი და/ან მასთან მცხოვრები სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მართალია, ფაქტიურად არ არსებობს რაიმე სახის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავდა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას და დააწესებდა მათდამი მოპყრობის სტანდარტებს, მაგრამ საგულისხმოა, რომ იძულებით გადაადგილებული პირები არიან იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლის ტერიტორიაზეც მათ მოინაცვლეს ადგილი და რჩებიან ამავე ქვეყნის ტერიტორიაზე. ამდენად მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან არის ისეთივე, როგორც ნებისმიერი მოქალაქის მიმართ. უფრო მეტიც, სახელმწიფოს ვალდებულება იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ, მათი განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევაში აღემატება იმ ვალდებულებებსაც კი, რომელიც სახელმწიფოს ეკისრება დანარჩენი მოქალაქეების მიმართ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მითითებას საქართველოს კონსტიტუციის ნორმებზე, ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე”, ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საყოველთაო პაქტზე” და თვლის, რომ მოსარჩელეთათვის (კასატორებისათვის), ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისა თუ მასში მცხოვრები პირისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხოვრების ის პირობები, რომელიც აუცილებელია მათი და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

ამასთანავე, საკასაციო სასამართლო თვლის, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ადგილი აქვს მასობრივად იძულებით გადაადგილების ფაქტს, ქვეყანას, მისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გააჩნია მოქმედების შედარებითი თავისუფლება, რომელიც, ბუნებრივია, უნდა ექცეოდეს მისივე მოვალეობის ფარგლებში. ასეთ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მთავარია დადგინდეს, რამდენად კეთილსინდისიერია სახელმწიფო ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში, ვინაიდან მსგავს სიტუაციაში შეუძლებელია დაცვის სრულყოფილი სტანდარტების უზრუნველყოფა.

ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საყვირის ქ. ¹2-ში მდებარე შენობას სახელმწიფოს მხრიდან ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და წარმოადგენს საცხოვრებლად ვარგის ფართს. აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ კასატორთა მხრიდან წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს არ აძლევს პროცესუალურ შესაძლებლობას, ეჭვქვეშ დააყენოს ფართის საცხოვრებლად ვარგისიანობის ფაქტი. თუმცა, როგორც აღინიშნა, საკასაციო სასამართლო არ გამორიცხავს ვარაუდს, რომ შენობა საჭიროებდეს დამატებითი სამუშაოების ჩატარებას, მაგრამ კვლავაც ხაზგასმას აკეთებს იმ მოსაზრებაზე, რომ სახელმწიფოს ვალდებულება განსაკუთრებული სტატუსის მქონე პირთა მიმართ არ წარმოადგენს ერთჯერად აქტს, არის დროში განგრძობადი პროცესი, ხოლო ამ ეტაპისათვის მთავარია იმ მინიმალური სტანდარტების დაცვა, რაც უზრუნველყოფს ამ პირთა ღირსეულ არსებობას და მოხსნის განსახლების პრობლემას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავის განხილვის ეტაპზე მოსარჩელეთა (კაატორთა) მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოსაზრებები არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ე-ას, პ. ა-ის, ა. ლ-ას, ვ. ა-ის, ი. ა-ის, ბ. ა-ის, გ. გ-ის, ხ. გ-ის, თ. გ-ის, ი. მ-ის, ლ. დ-ის, ა. მ-ის, ლ. მ-ის, ნ. ჯ-ის, რ. ხ-ის, ი. გ-ას, ლ. ჩ-ის, ბ. ჩ-ის, ნ. ჩ-ის, რ. გ-ას, ვ. გ-ის, ც. ს-ის, ლ. პ-ას, ა. ქ-ის, ი. ქ-ის, ვ. ქ-ის, ი. გ-ას, ნ. ს-ის, ი. ს-ის, ნ. ს-ის, ო. ც-ის, დ. ც-ის, ჯ. ც-ის, თ. გ-ის, ნ. გ-ის, გ. გ-ას, ი. ხ-ის, მ. ვ-ის, ზ. უ-ის, დ. უ-ის, ვ. უ-ის, მ. ხ-ის, გ. ნ-ის, გ. ნ-ის, ლ. ნ-ის, ნ. ს-ის, მ. გ-ის, ე. ჯ-ის, ლ. გ-ის, ნ. ც-ის, ნ. გ-ის, ლ. გ-ის, დ. ს-ას, თ. ს-ას, ნ. ს-ასა და მ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე