Facebook Twitter

საქმე ბს-724-709(2კ-12) 26 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რ. და რ ლ-ეების საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. და რ. ლ-ეებმა 09.08.02წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მიმართ. მოსარჩელეებმა სახლების ასაშენებლად 111400 აშშ დოლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების 4456 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვეს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.02.03წ. განჩინებით არასათანადო მოპასუხეები – საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო შეიცვალა სს ,,...”, არასათანადო მოპასუხეებად მიჩნეული პირები საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 01.08.03წ. გადაწყვეტილებით ი. და რ. ლ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახლების ასაშენებლად 111400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 4456 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 11.02.04წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 01.08.03წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 23.12.04წ. გადაწყვეტილებით ი. და რ. ლ-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. და რ. ლ-ეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.05წ. განჩინებით ი. და რ. ლ-ეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 23.12.04წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. და რ. ლ-ეებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.06.06წ. განჩინებით ი. და რ. ლ-ეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.05წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.07წ. საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე სს ,,...” საქმეში მესამე პირად ჩაება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.08წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 23.12.04წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. და რ. ლ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელეების სასარგებლოდ სახლების ასაშენებლად 111400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება დაეკისრა, ი. და რ. ლ-ეებს უარი ეთქვათ ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ი. და რ. ლ-ეებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.06.09წ. განჩინებით ი. და რ. ლ-ეების შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.07.10წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.08წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ი. და რ. ლ-ეების სასარგებლოდ დაეკისრა 111 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.12წ. გადაწყვეტილებით რ. ლ-ის (ი. ლ-ის უფლებამონაცვლის) და რ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 23.12.04წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ლ-ის (ი. ლ-ის უფლებამონაცვლის) და რ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რ. და რ. ლ-ეების სასარგებლოდ თითოეულისათვის 13 800 ლარის გადახდა დაეკისრა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.12წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და რ. და რ ლ-ეებმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და რ. და რ ლ-ეების საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და რ. და რ ლ-ეების საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და რ. და რ ლ-ეების საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.12წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

ლ. მურუსიძე