Facebook Twitter

ბს-464-459(კ-12) 12 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - თ. ვ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირები – თ. თ-ე, მ. თ-ე, ე. წ-ე, ზ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

16.09.11წ. თ. ვ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - თბილისის სააღსრულებო ბიუროს, ნოტარიუს თ. ბ-ისა და საჯარო რეესტრის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 55-ე, 61-ე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 47-ე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლების საფუძველზე 29.10.10წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, სააღსრულებო ბიუროს 12.07.11წ. განკარგულებისა და 15.08.11წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2009 წლის ოქტომბერში ლ. კ-ასაგან აიღო სესხის სახით 12000 აშშ დოლარი. თანხის დროულად გადაუხდელობის გამო, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა 14000 აშშ დოლარის გადახდა. ვინაიდან თ. ვ-ემ ვერ შესძლო დაკისრებული თანხის გადახდა, საშუამავლო ფირმა „...“ საშუალებით 01.03.10წ. ე. წ-ესთან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 3 თვის ვადით 20000 აშშ დოლარზე. ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, ... ქ. №30-32-ში მდებარე 810 კვ.მ მიწა და 333,6 კვ.მ შენობა-ნაგებობები №1-დან №8-ის ჩათვლით. აღნიშნული თანხიდან 14000 აშშ დოლარი მოსარჩელემ გადაუხადა ლ. კ-ას. თ. ვ-ემ ვერ შესძლო ე. წ-ის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც იპოთეკისაგან გათავისუფლდა №4 შენობა-ნაგებობა, რომელიც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დაიტვირთა ბ. ვ-ის სასარგებლოდ. იმავე დღესვე – 29.10.10წ. მეორე ხელშეკრულება გაფორმდა ე. წ-ესთან უკვე 30000 აშშ დოლარზე და იპოთეკით დაიტვირთა №1, №2, №3, №5, №6, №7, №8 შენობები, ხოლო შეთანხმებით 01.03.10წ. ხელშეკრულება შეწყდა.

მოსარჩელის მითითებით, მას ნოტარიუსისაგან განემარტა, რომ №4 შენობა-ნაგებობაზე მის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ერთად დამოუკიდებლად გავრცელდებოდა იპოთეკა ბ. ვ-ის სასარგებლოდ და იგი არ შევიდოდა ე. წ-ესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. მოსარჩელემ 29.10.10წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, შესაბამისად, ნოტარიუს თ. ბ-ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 07.07.11წ. გამართულ აუქციონზე მოხდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ხოლო 15.08.11წ. საჯარო რეესტრში აუქციონზე გამარჯვეული პირის – თ. თ-ის სახელზე აღირიცხა სრული ფართი №4 და №9 შენობა-ნაგებობებთან ერთად იმ მოტივით, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის განუყოფელ ნაწილს. ბ. ვ-ესთან გაფორმებული ხელშეკრულებით №4 შენობა-ნაგებობაზე წილობრივად არ არის დამაგრებული მიწის ნაკვეთი, ხოლო ე. წ-ესთან დადებული ხელშეკრულებით შენობა-ნაგებობებზე 810 კვ.მ მიწა სრულადაა მიკუთვნებული, რის შედეგადაც იპოთეკის მთლიან საგნად ჩაითვალა მიწა №4 შენობასთან ერთად და გასხვისდა აუქციონზე.

მოსარჩელის მოსაზრებით, აუქციონი ჩატარდა უხეში დარღვევებით, კერძოდ, უძრავი ქონება შეფასდა არასწორად, ვინაიდან შეფასება არ მოიცავდა №4 და №9 შენობა-ნაგებობებს, რაც 810 კვ.მ მიწის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. აღნიშნული ობიექტები კაპიტალურად გარემონტებულ ნაგებობებს წარმოადგენდა, შესაბამისად, სარეალიზაციო ქონების ღირებულება უფრო დაბალი ფასით განისაზღვრა, რითაც ზიანი მიადგა მესაკუთრეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.10.11წ. და 09.12.11წ. საოქმო განჩინებებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ე. წ-ე, თ. თ-ე, მ. თ-ე და ზ. გ-ი. 11.11.11წ. განჩინებით სასარჩელო მოთხოვნა ნოტარიუს თ. ბ-ის მიმართ, 29.10.10წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე გამოიყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.12.11წ. გადაწყვეტილებით თ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 01.03.10წ. თ. ვ-ესა და ე. წ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა თ. ვ-ის კუთვნილი უძრავი ქონება - 810 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 333,6 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობებით №1-დან №8-ის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით 29.10.10წ. გაუქმდა. ამავე დღეს თ. ვ-ესა და ე. წ-ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა თ. ვ-ის კუთვნილი უძრავი ქონება - 810 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული №1, №2, №3, №5, №6, №7, №8 შენობა-ნაგებობები. 29.10.10წ. თ. ვ-ესა და ბ. ვ-ეს შორის ასევე გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა თ. ვ-ის კუთვნილი 49 კვ.მ ფართის №4 შენობა-ნაგებობა. ე. წ-ის განცხადების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ 03.05.11წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი იპოთეკის საგნის - მიწის ნაკვეთი 810 კვ.მ და მასზე განლაგებული №1, №2, №3, №5, №6, №7, №8 შენობა-ნაგებობების რეალიზაციის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურის 13.06.11წ. დასკვნის თანახმად, თ. ვ-ის კუთვნილი ქონების (810 კვ.მ მიწა, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები №1, №2, №3, №5, №6, №7, №8 საერთო ფართით 284,6 კვ.მ., №4 შენობა - 49 კვ.მ, №9 შენობა) საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 110000 ლარით, ხოლო 27.06.11წ. დასკვნით თ. ვ-ის ქონება (810 კვ.მ მიწა და მასზე დამაგრებული №1, №2, №3, №5, №6, №7, №8 შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 284,6 კვ.მ.) შეფასდა 101000 ლარით. თ. ვ-ის მიერ სააღსრულებო ფურცლის თანახმად დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო დაინიშნა აუქციონი ტ. ვ-ის კუთვნილი ქონების რეალიზაციის მიზნით. აღმასრულებლის 12.07.11წ. განკარგულებით აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა თ. თ-ე, რომელმაც ქონება შეიძინა 51005 ლარად. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 19.07.11წ. წერილით სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა, რომ თ. თ-ის სახელზე უნდა აღრიცხულიყო თ. ვ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან №1, №2, №3, №5, №6, №7, №8 შენობა-ნაგებობები მიწის ნაკვეთის ფართით 810 კვ.მ., ხოლო №4 შენობა საერთო ფართით 49 კვ.მ და №9 (მშენებარე) ნაგებობა იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად არ წარმოადგენდა იპოთეკის საგანს. საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 15.08.11წ. გადაწყვეტილებით თ. თ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ... ქ. №30-32-ში მდებარე 810 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, №1, №2, №3, №5, №6, №7, №8 შენობა-ნაგებობებზე საერთო ფართით 284,6 კვ.მ, 49 კვ.მ №4 შენობა და №9 (მშენებარე) ნაგებობა. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ქონება აღირიცხა მ. თ-ის და ზ. გ-ის სახელზე.

საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედირების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.01.11წ. №21 ბრძანებით.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი ქონების არასწორად შეფასებისა და ღირებულების დაბალი ფასით განსაზღვრის შესახებ უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 18.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე, ხოლო ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ენიჭებათ უფლება გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. მითითებული კანონის 18.4 მუხლის შესაბამისად, ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებულ დავაზე დაუშვებელია ამ ქონების შეფასების და მის საფუძველზე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების, ასევე აუქციონის შედეგის გაუქმება, თუ პირველ აუქციონზე გამოცხადებული ქონების საწყისი ფასი არ აღემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულებას. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით დასტურდებოდა 13.05.11წ. აღმასრულებლის გზავნილის თ. ვ-ისათვის პირადად ჩაბარების ფაქტი. ქონების შემფასებლის მიერ თ. ვ-ის სახელზე რიცხული, ე. წ-ის სასარგებლოდ დატვირთული უძრავი ქონების ნაწილი შეფასდა 101000 ლარად, რომლის 50%-ით განისაზღვრა სარეალიზაციო ქონების საწყისი ფასი, რაც მიეთითა იძულებითი ინტერნეტ აუქციონის შესახებ სპეციალურ საჯარო განცხადებაში და გამოქვეყნდა კანონით დადგენილი წესით. თ. ვ-ეს აღმასრულებლის ქმედება სადავოდ არ გაუხდია კანონით დადგენილ ვადაში, ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ქონების შეფასების გამაბათილებელი მტკიცებულება მოთხოვნის საფუძვლიანობის დასასაბუთებლად.

საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 289-ე, 3111, 301-ე მუხლების შესაბამისად დადასტურებულად მიიჩნია, რომ იპოთეკის საგანს არ წარმოადგენდა №4 და №9 შენობა-ნაგებობები, რაც აღმასრულებლის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით არ იქნა გატანილი სარეალიზაციოდ, თუმცა 810 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც შენობებია განთავსებული, მხარეთა ნების გამოვლენის შედეგად სრულად დაიტვირთა იპოთეკით და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაექვემდებარა იძულებით აუქციონზე რეალიზაციას, რომლის შემძენიც გახდა თ. თ-ე.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 149-ე, 150-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთზე გარკვეული უფლების მოპოვების შემთხვევაში, იგივე უფლება ვრცელდება მის არსებით შემადგენელ ნაწილზეც. მოცემულ შემთხვევაში იპოთეკით დაიტვირთა თ. ვ-ის კუთვნილი 810 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც თ. თ-ეს აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე საკუთრების უფლება წარმოეშვა 810 კვ.მ მიწაზე, საკუთრების უფლება უნდა გავრცელებულიყო მის არსებით შემადგენელ ნაწილზეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ კანონის მოთხოვნათა დაცვით განახორციელა რეგისტრაცია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ თ. თ-ეს საკუთრების უფლება №4 და №9 ნაგებობებზე წარმოეშვა რა მითითებული ქონების საფასურის გარეშე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა შესაძლებელია სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რაც ვერ გახდება ადმინისტრაციული სასამართლოს მსჯელობის საგანი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ვ-ემ, რომელმაც საქალაქო სასამართლოს 30.12.11წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.12წ. განჩინებით თ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 30.12.11წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურის შემფასებლის გამაბათილებელი მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მიუთითებს. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის არგუმენტი, რომ მის საკუთრებაში არსებული ქონების შეფასება განხორციელდა არასწორად და საწყისი გასაყიდი ღირებულება განისაზღვრა დაბალი ფასით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოთხოვნა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნებს და მიუთითა, რომ იპოთეკის უფლებით დაიტვირთა თ. ვ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 810 კვ.მ. თ. თ-ეს აღმასრუებლის განკარგულებით საკუთრების უფლება წარმოეშვა 810 კვ.მ მიწაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლება მართებულად გავრცელდა მის არსებით შემადგენელ ნაწილზეც და მართებულად აღირიცხა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ თ. თ-ის სახელზე საკუთრების უფლება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ვ-ის მიერ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს 15.03.12წ. განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლოებმა ვერ დაასაბუთეს და არასწორად მიუთითეს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომ არ დარღვეულა თ. ვ-ის უფლებები. აღმასრულებელმა სადავო ქონება ისე გაიტანა აუქციონზე, რომ არ განსაზღვრა მისი მახასიათებლები, არ შიტანა შესწორება ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, რომელთანაც დადებული იყო ორი ხელშეკრულება - თ. ვ-ესა და ე. წ-ეს შორის - 810 კვ.მ-ზე განთავსებულ №1, №2, №3, №5, №6, №7, №8 შენობა-ნაგებობებზე და თ. ვ-ესა და ბ. ვ-ეს შორის - 810 კვ.მ მიწაზე განლაგებულ №4 შენობა-ნაგებობაზე, ხოლო საკადასტრო ნახაზში მითითებული №9 დაუმთავრებელი შენობა საერთოდ არ ფიგურირებდა არც ერთ ხელშეკრულებაში. აღმასრულებელმა სააღსრულებო ფურცლის გამცემისაგან არ მოითხოვა სადავო ქონების გამიჯვნა და აუქციონზე გაიტანა ქონება №4 და №9 შენობა-ნაგებობების გარეშე. ასევე საჯარო რეესტრის მიერ თ. თ-ეს დაურეგისტრირდა იმაზე მეტი ქონება, ვიდრე შეიძინა აუქციონზე და არ იქნა მოთხოვნილი ქონების გამიჯვნა.

საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად იქნა ცნობილი თ. ვ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ვ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გასაჩივრებული განჩინების მიღებისას ადგილი არა აქვს კანონის არასწორ გამოყენებასა თუ მის მცდარ განმარტებას, სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო სამართლის ნორმები, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე_394-ე მუხლებით განსაზღვრული საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სადავო სააღსრულებო წარმოების პროცესის კანონდარღვევით ჩატარების თაობაზე და თვლის, რომ აუქციონი განხორციელებულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25.1 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

საქმეში ტ.1. ს.ფ. 180-181 წარმოდგენილია ნოტარიუს თეიმურაზ ბურდილაძის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის მე-7 პუნქტი შეიცავს მითითებას ვალდებულებით დატვირთული იმ ქონების რეალიზაციის თაობაზე, რომლითაც უნდა მოხდეს მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულების აღსრულება. ასეთად მითითებულია მიწის ნაკვეთი 810 კვ/მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები №1, №2, №3, №5, №6, №7 და №8 მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ... ქუჩა №30-32.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რა სააღსრულებო ფურცლის შინაარსს, თვლის, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონის განხორციელებისა და ქონების შეფასების პროცესში მოქმედებდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე განმარტავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებას განეკუთვნება სააღსრულებო პროცედურების განხორციელება და მას არ გააჩნია საკანონმდებლო კომპეტენცია შეცვალოს ან კორექტირება შეიტანოს სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში. საქმეში წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცელი კი ცხადყოფს, რომ აღსრულება შემდგარია სწორედ იმ ობიექტზე, რომელიც მითითებულია სააღსრულებო ფურცელში. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ აღმასრულებელს სააღსრულებო ფურცლის გამცემი პირისაგან უნდა მოეთხოვა სადავო ქონების გამიჯვნა, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რამდენადაც კასატორი ვერ უთითებს იმ ნორმაზე, რომელიც აღმასრულებელს ავალდებულებს მსგავსი ქმედების განხორციელებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სააღსრულებო ფურცელი არ შეიცავს ბუნდოვან და ორაზროვან მითითებებს სარეალიზაციო ქონებასთან მიმართებაში.

საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე არ გამორიცხავს იმ სავარაუდო მიზანს, რის გამოც შენობა-ნაგებობა №4 არ არის დაკონკრეტებული ე. წ-ესთან 2010 წლის 29 ოქტომბერს გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიზანს შესაძლოა მართლაც წარმოადგენდა მითითებული ფართის ამორიცხვა, მაგრამ აქ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ასეთ პირობებში სამართლებრივი შეუსაბამობა დაშვებულია არა აუქციონის გამოცხადებისა და შემდგომ ქონების ახალ მესაკუთრეზე რეგისტრაციის პროცესში, არამედ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების და ამ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას. კერძოდ, იპოთეკის ხელშეკრულება შეიცავს ცალსახა მითითებას იპოთეკის საგნის 810 კვ/მ მიწის ნაკვეთის თაობაზე. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (ამონაწერის მომზადების თარიღი 03/11/2010წ.) ელ. წ-ის სახელზე რეგისტრირებულ იპოთეკის საგანს წარმოადგენს 810 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რაც შეეხება ბონდო ვეშაპაძეს ამავე ამონაწერის საფუძველზე რეგისტრირებულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა №4, მიწის ნაკვეთის გარეშე.

სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს, არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანად დაკავშირებულია ნივთთან (მიწასთან) და როგორც წესი, იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი ანუ შემადგენელი ნაწილი სრულად იზიარებს მთავარი ნივთის ბედს. შეუძლებელია მიწის შემადგენელი ნაწილის მიწისაგან დამოუკიდებლად განკარგვა და აღნიშნული სამართლებრივი წესრიგი დამოკიდებული არ არის ხელშეკრულების მონაწილე პირთა ნებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, იმ პირობებში თუ მხარე მიზნად ისახავდა შენობა-ნაგებობა №4-ის იპოთეკის საგნისაგან გამიჯვნას, ამ შემთხვევაში ნაგებობა №4 დარეგისტრირებული უნდა ყოფილიყო ცალკე უფლების ობიექტად.

,,საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის 7.4 მუხლის შესაბამისად, ამონაწერი შეიძლება გაიცეს მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განლაგებულია რამოდენიმე დამოუკიდებელი უფლების ობიექტი. ასეთ შემთხვევაში ამონაწერი უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრიდან უნდა ასახავდეს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საიდენტიფიკაციო მონაცემების, ფართის, მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების საკუთრების ფორმის, უფლებრივი დატვირთვისა და საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ.

წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლო გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ იპოთეკის ხელშეკრულებაში, უფლებათა რეესტრში და შესაბამისად სააღსრულებო ფურცელში იპოთეკის საგანს წარმოადგენს 810 კვ/მ მიწის ნაკვეთი. როგორც უკვე აღინიშნა, იმ პირობებში, როცა იპოთეკის საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული ნაგებობა თუ ნაგებობები ექცევიან იპოთეკის ქვეშ. იმისათვის, რომ უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი ჩაითვალოს იპოთეკისაგან თავისუფლად, მისი გასხვისება და ჩამოცილება უნდა მოხდეს ნივთის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოვალე კარგავს მასზე უფლებას. რამდენადაც №4 შენობა დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით არ იქცა ცალკე უფლების ობიექტად ის, როგორც მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი, გადაჰყვა 810 კვ/მ მიწის ნაკვეთს.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 75.5 მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონების სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ადასტურებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მას შემდეგ რაც თ. თ-ე გამოცხადდა 810 კვ/მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, მან დაიკავა ძველი მესაკუთრის ადგილი და გახდა ყველა იმ უფლების მატარებელი, რაც მიწას, როგორც უძრავ ნივთს უკავშირდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს სადავო აქტების გამოცემის პროცესში არ დაურღვევიათ მატერიალური სამართლის ნორმები და სახეზე არ არის აქტის ბათილობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული საფუძვლები. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ თ. თ-ემ საკუთრების უფლება №4 და №9 შენობებზე მოიპოვა ისე, რომ მისი მხრიდან არ მომხდარა ობიექტის ღირებულების გადახდა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით მოსარჩელისათვის სასურველი მიზნის მიღწევა არის შეუძლებელი, რამეთუ საკასაციო სასამართლო კვლავაც ხაზგასმას აკეთებს იმ სამართლებრივ ხარვეზზე, რაც თან ახლავს ქონების იპოთეკით დატვირთვის პროცესს, რაც არ წარმოადგენს წინამდებარე დავის საგანს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის @2012 წლის 15 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე