Facebook Twitter

№ბს-308-304(კ-12) 28 დეკემბერი, 2012 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, მაია ოშხარელი

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი – რ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – ქ. თბილისის მერია, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა

მესამე პირები - ბ. კ-ა, თ. გ-ა, შ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

23.10.09წ. გ. გ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების – ქ. თბილისის მერიისა და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ, ვაკე-საბურთალოს გამგეობის 16.06.09წ. №1234 განკარგულების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის მოთხოვნით.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 20.11.1998წ. №1-3/722 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტისა და დარგობრივ მუშაკთა რესპუბლიკური პროფკავშირის ცენტრალური საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის მიერ ქ. თბილისში, ... ქ. №95-ში მდებარე შენობის 1-ლი და მე-2 სართულები საცხოვრებელ ბინებად განაწილდა 16 ოჯახზე, მათ შორის მოსარჩელის ოთხსულიან ოჯახზე. საბურთალოს რაიონის გამგეობის 16.06.1999წ. №6.8.73 გადაწყვეტილებით შენობა ჩაირიცხა კომუნალურ საცხოვრებელ ფონდში. ორდერები გაიცა რვა ბინაზე, ხოლო დანარჩენ ბინებზე ორდერების გაცემა არ მოხდა იმის გამო, რომ ბინები უკანონოდ დაიკავეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა პირებმა. მოსარჩელემ 12.06.09წ. ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით მიმართა ვაკე-საბურთალოს გამგეობას, რაზეც უარი ეთქვა ვაკე-საბურთალოს გამგეობის 16.06.09წ. №1234 განკარგულებით, ხოლო ქ. თბილისის მერიის 01.09.09წ. №1133 განკარგულებით გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩანია აღნიშნული ადმინისტრაციული აქტები. ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე მიღებული №1133 განკარგულებაში განიმარტა, რომ მოქალაქისათვის საცხოვრებელი სადგომის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაიცეს ორდერი, რაც წარმოადგენს ბინაში შესახლების სათანადო საბუთს, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული, რომ მოსარჩელის სახელზე ორდერის გაცემა არ მოხდა იმის გამო, რომ ბინა უკანონოდ დაკავებული ჰქონდათ სხვა პირებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.11.09წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 20.11.1998წ. №1-3/722 ბრძანებით საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, ... ქ. №95-ში მდებარე ლაბორატორიულ-კამერალური შენობა გადაეცა ქ. თბილისის მერიას მუნიციპალურ დაქვემდებარებაში. 27.11.1998წ. №2 ოქმით საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტისა და დარგობრივ მუშაკთა რესპუბლიკური პროფკავშირის ცენტრალური საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ..., ... ქ. №95-ში მდებარე ლაბორატორიულ-კამერალურ შენობაში დროებით შესახლებულ თანამშრომელთა სიის ხელახალი განხილვისა და მათთვის გამოყოფილი ბინების მუდმივ საცხოვრებლად გადაცემის შესახებ. №2 ოქმის მიხედვით, გ. გ-ეს 7 სულისაგან შემდგარ ოჯახთან ერთად გამოეყო პირველ სართულზე მდებარე, 80 კვ.მ საერთო ფართის სამოთახიანი ბინა №15.16.06.1999წ. ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის №6.8.73 გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა საბინაო საკითხთა კომისიის წინადადება და ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის სამმართველოს 01.06.1999წ. №4-19/1094 წერილისა და ქონების მართვის სამინისტროს 20.11.1998წ. №1-3/722 ბრძანების საფუძველზე, ... ქ. №95-ში მდებარე 2571,74კვ.მ ფართის სამსართულიანი შენობა ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში. შპს საბინაო მეურნეობის სამმართველოს უფროსის06.07.1999წ. №2-20/44 წერილის მიხედვით, საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის საერთო სხდომის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, ორდერები გაიცა მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომელთა ბინებიც იმ დროისათვის თავისუფალი იყო, ხოლო დანარჩენ ოჯახებზე ორდერები გაიწერებოდა თვითნებურად დაკავებული ბინების გამოთავისუფლების შემდეგ. მოსარჩელე გ. გ-ის სახელზე ორდერი არ გაცემულა.

საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის „ე“ პუნქტით და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში 27.11.1998წ. №2 ოქმით საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტისა და დარგობრივ მუშაკთა რესპუბლიკური პროფკავშირის ცენტრალური საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართით კანონიერი სარგებლობის უფლების დადასტურება, რამდენადაც ორდერის გაწერა გ. გ-ეზე რეალურად არ განხორციელებულა. ორდერი წარმოადგენს საცხოვრებელ ბინაში შესახლების ერთადერთ საფუძველს და მისი გაცემა უკავშირდება მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას. ამასთან, ქ. თბილისის საკრებულოს 20.12.2000წ. №15-5 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისში, საცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესი“, რომლითაც განსაზღვრული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ქ. თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სადგომების შექმნისა და განკარგვის ერთიანი წესი და რომელიც სავალდებულო იყო ქ. თბილისის რაიონული გამგეობებისა და საბინაო სამსახურებისათვის, ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის საკრებულოს 17.12.07წ. №71 გადაწყვეტილებით, ხოლო მითითებული ნორმატიული აქტის მოქმედების პერიოდში მოსარჩელეს არ განუხორციელებია კანონით მისთვის მინიჭებული უფლების რეალიზაცია.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. №73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. აღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად ფიზიკური პირისათვის საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, რასაც მოსარჩელე არ აკმაყოფილებს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ, რომელმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.10წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს 25.11.09წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს გამგეობის 16.06.09წ. №1234 განკარგულება და ქ. თბილისის მერიის 01.09.09წ. №1133 განკარგულება და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. გ-ის მიმართ ქ. თბილისში, ... ქ. №95-ში მდებარე კორპუსის №15 ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.

საკასაციო სასამართლოს 08.12.10წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.10წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.11წ. განჩინებით აპელანტ გ. გ-ის გადარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება რ. გ-ე.

სააპელაციო სასამართლოს 15.11.11წ. საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შ. გ-ე, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად - ბ. კ-ა და თ. გ-ა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.12წ. განჩინებით რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.11.09წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორად შეაფასა ისინი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 27.11.1998წ. №2 ოქმით საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტისა და დარგობრივ მუშაკთა რესპუბლიკური პროფკავშირის ცენტრალური საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ... ქ. №95-ში მდებარე ლაბორატორიულ შენობაში დროებით შესახლებულ თანამშრომელთა სიის ხელახალი განხილვისა და მათთვის გამოყოფილი ბინების მუდმივ საცხოვრებლად გადაცემის შესახებ. ოქმის მიხედვით, გ. გ-ის 7 სულიან ოჯახს გამოეყო სამოთახიანი ბინა №15 და მოიხსნა ბინების მიღების აღრიცხვიდან. გ. გ-ეს სხვა ბინა არ გამოჰყოფია.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მიზნებიდან გამომდინარე, კანონიერი მოსარგებლის სტატუსით პირის აღჭურვა დაკავშირებულია ერთდროულად ორი წინაპირობის არსებობასთან: უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სათანადო დოკუმენტის ქონა (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.), რომელიც პირს ანიჭებს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით სარგებლობის უფლებას და პირი ასეთი დოკუმენტის არსებობის პარალელურად, ფაქტობრივად დაუფლებულია აღნიშნულ ფართს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. გ-ის ოჯახისათვის სადავო ბინის გამოყოფის შესახებ კომისიის ოქმი წარმოადგენს პრეზიდენტის №73 ბრძანებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ უფლებადამდგენ დოკუმენტს. ადმინისტრაციისა და პროფკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ... ქ. №95-ში არსებული 2571,74 კვ.მ ფართი ირიცხებოდა გეოლოგიის დეპარტამენტის ბალანსზე.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის №107 დადგენილების მე-4, მე-6 პუნქტებით და აღნიშნა, რომ საწარმო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს მინიჭებული ჰქონდათ მათ ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლება, რაც გამორიცხავს იმავე პირობებში სარგებლობაში გადაცემის უფლების შეზღუდვას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის და დარგობრივ მუშაკთა რესპუბლიკური პროფკავშის ცენტრალური საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის საოქმო გადაწყვეტილება წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტს, რომლითაც შესაძლებელია პრივატიზაციის უფლების მოპოვება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უნდა დადგინდეს არსებობდა თუ არა პრეზიდენტის №73 ბრძანერბულებით გათვალისწინებული მეორე პირობა - ნივთით სარგებლობის უპირატესი უფლება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 16.01.12წ. №05/01-14/257 და 23.01.12წ. №02/02-02/514 წერილების თანახმად, მონაცემთა ბაზის მიხედვით, ქ. თბილისში, ... ქ. №95-ში (... საწარმო) არსებული შენობა 1999 წლიდან ირიცხება დევნილთა ორგანიზებული განსახლების ობიექტად, მასში დარეგისტრირებულია 29 ოჯახი (83 პირი), მათ შორის საქმეში მესამე პირებად ჩაბმული მოქალაქეები - ბ. კ-ა და თ. გ-ა. დევნილთა რეგისტრაციისა და ჩასახლების საფუძვლები სამინისტროს არ გააჩნია.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, ამავე კანონის 53.2 მუხლით და მიიჩნია, რომ მესამე პირები აღჭურვილნი არიან სადავო უძრავი ნივთით სარგებლობის უპირატესი უფლებით, რაც გამორიცხავს საქართველოს პრეზიდენტის №73 ბრძანებულებით გათვალისწინებული აუცილებელი პირობის - ბინათსარგებლობის ფაქტის არსებობას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ემ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს 07.02.12წ. განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამდენადაც ქ. თბილისში, ... ქ. №95-ში არსებულ შენობაში შესახლებული პირები არ არიან კომპაქტურად ჩასახლებულები, არ გააჩნიათ შესახლების არანაირი საფუძველი, არიან თვითნებურად შეჭრილები, საქმეში ჩაბმულ მესამე პირებს არ წარმოუდგენიათ ბრძანება, რაც აუცილებელია კომპაქტურად ჩასახლებისათვის. ამასთან, არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.04.07წ. გადაწყვეტილება ... ქ. №95-დან იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს 20.06.12წ. განჩინებით რ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საქმის განხილვის ამ ეტაპზე კვლავაც ადასტურებს საკუთარი პოზიციის მართებულობას და თვლის, რომ საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის და დარგობრივ მუშაკთა რესპუბლიკური პროფკავშირის ცენტრალური საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის ოქმი, რომლითაც აწ გარდაცვლილ გ. გ-ის შვიდ სულიან ოჯახს ქ. თბილისში, ... დასახლებაში ... ქ. №95-ში გამოეყო სამოთახიანი ბინა, წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტს, რაც იძლევა სადავო სამართალურთიერთობის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულების გამოყენების შესაძლებლობას.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის განცხადება შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოში, ხოლო მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს ,,არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირეული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

როგორც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოები ცხადყოფს, ქ. თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლება, ... ქ.95-ში არსებული 2571,74 კვ/მ კომუნალურ საცხოვრებელ ფართში ჩაირიცხა 1999 წლის 16 ივნისს, ანუ ადმინისტრაციისა და პროფკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების დროს ფართი ირიცხებოდა გეოლოგიის დეპარტამენტის ბალანსზე.

,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 107-ე დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-საწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა).

იმავე დებულების მე-6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ფორმდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სახელით საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა და მოქალაქეს შორის, რომელსაც ბინა უნდა გადაეცეს საკუთრებაში, ხოლო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემისას ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის.

საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ იმ საკანონმდებლო სივრცის პირობებში, როდესაც საწარმო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს მინიჭებული ჰქონდათ მათ ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლება, შეუძლებელია, ორგანიზაცია-დაწესებულებებს შეეზღუდოთ იმავე პირობებში სარგებლობაში გადაცემის უფლება.

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის პირველივე ეტაპზე უდავოდ მიიჩნევდა რა იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები ქმნიდა ბინის პრივატიზაციის განხორციელების საკმარის საფუძველს, საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება საჭიროდ მიიჩნია მხოლოდ ერთ მოტივით, დადგენილიყო დავის განხილვის მომენტში ვინ ფლობდა სადავო ბინას და რა სამართლებრივი საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლომ გ. გ-ის სარჩელის უარყოფა მოახდინა იმ მოტივით, რომ მე-3 პირებს, გ. გ-ის ოჯახთან შედარებით, გააჩნდათ სადავო უძრავი ნივთით სარგებლობის უპირატესი უფლება.

კასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ იძლევა სარჩელის უარყოფის საკმარის საფუძველს და არ ემყარება საქმის სრულყოფილი გამოკვლევის შედეგებს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი მოსაზრება ეფუძნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 23.01.2012 ¹02/02-02/514 წერილს, რომელიც მიუთითებს, რომ ..., ... ქ. №95 1999 წლიდან ირიცხება დევნილთა ორგანიზებული განსახლების ობიექტად.

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს წარმოადგენს _ დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ისინი ორგანიზებულად იქნენ განსახლებული.

საქმეში ტ.1. ს.ფ. 131-132-ზე წარმოდგენილია ვაკე-საბურთალოს რ-ნული სასამართლოს 2000 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელშიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სარგებლობდა მე-3 პირის სტატუსით. მითითებული გადაწყვეტილების საგუძველზე გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა და 56 პირი, მათ შორის მე-3 პირი ბ. კ-ა, გამოსახლებულ იქნა გეოლოგიის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული შენობიდან მდებარე ..., ... ქ. №95.

როგორც აღინიშნა გადაწყვეტილება მიღებულია 2000 წელს, რაც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მითითებას ... ქ. 95-ში მდებარე ფართის 1999 წლიდან დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილად მიჩნევის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ზოგადად ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას დევნილთა კომპაქტურად განსახლების ადგილიდან დევნილთა გამოსახლების დაუშვებლობის თაობაზე, მაგრამ აქვე ყურადღებას მიაქცევს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის 53 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის დანაწესს, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე არ ხდება დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტიდან დევნილის გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დევნილს ფართი თვითნებურად, კანონის დარღვევით აქვს დაკავებული.

კანონის აღნიშნული რეგულაციის პირობებში და იმ ვითარებაში, როდესაც სახეზეა სასამართლო გადაწყვეტილება გამოსახლების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს დადგინდეს, მოცემული ეტაპისათვის არსებობს თუ არა სადავო ფართში მე-3 პირთა შესახლების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა უფლებათა კონფლიქტი, რომლის გადაწყვეტაც შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება, ვის გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება მოპასუხეთა არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ აწ გარდაცვლილი გ. გ-ის ოჯახი არ აკმაყოფილებს საქართველოს პრეზიდენტის №73 ბრძანებულებით ბინის პრივატიზირებისათვის დადგენილ მე-2 მოთხოვნას, კერძოდ საცხოვრებელი ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს, საკასაციო სასამართლო აღნიშნულის თაობაზე კვლავაც განმარტავს: მხოლოდ ის გარემოება, რომ პირი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ვერ დაეუფლა ნივთს მე-3 პირის არამართლზომიერი, განგრძობადი ქმედების გამო, ვერ იქცევა იმ უფლების მინიჭებაზე უარის თქმის მოტივად, რომელიც მას კანონიერი საფუძვლით აქვს მოპოვებული.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, იმ გარემოების დადგენისა და გამოკვლევის გარეშე, თუ რის საფუძველზე იმყოფებიან მე-3 პირები სადავო ბინაში, შეუძლებელია საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღება, რისი შესწავლის მიზნითაც საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

მ. ოშხარელი