Facebook Twitter

#ბს-586-576(2კ-12) 6 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

კასატორები – 1) გ. ნ-ი (მოპასუხე); 2) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ნ-ი (მოსარჩელე)

მოპასუხე – ქ. თბილისის საკრებულო

მესამე პირები – 1) ც. წ-ი; 2) გ. ბ-ი; 3) შპს ,,...“

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 1 აგვისტოს ნ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ქ. თბილისის საკრებულოსა და ა. ნ-ის მიმართ, ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის #293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, საქმეში მოპასუხედ ჩაება ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ბ-ი.

2009 წლის 23 აპრილს ნ. ნ-მა დააზუსტა სარჩელი და საბოლოოდ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის #13 ოქმის ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხის _ ა. ნ-ის 2008 წლის 5 მარტის განცხადების განხილვისა და დაკმაყოფილების ნაწილში ბათილად ცნობა და ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2008 წლის 18 მარტს გაცემული #293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ც. წ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის #13 ოქმი ნაწილობრივ, კერძოდ, ა. ნ-ის 2008 წლის 5 მარტის განცხადების განხილვისა და დაკმაყოფილების ნაწილში; ამავე გადაწყვეტილებით ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2008 წლის 18 მარტს გაცემული #293 საკუთრების უფლების მოწმობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ა. ნ-მა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა ქ. თბილისის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ქ. თბილისის საკრებულოსა და ა. ნ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა 162 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისში, ... გამზ. #6-ში) ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის #13 ოქმის და თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის #293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ნ. ნ-ის სარჩელი 90 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისში, ... გამზ. #6-ში) ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის #13 ოქმის და ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის #293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-მა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამაც, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ივნისისა და 8 ივლისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით გ. ნ-ის განცხადება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა; შეჩერდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრებზე წარმოება მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) _ ა. ნ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის საოქმო განჩინებით ა. ნ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი მეუღლე _ გ. ნ-ი; ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრებზე განახლდა საქმის წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინებით ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი 162 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისში, ... გამზ. #6-ში) ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის #13 ოქმის და ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის #293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება; ნ. ნ-ისა და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისში, ... გამზ. #6-ში) ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის #13 ოქმის და ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის #293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,...“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინებით ქ. თბილისის საკრებულოს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და გ. ნ-ის (ა. ნ-ის უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისში, ... გამზ. #6-ში) ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის #13 ოქმის და ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის #293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო 90 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე, (ქ. თბილისი, ... გამზ. N6) სახლთმფლობელობის ის ნაწილი, რომელსაც იკავებდა ც. ნ-ი თავის ოჯახთან ერთად და რომელიც ნ. ნ-ისა და ც. წ-ის მიერ გადაკეთებულ იქნა კომერციულ (სავაჭრო) ობიექტად, არასდროს ყოფილა მოპასუხე ა. ნ-ის ფლობისა და სარგებლობის საგანი, ფართის ამ ნაწილით ა. ნ-ს არასდროს უსარგებლია.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განმარტა, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარა აპელანტების მსჯელობა მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის ვადის დარღვევის თაობაზე და დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ნ. ნ-ის მიერ ქ. თბილისის მერიისადმი 2008 წლის 8 მაისს წარდგენილი განცხადების არც შინაარსი და არც ამ განცხადების ბოლოს გაკეთებული წარწერა 44 ფურცლის ჩაბარების თაობაზე არ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე სადავო ადმინისტრაციულ აქტს გაეცნო კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესის დაცვით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტების მსჯელობა მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ აქტებთან მიმართებაში პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის არ არსებობის თაობაზე და დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელე - ნ. ნ-ი, რომელიც ფაქტიურად ფლობდა და სარგებლობდა სადავო 90 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე უძრავი ნივთით, მოცემულ დავაში წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს, სადავო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით (რაც ასახულია №13 სხდომის ოქმში) ნამდვილად ადგებოდა პირდაპირი და უშუალო ზიანი, რაც დავის არსებითად განხილვისა და სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის I ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-5-მე-10 მუხლების, მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, განმარტა, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია წარმოადგენს კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას (ადმინისტრაციულ ორგანოს). ამავე წესის მე-11 მუხლის I პუნქტის შესაბამისად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემული იყო ასეთი სახის ადმინისტრაციული აქტის გამოცემისთვის კანონით დადგენილი პროცედურის დაუცველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის №13 და თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის №293 საკუთრების უფლების მოწმობა სადავო 90 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში ეწინააღმდეგებოდნენ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მოთხოვნებს. შესაბამისად, სახეზე იყო სადავო ნაწილში (90 კვ.მ.) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

კასატორის – გ. ნ-ის მოსაზრებით, არსებობს მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან, დღეის მდგომარეობით დავა მიმდინარეობს მხოლოდ 90 კვ. მ მიწის ნაკვეთზე, რომლის მთლიანი ღირებულების თანხის (200 000 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს სახით 20 000 აშშ დოლარის) გადახდა ნ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით დაეკისრა გ. ბ-ს და აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არის შესული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის – კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მოსაზრებით, ნ. ნ-ი მოცემულ სადავო საკითხთან მიმართებაში არ არის დაინტერესებული მხარე და შესაბამისად არც სათანადო მოსარჩელე.

ამასთან, კასატორის მოსაზრებით, ნ. ნ-ის მიერ ვერ დადასტურდა სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში ნ. ნ-ი მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში არ იყო ის დაინტერესებული პირი, რომელიც შეძლებდა კომისიისათვის წარედგინა ყველა ის საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც კანონმდებლობით იყო განსაზღვრული. კასატორის მითითებით, აღნიშნული მსჯელობის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ ამგვარი დოკუმენტაცია არც საქმეში არის წარმოდგენილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გ. ნ-ის და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ 162 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისი, ... გამზ. №6) ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის №13 ოქმის და ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის №293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არის შესული, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს, მხოლოდ 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისი, ... გამზ. №6) ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის №13 ოქმის და ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის №293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, კასატორის – გ. ნ-ის მიერ წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გ. ბ-ს ნ. ნ-ის სასარგებლოდ გადასახდელად 200 000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს სახით – 20 000 აშშ დოლარი დაეკისრა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, წარმოადგენს თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებით გ. ბ-ისათვის ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა, სწორედ სადავო 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ასანაზღაურებულ თანხას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ბ-სა და ა. ნ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.2 პუნქტის შესაბამისად, გ. ბ-ს ნ. ნ-ის სასარგებლოდ, 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მდებარე ქ. თბილისი, ... გამზ. №6) სანაცვლოდ 270 000 აშშ დოლარის ანაზღაურება (ან შესაბამისი კომერციული ფართით უზრუნველყოფა) დაევალა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი ნ. ნ-ის ნოტარიულად დამოწმებული 2008 წლის 3 დეკემბრის ხელწერილის თანახმად, ნ. ნ-მა დაადასტურა გ. ბ-ის მიერ მისთვის 30 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ფაქტი. ამასთან, ამავე დღეს ნ. ნ-სა და გ. ბ-ს შორის ნოტარიალურად გაფორმებული ფულადი ვალდებულების აღიარების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, გ. ბ-მა ნ. ნ-ის მიმართ 240 000 აშშ დოლარის ვალის არსებობა აღიარა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გ. ბ-ის მიერ ნ. ნ-ისათვის 40 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ფაქტი და გ. ბ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დარჩენილი თანხის – 200 000 აშშ დოლარის (ასევე პირგასამტეხლოს თანხის – 20 000 აშშ დოლარის) ანაზღაურება დააკისრა.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ. ბ-ის მიერ ნ. ნ-ისათვის ანაზღაურებული (30 000 აშშ დოლარი და 40 000 აშშ დოლარი) და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის (200 000 აშშ დოლარი) ოდენობა, საერთო ჯამში – 270 000 აშშ დოლარს შეადგენს და ა. ნ-სა და გ. ბ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განსაზღვრული, სადავო 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ასანაზღაურებული თანხის – 270 000 აშშ დოლარის შესაბამისია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასოს ახალი მტკიცებულებები, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე ხელახლა უნდა დაადგინოს და შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს შესულია თუ არა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში და წარმოადგენს თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. ბ-ისათვის ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა, სწორედ ა. ნ-სა და გ. ბ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განსაზღვრულ, სადავო 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ასანაზღაურებულ თანხას. აღნიშნული გარემოების დადგენის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობის საკითხზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე-25-ე მუხლების საფუძველზე წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურება არის ის, რომ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-179 მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნებს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მიხედვით (მატერიალური დასაშვებობა).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის მატერიალური დასაშვებობის საკითხს სასამართლო ამოწმებს განმწესრიგებელ სხდომაზე (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი), თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლინდება სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით შეწყვიტოს საქმის წარმოება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება. სარჩელის დასაშვებობის შემოწმება ხდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე-25-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისი, ... გამზ. №6) ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის №13 ოქმის და ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის №293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა წარმოადგენს, სახეზე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული შეცილებითი სარჩელი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეცილებითი სარჩელის შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამასთან, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ის გარემოება, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისთვის სასარგებლო შედეგი დადგება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გ. ბ-ის მიერ უკვე ანაზღაურებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, სწორედ, 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ანაზღაურებულ თანხას წარმოადგენს, მაშინ, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ აღარ იკვეთება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იგი თავად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ნ-ის და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ნ-ის და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე