Facebook Twitter

საქმე ბს-702-688(კ-12) 24 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სპს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 6 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სპს „...“ მოპასუხეების _ აჭარის ა/რ მთავრობისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 36792,64 ლარის ანაზღაურება.

2005 წლის 21 სექტემბერს სპს „...“ დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარუდგინა სასამართლოს და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხეებისათვის 55958,32 ლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სპს „...“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; აჭარის ა/რ მთავრობას დაეკისრა 36792,64 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ და მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 920 ლარის გადახდა; ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობამ.

სპს „...“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ _ იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და სარჩელის დაზუსტებისა და გაზრდის შედეგად, სულ 62549,83 ლარის გადახდევინება, ასევე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინებით სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც სპს „...“, ისე აჭარის ა/რ მთავრობამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით სპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინებით აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ მთავრობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს „...“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სპს „...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის სპს „...“ სასარგებლოდ 36 792, 64 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 920 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს „...“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინებით სპს „...“ უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სპს „...“ სარჩელი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სპს „...“ სასარგებლოდ დაეკისრა 36 792,64 ლარის გადახდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა აჭარის ა.რ. მთავრობის მიმართ თანხის დაკისრებაზე; მოპასუხეს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 920 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის 36792, 64 ლარის გადახდისა და სახელმწიფო ბაჟის 920 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს „...“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27 აპრილის განჩინებით სპს „...“ უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სპს „...“ დირექტორს უ. ს-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს „...“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით სპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინებები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივრში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სპს „...“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ნ.ბ-ეს გადახდილი აქვს სპს „...“ საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 1839.63 (ერთი ათას რვაას ოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 1839.63 ((ერთი ათას ოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარის 70% _ 1287.75 (ერთი ათას ორას ოთხმოცდაშვიდი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. ნ. ბ-ეს (პირადი ნომერი: ...) 2012 წლის 15 ოქტომბერს (საგადახდო დავალება №2) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 1839.63 (ერთი ათას რვაას ოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარის 70% _ 1287.75 (ერთი ათას ორას ოთხმოცდაშვიდი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიში 300773150).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე