Facebook Twitter

საქმე ბს-677-663(კ-12) 24 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ჯ-ისა და სხვების (სულ 64 ფიზიკური პირი) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2001 წლის 12 ივლისს სს ,,ბ...“ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე – ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს დავალებოდა, გამოეცა ადმინისტრაციული აქტი საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანის თაობაზე მხოლოდ თბილისში, … ქ. №5-ში მდებარე შენობის მესაკუთრის გრაფაში და ამ შენობის 1248 კვ.მ ფართობის მესაკუთრედ აღერიცხა გამომცემლობა ,,ს...”, ხოლო დანარჩენი 12 557 კვ.მეტრი ფართობის მესაკუთრედ – სს ,,ბ...“.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ბ...“ სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტთან და მესამე პირთან - გამომცემლობა ,,ს...”, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საჯარო რეესტრის ჩანაწერებში უნდა შეტანილიყო ცვლილება შემდეგი სახით - გამომცემლობა ,,ს...” უნდა აღრიცხულიყო ქ. თბილისში, ... ქ. №5-ში განთავსებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ მის საკუთრებაში არსებული შენობის ფართობის შესაბამისად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,ბ...“.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ,,ბ...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს დაევალა, დაეფიქსირებინა იმ დროისათვის არსებული მდგომარეობა და გამოეცა ადმინისტრაციული აქტი - საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანის თაობაზე - ქ. თბილისში, ... ქ. №5-ში მდებარე შენობის მესაკუთრის გრაფაში და ამ შენობის 1248 კვ.მ ფართობის მესაკუთრედ აღერიცხა გამომცემლობა ,,ს...”, ხოლო დანარჩენი 12 557 კვ.მ ფართობის მესაკუთრედ - ს.ს. ,,ბ...“.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გამომცემლობა ,,ს...”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 22 მაისის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისათვის საჯარო რეესტრში, ქ. თბილისში, ... ქ. №5-ში მდებარე შენობის მესაკუთრის გრაფაში ცვლილებების შეტანის დავალების თაობაზე და ამ შენობის 1 248 კვ.მ მეტრის ფართის გამომცემლობა ,,ს...” მესაკუთრედ აღრიცხვის ნაწილში დარჩა უცვლელი, ხოლო დანარჩენი 12 557 კვ.მ ფართის მესაკუთრედ ს.ს ,,ბ...“ აღრიცხვის ნაწილში გაუქმდა და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გამომცემლობა ,,ს...” შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3ბ/1404 საქმის წარმოება შეჩერდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში არსებული დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

2004 წლის 27 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა გამომცემლობა ,,ს...” და 2002 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა, კერძოდ, გადაწყვეტილება გულისხმობდა თუ არა გამომცემლობა ,,ს...” მესაკუთრედ აღრიცხვას _ ქალაქ თბილისში, ... ქ. №5-ში მდებარე უძრავი ქონებიდან /შენობა-ნაგებებიდან/ 1 248 კვ. მეტრზე შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 3 ივნისის განჩინებით დადგინა, რომ ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ გულისხმობდა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისათვის დავალების მიცემას, ადმინისტრაციული აქტის გამოცემით საჯარო რეესტრში გამომცემლობა ,,ს...” მესაკუთრედ აღრიცხვას ქ. თბილისში, ... ქ. №5-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (შენობა-ნაგებობებიდან) 1248 კვ.მეტრზე შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,ბ...“ სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ დაკმაყოფილდა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა პირვანდელი ჩანაწერის აღდგენა - ქ. თბილისში, ... ქ. №5-ში მდებარე 9100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე სს ,,ბ...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (საქმეზე 3/1640-07) გადაწყვეტილებისა და შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ქ. თბილისში, ... ქ. №5-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია სს ,,ბ...“ საკუთრების უფლება.

2008 წლის 18 ივნისს, სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3ბ/1404 საქმის წარმოება განახლდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სს ,,ბ...“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა: ადმინისტრაციულ საქმეზე №3ბ/6-06 - სს ,,ბ...“ სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირი - გამომცემლობა ,,ს...”, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო - შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო; დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა.

2009 წლის 31 ივლისს გამომცემლობა ,,ს...’’ შრომითი კოლექტივის დროებითი ამხანაგობის წევრებმა, (შემდგომ დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე) ფიზიკურმა პირებმა ვ. ჯ-ემ და სხვებმა სულ 64 პირმა, სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და სს ,,ბ...“ მიმართ და საჯარო რეესტრის 2008 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე არსებული თბილისში, ... ქ. №5 მდებარე უძრავ ქონებაზე სს ,,ბ...“ საკუთრების უფლების თაობაზე რეგისტრაციის, კერძოდ, ნაგებობის ფართზე 1248 კვ.მ. ოდენობით და მიწაზე შესაბამისი პროპორციული წილით, რაც შეადგენს რეგისტრირებული მიწის ფართის 9%, ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებით საქმეზე №3/2116-09 დაუშვებლობის მოტივით შეწყდა საქმის წარმოება.

2011 წლის 1 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გამომცემლობა ,,ს...“ შრომითი კოლექტივის წევრთა სახელით ვ. ჯ-ემ, მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჯ-ემ და სხვებმა (სულ 64 ფიზიკური პირი).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის განჩინებით ვ. ჯ-ის, მ.ა-ის, ლ. ნ-ის, მ. უ-ას, ნ. რ-ის, ე.მ-ის, ქ. კ-ის, მ. ნ-ის, ლ. ტ-ის, დ. ს-ის, მ. მ-ის, ნ. ჟ-ის, ა. რ-ას, ც.შ-ის, ლ. მ-ის, მ. თ-ის, ი. ზ-ის, მ. რ-ის, მ. ჯ-ის, მ. ე-ის, მ. რ-ის, მ. ფ-ის, ე. ყ-ის, ლ. ი-ის, ლ. ხ-ის, ი. ხ-ის, ლ. თ-ის, რ. ს-ის, მ.მ-ის, ე. თ-ის, მ. დ-ას, ლ. კ-ის, ც. თ-ის, ზ. ა-ის, ი. უ-ას, ი. მ-ის, ლ. ხ-ის, ნ. კ-ის, მ. თ-ას, ზ. კ-ის, ე. ც-ის, ნ. კ-ის, ნ. ს-ის, მ. გ-ის, ე. მ-ის, ნ. ი-ის, რ. ნ-ის, ლ. ა-ის, მ. ჟ-ის, ნ. ლ-ის, ზ. გ-ის, ნ. მ-ის, ლ. ხ-ას, მ. წ-ის, ო. გ-ის, მ. ტ-ის, ნ. ა-ის, ე. ჭ-ის, მ. უ-ის, ე. კ-ის, გ. ი-ის, მ. ძ-ის, ზ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჯ-ემ და სხვ. და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ჯ-ის და სხვების (სულ 64 ფიზიკური პირი) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივრში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ჯ-ის და სხვების (სულ 64 ფიზიკური პირი) საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე გ. კ-ეს გადახდილი აქვს ვ. ჯ-ის და სხვების (სულ 64 ფიზიკური პირი) საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ჯ-ის და სხვების (სულ 64 ფიზიკური პირი) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის განჩინება;

3. გ. კ-ეს (პირადი ნომერი:...) 2012 წლის 24 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე