Facebook Twitter

ბს-323-319(კ-12) 12 დეკემბერი, 2012 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი – გ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარი – სოციალური მომსახურების სააგენტო, წარმომადგენელი ნ. ფ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. ხ-მა მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილების მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მოსარჩელის ოჯახისათვის 96750 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების გადაწყვეტილებისა და შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობის ბათილად ცნობას; სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 20 ივლისის ¹04/29176 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილების დავალდებულებას ხელახლა გადაეანგარიშებინა მოსარჩელის ოჯახის მიმართ მინიჭებული სარეიტინგო ქულა და მიენიჭებინა მისი ოჯახისათვის სოციალური მდგომარეობის ადეკვატურად ამსახველი ახალი სარეიტინგო ქულა (57000 ქულამდე).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია გ. ხ-ის ოჯახის 2011 წლის 25 მარტის (ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი; ...) დეკლარაცია, რომლის ყველა გვერდის სისწორეს ხელის მოწერით ადასტურებს თავად გ. ხ-ი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22.1 მუხლსა და ამავე კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177 მუხლზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ გ. ხ-მა, როგორც ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, შევსებული ოჯახის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში ხელმოწერით დაადასტურა სოციალური აგენტის მიერ დეკლარირებული მონაცემები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დეკლარაციაში დაფიქსირებული და გ. ხ-ის ხელმოწერით დადასტურებული მონაცემები სააგენტოს მიერ პროგრამული წესით დამუშავებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N93 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობები) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის საფუძველზე, რის შედეგადაც ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა ანუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი პირობითი ერთეული.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც სარეიტინგო ქულა განიმარტა, როგორც პირობითი ერთეული, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტით სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა დადგენილი წესის შესაბამისად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღის მომდევნო ოცდამეათე კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის იმ მონაცემების კორექტირება, რომელთა შეცვლაც იწვევს სარეიტინგო ქულის ცვლილებას, შესაძლებელია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში. ამ კორექტირებასთან დაკავშირებით სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ კორექტირება დასაშვებია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით სააგენტო უფლებამოსილია, მიღებული ან აღმოჩენილი (გამოვლენილი), დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას ან ოჯახის წევრის (უფლებამოსილი პირის) მიერ არასწორი მონაცემების მიწოდებას, მიიღოს გადაწყვეტილება სარეიტინგო ქულის არსებული წესით ცვლილების ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, რაც ეცნობება დაინტერესებულ მხარეს. სარეიტინგო ქულის შეცვლა დასაშვებია სტიქიური უბედურების ან დაუძლეველი ძალის გამომწვევი სხვა მოვლენებით მიყენებული ზიანის ფარგლებშიც.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ შეესაბამება მის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, უფლება აქვს მოითხოვოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით და სადავო ურთიერთობის დროს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ვერ მიუთითა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებითი ცვლილების გამომწვევ ისეთ გარემოებებზე, რომლებიც დასახელებულია მოცემულ საგამონაკლისო ნორმაში და გავლენა შეუძლია მოახდინოს უკვე მინიჭებულ სარეიტინგო ქულაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97–ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

განსახილველი საქმიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვერ უთითებდა ისეთი არსებითი ცვლილების გამომწვევ გარემოებებზე, რაც გათვალისწინებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-12 მუხლით, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა უკვე მინიჭებულ სარეიტინგო ქულაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ჩათვალა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ კანონშესაბამისად უთხრა უარი გ. ხ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, არ არსებობდა სოციალური მომსახურების ოზურგეთის სააგენტოს მიერ გ. ხ-ის მიმართ შევსებული ოჯახის დეკლარაციის, ამავე წელს გ. ხ-ის სახელზე გაცემული სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 20 ივლისის N04/29176 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის განჩინებით გ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართ»ოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები და დამატებით აღნიშნა, რომ აპელანტი სადაოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ ოჯახის დეკლარაციაში არასწორად მიეთითა კონკრეტული მონაცემები (არაჯეროვნად იქნა შევსებული) და ადასტურებდა არსებული მონაცემების სისწორეს, ამასთანავე აპელანტი სადაოდ ხდიდა იმას, რომ ამ დეკლარაციის საფუძველზე გ. ხ-ის ოჯახს მიენიჭა 96750 სარეიტინგო ქულა, მაშინ, როცა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა 2005–2008–2011 წლებში არ გაუმჯობესებულა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადაო აქტების გამოცემის მომენტისათვის მოქმედი საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად, ამა თუ იმ მაძიებლის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლის პროცედურა ეფუძნება სოციალური აგენტის მიერ მისთვის ჩამორთმეული ინტერვიუს შედეგებს, ხოლო სარეიტინგო ქულა (პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მაძიებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი) დგინდება სპეციალური ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის" საფუძველზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ 2005 წლის შემდეგ აპელანტის ოჯახის შემადგენლობაში მოხდა ცვლილებები (გარდაეცვალა მეუღლე მ ბ-აძე, ვაჟმა დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი), რაც თავის მხრივ გათვალისწინებული იქნა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულებით შეფასებისას.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-მა.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების მე-12 მუხლი, რადგანაც იგი არეგულირებს მაძიებელი ოჯახის ყოველწლიურ გეგმიურ შემოწმებებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადასინჯვის პერიოდულობას. ის, რომ №51 დადგენილებაში არაფერია ნათქვამი ქულათა გასაჩივრების წესის შესახებ, კასატორის მოსაზრებით, არ გულისხმობს იმას, რომ №51 დადგენილებით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ქულათა ოდენობის) გასაჩივრება არ შეიძლება. მისი მოსაზრებით, თუკი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იქნება ცნობილი, მაშინ აღდგება ის მდგომარეობა, რაც ბათილად ცნობილი აქტის გამოცემამდე (ქულების დათვლამდე) იყო.

კასატორმა მიუთითა, რომ დეკლარაციაზე ხელმოწერით ხ-მა დაადასტურა 2011 წლის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების რეალობა, მაგრამ იგი ასაჩივრებს არა 2011 წლის დეკლარაციას და მასში შეტანილ მონაცემებს, არამედ ამ დეკლარაციის მონაცემების შედეგად მინიჭებულ ქულათა ოდენობას, თვლის, რომ ეს ქულათა ოდენობა დეკლარაციის მონაცემების არაადეკვატურია. ქულები კი გამოანგარიშებული იქნა დეკლარაციის შევსებიდან ერთი თვის შემდეგ, შესაბამისად დეკლარაციაზე ხელმოწერა კავშირში ვერ იქნება ერთი თვის მერე გამოცემულ ინდივდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მისი ოჯახისათვის 96750 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების გადაწყვეტილებისა და შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობის ბათილად ცნობა; სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 20 ივლისის ¹04/29176 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილების დავალდებულება, ხელახლა გადაიანგარიშოს მოსარჩელის ოჯახის მიმართ მინიჭებული სარეიტინგო ქულა და მიანიჭოს მისი ოჯახისათვის სოციალური მდგომარეობის ადეკვატურად ამსახველი ახალი სარეიტინგო ქულა (57000 ქულამდე).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ხ-ის ოჯახის (საიდენტიფიკაციო კოდი ...) სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდა ოთხჯერ: 1) 02/12/2005წ.– 58500 სარეიტინგო ქულა; 2) 11/03/2008წ. – 115700 სარეიტინგო ქულა; 3) 25/02/2010 – 80660 სარეიტინგო ქულა; 4) 25/03/2011წ. – 96750 სარეიტინგო ქულა.

ამდენად, თითოეული გადამოწმების საფუძველზე კასატორისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა, რომელიც განსაზღვრავდა მის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, არ ქმიდა მისთვის საარსებო შემწეობის მიღების პირობებს, კერძოდ, არ აკმაყოფილებდა არც ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მოთხოვნებს, რომლითაც საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა იყო 57001 და არც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებას, რომლითაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო დაზღვევის ზღვრული ქულა გახდა 70001.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ხ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილების მიმართ მისი ოჯახისათვის 80660 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილების გადაწყვეტილების, 2010 წლის 23 აპრილს გაცემული რეგისტრაციის მოწმობის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის 11 ივნისის 02/03–11571 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებისათვის მოსარჩელის ოჯახის სარეიტინგო ქულათა ხელახლა გადაანგარიშების და მისი სოციალური მდგომარეობის ადვეკატურად ამსახველი ახალი სარეგისტრაციო მოწმობის (57 000 სარეიტინგო ქულამდე) გაცემის დავალების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, იმ პირობებში, როდესაც წინა სარეიტინგო ქულა არ ქმნიდა მოსარჩელისათვის საარსებო შემწეობის მიღების პირობებს, რაც დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, კასატორი ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რაში გამოიხატა წინა სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდგომ მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესება. საგულისხმოა ასევე, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ოჯახის დეკლარაციაში არასწორად მიეთითა კონკრეტული მონაცემები (არაჯეროვნად იქნა იგი შევსებული).

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის ¹93 დადგენილებით დამტკიცებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია, რომლითაც დადგინდა სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შეფასების წესი. მითითებული დადგენილების 1.1 მუხლის შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველ შინამეურნეობათა (შემდგომში-მაძიებელთა) კეთილდღეობის დონის შესაფასებლად ამ მეთოდოლოგიის მიხედვით გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება მე-2 მუხლით. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტით, მაძიებლის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მო­ნაცემთა საფუძველზე, რომელსაც მაძიებლის უფლებამოსილი წარმო­მადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში-ოჯა­ხის დეკლარაციაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალუ­რი დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარე­ბული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომ­სახურების სააგენტოს (შემ­დგომში – სააგენტო) უფლებამოსილი პი­რის (შემდგომში – ინტერვიუერი) დახმარებით. ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება მაძიებლის მახასიათებ­ლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღე­ობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში.

სარეიტინგო ქულების გამოთვლის მეთოდოლოგიის სპეციფიკა საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გაიზიაროს მოწინააღმდეგე მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ეჭვქვეშ დააყენოს სადავო აქტების კანონიერება იმ პირობებში, როდასაც თავად კასატორი სადავოდ არ ხდის სოციალური აგენტის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისწორეს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.

აღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ხ-ის მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტები, რაც სასამართლოს მისცემდა იმის დადგენის შესაძლებლობას, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახისათვის 96750 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 20 ივლისის ¹04/29176 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება კანონს ან დარღვეულია მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი რომელიმე მოთხოვნა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ დაურღვევია მატერიალური თუ საპროცესო სამართლის ნორმები, მან გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე